

ოთხი სასტუმროსგან შემდგარი კომპლექსის მშენებლობა ძველ თბილისში უახლოეს პერიოდში დაიწყება. ”პანორამა თბილისის” შემადგენელი სასტუმროები იქნება - „თავისუფლების მოედანი”, „ერეკლე II-ს მოედანი“, „სოლოლაკის მაღლობი“ და „სოლოლაკის ბაღები“. კომპლექსის სოლოლაკის ნაწილის პროექტის საბუთებს მერიას დასამტკიცებლად მიმდინარე კვირაში წარუდგენენ და მათი დამტკიცებისთანავე ფონდი მზადყოფნას გამოქვამს, მშენებლობა სოლოლაკის ნაწილში უკვე დაიწყოს.
კომპლექსის 5+ ვარსკვლავიანი სასტუმრო თავისუფლების მოედანზე განთავსდება, 4+ ვარსკვლავიანი - ძველ თბილისში, ხოლო სოლოლაკში იქნება ოთხვარსკვლავიანი სასტუმროები.
გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ სასტუმროების მშენებლობა ბაზრის შესწავლის საფუძველზე გადაწყდა.
”არის სტატისტიკა ტურიზმის დეპარტამენტიდან, თუ როგორ იზრდება ტურისტების რაოდენობა და არის სასტუმროების დატვირთულობის საერთო მონაცემებიც. ჩვენ ასევე ვატარებთ ჩვენს შიდა კვლევებსაც. ამ ყველაფრის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნამდვილად, საქართველოს, და კერძოდ თბილისს სჭირდება დამატებითი სასტუმროები,” - განაცხადა თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
”პანორამა თბილისის” შემთხვევაში, ფონდს პარტნიორი ჯერ მოძიებული არ ჰყავს და ამ ეტაპზე მისი მონაწილეობა პროექტში 100%-იანია, თუმცა ბაჩიაშვილის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა ბრენდებთან, მათ შორის ”ჰილტონთანაც”.
”რამდენიმე ბრენდთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. აქ იქნება ოთხი სასტუმრო, ამიტომ შესაძლოა, 4 სხვადასხვა ბრენდი იყოს, ან შესაძლოა, ერთი ბრენდი იყოს სხვადასხვა ქვე-ბრენდებით, ” - განაცხადა ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, სოლოლაკის პროექტისთვის საჭირო მიწები უკვე ფონდის მფლობელობაშია, მათ შორის ის მიწებიც, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი ფლობდა, თუმცა, როგორც ფონდის გენერალურმა დირექტორმა აღნიშნა, მიწების ჩუქება ან უსასყიდლოდ გადაცემა არ მომხდარა - ფონდმა მიწები შეისყიდა.
”შესყიდული მიწებიდან ნაწილი იყო ბატონი ბიძინას საკუთრება, ნაწილი კერძო მფლობელებისგან შევისყიდეთ,” - დასძინა ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, კომპლექსი ”პანორამა თბილისი” გამორჩეული და უნიკალურია არა მხოლოდ იმით, რომ მისი ოთხივე ნაწილი ერთმანეთს საბაგირო გზით დაუკავშირდება და სტუმარს ნებისმიერ დროს შეეძლება ერთი ნაწილიდან მეორეში გადაინაცვლოს, არამედ იმითაც, რომ დაირგვება 30 ათასი ახალი ხე.
”ეს პირველი შემთხვევაა, როცა ამ რაოდენობის ხე დაირგვება თბილისში და გარდა ამისა, ქალაქს დაემატება ჯამში 1800 მიწისქვეშა სადგომი,” - აღნიშნა ბაჩიაშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ფონდი საქართველოში მხოლოდ არქიტექტურულ ფირმებთან თანამშრომლობს, თუმცა არ არის გამორიცხული სამომავლოდ ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებთანაც ითანამშრომლონ.
”დაკვეთა არქიტექტორებზე არის ის, რომ გათვალისწინებულ იქნას თბილისის ისტორიული ღირებულებები. ასევე, მას შემდეგ, რაც ამ პროექტებს მერიის შესაბამისი სამსახურები განიხილავენ, შესაძლოა, გარკვეული კორექტირებები შევიდეს,” - დასძინა ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა.
”თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ bpn-თან საუბარში განაცხადა, რომ იმ ზომის ინვესტიცია, რასაც თანაინვესტირების ფონდი აპირებს ქართულ ბიზნესში ჩადოს, წლების მანძილზე არათუ ერთ კომპანიას, ბევრ საინვესტიციო კომპანიასაც კი არ განუხორციელებია ერთად. ბიზნესმენმა განსაკუთრებული კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ინვესტიცია დივერსიფიცირებულია და ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურიზმისა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.
”ასეთი გრანდიოზული მშენებლობები გამოიწვევს ქალაქის მოწყობისა და სასტუმროების სისტემისადმი სრულიად ახლებურ ხედვას,” - განაცხადა ხაზარაძემ.
როგორც ბაჩიაშვილმა აღნიშნა, ფონდის მენეჯმენტი გეგმავს სამვარსკვლავიანი სასტუმროების პროექტების განხორციელებასაც, რომლებიც ამ დროისათვის მოსამზადებელ ეტაპზეა და უახლოეს მომავალში წარედგინება საზოგადოებას.
http://www.bpn.ge/analizi/3522-turizmi-ene...html?lang=ka-GE
This post has been edited by gia-gia-gia on 25 Mar 2014, 22:23