თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ XIAMEN GOLDEN DRAGON BUS CO. LTD კონკურსიდან არგუმენტირებულად მოიხსნა.
დისკვალიფიცირების გადაწყვეტილების საფუძვლად 3 ძირითადი მიზეზი სახელდება.
აქედან სატრანსპორტო სამსახურის უფროსი უმთავრესად პრეტენდენტი მწარმოებლისთვის მოთხოვნილი ევროპარლამენტის დირექტივით
გათვალისწინებული ხარისხის სერთიფიკატის წარმოუდგენლობას მიიჩნევს. სერტიფიკატით მერია უნდა დარწმუნებულიყო, რომ შემოთავაზებული
სატრანსპორტო საშუალებების საექსპლუატაციო ვადას საშუალოდ 12–დან 15 წლამდე გარანტირებულად მიიღებდა. გარდა ამისა, ტენდერის პირობის
თანახმად, GOLDEN DRAGON–ს ამავე სერტიფიკატის მქონე მინიმუმ 100 ავტობუსის რეალიზაციის ფაქტიც უნდა დაემტკიცებინა, რისთვისაც ჩინელ
მწარმოებელს ევროპის 2 მსხვილი ქალაქიდან ან სატრანსპორტო კომპანიიდან შესაბამისი რეკომენდაციაც უნდა წარმოედგინა.
„კომერსანტთან“ საუბრისას აკაკი ჯოხაძე განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნები კონკურსის მონაწილემ ვერ დააკმაყოფილა.
ირკვევა, რომ 48 შეკითხვის დასაზუსტებლად სატენდერო კომისიამ ჩინურ კომპანიას კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალური 3 დღე მისცა,
თუმცა ტექნიკური საკითხები მაინც არ დაზუსტებულა.
სადაო თემები, GOLDEN DRAGON-ის წარმომადგენლის მიერ ნახსენებ ჭუჭყის მედეგ სავარძლებთან და გათბობის სისტემებთან ერთად, გაზის საწვავის
ავზების უსაფრთხოების ISO სერთიფიკატებსაც ეხებოდა, რომელიც მერიის მტკიცებით, პირველად წარმოდგენილ ვარიანტში ჩინურ კომპანიას არ ჰქონდა.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, სატენდერო კომისიამ GOLDEN DRAGON-ის დისკვალიფიცირების გადაწყვეტილება მიიღო.
თუმცა, აკაკი ჯოხაძე იქვე განმარტავს, რომ რადიკალური არჩევანის ძირითადი მოტივი ევროპული სერტიფიკატების არარსებობა იყო. დისკვალიფიცირებამდე GOLDEN DRAGON ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ავთანდილ საყვარელიძე მერიას წერილობით მიმართავდა, რომ
შესყიდვის დროს მას სერტიფიკატები ავტობუსების მხოლოდ ძირითად აგრეგატებზე ჰქონდა და რომ სატრანსპორტო მოდელების სრულ სერტიფიცირებას
მისი წარმოების დაწყებისას მოახდენდა. თუმცა, GOLDEN DRAGON–ს ელექტრონულ ტენდერზე არც ხსენებული სერტიფიკატები წარმოუდგენია.
ასეთ პირობებში, როგორც სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აცხადებს, მერიას ორი გზა ჰქონდა. ერთ შემთხვევაში მას GOLDEN DRAGON-ის ქართული
წარმომადგენლობისთვის ნდობის საფუძველზე ხარისხის ევროპული სერტიფიკატების წარმოსადგენად ვადა ავტობუსების მოწოდებამდე უნდა მიეცა, რაც
საფუძველს მოკლებულად ჩაითვალა. ცხადდება, რომ კონკურსის სხვა 4 მონაწილე კომპანიას აღნიშნული სერტიფიკატები წარმოდგენილი ჰქონდა. მეორე
ალტერნატივა კი პრეტენდენტის დისკვალიფიცირება იყო.
ტენდერის პროცესს მონიტორინგს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოც” უწევდა. თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციამ მერიის სატენდერო
კომისიის გადაწყვეტილება უკანონობის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ორგანიზაციის დასკვნაში მითითებულია, რომ მიკერძოების ნიშნები არც სატენდერო
სპეციფიკაციების ტექნიკურ მოთხოვნებში არ გამოვლენილა.
აკაკი ჯოხაძე GOLDEN DRAGON-ის ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კიდევ ერთ ბრალდებასაც პასუხობს. მერიის მიერ შესასყიდ სამგზავრო
ავტობუსებზე მწვანე ფერის წინასწარ განსაზღვრულ პარამეტრს ავთანდილ საყვარელიძე GOLDEN DRAGON ის დისკვალიფიცირებას უკავშირებდა, რასაც
მერიასა და ტენდერის კიდევ ერთ მონაწილე, პოლონურ SOLARIS–ს შორის ფარული ფინანსური გარიგებით ხსნიდა.
საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ავტობუსების მწვანე შეფერილობა მერიას საქალაქო ტრანსპორტის ახალი ეკოლოგიური სტანდარტით ჰქონდა გათვალისწინებული. საბოლოო ჯამში მუნიციპალიტეტს ყვითელი ფერის ავტობუსების 500 ერთეული ეკოლოგიურად სუფთა მწვანე ფერის ტრანსპორტით ჩანაცვლება სურს.
დისკვალიფიცირების შემდეგ, თბილისის მერიისთვის 100 ავტობუსის მიწოდების ტენდერში გამარჯვების მთავარი კანდიდატი მეორე ჩინური კომპანია
“Zhengzou Yutong Bus Co., Ltd” გახდა, რომლის შეთავაზებამ “Golden Dragon Bus Co. Ltd”–ზე 25 ლარით მეტი – 31,660,626 ლარი შეადგინა. Yutong–მა კომისიას
ევროკავშირის სერთიფიკატიც წარუდგინა, თუმცა კომპანიას შემსყიდველთან ტექნიკური მოთხოვნის რამდენიმე პუნქტი დაუზუსტებელი დარჩა.
2014 წლის დაუმტკიცებელი ბიუჯეტის მიზეზით, მერიამ ავტობუსების ტენდერის პროცესი გაურკვეველი ვადით შეაჩერა. სატრანსპორტო სამსახურის უფროსი განმარტავს, რომ დაფინანსების იმ პირობებში, როდესაც თბილისის ბიუჯეტი ფედერალური ტრანსფერის სახით გასული წლის პარამეტრებიდან
1/12 ნაწილს იღებს, ავტობუსების შესყიდვა შეუძლებელი გახდა. ჯოხაძე აცხადებს, რომ დედაქალაქის საგზაო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის
მოსავლელად, მუნიციპალურ სამსახურს თვეში მხოლოდ 10 მილიონი ლარი გამოეყოფა. ამ ვითარებაში, აკაკი ჯოხაძე ტენდერის პირობის შესრულებას გამორიცხავს.
ირკვევა, რომ მომწოდებელთან ვალდებულების შესასრულებლად მერიას ყოველთვიურად 9 მილიონიანი ხარჯის გაწევა მოუწევს. ამასთან, ტენდერი
მომწოდებლის მხრიდან 30%-იანი ავანსის მოთხოვნის შესაძლებლობასაც ითვალისწინებს, რასაც დაუმტკიცებელი ბიუჯეტის შემთხვევაში, მერია შეუძლებლად
მიიჩნევს. ცხადდება, რომ მსხვილი ფინანსური ვალდებულება, მოქმედ რეალობაში, მერიის შესაძლებლობებს აღემატება. დედაქალაქის აღმასრულებელი
ხელისუფლება ამ ეტაპზე ისევ საკრებულოს გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც დეკემბერში ბიუჯეტის შეთავაზებული პროექტი ჩააგდო. თბილისის
ბიუჯეტის დამტკიცების შემთხვევაში მერია მუნიციპალური ტრანსპორტის შესასყიდად ახალ ტენდერს გამოაცხადებს. საკუთარი წინადადების სრულყოფილად წარმოდგენის შესაძლებლობა GOLDEN DRAGON –ს სავარაუდოდ, სწორედ ახალი კონკურსის პირობებში მიეცემა.......
წყარო/source:
http://www.commersant.ge/?page=news&id=5677