http://commersant.ge/?m=5&news_id=49517&cat_id=6ექნება თუ არა თბილისში დაგეგმილ ყავის ქარხანის მშენებლობას კავშირი Starbucks–თან?
პროექტის შესახებ დეტალები არ გაჟღერებულა, თუმცა, ითქვა, რომ დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა და გადაწყვეტილია, რომ ქარხანა თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის უკან მდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
უკვე დღეს, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კახეთის გზატკეცილზე ყავის საკმაოდ მასშტაბური ქარხანა შენდება, რომელიც შესაძლოა, გახდეს კიდეც Starbucks-ის რეგიონალური ცენტრი.
როგორც "კომერსანტმა" გაარკვია, დასახელებულ ტერიტორიაზე ყავის ქარხანას შპს „კაფსულო" აშენებს და მას Starbucks-თან პირდაპირი კავშირი არ აქვს.
თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურში კი თავდაპირველი ვერსია უარყვეს და ამჯერად განაცხადეს, რომ მერიაში კახეთის გზატკეცილზე მასშტაბური ყავის ქარხნის მშენებლობის ნებართვის მისაღებად განაცხადი შპს „კაფსულომ" შეიტანა და ამ ეტაპზე Starbucks–ი არ ფიგურირებს. მერიის განმარტებით, ამ დროისთვის, დამტკიცებულია განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ), რომელიც ნებართვის გაცემის საწყისი სტადიაა.
„კახეთის გზატკეცილზე სხვა მიწებიც არის, სხვა ტერიტორიებიც არის. ჩვენ Starbucks-თან არანაირი კავშირი არ გვაქვს"-აცხადებს „კომერსანტთან" საუბრისას შპს „კაფსულოს" ხელმღვანელი ბეჟან გურგენიძე.
მისი განმარტებით, კომპანია შპს „კაფსულო" პირველად საქართველოში აპარატის ყავის წარმოებას იწყებს.
კომპანია მიმდინარე წლის შემოდგომაზე ბაზარზე პირველ, სატესტო პროდუქციას გამოიტანს. მისივე განცხადებით, ყავა სარეალიზაციო ქსელში კაფსულის ფორმებში გამოვა. ბრენდის სახელზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს, შესაბამისად,სახელწოდება მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„დავკავდებით სხვა, მონათესავე პროფილებითაც. ამიტომ გვჭირდებოდა დიდი ქარხანა და დიდი საწარმოო არეალი""-აცხადებს გურგენიძე.
ქარხნის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ამ დროისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პროექტის ღირებულება საწყის ეტაპზე 12 მილიონი ლარი იქნება, თუმცა,მას შემდეგ, რაც კომპანია „კაფსულო" ახალი პროექტების განხორციელებას დაიწყებს, საინვესტიციო ღირებულება 20 მილიონ ლარს გადააჭარბებს.
გურგენიძის განცხადებით, მსგავსი ტიპის პროექტი არათუ რეგიონში, არამედ ევროპის ბევრ ქვეყანაშიც კი არ არის. „პროექტი ამბიციურია, მასშტაბურია და თავისთვად გათვლილი იქნება ექსპორტისთვისაც"-აცხადებს გურგენიძე.
მისი განმარტებით, კომპანია „კაფსულო" ყავისთვის შესაფუთ მასალას საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან შემოიტანს. რაც შეეხება ნედლეულს, ყავა სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან,ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ.
გურგენიძის ინფორმაციით, შპს „კაფსულომ"თბილისის მერიიდან მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო.
შეგახსენებთ, თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, „ავტოვაზის" მიმდებარედ ყავის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად შპს „კაფსულოს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ორი ერთეული 12064 კვ.მ და 4928 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები 412 000 ლარად საინვესტიციო პირობებით გადასცა.
აღნიშნულ ობიექტებზე შპს „კაფსულო" ყავის გადამამუშავებელ საწარმოს მშენებლობასთან ერთად საგამოფენო დარბაზების მოწყობას, აღჭურვას და ფუნქციონირებას უზრუნველყოფდა. პროექტის განსახორციელებლად კომპანია არანაკლებ 11 277 000 ლარს დახარჯავდა და ჯამში 30 ადამიანს დაასაქმებდა.
ყავის გადამამუშავებელი საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებით იქნებოდა აღჭურვილი და წლის განმავლობაში სავარაუდოდ 500 ტონა მწვანე ყავის ნედლეულს შეისყიდიდა, ხოლო წარმოების წლიური მოცულობა დაახლოებით, 1200 ტონა იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ შპს „კაფსულო" გამოშვებული პროდუქციის 50%-ის ექსპორტზე გატანას გეგმავს. კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ქარხანა ქართულ-უცხოური ინვესტიციით შენდება.

