ინტერვიუ დედაქალაქის საკრებულოს ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე, გოჩა ბაბუნაშვილთან.
– დედაქალაქის თვითმმართველობა 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულებისთვის დაზიანებული ავტომობილების ზარალის ანაზღაურებას გეგმავდა. ხომ არ შემოვიდა საკრებულოში აღნიშნულთან დაკავშირებით ინიციატივა და კიდევ იგეგმება თუ არა დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდა?
– ამის ძალიან დიდი სურვილი გვაქვს. ეს დაახლოებით ნახევარ მილიონი ლარი დაჯდება და ის თანხა ნამდვილად არ არის, რისი გადახდა და გაკეთებაც არ შეგვიძლია. თუმცა, ძალიან მკაცრად უნდა აღირიცხოს ვის და როგორ უნდა გაუკეთდეს კომპენსაცია ტრანსპორტთან დაკავშირებით.
მე როგორც ვიცი, აღრიცხვა დაწყებულია, მაგრამ საკრებულოში ამასთან დაკავშირებით, ამ დრომდე არანაირი კომენტარი არ შემოსულა. როგორც კი შემოვა, უკვე კონკრეტული ინფორმაცია გვექნება და დეპუტატების 100 %-ის სურვილია, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ და ზარალი ავანაზღაუროთ.
თუმცა, ვთვლი, რომ იმ ავტომობილებს, რომელთა ღირებულებაც 30 და 40 ათასია, დაზღვევა უნდა ჰქონოდათ. ეს ყველა ცივილურ ქვეყანაში ასე ხდება. მე საუბარი არ მაქვს იმ ავტომობილებზე, რომელიც 4, 5 და 6 ათასი ღირდა და რომელიც ადამიანისთვის ცხოვრებისა და შემოსავლის წყარო იყო. ამ ადამიანებს ზარალი აუცილებლად უნდა აუნაზღაურდეთ და საკითხის გადაწყვეტა სახელმწიფომ თავის თავზე უნდა აიღოს.
– ანუ, გამოდის რომ ძვირადღირებული ავტომობილების მფლობელებს ეს ზარალი არ აუნაზღაურდებათ?
– მე რომ 40 ათასის ღირებულების ავტომობილი მყოლოდა, ეს ნიშნავს, რომ მაქვს შემოსავალი და ამიტომ ვყიდულობ ამას. აქედან გამომდინარე, თვეში ას ლარსაც უნდა შეველიო და გავაკეთო დაზღვევა. მათაც ასე უნდა გაეკეთებინათ და დღეს არანაირი პრობლემა ამ შეექმნებოდათ. ვიფიქრეთ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი ცივილური მიდგომაა საჭირო და იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი, ძალიან მალე, დადებითად გადაწყდება.
– სტიქიის შედეგად გმირთა მოედნის ნაწილიც დაზიანდა, სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე ვერეს ხეობაშიც. თუ გეგმავს დედაქალაქის თვითმმართველობა აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შემდეგ, დაუბრუნდეს სტიქიამდელ მდგომარეობას და გმირთა მოედანზე არსებული გადატვირთული მოძრაობის განტვირთვაზე მუშაობას?
– ადრეც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ რომ გმირთა მოედანი დაუსრულებელი პროექტია, რომელსაც განვითარება და დახვეწა სჭირდება. მომავლისთვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ და ვერეს ხეობა, გმირთა მოედანი და სანაპიროსკენ ჩასასვლელი ერთიან სივრცეში უნდა აღვიქვათ. ამაზე თავიანთი სიტყვა არქიტექტორებმა და ურბანისტებმა უნდა თქვან და ახალი პროექტი უნდა გაკეთდეს. შეიძლება საერთოდ დაინგრეს და აღდგეს ის მოედანი, რაც ადრე იყო. იქ საცობები ნამდვილად არ ყოფილა, მაგრამ აღსანიშნავია ის, რომ მაშინ ამდენი ავტომობილი და ტრანსპორტი ნამდვილად არ ყოფილა და ახლა დაემატა. დღეს, დედაქალაქში, დაახლოებით ნახევარი მილიონი ავტომობილი მოძრაობს. ამხელა დატვირთვას ვერცერთი ქვეყანა ვერ გაუძლებდა.
ვერეს ხეობაში მიმდინარე სამუშაოების დასრულების შემდეგ, რომელიც სავარაუდოდ, თვის ბოლოს დასრულდება, აღდგება მოძრაობა და ცენტრალური ნაწილი, ვაკე და რუსთაველი მაინც განიტვირთება, რადგან საბურთალოსკენ მიმავალი ავტომობილები ამ ტერიტორიაზე იმოძრავებენ.
– რაც შეეხება პუშკინის ესტაკადას, ამასთან დაკავშირებით თუ არის ცნობილი კონკრეტული გადაწყვეტილება?
– ეს აუცილებლად გასაკეთებელია იმიტომ, რომ არის ერთ-ერთი კვანძი, რომელმაც ქალაქის ცენტრალური ნაწილი უნდა განმუხტოს. სავარაუდოდ წელს ვეღარ მოესწრება, თუმცა მომავალ წელს აუცილებლად გავაკეთებთ ყველაფერს. ეს გამოიწვია იმან, რომ 13-14 ივნისის სტიქიის დროს მთელი ქალაქი და სახელმწიფო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში იყო გადართული. ეს მხოლოდ ამის გამო ვერ გაკეთდა და ახლა, აუცილებლად ყველაფერი გაკეთდება და მოგვარდება.
– 2016 წლის ბიუჯეტს რაც შეეხება, თუ შეგიძლიათ გამოყოთ ქალაქისათვის მნიშვნელოვანი რომელიმე პროექტი, რაც გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში?
– ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში ჯერ არ შემოსულა. მიმდინარეობს კონსულტაციები და დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს და როდესაც პირველი ვარიანტი შემოვა, მერე ვილაპარაკოთ. მე ვფიქრობ, რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვას კომისიები ოქტომბრის ბოლოს, ნოემბრის დასაწყისში დავიწყებთ და წლის ბოლომდე ბიუჯეტი აუცილებლად დამტკიცდება. ის ალბათ შეინარჩუნებს სოციალურ ფონს - მოსახლეობას ჯერ-ჯერობით უჭირს და სახელმწიფოს მხრიდან დახმარება მათთვის აუცილებელია.
აუცილებლად უნდა განხორციელდეს ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებსაც დედაქალაქისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი აზრით, აუცილებლად უნდა დავიწყოთ მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. ეს გადატვირთულ მოძრაობას აუცილებლად გაანეიტრალებს. საუბარია ვეფხი და მოყმის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა ეს სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ. მე არ ვამბობ, რომ ამ ხიდებში მილიარდები უნდა დაიხარჯოს, ეს ძალიან მარტივი და იაფი ხიდი უნდა იყოს. სპეციალისტებთან მისაუბრია ამ თემაზე და თბილისს მოძრაობის განსატვირთად მინიმუმ სამი ასეთი ხიდი მაინც სჭირდება. რაღაცით უნდა დავიწყოთ, ჯერ ერთი გავაკეთოთ, მერე მეორე და მესამე. ქალაქი ერთ დღეში არ აშენებულა და იმედია, რომ ჩვენი საკრებულოში ყოფნის განმავლობაში თბილისისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ.
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=28021&cat_id=11