ხელისუფლებამ გზების უსაფრთხოებისა და ხარისხის მიმართ მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს
http://www.commersant.ge/?m=5&news_id=25959&cat_id=11ქუთაისის შემოვლითი გზის ხარვეზები, რის შესახებაც პირველი პუბლიკაცია „კომერსანტმა“ რამდენიმე კვირის წინ გამოაქვეყნა, დღემდე მოუგვარებელია და ამის გამო რამდენიმე თვის წინ საზეიმოდ გახსნილ მაგისტრალზე საავარიო სიტუაციები იქმნება.
საუბარია ისეთ ელემენტარულ პირობებზე, როგორიც გადაშლილი და არეული საგზაო მონიშვნებია. ცალკე პრობლემაა განათების არარსებობა. რამდენიმე კვირის წინ ამ საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობამ განმარტებები გააკეთა და განაცხადა, რომ ავტომაგისტრალზე განათების დამონტაჟებას მომავალ წლამდე არ აპირებს. ტენდერი განათების მონტაჟზე დეტალური პროექტის მომზადების შემდეგ გამოცხადდება, ხოლო გამარჯვებული კომპანია მომდევნო წელს ავტომაგისტრალზე განათებას მოაწყობს.
როგორც დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა „კომერსანტს“ განუცხადა, განათების არარსებობა მგზავრთა გაადადგილების დროს დამატებით საფრთხეებს არ ქმნის.
რაც შეეხება გზის გარკვეულ მონაკვეთებზე საგზაო მონიშვნების არარსებობას ან ფრაგმენტულობას, გასვიანის ინფორმაციით, ქუთაისის გზაზე სერიოზული პრობლემები ამ მიმართულებით არ არსებობს და გზის დახაზვა საერთაშორისო გზებზე წელიწადში ერთხელ ხორციელდება. ახალი გზის დახაზვა ბოლოს ოქტომბერ-ნოემბერში განხორციელდა და ხელახლა დაახლოებით სექტემბრისთვის დაიხაზება.
„გარკვეული ხარვეზი გარკვეულ მონაკვეთებზე, შესაძლოა, იყოს. ჩვენ როგორც კი შემოდის ინფორმაცია, ვახდენთ რეაგირებას. ხარვეზები ნებისმიერ დროს შეიძლება წარმოიშვას. ამას ვერანაირად ვერ გამოვრიცხავთ, რადგანაც საავტომობილო ტრანსპორტი მუდმივად ცვეთის ქვეშაა. თუ რომელიმე მონაკვეთზე არის რაიმე ხარვეზი, ჩვენ მზად ვართ ის გამოვასწოროთ“,- აცხადებს გასვიანი.
ამ პასუხის შემდეგაც, აღნიშნულ გზაზე მონიშვნების პრობლემა არ გამოსწორებულა, რასაც „კომერსანტის“ მკითხველები აქტიურად აპროტესტებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, სანამ რაიმე უბედური შემთხვევა არ მომხდარა, მიხედოს პრობლემას.
“პარასკევს ღამით, ჩემს თვალწინ რამდენიმე საავარიო სიტუაცია შეიქმნა მაგ "უსინათლობის" და მონიშვნების არარსებობის გამო... სანამ რამე არ მოხდება მანამდე არ მიხედავენ,“ – წერს „კომერსანტის“ ერთერთი მკითხველი,
კიდევ ერთი მათგანი კი აღნიშნავს, რომ არც ერთი საგზაო ნიშანი, გარდა “რაღაც რკინის ნაგლეჯისა, „ქუთაისი აქეთო“, არაფერი არ ყოფილა.
იგივე სიტუაციაა თითქმის მთელ "ავტობანზე". ეს დახაზულები ისეა ერთმენთში ახლართული, საგზაო ნიშნები ისე უაზროდ კიდია (ზოგან 1 წლის წინ დამთავრდა სარემონტო სამუშაოები, მარა მაინც შემორჩენილია ეს ნიშნები, რომელს მიაქციო ყურადღება და რომელია რეალური ვეღარ გაიგებ), რომ ფაქტიურად ინტუიციით დადიხარ.“
როგორც უკვე აღვნიშნეთ, გზების დეპარტამენტი აღნიშნულ გზაზე დასახელებული ხარვეზების გამო უსაფრთხოების პრობლემას გამორიცხავს.
თუმცა, რა სახის განმარტებაც არ უნდა გააკეთონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მარტივი ლოგიკაა, რომ გზის უსაფრთხოების ხარისხს ყველაზე უკეთ მძღოლები ცდიან, ისინი კი ცალსახად ამბობენ, რომ არასათანადო საგზაო მონიშვნები და განათების არარსებობა მათთვის სერიოზული პრობლემაა.
აღნიშნულ გზაზე მგზავრობის დისკომფორტი მთელი სისრულით გამოსცადეს „კომერსანტის“ წარმომადგენლებმა, რომლებსაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოუწიათ ამ მარშრუტის გავლა.
საუბარია გზაზე, რომელზეც 181 მილიონი ლარი დაიხარჯა და რომელიც ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებაში პროგრესი შეიტანა. თუმცა ისეთი ელემენტარული სტანდარტის შეუსრულებლობის გამო, როგორიც საგზაო მონიშვნებია, მოსახლეობის კრიტიკის ობიექტი გახდა და ეჭვები გააჩინა თავად გზის ხარისხთან დაკავშირებითაც. მსგავსი ეჭვების გასაქარწყლებლად ხელისუფლებამ დროული რეაგირება უნდა მოახდინოს მოსახლეობის პრეტენზიებზე, რომელიც, როგორც გადასახადის გადამხდელი, ამ გზის დამფინანსებელია და შესაბამისად, ყველანაირი უფლება და ვალდებულებაც კი აქვს, საკუთარი ხარჯების ეფექტურად ხარჯვა მოითხოვოს.
როგორც „კომერსანტმა“ გაარკვია, გზის მშენებლობასა და განათების დამონტაჟებაზე ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ტენდერები ტარდება და გზის გახსნასა და მის განათებას შორის შესაძლოა დროში „აცდენა“ მოხდეს. თუმცა, უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ორივე პროცესის დამთხვევა სასურველია.
ასევე ცალკე ბიუჯეტი გამოიყოფა საგზაო მონიშვნებისთვის.
მონიშვნების გარეშე კი გზის ჩაბარება არ შეიძლება.
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილის ჯამბულ ბაკურაძისთვის გაუგებარია, რატომ ვერ მოახერხა გზების დეპარტამენტმა ელემენტარული სტანდარტების უზრუნველყოფა. ის ამბობს, რომ მონიშვნებისა და განათების გარეშე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოუდგენელია და საპირისპიროს მტკიცება „ბავშვობაა“.
„დასადგენია, რა თანხები აქვს საგზაო დეპარტამენტს. ჩვენ განათებები ჰოლანდიიდან ჩამოვიტანეთ, როცა გორის მიმართულებით გარე განათებას ვაკეთებდით. პარალელურ რეჟიმში არც ჩვენ დროს ხდებოდა განათების დამონტაჟება, თუმცა ვცდილობდით, ეს გზის გახსნიდან მაქსიმალურად სწრაფად მომხდარიყო, რადგან უდავოა, რომ ჩაბნელებურ გზაზე მოძრაობა უსაფრთხოების პრობლემას ქმნის და ბავშვობაა იმის თქმა, რომ ეს უსაფრთხოებასთან კავშირში არაა. აბა ფულს რაში ვხარჯავთ, ესთეტიკური მიზნებით? რაც შეეხება მონიშვნას, სრულიად ცალსახაა, რომ გზის მონიშვნების გარეშე გახსნა დაუშვებელია. საპატრულო პოლიცია უბედურ დღეში გვაგდებდა, როდესაც მონიშვნების წაშლის ფაქტს აღმოაჩენდა ხოლმე. ჩვენც დროულად ვრეაგირებდით ამ პრობლემაზე. თუმცა გზების დეპარტამენტს აქვს საკუთარი საზედამხედველო სამსახური, რომელიც ვალდებულია, აკონტროლოს გზის მდგომარეობა,“– აცხადებს ბაკურაძე და ამბობს,რომ დასანანია, როდესაც ხარისხიანად შესრულებული, მრავალმილიონიანი პროექტი მოსახლეობის კრიტიკას იმსახურებს მხოლოდ იმის გამო, რომ მონიშვნები არ აქვს.
მისივე თქმით, ასეთ შემთხვევაში შესაძლოა გაჩნდეს ეჭვები თავად გზის ხარისხის მიმართაც, რაც უსაფუძვლოა.
„ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ კარგ გზებს ვაკეთებდით და ახლა კი ცუდი გზები იგება. გზის მშენებლობა იმდენ პროცედურასთანაა დაკავშირებული, რომ სამუშაოების უხარისხოდ შესრულება გამორიცხულია. ამ დიდ გზას, ე წ, ჰაი ვეის აგებს სპეციალური მანქანა, რომელსაც აქვს პროგრამა და ძალიანაც რომ გინდოდეს ცუდი ხარისხის გზის დაგება, ამას ვერ შეძლებ. გარდა ამისა, მსოფლიო ბანკი და აზიის განვითარების ბანკი, ყველა დონორი, რომელიც ამ ფულს იძლევა, აკონტროლებს გზის ხარისხს. შეუძლებელია, გზების დეპარტამენტმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა პირი შეკრან და უხარისხო გზა დააგონ,“ – აცხადებს ბაკურაძე.
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მონაკვეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გასული წლის ნოემბერში გახსნა.
შესრულებული სამუშაოების ღირებულება 181 მლნ ლარს შეადგენს.
God made whiskey so the Irish won’t rule the world.
Infinitus est numerus stultorum.
“Once a year go some place you've never been before.” Dalai Lama