აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პირველი პროექტი, შესაძლოა, რიკოთი-ზესტაფონის გზა იყოს
12:00 18.11.2015 აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პირველი პროექტი, შესაძლოა, რიკოთი-ზესტაფონის გზა იყოს
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მიერ საქართველოში დაფინანსებული პირველი პროექტი, შესაძლოა, რიკოთი - ზესტაფონის ახალი გზა იყოს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი აცხადებს, რომ ახალშექმნილმა ბანკმა, შესაძლოა, პროექტის ნაწილი დააფინანსოს.
მინისტრი აღნიშნავს, რომ ვითარება შეცვლილია დონორებთან დაკავშრებითაც. მისი განცხადებით, დონორები ამ პროექტში შემოსვლის წინააღმდეგნი იყვნენ, ახლა დამოკიდებულება ცოტათი შეცვლილია, თუმცა, არა იმდენად, რომ ეს საქართველოსთვის საბოლოოდ მისაღები იყოს.
„თუკი ამ გადაწყვეტილებაზე წავალთ, ნაწილს დააფინანსებს, ჩინური ბანკი, ნაწილი, შეიძლება, ტრადიციულმა დონორმა აიღოს, უკვე მცირე ნაწილზე ინვესტორის წამოყვანა გაცილებით ადვილია. ჯერჯერობით ამ პირობებში მეტი სიკეთე ინვესტორის მხარეზე იქნება, ვიდრე საქართველოს მხარეს და მე ამისთანა ხელშეკრულებას არ მოვაწერ ხელს“,- აცხადებს ჯავახიშვილი.
მისივე განცხადებით, პროექტთან დაკავშირებით თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში შეხვედრები გაიმართა. საუბარია 2 ინვესტორზე, რომელთაგან ერთი ჩინური კომპანიაა, მეორე კი კონსორციუმია, სადაც ჩინური, ინდური და კვიპროსული კომპანიები არიან გაერთიანებული.
ნოდარ ჯავახიშვილის განცხადებით, დონორების დამოკიდებულება იყო, რომ არსებული გზის მოდერნიზაცია მომხდარიყო, ხელისუფლებას კი კატეგორიულად სურს, რომ ამის ნაცვლად ალტერნატიული გზა შეიქმნას. მინისტრი აცხადებს, რომ ახალი გზის მშენებლობა გარკვეულ დისკომფორტს და შეფერხებებს გამოიწვევს, თუმცა, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, გზის მშენებლობა ძალიან მომგებიანია სახელმწიფოსთვის.
„ჩვენ რომ დავიწყოთ რიკოთის უღელტეხილის გზის მშენებლობა, ეს მინიმუმ 3 წელი გაგრძელდება და 4 მონაკვეთზე ერთდროულად შეიძლება იყოს მუშაობა, რომ მალე დავამთავროთ. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ავტოსატრანსპორტო საშუალებებსაც და სატრანზიტო საშუალებასაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, შევუქმნით სერიოზულ პრობლემებს ამ სამი წლის განმავლობაში. უცხოური ტვირთები გადაერთვებიან სხვა გზაზე და უკან გადმორთვა ძალიან რთული საქმე იქნება. ჩვენ ტვირთნაკადებს დავკარგავთ. მაშინ რად გვინდა ამხელა ფულს რომ ვხარჯავთ? ჩვენ იდეაში გვაქვს, რომ ეს ავტობანი გაკეთდება და დააკავშირებს ჩინეთს და მთელ აღმოსავლეთ ევროპასთან, აქედან ქვეყანას შემოსავალი ექნება. თუ ისინი არ გაივლიან, მარტო ქართული ტრანსპორტისთვის ამდენი მილიარდის დახარჯვის შესაძლებლობა ქვეყანას არ აქვს“,- აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
უკვე რამდენიმე თვეა სახელმწიფო აღნიშნული პროექტის დასაფინანსებლად ფინანსებს ეძებს. პროექტის მიხედვით, ზესტაფონის რაიონი რიკოთის უღელტეხილს ახალი ჩქაროსნული მაგისტრალით დაუკავშირდება. ავტობანის გაყვანასთან ერთად, გეგმა არსებულისაგზაო მონაკვეთის შენარჩუნებასაც გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში, ახლად გაყვანილი მაგისტრალით სარგებლობა, სავარაუდოდ, ფასიანი იქნება.
ავტორ(ებ)ი : სალომე მეცხვარიშვილი commersant.ge,
* * *
http://www.commersant.ge/?m=5&news_id=29314&cat_id=5ბიუჯეტის კორექტირების გარეშე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წელს ბიუჯეტის შესრულების პრობლემა ექნება
18:45 17.11.2015 ბიუჯეტის კორექტირების გარეშე ინფრასტრუქტურის სამინისტროს წელს ბიუჯეტის შესრულების პრობლემა ექნება
მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექტირების გარეშე ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის შესრულების პრობლემა ექნება. მას შემდეგ, რაც ფინანსთა მინისტრმა მთავრობის სხდომაზე 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები მოითხოვა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის ბიუჯეტის შემცირება იყო, ნოდარ ჯავახიშვილს განმარტებების გაკეთება მოუწია.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, ბიუჯეტის შემცირება არცერთ პროექტზე არ აისახება და არცერთი პროექტი არ შეჩერდება. მისი განმარტებით, არსებობს გარკვეული მიმართულებები, სადაც ბიუჯეტი ვერ შესრულდება, მათ შორის არის გახმაურებული სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობის პროექტი, რომელსაც უკრაინული კომპანია „ალტკომი“ ასრულებს. ჯავახიშვილის თქმით, მხოლოდ ამ პროექტიდან ბიუჯეტის შესრულების გეგმას 30 მილიონი დააკლდება.
„დაახლოებით 3 წლის წინ „ალტკომმა“ მოიგო საკმაოდ სერიოზული კონტრაქტი, მაგრამ სამწუხაროდ, თითქმის არაფერი არ იყო გაკეთებული. იყო ავანსად გაცემული 30% - 47 მილიონი. უკრაინაში მიმდინარე პროცესების გამო არის საშიშროება იმისა, რომ ეს ავანსი მთლიანად დაიკარგოს. ამიტომ პირადად მე ძალიან დიდი მუშაობა მომიწია უკრაინულ კომპანიასთან, რომ გაგვეცოცხლებინა ეს პროექტი. წლის დასაწყისში დაახლოებით 30 მილიონი იყო ჩადებული, რომ წელს „ალტკომი“ შეასრულებდა ვალდებულებას. დღეს „ალტკომმა“ დაიწყო მუშაობა, მაგრამ რასაკვირველია ეს ტემპი არ შეიძლება იყოს ის, რაც საჭიროა. ამიტომ 30 მილიონი შეუსრულებლობა გვექნება აუცილებლად. ამის მიუხედავად, მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდი პროგრესია, რადგან გაჩნდა სერიოზული შანსი, რომ ქვეყანამ ფული არ დაკარგოს და გზა მიიღოს“,- აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი და აღნიშნავს, რომ მომავალ წელს „ალტკომი“ სრული სიმძლავრით იმუშავებს და ამ მიმართულებით მაღალი შესრულება იქნება ამ კონკრეტულ პროექტზე.
მინისტრის განმარტებით, შესრულებასთან დაკავშირებით პრობლემა კიდევ ერთი მიზეზის გამო იქმნება. ამ შემთხვევაში მიზეზი ტენდერებში ავანსების გაცემასთან დაკავშირებული ცვლილებებია.
„მიდგომების შეცვლამ გამოიწვია ეს, მათ შორის იმან, რომ ჩვენ დაუფიქრებლად, თვალდახუჭული არ ვაძლევთ ავანსებს კომპანიებს. რაც მთავარია, არავის ვაძლევთ 30%-იან ავანსებს. ახლა საუბარია 10%+10%-იან ავანსზე. დამისაბუთებენ, რომ სჭირდებათ საქმისთვის 10% ავანსი - მივცემთ. როცა დამისაბუთებენ, რომ ათვისება მოხდა შესაბამისად, კიდევ 10%-ს მივცემთ. ეს, რა თქმა უნდა, შესაბამის ნაწილში მოგვცემს გეგმის შეუსრულებლობას - ბიუჯეტის თანხების აუთვისებლობას“,- აცხადებს მინისტრი.
მისივე განცხადებით, არის კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც აჭიანურებს პროექტების განხორციელებას.
„ეს ეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. აქ ყოველთვის გვაქვს სერიოზული პრობლემები, რადგან ეს არ მიდის ჩვეულებრივი პროექტირებით. ძალიან ხშირად დგება საკითხი, რომ შევინარჩუნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ამა თუ იმ ობიექტზე. ამ დროს ჩვენ გვაქვს პროექტების დროში გაჭიმვა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნების შესრულება გზადაგზა გვიწევს“,- აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
მინისტრი ამ მიმართულებით კიდევ ერთ საკითხს გამოყოფს, რომელიც, მისი თქმით, მნიშვნელოვან უარყოფით გავლენას ახდენს სამინისტროს საქმიანობაზე. საუბარია განსახლების პრობლემაზე, რომელიც ქობულეთში შეექმნათ.
„რამდენჯერმე მოვთხოვე სამართალდამცველებს, რომ მიიღონ ზომები, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე ლოტზე. იქ მოშიმშილე ადამიანებს, რომლემმაც კარვები გაშალეს, ვერ გავაგებინეთ, რომ მათი საჩივარი შეიძლება საფუძვლიანია, მაგრამ ჩვენს მიმართ არ არის. ჩვენ უნდა მოგვცენ შესაძლებლობა, რომ გზა გავაკეთოთ და თვითონ უჩივლონ მათ, ვისაც მათ წინაშე აქვს ჩადენილი დანაშაული. სხვის მაგივრად გვსჯიან, ამიტომ ვთხოვე სამართალდამცველ ორგანოებს, რომ ეს ხალხი გინდა დაარწმუნონ და გინდა სხვა მეთოდებით გადაიყვანონ გზის იმ მონაკვეთიდან, რომ დავიწყოთ მუშაობა“,- აცხადებს ნოდარ ჯავახიშვილი.
ავტორ(ებ)ი : სალომე მეცხვარიშვილი