2019 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტში ახალი სახანძრო-სამაშველო დეპო აშენდება. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მშენებლობისთვის ადგილი უკვე შერჩეულია და სამშენებლო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
უწყების ცნობით, სიღნაღის სახანძრო-სამაშველო დეპო ქალაქის ერთიან იერსახეზე იქნება მორგებული.
,,მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო-სამაშველო დეპოები ყველა ქალაქშია წარმოდგენილი, დღეისათვის დამატებითი საჭიროებაც არსებობს. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში გარკვეული სოფლები რაიონული ცენტრიდან, სადაც სახანძრო ტექნიკაა განთავსებული, 20-25 კილომეტრითაც კი არის დაშორებული, რაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს ახანგრძლივებს. ამ ეტაპზე მუშავდება სპეციალური გეგმა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორია იმგვარად უნდა დაიფაროს, რომ მაქსიმალურად შემცირდეს საგანგებო სიტუაციისას სახანძრო მანქანის კონკრეტულ ლოკაციასთან მისვლის დრო“, –განაცხადა საგანგბო სიტუაციების მართვი სააგენტოს პრესსამსახურის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ახალი დეპოები, სადაც განთავსდება საზოგადოებრივი ცენტრები, სპორტული დარბაზები და საფეხბურთო მოედნები, ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.
„დეპოები იქნება კომპიუტერიზებული და ყველგან იქნება ინტერნეტთან წვდომა. ახალი დეპოები მაქსიმალურად იქნება ორიენტირებული მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვიწყებთ მოხალისეთა ეროვნული სიის შედგენას და ყველა ის ადამიანი, რომელიც მოხალისეთა ბაზაში იქნება რეგისტრირებული, შეძლებს სახანძრო-სამაშველო დეპოების ინფრასტრუქტურით სარგებლობას“, – აღნიშნა მიშა ფეიქრიშვილმა.
* * *
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა რეგიონების სახანძრო-სამაშველო ძალების წარმომადგენლებს ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადასცა.
ახალი მანქანები 13 ქალაქის ავტოპარკს შეავსებს.
ტყის ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა: აბასთუმანს, ბორჯომს, ახმეტას, თელავს, თეთრიწყაროს, დუშეთს, კასპს, ხარაგაულს, ლენტეხს, ონს, მესტიას, ჩოხატაურსა და ხულოს.
უახლოს მომავალში საქართველოში დამატებით 7 ახალი ტყის სახანძრო მანქანა შემოვა, რომლებიც შემდეგ ქალაქებს გადაეცემა: დმანისს, თიანეთს, ხაშურს, ადიგენს, ბაკურიანს, ქედასა და შუახევს.
ახალი სახანძრო მანქანები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა. მისი საერთო ღირებულება 10 მილიონი ლარია.
ახალი სახანძრო მანქანის უპირატესობა რთულ რელიეფურ პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების რისკს.
ახალი სახანძრო მანქანების მეშვეობით უკვე რამდენჯერმე მოხდა ტყის ხანძრების ლიკვიდაცია და მისი ფართო მასშტაბზე გავრცელების აღკვეთა.
* * *
