შსს-ს გაუხმაურებელი ფიასკო - რა დღეშია პატრულის მანქანები

წაიკითხეთ და აზრი დააფიქსირეთ!
2014 წლის შემოდგომაზე, საპატრულო პოლიციის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავტოპარკის განსაახლებლად 160 ახალი ავტომობილი შეიძინა. ერთ ავტომობილში კი, დაახლოებით, 50 ათასი ლარი გადაიხადა, ხოლო საერთო ღირებულებამ 7 887 680 ლარი შეადგინა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ, საპატრულო პოლიციაში განხორციელებულ ,,რეფორმაზე“ საუბრისას აღნიშნული სიახლით მუდმივად თავს იწონებენ. უფრო უკეთ და დეტალურად რომ მოგითხროთ, საუბარია „Ford Interceptor”-ის მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე. საქართველოში აღნიშნული ავტომობილების შემოყვანამდე არაერთი განცხადება გაკეთდა მის არაადეკვატურობაზე ჩვენი ინფრასტრუქტურის და, ზოგადად, ეკონომიკური მდგომარეობის გამო. რაც შეეხება თავად შენაძენს, ეს გახლავთ სპეციალურად პოლიციისთვის შექმნილი ამერიკული ავტომობილი - “Ford Police Interceptor”. შეგახსენებთ, რომ “Ford Police Interceptor” სერიულად არ იყიდება. ამ ავტომობილს მხოლოდ და მხოლოდ პოლიცია (აშშ, კანადა) სარგებლობს. აღნიშნული საპატრულო პოლიციის ავტომობილის აღნიშნული მოდელები ექსპლოატაციაშია ამერიკის მხოლოდ რამდენიმე შტატში, სადაც დასახლებულ პუნქტსა და პოლიციის განყოფილებას შორის მანძილი 100 კილომეტრია. ავტომობილები არ არის განკუთვნილი მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისთვის. მას აქვს ყველგანმავლის მახასიათებლებიც და არის მაღალი გამავლობის, რაც პრიორიტეტულს ხდის ზემოთაღნიშნული შტატების კლიმატური პირობებიდან გამომდინარე.
საკითხში უკეთ გასარკვევად და დეტალური ინფორმაციისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია კოალიცია „საზოგადოებრივი ინიციატივას“ წარმომადგენელი ვასო ურუშაძეს ვესაუბრე.
„შს სამინისტროს მიერ ჩვენთვის გამოზავნილ ოფიციალურ წერილში ნათქვამი იყო, რომ უწყების მიერ „Ford Interceptor” მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში გადახდილმა თანხამ 49 298 ლარი შეადგინა, ხოლო „Skoda Octavia“ -ს მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულება 34 720 ლარს შეადგენს. ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია შსს-ს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რომ საპატრულო პოლიციის ავტოპარკის განახლება მომხდარიყო „ Ford Interceptor”-ის მოდელის ავტომობილებით, ვაპროტესტებდით რამდენიმე მიზეზის გამო: 1. “Ford Interceptor”-ს აღნიშნული მოდელის ავტომობილები არ იყო გათვლილი ქალაქში გადატვირთულ მოძრაობაში ექსპლოატაციისთვის. 2. ავტომობილის საწვავის ხარჯი თითქმის 2-ჯერ აღემატებოდა მისი წინამორბედის “Skoda Octavia “-ს საწვავის ხარჯს, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ქალაქის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე და დაკავშირებულია დამატებით ფინანსურ ხარჯებთან. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ქალაქ თბილისის გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობა, საცობები, სადაც იზრდება ავტომობილის ძრავის უქმად მუშაობის და მოცდენის რეჟიმი, იზრდება საწვავის არამიზნობრივი ხარჯვა და შედეგად გვრჩება მხოლოდ ზედმეტი გამონაბოლქვი. 3. კომპაქტურობა - „ Ford Interceptor”-ს ავტომობილები თავის წინამორბედებს აღემატებოდა მოცულობასა და გაბარიტებში. ის ათეული სანტიმეტრით უფრო გრძელი და განიერია, რაც ქალაქში მოძრაობის დროს საერთოდ არ არის მოხერხებული. ამ მანქანას დაქვეითებული აქვს სწრაფი მანევრირების ეფექტი, რაც ხელს უშლის აფექტურ ოპერატიულ საქმიანობას, განსაკუთრებით, თბილისის ვიწრო და გადატვირთულ ქუჩებში. 4. თვითღირებულება - “Ford Interceptor” -ს ავტომობილის ღირებულება 14 578 ლარით ძვირი უჯდებოდა საქართველოს ბიუჯეტს, ვიდრე “Skoda Octavia “-ს ახალი მოდელები.
160 ერთეული ავტომობილის შეძენის შემთხვევაში ეს თანხა 2 332 480 ლარს შეადგენდა. ჩვენთვის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენდა შსს-ს გადაწყვეტილება, თუ რატომ მოინდომა საქართველოს მთავრობამ, შეეძინა ძვირადღირებული და ძვირადშესანახი საპატრულო პოლიციის ავტომობილები, მაშინ როცა ცივილიზებულ სამყაროში, ყველაზე მეტად განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ავტომობილის წარმოებას უდიდესი წილი უჭირავს, ევროპის ყველაზე განვითარებულ ქალაქებში, საპატრულო პოლიციის ავტომობილების შერჩევა სამი ძირითადი პრინციპით ხდება: ეკონომიურობა, ეკოლოგიურობა და კომპაქტურობა“ - ამბობს ვასო ურუშაძე.
შედარებისთვის, იტალიაში, ქვეყანაში, სადაც „Ferrari”-ს, „Lamborghini”-ს, „Maserati”-ს აწარმოებენ, საპატრულო პოლიციისთვის ყველაზე იაფფასიან, ეკონომიურ, კომპაქტურ და ეკოლოგიურ, „Alfa Romeo”-ს და „Lancia”-ს მარკის ავტომობილებს იყენებენ. საფრანგეთი, სადაც „Bugati”-ს აწარმოებენ, საპატრულო პოლიციისთვის „Peugeot”-ის მარკის ავტომობილები აქვთ. იგივე შეიძლება ითქვას გერმანიაზე, სადაც „BMW”-ს და “Porche”-ს აწარმოებენ, საპატრულო პოლიციისთვის “Volksvagen”-ის მარკის ავტომობილებს იყენებენ, მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში „Mercedes Benz”-ს.
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში, ქვეყანაში, სადაც არ აწარმოებენ ავტომობილებს, ქვეყანაში, რომლის ერთ სულზე წლიური შემოსავალი 3 700 აშშ დოლარს არ აღემატება, ქვეყანაში, სადაც მძიმე სოციალურეკონომიკური კრიზისია, მთავრობამ გადაწყვიტა საპატრულო პოლიციის ავტომობილებად ამერიკული, ძვირადღირებული, არაეკონომიური, არაკომპაქტური და არაეკოლოგიური „ Ford Interceptor”-ის მოდელები შეეძინა.
ერთადერთი არგუმენტი, რითიც შსს-ს წარმომადგენლები ამაყობდნენ იყო ის, რომ აღნიშნული „ფორდის“ მარკის ავტომობილების ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ხარჯი იქნებოდა შემცირებული, რის საფუძველზეც მოახდენდენ საბიუჯეტო თანხების დაზოგვას. არა და, შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ტყუილია. შსს-ს არ სურს ამ საკითხზე საჯაროდ საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოუწევთ აღიარება, რომ აღნიშნულმა პროექტმა კრახი განიცადა და არ გაამართლა. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ საწვავის გადახარჯვა თბილისში არის კატასტროფული, რის გამოც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრები იძულებულები არიან ავტომობილების გაჩერებითა და მოცდენით გაეკეთონ საწვავის ეკონომია, რაც ამცირებს მათ ეფექტურობას, პატრულირების ინტენსივობას. ეს, შესაძლებელია, კრიმინალისა და ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის გაზრდის გამომწვევი მიზეზი იყოს.
რამდენად მნიშვნელოვანია საპატრულო პოლიციისთვის სამსახურეობრივი უფლება-მოვალეობის სრულყოფილად შესასრულებლად გამართული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, საკითხზე კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ დირექტორს ირაკლი ქადაგიძეს ვესაუბრე, რომელიც, ასევე, არაეფექტურ ნაბიჯად აფასებს „Ford Interceptor”-ის მარკის ავტომობილების შეძენას და აღნიშნავს, რომ ქალაქში არსებული ინფრასტრუქტურის და ზოგადად ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, შსს-ს გადაწყვეტილებამ უარყოფითი შედეგი გამოიღო.
„უმნიშვნელოვანესია, რომ საპატრულო პოლიციის მანქანები იყოს გამართული, რათა მათ განახორციელონ პატრულირება მთელი ქვეყნის მასშტაბით და აქტიურად ჩაერთონ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც ეკიპაჟს ავტომობილი არ უწყობს ხელს სამსახურეობრივი მო-ვალეობის შესრულებაში, რა თქმა უნდა, ეს კრიმინალის მდგომარეობაზეც აისახება. აღნიშნული მარკის ავტომობილების ექსპლუატაცია არის ძალიან ძვირი. ერთი პლიუსი არის ის, რომ ძლიერი ძრავი აქვს და, ფაქტიურად, შეუძლებელია რომლიმე მანქანა გაექცეს ეკიპაჟს დევნის დროს. მაგრამ, როდესაც მისი ექსპლუატაცია არის ძვირი, შესაბამისად, სახელმწიფოს მისი შეკეთებაც საკმაოდ ძვირი უჯდება. გარდა ამისა, მანევრირებისთვის არის მოუქნელი, ამის გამო თითონ პარტულებიც უკმაყოფილონი არიან. ავტომობილის სავარძლის საზურგე არ იწევა და როდესაც მთელი დღის განმავლობაში უწევთ პატრულირება, ვერ ახერხებენ მის გადაწევას და დასვენებას. რა თქმა უნდა, ძალიან ლამაზი მანქანებია, მაგრამ პატრულირებისთვის და ჩვენი ინფრასტრუქტურისთვის არის საკმაოდ შეუსაბამო. მაქვს ინფორმაცია - იმის გამო, რომ აღნიშნული ავტომობილები საწვავს ბევრს მოიხმარენ, ღამის საათებში გაჩერებულია, დაყოვნების რეჟიმში იმყოფებიან და შესაბამისად, ძალიან ცოტა საპატრულო ეკიპაჟი მოძრაობს ქალაქის ქუჩებში, რაც, შესაბამისად, კრინიმალის ზრდას უწყობს ხელს“ - აღნიშნავს ირაკლი ქადაგიძე.
ჩვენ შევეცადეთ დაახლოებით დაგვეთვალა, თუ რა ფინანსური დანახარჯი დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს ეს გადაწყვეტილება - მხოლოდ შეძენისა და გადაჭარბებული რაოდენობის საწვავის მოხმარების შედეგად. ვსაუბრობთ მხოლოდ 160 ერთეულ „ Ford Interceptor”- ის მარკის ავტომობილებზე.
ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით, საპატრულო პოლიციის ავტომობილები დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ 400-500 კილომეტრს გადიან. ჩვენ საორიენტაციოდ 450 კილომეტრი ავიღეთ.
„Ford Interceptor”-ის მარკის ავტომობილების საწვავის ხარჯს, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საშუალოდ, ვიღებთ 16 ლიტრს 100 კილომეტრზე. 2015 წლის საწვავის საშუალო ფასს, ბენზინგასამართ სადგურებზე არსებული ფასების შესაბამისად, ვიღებთ 1.9 ლარს (უცნობია, ზუსტად რა ტარიფით ახდენს შსს საწვავის შეძენას, თუმცა, ცდომილება არ შეიძლება აღემატებოდეს 3%-ს). შესბამისად, „ Ford Interceptor”-ის მარკის პატრულის ავტომობილების საწვავის ხარჯი დღე-ღამის განმავლობაში 136,8 ლარი იქნება, ხოლო 2015 წლის განმავლობაში ხარჯი ერთ ავტომობილზე 49 932 ლარს შეადგენს. რაც შეეხება 160 ერთეული ავტომობილის საწვავის ხარჯს ერთი წლის განმავლობაში, ჯამურად 7 989 120 ლარს მივიღებთ. შედარებისთვის, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, მოგვყავს „Skoda Octavia“-ს მარკის ავტომობილი - საშუალოდ, მისი საწვავის ხარჯი 9 ლიტრია 100 კილომეტრზე. „Skoda Octavia“-ს მარკის პატრულის ავტომობილების საწვავის ხარჯი დღე-ღამის განმავლობაში იქნება 76.95 ლარი, ხოლო 2015 წლის განმავლობაში ხარჯი ერთ ავტომობილზე 28 086 ლარს შეადგენდა. თუ ავიღებთ 160 ავტომობილს, საწვავის ხარჯი ერთი წლის განმავლობაში ჯამურად 4 493 880 ლარი გამოდის. საბოლოოდ რომ შევაფასოთ, „ Ford Interceptor”-ის მარკის პატრულის ავტომობილების შეძენის გადაწყვეტილებით, შსს-მ ავტომობილის ღირებულებაში ზედმეტად გადაიხადა 2 332 480 ლარი, ხოლო საწვავის ზედმეტ ხარჯში იხდის - 3 495 240 ლარს. ჯამში 5 827 720 ლარი გაიფლანგა“ - აცხადებს ვასო ურუშაძე.
სამწუხაროდ, სიტუაცია იმაზე მეტად რთულადაა, ვიდრე ჩვენ ეს შეიძლება წარმოგვედგინა. კრახი განიცადა შსს-ს არგუმენტმაც, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შსს ტექნიკური მომსახურებისა და რემონტის ხარჯების შემცირებით დაზოგავდა ბიუჯეტის თანხებს. როგორც ჩვენთვის სანდო წყაროდან გახდა ცნობილი, „Ford Interceptor”-ის მარკის საპატრულო პოლიციის ავტომობილები მუდმივად გამოდის მწყობრიდან, ხშირად ხვდება ავტოსაგზაო შემთხვევებში, რის შედეგადაც ტექნიკური მომსახურებისა და არაგეგმიური რემონტის ხარჯებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. დღეს, მთლიანი ავტოპარკის თითქმის ნახევარი, სპეციალურ ავტოსადგომზე დგას და ელოდება არაგეგმიური რემონტის ჩატარებას.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, Ford-ის მომსახურების ცენტრს ვესტუმრეთ, სადაც, მცდელობის მიუხედავად, არც ერთმა პასუხისმგებელმა პირმა არ ისურვა შეხვედრა და ინფორმაციის მოცემა. ჩვენ მაინც შევძელით არსებული პარკინგის დათვალიერება, სადაც დაახლოებით 50 ერთეული „ Ford Interceptor”-ის მარკის საპატრულო პოლიციის დამტვრეული ავტომობილია გაჩერებული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მათი უმრავლესობა მხოლოდ წინა მხრიდანაა დაზიანებული, ანუ ეს, შეიძლება, სისწრაფის გადაჭარბებით იყოს გამოწვეული. აქვე ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანქანის რეკლამირების დროს საუბარი იყო იმაზე, თითქოს ავტომობილი მთლიანად მორგებულია პოლიციელზე, მის კომფორტულ მუშაობასა და უსაფრთხოებაზე. ასევე, მის ერთ-ერთ დადებით მახასიათებლად გაძლიერებულ წინა ბამპერს ასახელებდნენ, რომლის წყალობით აღნიშნული მოდელი უნდა უძლებდეს 120 კმ/სთ სიჩქარით შეჯახებას. დამტვრეული ავტომობილების ხილვის დროს ჩნდება ორი საეჭვო გარემოება - ან ავტომობილი არ არის ისეთი გამძლე, როგორსაც აღგვიწერდნენ ან საქმე გვაქვს სიჩქარის ხშირ გადაჭარბებასთან.
ჩვენს ინფორმაციას კიდევ უფრო ამტკიცებს ის ფაქტიც, რომ 2016 წელს, შსს-მ ისევ შეიძინა 172 ერთეული ახალი „Skoda Octavia”-ს მარკის ავტომობილები, რაც საქართველოს ბიუჯეტს დამატებით 8 მილიონამდე ლარი დაუჯდა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, შსს-მ მიიღო გადაწყვეტილება, 2016 წლიდან ეტაპობრივად და შეუმჩნევლად თბილისიდან გაიყვანოს „Ford Interceptor”-ის მარკის საპატრულო პოლიციის ავტომობილები, რაც შეიძლება მათი ექსპლოატაციიდან საერთოდ ამოღებას ნიშნავდეს.
რიგი ბიუროკრატიული მიზეზების გამო, ჩვენ დღეს არ შეგვიძლია წარმოგიდგინოთ „Ford Interceptor”-ის მარკის პატრულის ავტომობილების შეძენის დღიდან დღემდე მათი ტექნიკური მომსახურების, რემონტისა და სათადარიგო ნაწილების ხარჯი, რაც ჩვენი გამოთვლებით, ასევე, მილიონებთან იქნება დაკავშირებული.