კიდევ ერთი გაბედულობის მარგალიტი
http://commersant.ge/index.php?m=5&news_id=38120&cat_id=11დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში „კომერსანტის დროით" განაცხადა, რომ სექტემბრიდან თბილისში ავტომობილების ტროტუარებზე პარკირება აიკრძალება.
„რაც ყველაზე მეტად სამარცხვინოა, ისაა, რომ სითი პარკისთვის ტროტუარებზე პარკირების ადგილებიც კი გადაცემული აქვთ და,
შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფეხით სასიარულო ადგილებზე დღეს ავტომობილები აყენია.
როდესაც ჩვენ ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი 2 ათასზე მეტი ადგილი იყო. ასეთი 500 ადგილი ჩამოვართვით სითი პარკს და დავუბრუნეთ ფეხით მოსიარულეებს.
ვგეგმავ, რომ ამ ზაფხულისთვის დანარჩენი 1500-იც ჩამოვართვათ და სექტემბრისთვის ქალაქის ტროტუარები გავათავისუფლო ავტომანქანებისგან.
ეს, ბუნებრივია, ავტომობილების მფლობელთა გულისწყრომას გამოიწვევს: როცა ერთ კარგ საქმეს აკეთებ, იმას საპირისპირო უკმაყოფილება მოყვება, მაგრამ მინდა მოვუწოდო მძღოლებს, გაგებით მოეკიდონ ამას, რადგან ტროტუარზე მდგარი ავტომანქანა არის საფრთხე
- როცა ავტომანქანები ტროტუარზე გადადგილდებიან და იქვე მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები, რა თქმა უნდა, ესაა მომეტებული რისკის ზონა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისე ქალაქი, დასავლური გზით მივდივართ და დასავლეთში უპირატესობა ენიჭება ადამიანს და არა ავტომობილს. მოვუწოდებ სითი პარკს, ალტერნატიული პარკირების ადგილები გააჩინოს," - განაცხადა ნარმანიამ.
როგორც „სითი პარკის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ლევან ტაბიძე აცხადებს, კომპანიას არ ეკუთვნის არცერთი ადგილი და ის ქალაქ თბილისის მერიის საკუთრებაა. ტაბიძის განცხადებით, ყველა ეს ადგილი „სითი პარკს" უბრალოდ მართვაში აქვს გადმოცემული.
გარდა ამისა, როგორც ტაბიძე განმარტავს, „სითი პარკი" არ განსაზღვრავს სად იქნება და სად არ იქნება პარკირების ადგილი.
ამ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახური.
ტაბიძის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კომპანიას აწვდიან დეტალურ ინფორმციას, თუ სად უნდა მოეწყოს პარკირების სდგილი, რა მეთოდით და რა რაოდენობით. შესაბამისად, ტაბიძის განმარტებით, თუ მერია გადაწყვეტს, რომ აკრძალოს აბსოლუტურად მთელი ქალაქის მასშტაბით პარკირებები ტროტუარზე, რა თქმა უნდა, „სითი პარკი" დაემორჩილება ქალაქ თბილისის მერიის ამ დადგენილებას და გაუქმდება ყველა ადგილი.
„ასევე გასათვალისწინებელია მძღოლების ინტერესებიც, თუნდაც თუ ავიღებთ ჭავჭავაძის გამზირს, სადაც არ არსებეობს ალტერნატივა სხვაგან ავტომობილების დაყენების. თუმცა, ეს თბილისის მერიის გადასაწყვეტია და „სითი პარკი" მათ გადაწყვეტილებას დაემორჩილება"-აცხადებს ტაბიძე.