ხელისუფლება ინფრასტრუქტურულ პროექტებს ბიუროკრატიული ბარიერების შემცირების, სწორი მენეჯმენტისა და ახალი ტექნოლოგიების ხარჯზე დააჩქარებს
უფრო დეტალურად რას აპირებს ამ საკითხზე მთავრობა და რა პრობლემებია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში „კომერსანტის“ კითხვებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეტაპრტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ხერგიანი პასუხობს:
- როგორც ცნობილია, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარების გეგმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის ეკონომიკურ საბჭოზე წარადგინა. კონკრეტულად რომელ პროექტებს შეეხება აღნიშნული გეგმა?
- სამინისტრომ წარადგინა კონკრეტული გეგმა თუ როგორ შეიძლება დაჩქარდეს და 2020 წლისთვის დასრულდეს ავტომაგისტრალის მშენებლობა საქართველოში. ასევე, აღნიშნული პერიოდისათვის განსახორციელებელ სხვა საგზაო პროექტებს შორის არის: კახეთის გავლით აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი, მცხეთა-ლარსის, ქუთაისი-მესტიის, ქუთაისი-აბასთუმნის, გომსა და რაჭას შორის დამაკავშირებელი და ანაკლიასთან დამაკავშირებელი საგზაო მონაკვეთების რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტები.
ამ პროექტებმა უნდა განავითაროს ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალი და უზრუნველყოს კავშირი ძირითად ტურისტულ მიმართულებებთან. ეს იქნება მასშტაბური, კომპლექსური ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განსახორციელებლად საჭირო იქნება ძლიერი მატერიალურ-ტექნიკური და ადამიანური რესურსები და აუცილებლად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა.
- წინა წლებში მუდმივად იყო საუბარი იმაზე, რომ პროექტები ძალიან სწრაფად, მაგრამ უხარისხოდ ხორციელდებოდა. რის ხარჯზე უნდა მოხდეს პროექტების დაჩქარება ამ გეგმის მიხედვით? ხომ არ დადგება საფრთხის ქვეშ სამუშაოების ხარისხი? რა ეტაპზე მოხდება პროექტების დაჩქარება: ტენდერის ეტაპზე, სამუშაოების ეტაპზე?
- ჩვენს მიერ შემუშავებული გეგმა დაჩქარების პროცესს ითვალისწინებს ობიექტის პროექტირების, ზედამხედველობის, რეაბილიტაცია-მშენებლობის შესყიდვიდან მშენებლობის ბოლო ეტაპამდე.
დაჩქარება მოხდება ბიუროკრატიული წინაღობების შემცირების, სწორი მენეჯმენტისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საფუძველზე და არა ხარისხისა და ტექნოლოგიური პროცესების დარღვევის ხარჯზე. ამ გეგმის მიხედვით არ არის გათვალისწინებული ბეტონის საფარის დაგებიდან რამდენიმე დღეში გზის სასწრაფო წესით გახსნა. რისი შედეგიც სახეზეა და დღეს გვიწევს ბევრი დეფექტის გამოსწორება ცენტრალურ ჩქაროსნულ მაგისტრალზე...
ამასათანავე, გააქტიურდა მონიტორინგის მექანიზმი, რაც საშუალებას იძლევა დროულად მოხდეს პრობლემის იდენტიფიცირება, მოსალოდნელი ხარვეზის პროგნოზირება და მასზე რეაგირებაც დროულად გახდეს შესაძლებელი. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამშენებლო პროცესის სწორად წარმართვისა და პროექტის ოპტიმალურ დროში დასრულებისათვის.
- პრემიერმინისტრმა რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ პროექტების განხორციელებაში აღმოჩენილია ნაკლოვანებები. კონკრეტულად რაზეა საუბარი?
- პრობლემები ნამდვილად ბევრი იყო და დღემდე გარკვეული ნაწილი რჩება კიდეც, რაზეც აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროექტო დოკუმენტაციების სრულყოფას, რადგან მშენებლობის პროცესში გამოვლენილი პრობლემების გადაწყვეტა სამუშაოების მიმდინარეობას აფერხებს და ხშირად ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადების გაზრდის მიზეზი ხდება.
ასევე, პრობლემურია საგზაო სამშენებლო პროექტების ფარგლებში განსახლების გეგმების განხორციელების პროცესი, როდესაც არსებული პრობლემების გამო ხშირად გვიწევს მშენებლობის პროექტის შეცვლა, მათი განახლების ვალდებულება კი საპროექტო კომპანიებს არ ეკისრება. ცალკეულ შემთხვევებში, პროექტის ზემოქმედების არეალში მცხოვრებ მოსახლეობას არ აკმაყოფილებს განსახლების გეგმებით განსაზღვრული ღირებულებები და საჭირო ხდება კანონით გათვალისწინებული საექსპროპრიაციო პროცედურების დაწყება, რასაც საკმაოდ ხანგრძლივი დრო ესაჭიროება.
ამ მიზეზების გამო, დროულად ვერ ხერხდება სამშენებლო ტერიტორიების გადაცემა ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიებისათვის. კონტრაქტორი ორგანიზაციები კი ობიექტის გარკვეულ ნაწილებზე ხელმიუწვდომლობის გამო, ხშირად გამოხატავენ უკმაყოფილებას და მოითხოვენ ვადების კორექტირებას. ასეთი პრობლემები გვქონდა, მაგალითად, ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობის პროცესში...
ამ ფაქტორების გამო კი იკარგება ძალიან ძვირფასი დრო და დასრულებულ პროექტთან დაკავშირებული სარგებლის ეფექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობისათვის და მთლიანად ქვეყნისათვის.
ამ ფაქტორებთან გამკლავებას ადრე კანონისაგან შორს მყოფი მეთოდებით ახერხებდნენ, მაგრამ ჩვენ ამას საკანონმდებლო დონეზე და მენეჯმენტში გატარებული ცვლილებებით ვაღწევთ. ჩვენი ამოცანა იყო მშენებლობაზე ხელშეკრულების გაფორმებამდე, ობიექტზე მიწის გამოსყიდვის პროცედურების დასრულების ან ხელშეკრულების განსაკუთრებულ პირობებში ობიექტის ნაწილობრივი გადაცემის ნებართვაზე შეთანხმებისათვის მიგვეღწია. რასაც ნაწილობრივ მივაღწიეთ - ახლად გაფორმებულ საერთაშორისო კონტრაქტებში უკვე განსაზღვრულია ობიექტის ნაწილობრივი გადაცემა, რითაც თავიდან ავიცილებთ ობიექტის წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
იყო სხვა შემაფერხებელი ფაქტორებიც, რომლებიც ამ დროისათვის მოგვარებულია. მაგალითად, სატყეო ფონდისა და გზის განთვისების ზოლის დაუზუსტებელი საზღვრები პროექტის მიმდინარეობის დროს შეფერხებების მიზეზი ხშირად ხდებოდა. უკვე პროექტირების ეტაპზე ხდება სარეაბილიტაციო გზის განთვისების ზოლის იდენტიფიცირება და კორექტირება სატყეო ფონდის ტერიტორიებთან მიმართებაში და სხვა.
- კომპანიების ნაწილი ამბობს, რომ პროექტების შესრულებისას პრობლემაა თავად სახელმწიფო მიდგომა, რომელიც უნდა ეთანამშრომლოს კერძო სექტორს და შეუქმნას სამუშაო პირობები. თუ აქვს საფუძველი მსგავს პრეტენზიებს?
- მსგავს პრეტენზიებს ადრე ალბათ ჰქონდა საფუძველი, მაგრამ გარწმუნებთ, ამ ეტაპზე ეს პრეტენზია არ იქნება ობიექტური. ყოველ პროექტს ჰყავს კონკრეტული კოორდინატორი, რომელსაც ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს სამუშაოების მწარმოებელ ორგანიზაციასთან. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ხელისშემშლელი პირობები აქვს და კანონის ფარგლებში ხელშეწყობა არ ჰქონია ჩვენი მხრიდან ან მათ მიერ დასმული საკითხები რეაგირების გარეშე დარჩენილა.
პროექტების ოპტიმალურ დროში განხორციელების სასარგებლოდ, ჩვენ კონკრეტულ ობიექტებზე, კომპანიებათან გარკვეულ დათმობებზე წავედით. ასევე, უფრო ობიექტური გავხადეთ საჯარიმო სანქციების ამოქმედების კრიტერიუმები. მაგალითად, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ პროექტებსა და ხელშეკრულებებში საჯარიმო სანქციები წესდებოდა ყოველთვიურად წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით გამოვლენილი ჩამორჩენის საფუძველზე. დღეს კი ახლად გაფორმებულ ხელშეკრულებებში გეგმა-გრაფიკები გაწერილია კვარტალურად. ყოველთვიურად გაწერილი გეგმა-გრაფიკები მონიტორინგის მიზნით, ინფორმაციის სახით მაინც მოითხოვება, მაგრამ საჯარიმო სანქციების ამოქმედება ხორციელდება კვარტალური გეგმა–გრაფიკის საფუძველზე, რაც კონტრაქტორს ჩამორჩენების დაძლევის მეტ შესაძლებლობას აძლევს.
ამ მიმართულებით გვაქვს სხვა ინიციატივები და გეგმები, რომლებიც დამუშავების პროცესშია. მათი ამოქმედება აუცილებელი ფაქტორია იმ დიდი გამოწვევის წარმატებით დასაძლევად, რასაც 2020 წლისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დაჩქარების გეგმა მოიცავს.
http://commersant.ge/?m=5&news_id=33241&cat_id=11