„ვისოლი" მეორე "მინიქალაქის" მშენებლობას რამდენიმეთვიანი დაგვიანების შემდეგ, წლის ბოლოს დაიწყებსგასული წლის ბოლოს „ვისოლ ჯგუფის" გენერალური დირექტორი, ვასილ ხორავა „კომერსანტთან" აცხადებდა, რომ თერჯოლის გადასახვევთან ახალი კომპლექსის მშენებლობა 2016 წლის დასაწყისში დაიწყებოდა და 2 წელიწადში დასრულდებოდა.
დღეს ხორავა აცხადებს, რომ სამუშაოების გაჭიანურების მიზეზი ტექნიკურია. კერძოდ, საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად მიმდინარეობდა გზის შეყვანის საკითხებზე შეთანხმება და მუშაობა, რაც დროს მოითხოვდა. მისი თქმით, კომპანიამ მშენებლობის ნებართვა უკვე მიიღო, ამ ეტაპისთვის კი საპროექტო სამუშაოებზე მიდის მუშაობა.
რაც შეეხება დასრულების თარიღს, ხორავა ამ ეტაპისთვის ამას ვერ აკონკრეტებს, რადგან ეს ყველაფერი საპროექტო სამუშაოებში უნდა იყოს გაწერილი, რომელიც ჯერ დასრულებული არ არის.
ხორავას განმარტებით, თუ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მინი ქალაქების მოსაწყობად კონკურსს კიდევ გამოაცხადებს, „ვისოლ ჯგუფი" მზად არის, მიიღოს მონაწილეობა და გამარჯვების შემთხვევაში კიდევ ახალი „მინიქალაქი“ ააშენოს.
შეგახსენებთ, კომპანია „ვისოლ ჯგუფმა" მომსახურების კომპლექსის აშენებისთვის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გასულ წელს გაიმარჯვა. მაშინ ხორავა აცხადებდა, რომ „ვისოლის" ახალი კომპლექსი მშენებლობა საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და მასში დაახლოებით 4-5 მილიონი ლარის ინვესტირებაა გათვალისწინებული.