http://www.bm.ge/ka/article/samtredia-grig...i-daiwyo-/12975საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამტრედია-გრიგოლეთის გზაზე სამუშაოების განმახორციელებელ კომპანიასთან ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული პროცედურები დაიწყო. შესაბამისი თანხმობა ინფრასტრუქტურის სამინისტროში არსებულ საქვეუწყებო დაწესებულებას საქართველოს მთავრობამ მისცა.
საუბარი ეხება კომპანია Road Building ALTCOM-ს, რომელთანაც ხელშეკრულება 2013 წლის 12 დეკემბერს გაფორმდა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში გუშინ "საქმის კურსს" განუცხადეს, რომ კომპანიას სერიოზული ჩამორჩენა აქვს, თუმცა, ხელშეკრულებას ვადა ნოემბრამდეა და შესაძლოა, კომპანიამ სამუშაოების შესრულება მოასწროს. თუმცა, ამ ეტაპზე ხელშეკრულება შეწყვეტილი არ არის.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში კი დღეს განმარტავენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურა დაწყებულია, თუმცა, ეს ხანგრძლივი პროცესია და როდის შეწყდება, ან შეწყდება თუ არა, ამის თქმა დღეს რთულია.
მათი თქმით, ის, რომ ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებული პროცედურები დაწყებულია არ ნიშნავს, რომ შეწყდება ხელშეკრულება. უწყებაში განმარტავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება დონორმა უნდა მიიღოს.
რამდენიმე კვირის წინ "ანალიტიკას" პირდაპირ ეთერში საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განაცხადა, რომ კომპანიასთან დავა დავალიანების გამო მიმდინარეობს.
უკრაინულმა კომპანიამ Road Building ALTCOM სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მშენებლობაზე გამოცხადებულ ტენდერში 2014 წელს გაიმარჯვა. უკრაინული კომპანიისთვის ეს საქართველოში პირველი პროექტი იყო. კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტის ღირებულება 153 მილიონი ლარია.