Snow93
✜✜✜Then The Winged Hussars Arrived✜✜✜

    
ჯგუფი: Members
წერილები: 3148
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13
|
#53519639 · 1 Oct 2018, 15:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილეს, ირაკლი ბენდელიანს დაავალა, იმ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართოს, რომელიც ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
„ქალაქში ძალიან ბევრ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს ვახორციელებთ. ჩუღურეთის რაიონში, უზნაძის ქუჩა უკვე პირველი აგვისტოდან გადათხრილი და მიტოვებულია. ეს ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. ასეთი კომპანიები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში საერთოდ არ უნდა მონაწილეობდნენ. მინდა ირაკლი ბენდელიანს დავავალო, აღნიშნული კომპანიის წარმომადგენლები დაიბაროს და შესაბამისი პასუხი მოეთხოვოს, რადგან ეს დამოკიდებულება თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოების შეჩერების გამო, აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებსა და საჯარო სკოლის მოსწავლეებს, გადაადგილების პრობლემა ექმნებათ.
„ფიზიკურად შეუძლებელია გადაადგილება. იქვე არის სკოლა, სწავლა დაწყებულია და ბავშვებისთვის გადაადგილების ძალიან დიდი საფრთხე არსებობს. დაიბარეთ კომპანიის წარმომადგენლები, რათა რაც შეიძლება სწრაფად დაამთავრონ ეს პროექტი“, - მიმართა თბილისის მერმა ირაკლი ბენდელიანს.
კახა კალაძე ასევე, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, ინტერნეტის ქსელის დაზიანების ფაქტსაც გამოეხმაურა და მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენის ინიციატივით გამოვიდა.
„კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სამუშაოების დროს, შეიქმნა პრობლემა - დააზიანეს ინტერნეტის ხაზი და ნახევარი დღის განმავლობაში, სახელმწიფო უწყებებს ინტერნეტი არ მიეწოდებოდათ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია, რადგან არ არსებობს მიწისქვეშა თბილისის არანაირი გეგმა. საჭიროა, დაიბაროთ ყველა ის კომპანია, ვისაც მიწისქვეშ კომუნიკაციები აქვს, რათა გაკეთდეს მიწისქვეშა ქსელების რუკა და კონტრაქტორმა, ვინც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე მუშაობს, იცოდეს, თუ როგორ წარმართოს ეს სამუშაოები. ამ გეგმის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქმეს ყველას გაუადვილებს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
თავის მხრივ, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და გზების რეაბილიტაციაზეა საუბარი, მიწისქვეშა კომუნიკაციების სრული შეცვლაც იგულისხმება. მიწისქვეშა კომუნიკაციების რუკის შედგენაზე მუშაობა კი, დაუყოვნებლივ დაიწყება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციაში ვართ ყველა საკომუნიკაციო კომპანიასთან, სამწუხაროდ, ხშირად არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტულ ლოკაციაზე, კონკრეტულ მესაკუთრეს არ აქვს ინფორმაცია თავისი ქსელის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ჩვენ დაუყოვნებლივ, დღეიდანვე დავიწყებთ ამ კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრას და ეტაპობრივად, უახლოეს პერიოდში მოვახდენთ ქსელების სრულ აღწერას. აღნიშნული პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარებული იქნება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.
კახა კალაძე ტაქსების ლიცენზირების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პირველი ოქტომბრიდან, ლიცენზიის გარეშე ტაქსის მომსახურების შემთხვევებზე მერიას მკაცრი რეაგირება ექნება.
„როგორც იცით, პირველი ოქტომბრიდან აღნიშნული სერვისის გაწევა ლიცენზიის გარეშე შეუძლებელია. მინდა, ყველა თავიდანვე გავაფრთხილო, რომ ვისაც ნებართვა არ ექნება, ძალიან მკაცრი მიდგომები იქნება - ჯარიმა 200 ლარს შედგენს. ნებართვის ერთი წლის საფასური ჩვეულებრივი, შიგაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის 100 ლარი იქნება, ჰიბრიდებისთვის - 50 ლარი, ხოლო ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის - უფასო“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა იმ პრივილეგიებზეც ისაუბრა, რომელსაც ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები მიიღებენ. ასევე აღინიშნა, რომ ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან შევა ძალაში.
„ქალაქში მათთვის გამოიყოფა სპეციალური, უფასო ადგილები პარკირებისთვის. გარდა ამისა, მათ საკუთარ ავტომობილებზე გამოყოფილი ექნებათ კონკრეტული ადგილები, სადაც შესაძლებელი იქნება რეკლამის განთავსება და რა თქმა უნდა, იქიდან შემოსული თანხა იქნება მათი პირადი საკუთრება. ამასთან, ტაქსის მანათობელი, რომელსაც თბილისის მერია დაამზადებს, მათ უფასოდ გადაეცემათ. ცხადია, დაზიანების ან გატეხვის შემთხვევაში, მათ ამის ყიდვა მოუწევთ. მინდა, ასევე გითხრათ, რომ ჩვენ ვმუშაობთ ვიზუალურ სტანდარტზე, რომელიც 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან იქნება სავალდებულო. ეს უკვე მეორე ეტაპია. აქ საუბარია ფერზე. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმსჯელეთ ამასთან დაკავშირებით და გადავწყვიტეთ, რომ თეთრი ფერი იყოს, რაც 2019 წლის ოქტომბრიდან სავალდებულო იქნება. ასევე, 2019 წლის ოქტომბრიდან სამკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ამ სერვისის გაწევას ვერ შეძლებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, დედაქალაქის მერიამ „თბილისობა 2018“-სთვის ის ადგილებიც შეარჩია, სადაც გარევაჭრობა ნებადართული იქნება.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, საკუთარი პროდუქცია ამ სივრცეში წარმოადგინოს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, აღნიშნულ ტერიტორიებზე შევიდნენ და თავიანთი პროდუქცია გაყიდონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
აღნიშნული ლოკაციებია:
ჩუღურეთში - ხეთაგუროვის სკვერიდან ბარათაშვილის ხიდამდე ტერიტორია; სამგორში - ვიქტორ კუპრაძის ქუჩის N10, ე.წ. სვანების ბაზრობის ტერიტორია; გლდანში - ხიზანიშვილის ქუჩაზე, გლდანის პარკსა და პოლიციის შენობას შორის არსებული სივრცე; დიდუბეში - სტანისლავსკის ქუჩაზე, „დიდუბე პლაზას“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დიღმის მასივში, პაიჭაძის ქუჩა N1-ში, სკვერის მიმდებარე ტერიტორია. საბურთალოზე - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია; ვაკეში - გეგეშიძის ბაღი.
|