vatmanარადა მგონი სწორს დაობენ

ისე ჯი თი გრუპი სალომეკოს დიდი შემომწირველი იყო ეხლაც და წინაზეც ასე რომ მგონი ნათლად ჩანს რატომ მისცეს მაგას გამარჯვება, გარდა ამისა პირველი შემოთავაზება ჰქონდათ 79 მლნ და უცებ მეორე დღეს 64 მლნზე ჩამოაგდეს რადგან გრავიტას 63 მლნ ედო. ხოდა ბოლო ბოლო რა ღირს ავტობუსები?

ვნახოთ აბა.
3. დეტალურად დაასაბუთეთ, თუ რატომ ეწინააღმდეგება თქვენ მიერ გასაჩივრებული სატენდერო/საკონკურსო კომისიის სადავო გადაწყვეტილება/ქმედება კანონმდებლობას?
2019 წლის 15 იანვრის #6 სხდომის ოქმი ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას, რადგან კომისიამ არაჯეროვნად შეაფასა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და არამართლზომიერად მიიჩნია, რომ აღნიშნული შეესაბამებოდა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
სატენდერო კომისიის 08.01.2019 #5 სხდომის ოქმის თანახმად, ტექნიკური დოკუმენტაციის სრულყოფილად განხილვის მიზნით „ჯი-თი გრუპს“ დაევალა, რომ წარმოედგინა დაზუსტებული დოკუმენტაცია #5 ოქმში დაფიქსირებული შენიშვნების გათვალისწინებით. აღნიშნული ოქმის მე-10 პუნქტის თანახმად, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.4 ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ვერ დადგინდა ავტობუსების ევროკავშირის მასშტაბით მიწოდება 15.11.2018-მდე (სატენდერო წინადადებების მიღების დასრულებამდე) უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში და პრეტენდენტს დაევალა სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის, კერძოდ, შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა. აღნიშნული ხარვეზის გამოსწორების მიზნით, „ჯი თი გრუპმა“ 11.01.2019-ში სისტემაში ატვირთა დანართი #10.1 და დანართი #10.2-ით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომლებიც პრეტენდენტის დაზუსტების წერილის თანახმად, ავსებდნენ პრეტენდენტის ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენისას, 14.11.2018-ს სისტემაში ატვირთულ 09.11.2018-ის მიღება-ჩაბარების აქტს.
სატენდერო კომისიამ მსჯელობის შედეგად დაასკვნა, რომ 09.11.2018-ის მიღება-ჩაბარების აქტი, 08.01.2019-ის წერილი, ავტობუსების რეალიზაციის დამადასტურებელი ელექტრონული ფაქტურები და ექსპორტის დეკლარაციები ადასტურებდა სატენდერო მოთხოვნების 2.2.1.4 და 2.2.1.5 ქვეპუნქტებთან შესაბამისობას, რაც ეწინააღმდეგება ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასების წესს შემდეგ გარემოებათა გამო:
09.11.18 წლის მიღება-ჩაბარების აქტის ანალიზით დგინდება, რომ აქტი გაფორმებულია მწარმოებელსა და Busimport-ს შორის, რომლითაც მხარეები ადასტურებენ, რომ მიმწოდებელმა მიაწოდა, ხოლო მყიდველმა მიიღო 09.11.2018-ში 10 ერთეული ავტობუსი. აღნიშნული დოკუმენტი დავების განხილვის საბჭოს და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ არ იქნა მიჩნეული სატენდერო მოთხოვნებთან შესაბამისად და პრეტენდენტს დაევალა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, რომელიც დაადასტურებდა 2.2.1.4 და 2.2.1.5 ქვეპუნქტებთან შესაბამისობას. პრეტენდენტის მიერ დაზუსტების ეტაპზე წარდგენილმა საბაჟო დეკლარაციებმა კი დაზუსტების ნაცვლად იმთავითვე გამორიცხა 2018 წლის 09 ნოემბრის აქტის ვალიდურობა, რადგან საბაჟო დეკლარაციებით დადასტურდა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში მოხსენიებული 5 ავტობუსი 13.11.2018-ის მდგომარეობით იმყოფებოდა ჯერ კიდევ თურქეთის ტერიტორიაზე და არ იყო მიწოდებული მყიდველისთვის. შესაბამისად, ცალსახაა, რომ პრეტენდენტმა 09.11.2018-ის მიღება-ჩაბარების აქტის ატვირთვით შემსყიდველს წარუდგინა მცდარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.
რაც შეეხება, 08.01.2019-ის წერილს, აღნიშნული დოკუმენტით Busimport-ის გენერალურმა დირექტორმა დაადასტურა, რომ 09.11.2018-ის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული 10 ერთეული ავტობუსი განკუთვნილი იყო ლოდზის მუნიციპალური ტრანსპორტის კომპანიისთვის, რომლისთვისაც მიწოდება უნდა განხორციელებულიყო 2019 წლის თებერვლამდე, 08.01.2019-ის მდგომარეობით კი ავტობუსის მწარმოებელს მიწოდებული აქვს Busimporti-ისთვის 15 ერთეული ავტობუსი. აღნიშნული წერილი არ უნდა მიეღო მხედველობაში შემსყიდველს, რადგან წერილში მითითებული გარემოებებით ვერ დასტურდება 15.11.2018-მდე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ევროკავშირის მასშტაბით 10 ერთეული ავტობუსის მიწოდების ფაქტი. ამასთან, ხაზი უნდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ მყიდველისთვის მხოლოდ 15.11.2018-მდე მიწოდების შესაძლებლობა დადასტურებული აქვს თავად შემსყიდველს და პრეტენდენტს დავების საბჭოს მიერ გამართულ 17.12.2018-ის სხდომაზე, რაც ასახულია დავების საბჭოს 27.12.2018-ის გადაწყვეტილებაშიც.
რაც შეეხება წარმოდგენილ საბაჟო დეკლარაციებს, აღნიშნული დოკუმენტებით დასტურდება სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ ექსპორტისთვის მომზადების და არა მისი 15.11.2018-მდე მყიდველისთვის მიწოდების ფაქტი. კერძოდ, წარმოდგენილი დოკუმენტაციით დგინდება, რომ სატრანსპორტო საშუალებები (NNAMOBFLAGB000312, NNAMOBFLAGB000311, NNAMOBFLAGB000310, NNAMOBFLAGB000304, NNAMOBFLAGB000302; NNAMOBFLAGB000303; (მიწოდების ადგილი: პოლონეთი), 13.11.2018-ის მდგომარეობით იმყოფებოდა ჯერ კიდევ თურქეთის ტერიტორიაზე, არ იყო მიწოდებული Busimport-ისთვის და შესაბამისად, 15.11.2018-მდე ვერც იქნებოდა მიწოდებული ადრესატისათვის. აღნიშნული გარემოება ადასტურებს იმ ფაქტს, რომ „ჯი-თი გრუპის“ მიერ შემსყიდველისათვის წარდგენილ იქნა დოკუმენტი - 09.11.2018-ის მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შეიცავდა მცდარ ინფორმაციას - მიმწოდებლის მიერ სატრანსპორტო საშუალებების მყიდველისათვის მიწოდების, ხოლო მყიდველის მიერ მისი მიღების ფაქტს/თარიღს (09.11.2018) მაშინ, როცა პრეტენდენტის მიერ შემდგომ ატვირთული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ აღნიშნულ მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული 5 ავტობუსი (NNAMOBFLAGB000312, NNAMOBFLAGB000311, NNAMOBFLAGB000310, NNAMOBFLAGB000302; NNAMOBFLAGB000303) 2018 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით არ იყო მიწოდებული მყიდველისათვის და იმყოფებოდა თურქეთის ტერიტორიაზე. ამასთან მნიშვნელოვანია ის გარემოებაც რომ მწარმოებლის მიერ გაცემული ელ. ფაქტურის (18.10.2018) თანახმად, ავტობუსის მიწოდების მისამართს წარმოადგენს პოლონეთი, გაგზავნის ფორმას - საავტომობილო გზა, ხოლო ჩაბარების პირობას: CIP. Incoterms-ის თანახმად, ჩაბარების პირობად CIP გამოიყენება მაშინ, როდესაც გამყიდველი გადასცემს საქონელს გადამზიდველს ან მხარეთა შორის შეთანხმებით განსაზღვრულ სხვა პირს იმ მისამართზე, რაც შეთანხმებულია მხარეთა შორის და თვითონ ფარავს გადაზიდვის და სხვა მასთან დაკავშირებულ ხარჯებს. შესაბამისად, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი ვერ გაფორმდებოდა მანამ, სანამ ავტობუსები არ იქნებოდა მიწოდებული პოლონეთში, შეთანხმებულ მისამართზე.
დამატებით, გთხოვთ, ყურადღება გაამახვილოთ იმ გარემოებაზე, რომ შემსყიდველის მიერ სატენდერო პირობების განსაზღვრის დროს გამოვლინდა ცალსახა ნება, რომ პრეტენდენტს დაედასტურებინა ავტობუსების მიწოდება ევროკავშირის მასშტაბით, მიწოდება კი თავის თავში დასრულებულ მოქმედებას, კერძოდ, შეთანხმებულ მისამართზე საქონლის მიწოდებას, ვალდებულების შესრულებას გულისხმობს, შესაბამისად, ვერც მყიდველის იურიდიულ მისამართად პოლონეთის მისამართის განსაზღვრა და ვერც საქონლის ექსპორტისთვის მომზადება ვერ ჩაითვლება დასრულებულ მოქმედებად, საქონლის მიწოდებად.
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზი ცხადყოფს, რომ სატენდერო კომისიის მიერ არასწორად შეფასდა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაცია და არამართლზომიერად იქნა მიჩნეული დაზუსტების ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტები ხარვეზის შემავსებლად, რადგან პრეტენდენტმა ვერ დაადასტურა 15.11.2018-მდე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში ავტობუსების ევროკავშირის მასშტაბით მიწოდების ფაქტი.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ პრეტენდენტის მიერ 09.11.2018-ის აქტის შემსყიდველისათვის წარდგენის დროს პრეტენდენტმა იცოდა ან სულ მცირე უნდა სცოდნოდა (ობიექტურად მას ჰქონდა ყველა შესაძლებლობა, რომ დოკუმენტის გამოყენებამდე სრულად გამოეკვლია ყველა გარემოება, განსაკუთრებით ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია, როგორიცაა საქონლის ევროკავშირის მასშტაბით მიწოდება/არ მიწოდების ფაქტი და მისი თარიღი, რადგან აღნიშნული წარმოადგენდა უმნიშვნელოვანეს სატენდერო პირობას და „ჯი თი გრუპს“, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელიც მონაწილეობას იღებდა სახელმწიფოსათვის, კერძოდ კი თბილისის მუნიციპალიტეტისთვის უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო შესყიდვაში, უნდა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა, რომ დოკუმენტის გამოყენებამდე დარწმუნებულიყო მასში მითითებული ინფორმაციის სისწორეში), რომ მიმწოდებელსა და მყიდველს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენდა მცდარი ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს და 09.11.2018-ის მდგომარეობით მიღება-ჩაბარების აქტში მითითებული ავტობუსები არ იყო მიწოდებული მყიდველისთვის.
ზემოაღნიშნული წარმოადგენს პრეტენდენტის ტენდერიდან დისკვალიფიკაციის და შავ სიაში რეგისტრაციის საფუძველს, რადგან „აფიდავიტის ფორმა და პირობები“-ს თანახმად, აფიდავიტის პირობების დარღვევის შემთხვევაში პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო. აფიდავიტის პირობებს კი პრეტენდენტი დაეთანხმა ტენდერში მონაწილეობის მიღებამდე და მასში მოცემული პირობები სავალდებულოდ შესასრულებელი იყო მისთვის. შესაბამისად, სახეზეა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით პრეტენდენტის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების განხორციელება, კერძოდ, მცდარი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის შემსყიდველისთვის წარდგენა.
4. მიუთითეთ მოთხოვნა.
1. გაუქმდეს შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ სატენდერო კომისიის მიერ 2019 წლის 15 იანვარს #6 სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილება შპს „ჯი-თი გრუპის“ გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ;
2. მიეცეს დისკვალიფიკაცია შპს „ჯი-თი გრუპს“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანების 32-ე მუხლის გ) და ზ) ქვეპუნქტების საფუძველზე;
3. შეყვანილ იქნას შპს „ჯი-თი გრუპი“ შავ სიაში ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით განხორციელებული არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება #19 „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.