საზოგადოებრივი, ე.წ. ლურჯი ავტობუსების კონდენცირების სისტემა გაუმართავად მუშაობს - ტემპერატურის მატებასთან ერთად სულ უფრო მეტი მგზავრი ავტობუსებში არასათანადო გაგრილებას უჩივის.
როგორც მძღოლები ამბობენ, აღნიშნული პრობლემის მიზეზი კონდენცირების სისტემის ფილტრებია, რომელიც შეცვლას საჭიროებს. მათივე ინფორმაციით, თითოეულ ავტობუსს 9 ფილტრი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
„ერთ ავტობუსში 9 ფილტრია, რომლის გამოცვლა დაახლოებით 900 ლარი დაჯდება. ანუ, ერთი ფილტრის ღირებულება - 100 ლარია. დედაქალაქში სულ 150-მდე ლურჯი ავტობუსი დადის, წარმოგიდგენიათ ხო, რა თანხაზეა საუბარი“, - განუცხადა “Business Time”-ს ავტობუსის მძღოლმა.
“Business Time”-ი თბილისის სატრანსპორტო კომპანიას დაუკავშირდა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად მუშაობაზეა პასუხისმგებელი. კომპანიაში დაგვიტასტურეს, რომ გაგრილების სისტემის გაუმართავად მუშაობს.
მათი ინფორმაციით, ავტობუსების ტექნიკურ მხარეზე პასუხისმგებელი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასია“.
„MAN-ის ლურჯი ავტობუსების საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი და მომწოდებელი „თეგეტა თრაქ ენდ ბასია“ და მას გარკვეული ვალდებულება აქვს აღებული ავტობუსების ტექნიკურ მხარესთან დაკავშირებით.
ზუსტად ვერ გეტყვით, 1 კვირაში, თუ 10 დღეში, მაგრამ კომპანია ფილტრებს აუცილებლად შეცვლის.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ამ კუთხით ფინანსური პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს“, - გვითხრეს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“.
“Business Time” კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასთან“ დაკავშირებასა და აღნიშნული საკითხის გარკვევას ცდილობს, თუმცა ამ დრომდე მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, რომ CNG-ის ტიპის MAN-ის ავტობუსების შემოყვანა 2017 წლიდან დაიწყო და მათი სხვადასხვა ხაზზე გაშვება ეტაპობრივად მოხდა. ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკში 144 „ლურჯი ავტობუსია“.
This post has been edited by ERAMUS on 17 Jun 2019, 13:02