დედაქალაქის მერმა მეტროსადგურებში, ე.წ. გამტარებლების საკითხზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ თბილისის სატრანსპორტო კომპანია ამ უკანონო ქმედების აღსაკვეთად, ყველაფერს გააკეთებს.
კახა კალაძის თქმით, საუბარია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ კადრებზე, რომელიც სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორების მხრიდან ე.წ. გამტარებლების უკანონო საქმიანობის გამოვლენის ფაქტს ასახავს.
„მინდა, გამოვეხმაურო გავრცელებულ კადრებს, რომელიც გადაღებულია თბილისის მეტროსადგურში, როდესაც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მონიტორინგის სამსახურის კონტროლიორები, კანონის სრული დაცვით, თავიანთ უფლებამოსილებას ახორციელებენ. კერძოდ, ისინი, სხვა მოვალეობებთან ერთად, აკონტროლებენ ე.წ. გამტარებლებს, რომლებიც კანონდარღვევით, რიგით მგზავრებს საკუთარი აბონემენტით ან სხვისი შეღავათიანი ბარათით მგზავრობას სთავაზობენ და სამაგიეროდ, მათგან ხელზე იღებენ მგზავრობის საფასურს, რაც კანონდარღვევაა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ე.წ. გამტარებლების გამოვლენა კონტროლიორების კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას წარმოადგენს. უკანონო ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი, კონტროლიორს კანონდამრღვევისთვის სამგზავრო ბარათის ჩამორთმევის და მისი დაბლოკვის სრული უფლება აქვს.
ამასთან, თბილისის მერმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მოუწოდა, არ წაახალისონ კანონდარღვევა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს მოვალეობის შესრულების საშუალება მისცენ.
„მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, ნუ შეეცდებიან ხელი შეუშალონ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს საქმიანობაში და ნუ ცდილობენ წაახალისონ კანონდარღვევა. ყველა ერთად უნდა ვებრძოლოთ მათ, ვინც არღვევს კანონს. აქ პოლიტიკურ პარტიას და კუთვნილებას არ აქვს მნიშვნელობა. კანონის დარღვევის წინააღმდეგ, ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი. ამის წახალისება ძალიან მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, რა თქმა უნდა, მომავალშიც განაგრძობენ მსგავსი ფაქტების გამოვლენას და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. მინდა, ჩვენს თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადავუხადო იმ საქმიანობისთვის, რასაც ისინი ახორციელებენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
https://tbilisi.gov.ge/news/12600
hattrick.org. ==> FC_Dinamo Tbilisi
---
buzzerbeater.com ==> Tbilisi Hawks