სტოკჰოლმის ტრანსპორტი სტოკჰოლმი სკანდინავიის უდიდესი ქალაქია. მისი მოსახლეობა აგლომერაციის ჩათვლით 2 მილიონს აღემატება.
რელიეფი არ არის მთაგორიანი, თუმცა ქალაქი გაშენებულია არქიპელაგზე და მისი ცენტრალური ნაწილი მდებარეობს 14 სხვადასხვა ზომის კუნძულზე, რაც გარკვეულწილად სატრანსპორტო გამოწვევაა.
ქალაქის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიდამოებში რომ მოხვდეთ, პირველი შთაბეჭდილება (მცდარი) იქნება რომ ქალაქი სულაც არ არის ევროპული სატრანსპორტო პოლიტიკით დაგეგმარებული და ქვეითზე ორიენტირებული. არის ბევრი ესტაკადა, გიწევთ კიბეებზე და სხვადასხვა წინაღობებზე ასვლა, საპარკინგე შენობებია, რაც ქვეითის გადაადგილებას ნაწილობრივ აფერხებს, ძალიან ცოტა ავტობუსი და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს ქუჩებში, თითქმის არ შეგხვდებათ ველოსიპედი და ორბორბლიანი ტრანსპორტი, სამაგიეროდ დადის ბევრი მსუბუქი ავტომობილი, თანაც ევროპული ქალაქებისგან განსხვავებით საკმაოდ გაბარიტული ავტომანქანები და უმეტესად შიდა წვის ძრავზე მომუშავე. შედარებისთვის რადიკალურად სხვა სურათია ოსლოში, სადაც ავტომობილების აბსოლუტური უმრავლესობა არის ელექტრო ან/და მცირე გაბარიტების, ერთი სიტყვით „გიგი უგულავა სთაილ“ ქალაქის შთაბეჭდილებას ტოვებს ერთი შეხედვით, მაგრამ ნუ იჩქარებთ, ყველაფერი პირიქითაა.
რკინიგზის ცენტრალური სადგური მდებარეობს ქალაქის გეომეტრიულ და ყველანაირი თვალსაზრისით ცენტრში. ნამდვილად უკავია დიდი ტერიტორია, ამავდროულად ეს არის 3 კუნძულის გასაყარი, სადაც იკვეთება ბევრი საავტომობილო ტრასა (სხვა ადგილი ფიზიკურად არაა ამ გზების გასატარებლად). ამიტომ ამ ტერიტორიაზე მართლაც არის წინაღობები, თუმცა ქალაქის ყველა სხვა ნაწილი იდეალურადაა მორგებული როგორც ქვეითზე, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებზე.
სტოკჰოლმის რეგიონში ტრანსპორტის სისტემის ერთიანი ორგანიზაცია არის სახელმწიფო კომპანია Storstockholms Lokaltrafik, შემოკლებით SL. აერთიანებს ავტობუსების, რელსიან და წყლის ტრანსპორტს.
კომპანია შეიქმნა 1916 წელს, 1993 წლიდან კი ცალკეული სისტემების საოპერაციოდ იყენებს კერძო კომპანიებს ხელშეკრულების საფუძველზე. ავტობუსებს 5 კომპანია მართავს, მეტროს MTR corporation მართავდა 2025 წლის ნოემბრამდე.
როგორც გითხარით, ცენტრი ავტობუსებით დახუნძლული არაა (იგივე ოსლოს, ბერნის ან თუნდაც თბილისისგან განსხვავებით), ქალაქის მთელი პოლიტიკა აწყობილია რელსიან ტრანსპორტზე, ესენია:
- ტუნელბანი, იგივე მეტრო - 3 ხაზი, წითელი ლურჯი და მწვანე.
- პენდელტოგი - იგივე ს-ბანი - 1 ხაზი რამდენიმე ტოტით
- ტრამვაი - 5 ხაზი.
- ლოკალ რეილი - ლოკალური მატარებელი რომელიც კონკრეტული მიმართლებით მიდის ერთი რომელიმე მეტროს სადგურიდან - 2 ხაზი რამდენიმე ტოტით. (განვამარტავთ ქვევით)
ტუნელბანი (მეტრო) სტოკჰოლმის მეტრო არის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი (ჩემი შეფასება არაა), ძალიან კომფორტული და სუფთა.
სტოკჰოლმის მეტროს მეტსახელად ეძახიან „მსოფლიოში ყველაზე გრძელ ხელოვნების გალერეას“. 100 სადგურიდან 94 ში წარმოდგენილია ხელოვანთა ნამუშევრები, ქანდაკებები, კლდის წარმონაქმნები, მოზაიკა, ნახატები, სინათლის ინსტალაციები, გრავიურები და რელიეფები.
ინსტალაციებსა და მხატვრობაზე მუშაობდა 150 მხატვარი და მოქანდაკე.
მშენებლობა 1944 წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად შევიდა ექპლუატაციაში. ხელოვნების ინგეგრირება გადაწყდა 1957 წელს.
2009 წელს მეტროს სისტემა სამართავად გადაეცა მსოფლიოს მრავალ ქალაქში მოღვაწე, ჰონგ-კონგში ბაზირებულ კომპანია MTR Corporation-ს. თავდაპირველად კონტრაქტი იყო დადებული 2016 წლამდე, თუმცა გახანგრძლივდა და საბოლოოს რამდენიმე დღის წინ 2025 წლის ნოემბერში ამოეწურა ვადა. ახალი მმართველი კომპანია არის Connecting Stockholm, რომლის ძირითადი აქციონერები ბრიტანული და სინგაპურული კომპანიებია. ახალი მართვის პირობებში გაუმჯობესდება ეს ზღაპრული სისტემა თუ გაუარესდება, ამას დრო გვიჩვენებს.
გვაქვს 3 ხაზი, წითელი, მწვანე და ლურჯი.
სამივე ხაზი და პენდელტოგი იკვეთება ერთ სადგურზე „ტ-ცენტრალზე“,
წითელი და მწვანე ხაზები ასევე იკვეთება სადგურებზე „გამლა სტან“ (ისტორიული ცენტრი ქალაქის, კუნძული გამლა) და „სლუსენი“ (ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი) ხოლო ლურჯი და მწვანე ხაზები იკვეთება სადგურზე Fridhemsplan.
სანამ ხაზების დეტალებში შევალთ, მინდა მოგიყვეთ როგორაა მოწყობილი გადასაჯდომი სადგურები.
ცხადია საჭიროა ორი დარბაზი (ისევე როგორც ჩვენთან).
ერთ დარბაზში, შემოდის არა ერთი ხაზის საპირისპიროდ მიმავალი მატარებლები, არამედ, მაგალითად წითელი და მწვანე ხაზის მატარებლები, რომელიც ერთი მიმართულებით მიდიან. ანუ მგზავრების გადასაჯდომად უწევთ ბაქანზე რამდენიმე ნაბიჯის გავლა. ხოლო საპირისპირო მიმართულების მატარებლები შემოდიან მეორე დარბაზში, რომელიც პირველი დარბაზის ქვეშ ან გვერდით მდებარეობს (როგორც ჩვენს „სადგურის მოედანზე“). იქაც ანალოგიურად მგზავრებს რამდენიმე ნაბიჯის გავლა უწევთ გადასაჯომად.
მაგალითად ჩვენთან „სადგურის მოედანი 2“ ზე წერეთლისკენ მიმავალი მატარებელი სადაც იყვანს მგზავრებს, მის ნაცვლად მანდ რომ შემოდიოდეს ახმეტელიდან ვარკეთილისკენ მიმავალი მატარებელი.საბურთალოდან წერეთლისკენ მიმავალი მატარებელი კი შემოდიოდეს პირველი ხაზის დარბაზში, სადაც ვარკეთილიდან მომავალი მატარებლის გვერდით აღმნჩიდება, ხომ მაგარი იქნება? რამდენად გამარტივდება გადაჯდომის პროცესი?
ცხადია „ტ-ცენტრალზე“ სამივე ხაზისთვის ეს სქემა არ გამოვა, ლურჯი ხაზის არის სხვა სივრცეში, სადაც მოძრავი ბილიკით (ტრავოლატორით) გადადიხარ, დანარჩენი ორი ხაზი კი როგორც ზემოთ დავწერე.
სადგური "ტ-ცენტრალი"

მწვანე ხაზი გაიხსნა 1950 წელს. აკავშირებს ცენტრს დასავლეთ ნაწილთან და სამხრეთ ნაწილთან. სამხრეთში არის 3 ტოტი შესაბამისად მოძრაობს 3 მარშრუტი. ნომრებით 17, 18, 19. ვერ ვიტყვი რომ მგზავრების სიხალვათეა, განსაკუთრებით 19 ნომერზე.
მოძრაობს Bombardier C20 ტიპის მატარებლები ლურჯი ფერის. 3 სექციიანი ვაგონებია, გადაბმული ერთმანეთზე 3 მატარებელი (ანუ 9 სექცია).
ან ხაზზე ყველაზე ლამაზი სადგურია Odenplan, სადაც არის პენდელტოგში გადაჯდომის საშუალება.
წითელი ხაზი გაიხსნა 1964 წელს. სამხრეთითაც და ჩრდილოეთითაც იყოფა 2-2 ტოტად. მოძრაობს 2 მაშრუტი - 13 და 14.
მოძრაობს სულ ახალი 2020 წლიდან გამოშვებული Bombardier C30 ტიპის მატარებლები, თეთრი ფერის. (წყვილი მატარებელი, თითოში 4 სექცია)
პატარა სასიამოვნო ოფცია აქვს ამ მატარებელს - საითა მხარესაც უნდა გაიღოს კარი, ის კარი ინთება მწვანე ფერად. (არ არის ცუდი ფუნქცია, ვინც პირველად მგზავრობს იმათთვის).
ამ ხაზზე ერთი-მეორეზე ლამაზი სადგურებია, განსაკუთრებით სადგურები „სტადიონი“, „ტექნიკური კოლეჯი“ და „უნივერსიტეტი“. თუ მოხვდებით სტოკჰოლმში, გირჩევთ დაათვალიეროთ.
სადგური "სტადიონი"

ლურჯი ხაზი გაიხსნა 1975 წელს. აკავშირებს ცენტრს ეკონომიკურ რაიონებთან- სოლნა, კისტა და ჰიულსტა. არის ორი ტოტი ჩრდილოეთით, შესაბამისად მოძრაობენ მატარებლები ნომერი 10 და 11.
C20 მატარებლები მოძრაობს. ულამაზესი სადგურებია: „სოლნა ცენტრუმ“ „სამეფო ბაღი“ (Kungsträdgården), „ტენსტა“ და „აკალა“.
სადგური "სამეფო ბაღები"

სადგური "აკალა"

სადგური "სოლნა ცენტრუმი"

ყვითელი ხაზი (მომავალში)
მიღებულია გადაწყვეტილება მეოთხე - ყვითელი ხაზის მშენებლობაზე, სადგურ Fridhemsplan დან სამხრეთით 8კმ სიგრძის. სულ იქნება 6 სადგური. სამუშაოები წელს უნდა დაიწყოს. გახსნა ივარაუდება 2034 წელს. მაქსიმალური სიღრმე იქნება 80 მ. ბურღვისთვის გამოიყენებენ TBM-ს.
ბოლო გაჩერების სადგურებს არ აქვს ჩიხები, მატარებლები რიგ-რიგობით შემოდიან მარჯვენა ან მარცხენა ლაინდაგზე.
მატარებელი იმართება ნაწილობრივ მემანქანის და ნაწილობრივ ATO-ს მიერ, არის 1435 მმ სტანდარტის. 650 ვოლტ ძაბვაზე მწვანე და წითელი ხაზი, 750 ვოლტზე ლურჯი.
მაქსიმალური სიჩქარე 80 კმ/სთ.
ერთი უაზრობა: მატარებლებს არ აქვთ სარკე, არც სადგურზე აყენია (დიზაინში არ ჯდებოდა ალბათ). ამიტომ მემანქანე იძულებულია ყველა სადგურზე გადმოვიდეს, უყუროს ბაქანს და შნურზე დამაგრებული პულტით დააჭიროს კარების დაკეტვას.
ინტერვალები არის 4 დან 11 წუთამდე.
ხაზების ჯამური სიგრძე არის 108 კმ.
მატარებლებში არის იდეალური ხმის იზოლაცია. რელსები რა თქმა უნდა არის შედუღებული და ხმაური საერთოდ არ არსებობს.
მეტროსა და ყველა ნახსენებ ტრანსპორტში არის იდეალური ტემპერატურა, ისევე როგორც მიწისქვეშა სადგურების დარბაზებში.
მეტროს სიმბოლოა “T”.
პენდელტოგი (ანუ ს-ბანი, საგარეუბნო მატარებელი)
ცენტრში გადის ერთი ხაზი, თუმცა როგორც სამხრეთით,ასევე ჩრდილოეთით მარშრუტები იტოტება. სამხრეთით Nynäshamn და Gnesta მიმართულებით. ჩრდილოეთით ქალაქ უპსალასა და არლანდას აეროპორტის, ქ. მარსტას და ბალსტას მიმართულებით.
არის 6 მარშრუტი : 40, 41,42,43,44, 48 ნომრები. მოძრაობს Alstom coradia X60 ტიპის 6 სექციიანი. საოპერაციო სიჩქარე აღემატება 120 კმ/სთ. არის 53 სადგური.
აეროპორტის სადგურზე ამოსვლის შემთხვევაში საჭიროა დამატებითი მოსაკრებლის გადახდა 147 SEK ანუ დაახლოებით 42 ლარი.
აეროპორტში მატარებლით მოხვედრის კიდევ ორი საშუალება არსებობს: SJ მატარებლები (რეგიონებში მიმავალი) და არლანდა ექსპრესი , რომელიც მოძრაობს 200 კმ/სთ სიჩქარით. თუმცა შედარებით ძვირი სიამოვნებაა.
ტრამვაი გვაქვს 5 ტრამვაის ხაზი, #7, 12, 21, 30, 31.
ძირითადად მოძრაობს ესპანური ვაგონები CAF urbos A35 და გერმანული Bombardier A32. ფერი ლურჯი, ორ კაბინიანი, ორმხრივი კარებით.
#7 მოძრაობს ცენტრში, „ტ-ცენტრალიდან“ - კუნძულ „დიურგარდენისკენ“, ეს არის მუზეუმების კუნძულის სადაც მდებარეობს abba-ს მუზეუმი, vasa-ს მუზეუმი, ცნობილი ზოოპარკი „სკანსენი“ და ა.შ. ხაზის სიგრძე 3.5კმ -ია.
ასევე იგივე გზაზე მოძრაობს 7N მარშრუტი, რომელზეც მოძრაობს ისტორიული ვაგონი.
#30 ყველაზე გრძელი მარშრუტი. მეტროს ხაზის ნაწილობრივი ფუნქციის შემთავსებელი. აკავშირებს ქალაქის სამხრეთში, რაიონ „სიკლას“ ჩრდილოეთში მდებარე ბიზნეს რაიონ „სოლნასთან. დასავლეთ უბნების გავლით. მოძრაობს წყვილი ვაგონები, თითო 3 სექციიანი. ეს არის ყველაზე გრძელი მარშრუტი, 18.5 კმ.
#31. ეს არის 30 ნომერის მცირე ფრაგმენტი და განშტოება აეროპორტ „ბრომას“ (არა ძირითადი აეროპორტი) მიმართულებით.
#12. Nockebybanan -საც ეძახიან. მეტრო „ალვიკიდან“ - დასახლება Nockeby -ს მიმართულებით. ხაზის სიგრძეა 6 კმ
#21. მეტრო „როპსტენიდან“ კუნძულ „ლიდინგოს’ ბოლომდე. ბოლო სადგურზე არის წყლის ტრანსპორტთან გადასაჯდომი ინფრასტრუქტურა მოწყობილი. 9კმ.
ლოკალ რეილი გვაქვს ორი ხაზი: Roslagsbanan და Saltsjöbanan
ჯერ შევეცდები მიგახვედროთ რა ტიპის ტრანსპორტია. ესენი სატრანსპორტო იერარქიის მიხედვით ფაქტობრივად ტრამვაია, თუმცა მოძრაობს მეტროს ტიპის მატარებელი. Saltsjöbanan ზე პირდაპირ ყოფილი მეტროს ვაგონებია გადაკეთებული, ხოლო Roslagsbanan არის ვიწროლიანდაგიანი მატარებელი რომელიც შემოგარენში გადის.
აი მაგალითს მოვიყვან: პირველი არის მაგალითად სარაჯიშვილიდან რომ მიდიოდეს თემქის გავლით თბილისის ზღვაზე და მახათაზე (ოღონდ შორს უფრო)
მეორე კი მაგალითად 300 არაგველიდან რომ შეიქმნას ფონიჭალისთვის ხაზი, რომელიც ძირითადად მიწისზემოთ ივლის. ლილოს მაგალითი არ დავწერე, რადგან ის რკინიგზის მაგისტრალს მოიცავს.
Roslagsbanan - ეს არის სტოკჰოლმის მუნიციპალიტეტში ერთადერთი ვიწროლიანდაგიანი ხაზი 3 განშტოებით #27, 28, 29 სადაც მოძრაობს შვეიცარიის მთებში მოძრავი „შტადლერ კაპრიკორნის“ ანალოგიური მატარებელი x15p – 22 ცალი და ძველი x10p - 35 ცალი.
ხაზი იწყება მეტრო “ტექნიკურ კოლეჯთან” და აკავშირებს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე დასახლებებთან.
დაგეგმილია ხაზის დაკავშირება „ტ-ცენტრალთან“
Saltsjöbanan - ეს არის სტანდარტული სიგანის მეტროს მსგავსი ხაზი, რომელიც იწყება საკვანძო სადგურ „სლუსენთან“. 25 და 26 მარშრუტები. ხაზი სარემონტოდ დაიკეტა 2016 წელს და სრულად მისი გახსნა იგეგმება 2028 წლისთვის. მისი ნაწილი ფუნქციონირებს, თუმცა დამაკავშირებელ სადგურ „სლუსენთან“ და ქალაქის ცენტრთან არ მოდის ჯერჯერობით.
არ შეგიყვანოთ შეცდომაში მეტროებში გამოკრულმა ან ინტერნეტში ნაპოვნმა რუკებმა, ამ ხაზით „სიკლას“ მიდამოებში ვერ მოხვდებით. (რადგან ხაზი დაკეტილია სარემონტოდ). თუ ცენტრიდან სიკლასკენ მიდიხართ ისარგებლეთ 30 ნომერი ტრამვაით, მასთან მოხვედრა ცენტრიდან ყველაზე მარტივად შეიძლება მწვანე ხაზით სადგურ Gullmarsplan-ზე გადამჯომით.
ამ სადგურს შორიდან რომ შეხედოთ, გული გაგისკდებათ, 6 ესტაკადაა სხვადასხვა სიმაღლეზე, ზოგი რკინიგზის, ზოგი ტრამვაის, ზოგი ავტომობილების, მაგრამ არ შეგეშინდეთ, ტრამვაიში გადასაჯდომი ბაქანი მდებარეობს ზუსტად მეტროს ბაქნის გვერდით.
2013 წელს ამ ხაზზე მოხდა ავარია, მატარებელი მემანქანის გარეშე დაიძრა და მაქსიმალური სიჩქარით დაეჯახა საცხოვრებელ კორპუსს. მატარებელში მხოლოდ დამლაგებელი იმყოფებოდა, რომელსაც ბრალდებოდა მატარებლის გატაცება, თუმცა ის გამართლდა.
მატარებელი იდგა დეპოში, მოხსნილი ჰქონდა მუხრუჭები, ხოლო გადამრთველი იყო მაქსიმალური წევის პოზიციაში. როდესაც დამლაგებელმა კარები გააღო მატარებლის ელექტროობა გააქტიურდა, ხოლო როცა კარი დაიკეტა, უკვე აღარაფერი იყო რაც მატარებლის დაძვრას შეუშლიდა ხელს. დამლაგებელს არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა რათა ავარიული მუხრუჭები გამოეყენებინა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
ამჟამად გაფორმებულია კონტრაქტი კომპანია „შკოდასთან“ ამ ხაზისთვის 16 ცალი ახალი მატარებლის მიწოდებაზე. რომელიც ჩაანაცვლებს ძველ c10 -ებს. c10 ყოფილი მეტროს ვაგონებია, რომელიც გადააკეთეს ამ ხაზისთვის და დაუყენდა პანტოგრაფი ზედა საკონტაქტო ქსელისთვის.
ტურისტისთვის საინტერესო სადგურები1) ქალაქის ისტორიულ-კულტურული ცენტრი, მათ შორის მეფის სასახლე მდებერეობს კუნძულ „გამლაზე“
ამ კუნძულზე (უფრო სწორედ ხიდზე) არის სადგური „გამლა სტანი“
ასევე შეიძლება ისარგებლოთ სადგურ „სლუსენით“ რომელიც ხიდის გადაღმა მდებარეობს და არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი. (მწვანე და წითელი ხაზი)
2) ეროვნულ მუზეუმთან, სამეფო თეატრთან და თანამედროვე ხელოვნების მუზეუმთან მოსახვედრად სადგური „Kungsträdgården” (სამეფო ბაღი) (ლურჯი ხაზი)
3) სადგური globen სტადიონებთან და ცნობილ სფეროს ფორმის არენასთან მოსახვერად (მწვანე ხაზი)
4) სოლნაში უზარმაზარი სავაჭრო ცენტრ „Westfield Mall of Scandinavia“ ში თუ მიდიხართ, გჭირდებათ პენდელტოგის სადგური „სოლნა” (არ აგერიოთ მეტროს სადგურ “სოლნა სენტრუმთან”, რომელიც მოშორებითაა.
5) და რა თქმა უნდა სადგური “T-Centrale” ცენტრალურ სადგურთან, სადაც მდებარეობს უამრავი საინტერესო ობიექტი, საფეხმავლო ქუჩა drottninggatan და ა.შ
გადახდის სისტემაStorstockholms Lokaltrafik ის ბარათი მოქმედებს მხოლოდ ქალაქის ტრანსპორტში - მეტრო, ტრამვაი, პენდელტოგი, ავტობუსები, წყლის ბორანები.
მის აბონიმენტში არ შედის რეგიონული მატარებლები და არლანდა ექსპრესი (აეროპორტის).
ბარათის შეძენა შესაძლებელია მობილურ აპლიკაციაში SL და „ტ-ცენტრალის“ სალაროში.
აეროპორტის მოსაკრებელს იხდით უშუალოდ აეროპორტში შესვლისას/გამოსვილსას ან ელექტრონულად აპლიკაციით.
• ერთჯერადი ბარათი 43 SEK (75 წუთიანი)
• 24 საათი: 180 SEK
• 72 საათი: 360 SEK
• 7 დღე 470 SEK
ბარათის ან მობილურის ეკრანიდან QR კოდის დაფიქსირება ხდება:
მეტროში და პენდელტოგში - შესასვლელ ტურნიკეტებში
ტრამვაიში - გაჩერებებზე დაყენებულ სკანერზე
ავტობუსში - წინა კარიდან ასასვლელში
წყლის ტრანსპორტში - შესასვლელ ტურნიკეტებში
აეროპორტში - ფიზიკური ბილეთის (ქაღალდის) ტურნიკეტზე, ელექტრონულის - აჩვენებთ ოპერატორს.
მოძრავი შემადგენლობები ტუნელბანი ლურჯი და მწვანე ხაზები - SL20 – 270 ცალი. (90 მატარებელი). ბორტის ნომრები 2001–2270.

ტუნელბანი წითელი ხაზი - SL30 – 116 ცალი. (58 მატარებელი). ბორტის ნომრები 2301–2416

Saltsjöbanan – C10 - 14 ცალი (უცნობია ხაზის აღდგენის შემდეგ დაბრუნდება თუ არა ეს ვაგონები, რადგან შკოდას ახალი ვაგონებიც 2029 უნდა იყოს მზად, ხაზის გახსნა 2028 წელს იგეგმება)

Roslagsbanan X10P - 35 ცალი (ვიწროლიანდაგიანი)
Stadler X15p – 22 ცალი (ვიწროლიანდაგიანი)
(სურათზე მარცხნივ X10p, მარჯვნივ X15p)

პენდელტოგი: Alstom X60 6 სექციიანი - 129 ც.

ტრამვაი:
Bombardier A32 – 37 ცალი
CAF A35 – 43 ცალი (3 სექციიანი)
CAF A36 – 9 ცალი (4 სექციიანი)


ქალაქის ადმინისტრაციულ ტერიტორიებს ასევე ემსახურება წყლის ბორანის 5 და ავტობუსების 502 მარშრუტი. კონტრაქტის თანახმად კომპანიები 2031 წლამდე ვალდებულნი არიან ელექტრო ავტობუსების რიცხვი 60% მდე გაზარდონ.
ძნელია რამე ურჩიო ამ სისტემის შემქმნელებს, მაგრამ კლიაუზნიკი რომ დაიბადება ადამიანი - შენიშვნები და რჩევები კომპანიას ჩემგან:
- მატარებლებს დაუყენონ სარკეები და ნუ აწვალებენ მემანქანეებს
- შემოიღონ 48 საათიანი აბონიმენტი
- ტრამვაიში ბარათის დასაფიქსირებელი განათავსონ გაჩერების ნაცვლად სალონში ან იქაც და იქაც.
- N7 ტრამვაი დააგრძელონ რკინიგზის სადგურამდე. (მაქსიმუმ 300 მეტრი აშორებს)
- სანამ 25-ე ხაზი არ ფუნქციონირებს, გამოკრული რუკებიდან წაშალონ (ანუ რუკები განაახლონ)
- პენდელტოგისა და ტრამვაის გადამკვეთ სადგურ „ორშტაბერგზე“ ტრამვაის ბაქანს კიბეების ნაცვლად დახრილი ასფალტი ქონდეს, რადგან მანდ აეროპორტის მატარებელიც გამოივლის და ძნელია ჩემოდნის კიბეებზე აგორება.
მეტროს ინტერიერის ფოტოები გადაღებულია ჩემს მიერ, გამოყენება ნებადართულია.







--
სისტემის რუკა
ყურადღებით, #25 არ ფუნქციონირებს დამაკავშირებელ სადგურამდე
This post has been edited by Kublicha on 2 Dec 2025, 03:16