ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალზე გაფორმებული 228-მილიონიანი ხელშეკრულება არ შეწყდება და მას 1-თვიანი ვადა მიეცემა, რათა გზის დარჩენილი 3-კილომეტრიანი მონაკვეთი დაასრულოს.
საუბარია კომპანია Polat Yol-ზე, რომელთან დაკავშირებითაც ივლისში ინფრასტრუქტურის მინისტრმა განაცხადა, რომ კონტრაქტი შეწყდებოდა და გზას სხვა კომპანია დაასრულებდა. თუმცა, როგორც ირკვევა სახელმწიფოსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა და მას ერთი თვის ვადა მიეცა, რათა დაასრულოს 3-კილომეტრიანი გზა, რაც მდინარე სუფსაზე ხიდის მშენებლობას მოიცავს.
თურქულმა კომპანია Polat Yol-მა აღნიშნული გზის სამშენებლო ტენდერში ჯერ კიდევ შვიდი წილის წინ, 2018 წელს გაიმარჯვა და მასთან 2018 წლის 3 დეკემბერს გაფორმდა სამშენებლო ხელშეკრულება. კონტრაქტის თანახმად, მას სამუშაოები 24 თვის ვადაში უნდა დაესრულებინა.
კომპანიას სულ 14-კილომეტრიანი გზა უნდა აეშენებინა, საიდანაც 5 კილომეტრი 2022 წელს გაიხსნა, 2023 წელს კი დამატებით 6 კილომეტრი, თუმცა მას გზის ყველაზე რთული მონაკვეთი ამ დრომდე არ აქვს დასრულებული, რაც მდინარე სუფსაზე ხიდის მშენებლობას ითვალისწინებს. მიმდინარე წლის დასაწყისში გაირკვა, რომ კომპანიას დასაქმებულთა წინაშე სახელფასო დავალიანება ჰქონდა. როგორც ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე აცხადებს, კომპანიამ სახელფასო დავალიანების ნაწილი დაფარა და მას სამუშაოების დასასრულებლად 1 თვის ვადა მიეცა.
"გვქონდა პრობლემები გრიგოლეთის მიმართულებით, პრობლემები ჰქონდა დაქირავებულ პერსონალთან და კონტრაქტორთან. ჩვენი ძალისხმევით როგორც ჩვენთვის არის ცნობილი ნაწილი ამ დავალიანებების გადაიხადა კონტრაქტორმა და ის გააგრძელებს სამუშაოებს. მას აქვს დაახლოებით ერთი თვის ვადა, რომ ის 3-კილომეტრიანი მონაკვეთი დაასრულოს,"- განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ Polatyol & Mapa-მ გზის კიდევ ერთი პროექტი - ბათუმის შემოვლითი მაგისტრალიც მნიშვნელოვანი ვადაგადაცილებით ააშენა. 330-მილიონიანი 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის კონტრაქტი 2017 წლის აგვისტოში გაფორმდა და ის 4-წლიანი ვადაგადაცილებით, 2024 წლის ოქტომბერში გაიხსნა.
https://bm.ge/news/grigoleti-qobuletis-magi...blad-1-tve-aqvs