ცნობილი ფოტოგრაფი ჯიჯი რეჯინი ამ ბოლო დროს დაფიქრდა, იმისთვის უნდა იმუშაოს, რომ ფული ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაჭირვება გამოუვლია, ფულზე აქცენტი მაინც არასდროს ჰქონია. ამბობენ, რომ ის ერთ-ერთი ძვირად ღირებული ფოტოგრაფია საქართველოში, თუმცა თავად ასე არ მიიჩნევს. ჯიჯის ფულის გემოზე სასაუბროდ ვეწვიეთ და "თბილისი ლაივის" დაჯილდოებაზე ანრი ჯოხაძესთან დაკავშირებული ინციდენტის დეტალებიც გავახსენებინეთ.
- რომ გითხრა, ფული ჩემთვის ყველაფერია-მეთქი, მოგატყუებ. ამ ბოლო დროს დავიწყე ფულის დაფასება და მივხვდი, რომ რაღაცები იმისთვის უნდა გავაკეთო, რომ ფული მქონდეს. იცი ჩემი ამბავი, ძალიან მიჭირდა და ნულიდან დავიწყე, მაგრამ მართლა არასდროს არ მქონია ფულზე გათვლა. არასდროს მიცხოვრია ბევრი ფულის შოვნისთვის, პოპულარობა მინდოდა-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი, მაგრამ მინდოდა, საზოგადოებას დავეფასებინე და ხალხს შევყვარებოდი. შესაძლოა, ძალიან სენტიმენტალურად ჟღერს, მაგრამ მაინც ასე ვფიქრობ. ყოველთვის ვცდილობდი, კარგი რამ გამეკეთებინა.
- შენი საქმით პირველი ანაზღაურება როდის აიღე?
- როცა კლიპზე ვიმუშავე ვიზაჟისტად და ავიღე 50 თუ 100 დოლარი, ზუსტად არ მახსოვს თანხა, 6-7 წლის წინ იყო. ეს არ იყო ლარი, საკმაოდ ნორმალური ანაზღაურება იყო. კოსმეტიკა შევიძინე და დავუმატე იმას, რაც მქონდა. დღესაც ასე ვარ. მირჩევნია, გადაღებაზე დავხარჯო ჩემი ფული და გადავიღო ისე, როგორც მე მინდა. თუ გადაღებისთვის განკუთვნილია ასი ლარი და მე მჭირდება 400, იმ სამას ლარს თავად ვშოულობ და ვიხდი. ამის გამო სულ ვალებში ვარ. პირველი ნამუშევრები სულ ვალებით მაქვს გადაღებული. ვალი ჩემს ცხოვრებაში ძალიან ხშირია ახლაც. მე არ ვცხოვრობ ისეთ სტაბილურ ქვეყანაში, რომ ბარათზე მქონდეს სამყოფი თანხა. მით უმეტეს, როცა ჩემზეა ჩემი ოჯახი დამოკიდებული.
- ფუფუნება გიყვარს?
- რამდენი ფულიც მაქვს, ვცდილობ, იმაზე კარგად ვიცხოვრო. თუ ჯიბეში მაქვს ასი ლარი, ამით არ ვცდილობ, თავს კომფორტი შევუქმნა და ვერ ვიგრძნო, რომ მხოლოდ ასი ლარი მაქვს.
- ამას ჰქვია ვირტუალური სიმდიდრე...
- (იღიმება) ვირტუალურად მდიდარი ადამიანი ვარ და ვერ ვგრძნობ, რომ ფული არ მაქვს. რეალურად იმიტომაც არ მაქვს ბევრი ფული. ფული რა არის? არის ის, რაც გაძლევს საშუალებას იცხოვრო, ანუ ეს არის ელემენტარული რამ. ბოლო დროს რომ ვფიქრობ ფულის შოვნაზე, იმან განაპირობა, რომ პროფესიული დაინტერესება მაქვს. ანუ ეს მოთხოვნა განპირობებულია არა პირადი, არამედ პროფესიული თემით. ვგრძნობ, რომ შემოქმედებითად უფრო მეტის გაკეთება შემიძლია, მაგრამ უკვე აღარ მყოფნის ამჟამინდელი განათება და აპარატურა. გარდა ამისა, განვითარებისთვის მჭირდება, რომ წავიდე ბერლინში ორი თვით შთაგონებისთვის, ანტვერპენში ერთი თვით სკოლაში სასწავლებლად, თუ მინდა პროფესიული განვითარება, უნდა დავხარჯო ფული, რაც ამ ეტაპზე არ მაქვს. კი დავდივარ აქა-იქ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მეტ-ნაკლებად ვცდილობ სიარულს საზღვარგარეთ, მაგრამ ეს ფინანსურ საკითხებთან არის დაკავშირებული.
- ყველაზე დიდი ვალი რამდენი გქონია?
- 5000 ლარი, მეტი არასდროს ამიღია. ბანკის ვალს ვალად არ მივიჩნევ, 4000 დოლარი გამოვიტანე ახალი განათების საყიდლად და დავფარე, ხუთიანზე ვფარავ ბანკის ვალებს, კარგი გადამხდელი ვარ. იმ დროს ავიღე ბანკის კრედიტი, როცა სტაბილური შემოსავალი არ მქონდა და არც სახელი. დღეს ვიცი, რომ ფინანსური თვალსაზრისით რაღაც სტაბილურობა მაქვს, მაგრამ რამდენიმე წლის წინ ეს ხომ ასე არ იყო? მაინც გავრისკე და გამოვიტანე სესხი, მაგრამ დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული მისი გამოტანაც, არ მქონდა არც ბინა და არც არაფერი, რომ ჩამედო და გარანტად ისევ და ისევ ჩემი მეგობრები დამიდგნენ.
- ხშირად დარჩენილხარ უკაპიკოდ?
- საკმაოდ. ერთ მომენტში ორ ადგილას მქონდა ასაღები ფული და ორივემ დამიგვიანა ჰონორარი, შესაბამისად, დავრჩი უფულოდ. თანაც, არსებობს მხოლოდ ორი ადამიანი, ოჯახის წევრები, ზედმეტად ახლობლები, რომელთაგან შემიძლია, რაღაც წამოვიღო და ფული მერე მივუტანო, თორემ ისე ვალად რაღაცების აღება არ მიყვარს. არ ვარ მიჩვეული სხვის ხარჯზე ცხოვრებას. ყოველთვის უნდა მქონდეს სიგარეტის, ტრანსპორტის ფული. ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან აქტუალური თემაა.
- ჯიჯი, დღეს ამბობენ, რომ საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული ფოტოგრაფი ხარ. ასეა?
- არა, არ არის მართალი. ჩემთან გადაღება ჯდება იმდენივე, რამდენიც სხვა სტუდიებში, უბრალოდ, მე ყოველთვის მთლიანი პაკეტის თანხას ვამბობ, სხვა სტუდიები კი ვიზაჟისტის, სტილისტის, სამოსის ფულს არ ეუბნებიან და მერე დამკვეთს ცალკე უწევს ამის გადახდა. როცა მე ვიღებ, მჭირდება ჩემი ვიზაჟისტი, სტილისტი, სამოსიც თავად უნდა შევარჩიო. ეს თანხები ერთად იკრიბება და გამოდის გარკვეული ჰონორარი, რომელსაც არ დავასახელებ.
- თუ ადამიანი არ მოგწონს, გადაიღებ თუ არა?
- მე ყველაფერს პროექტს ვეძახი და არა ადამიანს, თუ პროექტი არ მომწონს, არ გადავიღებ. არ მაინტერესებს მსახიობია, მოდელია, ქალია, ბავშვია თუ კაცი. როცა ვიღებ, უნდა დავინტერესდე და ვხედავდე იმ ადამიანს, ფულით ვერ განვსაზღვრავ. ეს ჩემი მინუსია, რადგან საკმაოდ ბევრ ფულს ვკარგავ ამის გამო, მაგრამ ეს ჩემი თვისებაა და ალბათ არ ვარ პროფესიონალი, რადგან პროფესიონალმა ყველას გადაღება უნდა შეძლოს. აქამდე, უარი რომ არ მეთქვა რაღაც პროექტებზე, ბინაც მექნებოდა და ბევრი სხვა რამეც. დრო მჭირდება იმისთვის, რომ პროფესიონალად ჩამოვყალიბდე, 26 წლის ასაკი არ არის ამისთვის საკმარისი, თუმცა მინდა გითხრა, რომ ყოველ წელს ვატყობ ზრდასა და განვითარებას საკუთარ თავს. თავდაჯერება მომემატა, თუმცა მაქვს ასეთი თვისება - როგორც კი გადაღება მთავრდება და შედეგს ვუყურებ, ჩემთვის ყველა ჩემი ნამუშევარი ნაგავია. რატომ არ მიკიდია არსად ჩემი ფოტოები? არ მივიჩნევ, რომ იმდენად სრულყოფილია, ჩემი სახლის კედლებზე გამოვფინო, როცა მიკიდია ცნობილი ფოტოგრაფების ნამუშევრები.
- საინტერესოა... ყველაზე დიდი ანაზღაურება დამისახელე, რომელიც ერთ ფოტოში აგიღია.
- არასდროს ვთვლი ფულს, არ ვიცი, რა არის დიდი თანხა და რა პატარა. შეიძლება ავიღო ათი ათასი ლარი და დამრჩეს ასი დოლარი, გააჩნია ჩემს ხარჯებს, რომელსაც ვწევ პროექტზე, ტრანსპორტირებიდან დაწყებული განათებით დამთავრებული და უამრავი გაუთვალისწინებელი ხარჯი.
- პირადი სიამოვნებისთვის ფულს რაში ხარჯავ?
- პარფიუმერიაში, სუნამოს ყოველთვის ისეთს ვარჩევ, რომელიც არ არის პოპულარული თბილისში, ამჯერად სერჟ ლუტენის "სერჟ ნოე" მაქვს. კრემებს არ ვხმარობ. სათვალე და ჩანთებიც ასევე ჩემი გატაცებაა და ის, რაშიც დიდი თანხა მეხარჯება. შოპინგზე არ მკითხო, რადგან მძიმე თემაა (იცინის). ახლახან პარიზში ვიყავი და ყველაზე დიდი თანხა დავხარჯე. წიგნები არის ის, რაშიც ვიხდი ბოლო ფულს და უკაპიკოდ ვრჩები. მეგობარს ვესესხე ფული სიგარეტის საყიდლად წიგნის გამო, რომელშიც 180 ევრო გადავიხადე, ეს არის წიგნი "ვოგის" ისტორიის შესახებ, ამ ჟურნალის ყველაზე საინტერესო გარეკანებით. სუნამოსა და წიგნს შორის გავაკეთე არჩევანი და დავრჩი სუნამოსა და ყველაფრის გარეშე (იცინის). რაც შეეხება შოპინგს, თუ ვიტრინაში გამოკიდებული "ჰერმესის" შარფი მომეწონა, რომელიც უძვირესია და ვერ ვყიდულობ, შარფს საერთოდ არ შევიძენ. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გლამურის მამა ვგონივარ, ჩემი ბოლო ტყავის ჩანთა "სექენდ ჰენდში" შევიძინე (იცინის). ფასსაც გეტყვი, 47 ლარად. იშვიათად გამოვივლი ხოლმე ასეთ მაღაზიებთან, გული მიგრძნობს, რომ კარგი რაღაც იყიდება, შევდივარ, გამყიდველები მცნობენ და მეუბნებიან, ყველგან ვიტყვით, რომ ჯიჯიმ ჩვენთან რაღაც შეიძინაო. თუ სხვა ყიდულობს, მე რატომ არ მაქვს უფლება, "სექენდ ჰენდში" შევიდე? რით ვარ განსხვავებული ადამიანი? აბსოლუტურად იგივე ტიპი ვარ, როგორიც ჩემი მეზობელი კოტე. ნებისმიერი ადამიანი აფრენს იმაზე, რომ შევიდეს და "ბარახოლკაში" მიიქექ-მოიქექოს, აღმოაჩინოს რაღაც საინტერესო. ვერ გეტყვი, რომ ხშირი მომხმარებელი ვარ, რადგან ამას დრო სჭირდება, მაგრამ გარდერობში მაქვს ასეთი რაღაცები. არ მომიტყუებია, რომ "ლანვინია". მეცოდება ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ნამდვილი "შანელი" აცვია. ვიცი ასეთი ადამიანები შოუბიზნესში. მირჩევნია, 47 ლარად საოცარი ტყავის ჩანთა ვიყიდო, რომელიც 1979 წელს გაკეთდა და ჰენდმეიდია, ვიდრე "ჰერმესის" ყალბი ჩანთა დავიჭირო.
- ქართულ მოდაში ტრიალებს ფული?
- ქართველი დიზაინერების კოლექციები იყიდება, ხარისხიც არის. მოდასა და ფულს რაც შეეხება, ხშირად ხდება, როცა ჩემთან მოდიან და ფულზე წუწუნებენ, მაგრამ ვიცი, რომ არ უჭირთ. მყავს მენეჯერი, რომელთანაც ფინანსურ თემებზე საუბრობენ, მე მხოლოდ შემოქმედებაზე ვლაპარაკობ. მირჩევნია, კაპიკი ფული არ ავიღო და დავეხმარო ასეთ ადამიანებს, ვიდრე კუთვნილზე ნაკლები ჰონორარი ავიღო. ასე ხშირად გამიკეთებია, ბევრი დიზაინერი ამ სიტყვებით საკუთარ თავს ამოიცნობს. ქართველი დიზაინერები ამით ვერ იცხოვრებენ, სირთულეებიც არის, ამიტომ მზად ვარ ხოლმე, რომ ხშირად ჩემი ხელობის ფული არ ავიღო.
- ასეა თუ ისე, მაინც პრაქტიკული ადამიანი ხარ...
- ძალიან პრაქტიკული ვარ. უბრალოდ, მაკლია კარგი ფინანსისტი და კარგი კომპანია, რომელიც იყიდის ჯიჯის და მასზე ფულს გააკეთებს. ეს საქართველოში არ არის. აბა, მე სად შემიძლია ამ ყველაფრის მართვა? ფულზე ლაპარაკი არ მიყვარს.
- შოუბიზნესი ახსენე და არ შემიძლია, არ გკითხო ანრი ჯოხაძის სკანდალზე, რომელიც "თბილისი ლაივის" მაყურებელმა ნახა...
- ყველამ იფიქრა, რომ ჩემსა და ანრის შორის კონფლიქტია და მიხარია, რომ თქვენი ჟურნალის მეშვეობით ხალხს ავუხსნი, რომ ანრისთან ძალიან კარგად ვარ. არანაირი ირონია არ ყოფილა. ყველა ნასვამი ვიყავით, კარგი სიტუაცია იყო და ყველას დაგვავიწყდა, რომ გადაცემა იწერებოდა და ეთერში გავიდოდა. საბოლოო ჯამში მაყურებელი უკმაყოფილო დარჩა.
მალხაზ ქვრივიშვილს თავისი შეყვარებული შემოახტა. მე რომ ავედი სცენაზე, გავიხუმრე, ჩემი პარტნიორი აქ არ არის და მალხაზურ რაღაცას ვერ გავაკეთებ-მეთქი. ანრიმ მომაძახა, მე შემომახტიო. თვითონ ასე კი თქვა, მაგრამ მე მასზე ვიფიქრე და შემეცოდა, მე ჩემი წონით მას რომ შემოვხტომოდი, ან ხმა ჩაუწყდებოდა, ან რადიკულიტი დაემართებოდა. შევიცოდე, რომ რაიმე არ დამართნოდა (იღიმება), ცოტა ვინერვიულე, კარგი ხმა აქვს და ვაფასებ მის შემოქმედებას. ასე რომ, ვერაფრით ვერ შემოვახტებოდი, გარდა იმისა, რომ ვიზრუნე მასზე, არა მგონია, ეს ესთეტიკურად ლამაზი ყოფილიყო. უამრავი ბავშვი მიყურებს და ვუყვარვარ და მათთვის სრულიად გაუგებარი იქნებოდა ეს ამბავი. ეს ჩემთვის არ იყო მისაღები, შესაძლოა, 24 საათი ერთად არ ვართ, ყავას არ ვსვამთ და არ ვძმაკაცობთ, მაგრამ ანრისთან მართლა კარგი ურთიერთობა მაქვს. ამ ინციდენტს ჩვენზე არანაირი გავლენა არ მოუხდენია, შოუბიზნესი იმისთვისაა, რომ სკანდალები იყოს, მაგრამ მე თავად არ ვარ სკანდალური. არ მომწონს, როცა განიხილავენ ჩემს პირად ცხოვრებას, მირჩევნია, სკანდალები ჩემი ნამუშევრებით შევქმნა. თქვენთვის საინტერესო ჩემი სამუშაოა, მეორე, პირადული იმდენად ჩვეულებრივია, რომ თქვენთვის უინტერესო იქნება. ძალიან წყნარი პირადი ცხოვრება მაქვს.
* * *
This post has been edited by PITA777 on 13 Feb 2011, 23:09
მიმაგრებული სურათი