ცნობილ ფოტოგრაფ ჯიჯი რეჯინს თავის სფეროში კონკურენციის არ ეშინია. შეცვალა თუ არა ის პოპულარობამ და რის გაკეთებას აპირებს მომავალში, მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.
– ჯიჯი, როდის გადადგით პირველი ნაბიჯები ფოტოხელოვნებაში?
ზუსტად 4 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც ფოტოაპარატი მიჭირავს ხელში და, რა თქმა უნდა, ამ ოთხ წელიწადში შედის ჩემი პროფესიონალური მუშაობაც სხვადასხვა ჟურნალებთან.
– პროფესიით დიზაინერი ხართ. არ გიფიქრიათ, დიზაინერობა გაგეგრძელებინათ?
დიახ, პროფესიით დიზაინერი ვარ. ამ სფეროში ბევრი რამ გავაკეთე კიდეც, მართალია, საკუთარი ჩვენება არ მომიწყვია, მაგრამ საკმაოდ ბევრი სამოსი შევკერე. ერთი პერიოდი ძალიან აქტიურადაც ვმუშაობდი. ძალიან მომწონს ეს საქმე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროფესია არ არის ჩემთვის. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ მე ასაკმაც არ შემიწყო ხელი, რადგან, როდესაც დიზაინერობა დავიწყე, 20 წლის ვიყავი, ეს ასაკი კი დიზაინერისთვის არ არის ნორმალური. ძალიან მიკვირს, როდესაც დღეს ჩვენს ახალგაზრდა დიზაინერებს ვუყურებ, როგორ შემართებით მუშაობენ და მიდიან ზუსტად იმ გზით, რომლითაც საჭიროა. ის, რაც მე იმ წლებში მოდის სფეროში გავაკეთე, ახლა რომ გამეკეთებინა, ალბათ, მეც ამ საქმეს გავაგრძელებდი, რადგან დღეს, იმ წლებთან შედარებით, ძალიან საინტერესოა კოლექციის შექმნა, მასზე მუშაობა. მაგრამ მე დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ ფოტოგრაფიით ვარ დაკავებული.
– ახლა რომ მოდის სფეროში რაიმე სერიოზული შემოთავაზება გქონდეთ, დაუბრუნდებით დიზაინერობას?
თუ არ იქნებოდა ხანგრძლივი კონტრაქტი, ალბათ დავფიქრდებოდი. მე, საერთოდ, მიყვარს ექსპერიმენტები, სულ ძიებაში ვარ, ამიტომ, თუ რაიმე სერიოზული შემოთავაზება მექნება, აუცილებლად დავფიქრდები.
– როგორ გაიხსენებთ თქვენს პირველ წარმატებას?
პირველი დიდი წარმატება ჩემს პირველივე ფოტოს მოჰყვა და რომ არა ეს წარმატება, ფოტოგრაფი ვერც გავხდებოდი, რადგან იმ დროისთვის არ მქონდა ის განათლება მიღებული, რაც ფოტოხელოვნებაშია საჭირო. ამიტომ ჩემი ბედი მთლიანად პირველ ფოტოზე იყო დამოკიდებული, თუ როგორ შემიფასებდნენ მას. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი პირველი წარმატება იყო ის, რომ პირველივე წარმატებული ფოტო გადავიღე.
– ვინ იყვნენ თქვენი ფოტოების პირველი შემფასებლები?
ჩემი პირველი ფოტოები შეაფასეს ბელგიაში. ერთ–ერთ კულტურის ცენტრში გავაგზავნეთ ჩემი ნამუშევრები, საიდანაც ძალიან კარგი შეფასება მოვიდა. დამპატიჟეს კიდეც ბელგიაში და შემომთავაზეს, მომეწყო გამოფენა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ ჩემი წასვლა ფიზიკურად ვერ მოხერხდა.
– სად და როგორ ისწავლეთ ეს ყველაფერი?
მე ვიყავი, ვარ და მუდამ ვიქნები თვითნასწავლი ფოტოგრაფი და 5 უნივერსიტეტიც რომ დავამთავრო ფოტოგრაფიის განხრით, მაინც ასეთად დავრჩები. მაგრამ, რა თქმა უნდა, პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, ძალიან ხშირად დავდივარ საზღვარგარეთ პატარა მასტერ–კლასებზე. სექტემბრიდან ვაპირებ საზღვარგარეთ აკადემიაში ჩაბარებას და ჩემი ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებას.
– ჯიჯი, რთულია საქართველოში ხელოვანი ადამიანისთვის ადგილის დამკვიდრება?
კი, სამწუხაროდ რთულია. ძალიან ბევრი უნდა აკეთო, ბევრი უნდა იწვალო, რომ რაღაცას მიაღწიო, რადგან ქართველი ერი ძალიან კრიტიკულია. ევროპაში ახალგაზრდებს ძალიან დიდი საშუალება აქვთ, გამოფინონ თავიანთი ნამუშევრები, გახდნენ პროფესიონალები თავიანთ საქმეში. იქ, სრულიად უცნობი ადამიანის გამოფენაზე, ათასობით ადამიანი მიდის ნამუშევრების დასათვალიერებლად. ჩვენთან კი, თუ არ ხარ ცნობილი პიროვნება, შენს გამოფენაზე შეიძლება არავინ მოვიდეს, რაც ძალიან ცუდია. ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოში ფეხის მოკიდება ძალიან რთულია.
– რამდენად არის საქართველოში თქვენს სფეროში კონკურენცია და რაში იგრძნობა ეს?
კონკურენტები. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც არსებობს ჯანსაღი კონკურენცია და ძალიან გამიხარდება, თუ მეყოლება მართლაც რეალური კონკურენტი. კონკურენციის არარსებობა ფოტოგრაფიაში იმის ბრალია, რომ თვითონ სამოდელო ბიზნესი საქართველოში მაღალ დონეზე ჯერ არ არის.
ჯიჯი, როგორი ხართ მუშაობის დროს?
საშინელი. ძალიან მკაცრი, მომთხოვნი ვარ, შეიძლება ითქვას, დესპოტიც. მე რომ გადასაღებ მოედანზე ამიტანოს, ან ძალიან უნდა ვუყვარდე იმ ადამიანს და სიამოვნებდეს ჩემთან მუშაობა, ან კიდევ თავისი საქმე უნდა უყვარდეს ძალიან. სხვა შემთხვევაში გადასაღებ მოედანზე ვერავინ ამიტანს.
გიყვირიათ გადასაღებ მოედანზე?
კარიერის დასაწყისში კი მიყვირია, მაგრამ ახლა ვცდილობ, რომ ეს აღარ გავაკეთო, რადგან ნამდვილად არ არის ლამაზი. ფოტოგრაფი უნდა იყოს ემოციური, მაგრამ აუცილებლად გაწონასწორებული, მშვიდი.
– გადაღებისას არ კომპლექსდებიან მოდელები?
კი, კომპლექსდებიან, მაგრამ ჩვენ ძალიან ადვილად ვუხსნით ამ კომპლექსებს.
– კერძოდ, რა მეთოდით უხსნით ამ კომპლექსებს?
ყველანაირად ვცდილობთ, მოდელებს ისეთი გარემო შევუქმნათ, რომ თავი, როგორც საკუთარ სახლში, ისე იგრძნონ. მხატვარ–ვიზაჟისტი გვყავს ძალიან კარგი, კონტაქტური ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ კარგ რჩევას აძლევს მოდელებს, სულ რაღაცეებს ასწავლის. შესაბამისად, გადაღებამდე ისე გვეჩვევა ყველა, რომ კომპლექსები მთლიანად უქრებათ. ყოველთვის ვურჩევ, რომ მთავარია, მე მომისმინონ და გააკეთონ ის, რასაც ვეუბნები.
– საყვარელი მოდელი თუ გყავთ, რომელთან მუშაობაც ყველაზე მეტად გსიამოვნებთ?
ძალიან ბევრია ისეთი მოდელი, რომელთან მუშაობაც ძალიან მსიამოვნებს, ამიტომ ერთს ნამდვილად ვერ გამოვყოფ.
– არის რაიმე საგანი, რომელიც გადასაღებ მოედანზე ყოველთვის თან გაქვთ, ან რაიმე ჩვევა თუ გაქვთ გადაღების დროს?
რაიმე ამოჩემებული ნივთი ნამდვილად არ მაქვს, მაგრამ მაქვს ერთადერთი ჩვევა, რომ არასოდეს ვიცი, რას ვიღებ. რამდენჯერაც დავიწყე კადრის დახატვა, არასოდეს გამომსვლია იგივე, რადგან გადაღების დროს ყველაფერი რადიკალურად იცვლება.
– ჯიჯი, პოპულარობამ პიროვნულად შეგცვალათ?
პოპულარობამ არა, მე ვფიქრობ, რომ გამოცდილებამ შემცვალა, უფრო პასუხისმგებელი გავხდი ჩემი საქმის მიმართ. ვიტყოდი, რომ უფრო დადებითი კუთხით შევიცვალე. ხარ თუ არა პოპულარული, ამას დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს, მთავარია, ხალხს მოსწონდეს შენი შემოქმედება, თუნდაც ძალიან ვიწრო წრეს.
– ხომ არ გიცდიათ, თქვენი საქმიანობით საქართველოს ფარგლებს გარეთ გასულიყავით?
არ ვიცი, ის, რაც მე მჭირს, პატრიოტიზმია, კომპლექსი თუ რა, მაგრამ მგონია, რომ რატომღაც საქართველოს ვჭირდები. აქედან რომ წავიდე, ვფიქრობ, ჩემთან ერთად წამოვა ის ნაწილი, რომელსაც მე აქ ვავსებ. საზღვარგარეთ წავალ, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემს საქმიანობაში უფრო წინ წავიწიო, ავიმაღლო კვალიფიკაცია, რომ ისევ აქ, საქართველოში, წამოვიწყო საინტერესო პროექტები.
– ახლა რაიმე მნიშვნელოვან პროექტზე ხომ არ მუშაობთ?
ახალ, საკმაოდ სერიოზულ პროექტზე ვმუშაობ. 26 მაისს ზუგდიდში გაიმართება ღონისძიება, სადაც საფრანგეთიდან ჩამოვა ძალიან ბევრი მომღერალი, მსახიობი და იქნება თანადგომა დევნილებისთვის, მე კი ამ პროექტში მიჭირავს ერთ–ერთი მთავარი როლი, ვიღებ საიმიჯო ფოტოებს, მოხდება დევნილებისა და მსოფლიო ვარსკვლავების ერთად გადაღება. კიდევ ერთ ძალიან საინტერესო პროექტს ვაკეთებ, ქართულ ნაციონალურ ცეკვაზე და ნაციონალურ კოსტიუმებზე. ამ პროექტში იქნება 12 ფოტო და ასევე ვიდეორგოლი, რომელსაც მე გადავიღებ. ძალიან საინტერესოა ჩემთვის ამაზე მუშაობა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით გამოვა, ამ სურათების გამოფენა ივნისის დასაწყისში თბილისში მოეწყობა, სექტემბერში მოსკოვში, დეკემბერში კი – ბელგიაში, ან მილანში, ამაზე ჯერ მოლაპარაკება მიმდინარეობს.
– რა ღირს ჯიჯი რეჯინის ფოტოობიექტივის წინ, თუნდაც ერთი საათით, პოზირება?
მე ასე ფოტოებს აღარ ვიღებ და გეტყვით რატომაც. არა იმიტომ, რომ ბევრი ფული მაქვს და მეტი აღარ მინდა, უბრალოდ, ეს ჩემთვის ძალიან ძვირი ბიზნესია. მე არ შემიძლია სურათის უბრალოდ გადაღება, მე თუ გიღებთ ფოტოს, უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ ეს ფოტოები დაგრჩებათ მთელი ცხოვრება და იქნება ფასეული. შესაბამისად, მე რომ შევქმნა ასეთი ფოტო, საკმაოდ ძვირი მიჯდება, ამიტომ ვცდილობ, ეს არ გავაკეთო და ჟურნალებსა და სხვადასხვა პროექტებზე მუშაობას ვამჯობინებ.
This post has been edited by PITA777 on 1 Feb 2011, 14:21
მიმაგრებული სურათი
♥. ✔.♥ Republic of Gamers ♥. ✔.♥
¤*¨¨*¤.¸¸...¸.¤\
\¸♥ FC Dinamo ♥\
.\¸.¤*¨¨*¤.¸¸.¸.¤*
..\
☻/
/▌
/ \