წინა თემა 100 გვერდს გადაცდა და დროა ახალ თემაში გადმოვბარგდეთ

ფირის ფოტოგრაფია - ბევრისათვის არქაული და დრომოჭმული სფეროა, მაგრამ არის ხალხი, რომელთათვისაც ეს კარგი გასართობი, დროის გასაყვანი, ან სულაც ცხოვრების აზრია. ზოგადად ფოტოგრაფიის შესწავლას ფირიდან იწყებენ და შემდეგ გადადიან ციფრულზე. ყოველ შემთხვევაში სასწავლებლებში ასეა როგორც ვიცი, მაგრამ თუ უბრალოდ გასართობად გინდათ და თან ფინანსებიც დიდად ხელს არ გიწყობთ, ფირის გაფუჭებას ნუ დაიწყებთ პირდაპირ და ჯერ ძალები ციფრულზე მოსინჯეთ. ერთია, რომ ბევრი მინახავს ციფრულიდან ფირზე გადასული, მაგრამ არა პირიქით

.
ახლა კი საქმეს დავუბრუნდეთ და მოკლედ ჩამოვაყალიბოთ ხ.დ.კ დამწყებთათვის და არა მარტო.
1. როგორია ყველაზე ზოგადი დაყოფა ფირის ფოტოგრაფიაში?
ყველაზე ზოგადად ფირის ფოტოგრაფია იყოფა ფერად და შავ-თეთრ (მონოქრომულ) ფოტოგრაფიად. რომელს აირჩევთ, თქვენი გემოვნების ამბავია, მაგრამ დასაწყისისთვის გირჩევდით შავ-თეთრით დაიწყოთ, რადგან ზოგადად მონოქრომული ფირი უფრო ამტანია ცუდად შერჩეული ექსპოზიციების მიმართ, არეულ-დარეული ექსპონომეტრის პირობებში და ასევე უფრო მიმტევებელია შემოქმედებითი თვალსაზრისით, ვიდრე ფერადი ფირი. ანუ მარტივ ენაზე რომ ვთქვათ უბრალო ქუჩის ხედიც კი შავ-თეთრ ფირზე "კრეაწიულად" გამოიყურება

, რასაც ვერ ვიტყვით ფერადზე.
გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ შავ-თეთრი ფირი გაიძულებთ იფიქროთ არა მარტო იმაზე, რასაც ხედავთ, არამედ იმაზეც თუ რანაირად გადავა viewfinder-ში დანახული გამოსახულება ორი ფერის გრადაციაში ფირზე.
2. რა ტიპის კამერები არსებობს ფირის ფოტოგრაფიაში და რომელი მჭირდება რეალურად?
ამ კითხვაზე უსასრულოდ შეიძლება გაიცეს პასუხი, მაგრამ მოკლედ და კონკრეტულად სჯობს

ყველაზე გავრცელებული ამ მხრივ SLR ანუ სარკული ტიპის კამერებია. მათი ფასი 25-30 დოლარიდან იწყება და ჯანდაბამდის მიდის

. ამ ტიპის კამერების მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: გამოსახულებას ხედავთ viewfinder-ში, რომელიც იქამდე სარკიდან არეკვლის და პრიზმაში გარდატეხის გზით მიდის. დადებითი ამ სისტემას აქვს ის, რომ ფოკუსირება უფრო მარტივია რაც არ უნდა ძველი კამერა იყოს ე.წ. split screen-ის მეშვეობით, მაგრამ ზოგიერთი მაღალი დონის კამერად მიჩნეულის split screen ისეთია, რომ მოგანდომებთ მტკვარში მოისროლოთ კამერა (Olympus vs Minolta

).
აი ერთ-ერთი კლასიკური SLR კამერა:
Olympus OM-1

მეორე შედარებით ნაკლებად პოპულარული ტიპი არის rangefinder კამერა. განსხვავება ისაა, რომ SLR-ისგან განსხვავებით სარკე არ გაქვთ და შედეგად გადაღების დროს რაც არ უნდა დიდი დაყოვნება გქონდეთ არჩეული, ობიექტს უწყვეტად ხედავთ. ასევე უფრო ჩუმია და "ეეე ძმაუ აქ ნუ იღებ" ტიპების ყურადღებას ნაკლებად იქცევს.
ესეც ყველაზე პოპულარული rangefinder - Leica M სერია.

მესამე ასევე საკმაოდ ცნობადი ტიპი არის TLR - ანუ მარტივად რომ ვთქვათ გაქვთ ორი ერთმანეთის იდენტური ლინზა: ერთში თქვენ იხედებით, მეორეში ფირი. დადებითი: ზოგადად უმეტესობას მაღალი ხარისხის ოპტიკა მოჰყვება. უარყოფითი: ცვლადი ობიექტივები ცოტა მოდელს თუ აქვს.
საკმაოდ ცნობილი TLR Mamiya C330

კიდევ არსებობს სხვადასხვა ტიპები, მათ შორის ე.წ. point and shoot ტიპის კამერები, მაგრამ მაგათ დიდი ახსნა არ ჭირდება, ისედაც უმარტივესია.
3. ფირი, რა და რატომ?
ფირი ფირიანი კამერისთვის იგივეა, რაც სენსორი ციფრულისთვის, მაგრამ ციფრულზე შუქმგრძნობიარობას ანუ ISO-ს უფრო მარტივად არეგულირებთ: მოუმატა, დაუკლო სადამდეც სენსორი გაგიშვებთ, მაგრამ ფირზე ასე მარტივად არაა. რა თქმა უნდა არსებობენ ფირები, რომლებიც 2-3 სტოპის მომატებას უპრობლემოდ იტანენ და ხანდახან მეტსაც, მაგრამ ზოგიერთი მაღალი კლასის ფირი +1 ან -1 სტოპსაც კი ძლივს იტანს. ასე მაგალითად Kodak Portra 400 უპრობლემოდ "იწელება" +3/-3 და ხანდახან +4/-4 სტოპზე, მაშინ როცა იგივე Kodak Ektar 1 სტოპის იქით დიდი ვერაფერია.
ზოგადად შავ-თეთრ ფირებს უფრო მეტი დიაპაზონი აქვთ push/pull-ზე, მაგრამ არა ყველას. ასევე შავ-თეთრი ფირები უფრო მეტად იტანენ დაძველებას, ანუ ვადაგასული შავ-თეთრის შემთხვევაში მეტი შანსი გაქვთ, რომ რამე გამოვიდეს, ვიდრე ფერადისა. ეს ფოტო მაგალითისათვის Fujifilm Super G 100-ით გადავიღე 50 ISO-ზე. ფირს ვადა სავარაუდოდ 10-12 წლის წინ გაუვიდა.

გარდა ფოტოფირებისა, არსებობს სპეციალური დანიშნულების ფირებიც, რომლებსაც მოყვარული და არამარტო ფოტოგრაფები იყენებენ. ასე მაგალითად ყველასათვის ცნობილი Kodak cft, რომელიც სამედიცინო ფირია. ან სულაც Kodak Vision სერია, რომელიც კინოფირია. თუ გაინტერესებთ როგორ გამოსახულებას იძლევა Kodak Vison3-ის ყველა მოდიფიკაცია, შეგიძლიათ ნახოთ პოლ თომას ანდერსონის ფილმი The Master.
ფირის ფორმატი. ეს ერთი შეხედვით მარტივად და დალაგებულად ასახსნელი საკითხია: დროთა განმავლობაში ფირის ფოტოგრაფიის აქტუალურობის მინავლებამ გამოიწვია ათასი ჯურის ფორმატის გაქრობა და დაგვრჩა მხოლოდ ორი აქტიურად გამოყენებადი ფორმატი: 135 - 35 მილიმეტრიანი ფორმატი და 120 - medium format. არის კიდევ ერთი მეტ-ნაკლებად გამოყენებადი ფორმატი - Large Format, მაგრამ მის ახსნას დიდი აზრი არ აქვს, რადგან ვინც მას იყენებს, მათ უკვე იმდენი ცოდნა აქვთ ფოტოგრაფიაში, რომ აქ რაიმეს კითხვას არც დაიწყებენ. რეალურად 35 მილიმეტრი სრულიად საკმარისია ე.წ. General Photography-სთვის, მაგრამ 120 ფორმატი გრეინის თითქმის შეუმჩნევლობის მხრივ ბეეეევრად წინაა, მაგრამ კიდევ უფრო არაეკონომიურია, ვიდრე 35მმ.
რამდენი დამიწერია

ყველას ფირების ულევ მარაგს გისურვებთ, გადასაღები ჯერ კიდევ ბევრია!