გამარტივებული წარმოება
თქვენს მიმართ ფულადი ვალდებულება აქვთ შესასრულებელი?
აღსრულების ეროვნული ბიუროს ახალი მომსახურება - გამარტივებული წარმოება გთავაზობთ რეალურ შესაძლებლობას ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული დავა სასამართლო პროცედურების გარეშე, სწრაფად და ნაკლები დანახარჯებით მოაგვაროთ.
გამარტივებული წარმოება
რა არის გამარტივებული წარმოება?
გამარტივებული წარმოების მომსახურება გაძლევთ საშუალებას ეფექტურად დაარეგულიროთ ფულადი დავალიანების შეუსრულებლობით წარმოშობილი დავა, რომელიც გულისხმობს თანხის გადახდევინებას და არ უკავშირდება საპასუხო ვალდებულების შესრულებას.
როგორ ხდება გამარტივებული წარმოების მომსახურების მოთხოვნა?
გამარტივებული წარმოების მომსახურების მისაღებად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
- განცხადება
- ვალის არსებობის დამამტკიცებელი დოკუმენტაცია
გამარტივებული წარმოების მომსახურება აღსრულების ეროვნულ ბიუროში საერთაშორისო, კერძოდ ფრანგული და შვედური გამოცდილების გათვალისწინებით დაინერგა. თუმცა, აქამდე არსებული კლასიკური გაგებით გამარტივებული წარმოების მომსახურებას მრავალი გამამდიდრებელი კომპონენტი დაემატა.
რა ხდება მას შემდეგ რაც მოგმართავს მომხმარებელი?
მომსახურების მოთხოვნის შესახებ განაცხადის წარმოებაში მიღების შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიურო უშუალოდ გადასცემს შემტყობინებას მოვალე მხარეს და სრულად უხსნის იმ ნეგატიურ შედეგებს რაც მის მიერ ვალის გადაუხდელობას შეიძლება მოჰყვეს საქმის სასამართლოში სასარჩელო წარმოებაში გადაზრდის შემთხვევაში.
როგორ შეიძლება განვითარდეს წარმოების პროცესი შეტყობინების მეორე მხარისთვის ჩაბარების შემდეგ?
შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში რესპონდენტს შეუძლია განახორციელოს ერთ-ერთი მოქმედება :
სრულად დაფაროს აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება;
დაფაროს დავალიანების ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის წინააღმდეგ, თუ არ ეთანხმება მოთხოვნას;
წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად, თუ მოთხოვნას მართებულად მიიჩნევს;
წერილობით აღიაროს მოთხოვნის ნაწილი, თუ მოთხოვნას ნაწილობრივ მართებულად მიიჩნევს;
წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება.
რა იგულისხმება მორიგებაში?
მორიგების ფარგლებში, მხარეებს აქვთ რეალური შესაძლებლობა შეთანხმდნენ გადახდის ვადაზე და/ან გადასახდელის თანხის ოდენობაზე. მათ ამაში მედიაციაში სპეციალიზირებული პროფესიონალები - აღსრულების ეროვნული ბიუროს ქეის-მენეჯერები დაეხმარებიან.
პროცედურულად ეს ყველაფერი შემდეგნაირად გამოიყურება:
- რესპონდენტი, ანუ მოვალე, წარადგენს განცხადებას მორიგების შესახებ
- ქეის-მენეჯერი იწყებს მორიგების პროცესს
- აპლიკანტი და რესპონდენტი თანხმდებიან პირობებზე
- მტკიცდება მორიგების პირობები
- მორიგების პირობების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს ქეის-მენეჯერი
N.B: რესპონდენტის მიერ მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში, აპლიკანტის განცხადების საფუძველზე, აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს შესასრულებლად სავალდებულო ბრძანებას დავალიანების გადახდევინების შესახებ, მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი დავალიანების ოდენობაზე.
მხარეთა შორის შეთანხმების მიუღწევლობა იწვევს რესპონდენტის პროტესტის შემთხვევაში გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგს; მხოლოდ რესპონდენტის თანხმობის შემთხვევაშია დასაშვები დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემა დავალიანების იმ ოდენობაზე, რომელსაც ცნობს რესპონდენტი.
რა ღირს გამარტივებული წარმოება?
ერთი სამართლებრივი საფუძვლით შემოტანილ განცხადებაზე საფასური ფიქსირებულია და შეადგენს 100 (ასი) ლარს.
წილობრივი ვალდებულების შემთხვევაში, თუ მოთხოვნა წარდგენილია ერთზე მეტი აპლიკანტის მიერ ან/და მიმართულია ერთზე მეტი რესპონდენტის წინააღმდეგ, სააპლიკაციო საფასური შეადგენს 100 (ასი) ლარს თითოეულ პირთან მიმართებაში.
აპლიკანტს შეუძლია გადახდის ბრძანების გამოცემის ან მოვალის მხრიდან მორიგების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, წინასწარ და წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს ბრძანების აღსრულება. ამისთვის, მან აღსრულების მომსახურების საგარანტიო თანხა, მოთხოვნის 2% უნდა გადაიხადოს, რომელიც აღსრულების შემდეგ მას უკან დაუბრუნდება.
გადახდის ბრძანების აღსრულებასთან ერთად აპლიკანტს შეუძლია მოითხოვოს რესპოდენტის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების განხორციელება, რომლის საფასური თითოეულ ქონებაზე შეადგენს 50 ლარს.
რა უპირატესობა აქვს გამარტივებულ წარმოებას?
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი გამარტივებული წარმოების მოდიფიცირებული მომსახურება მხარეებს საშუალებას აძლევს დავა სასამართლოსთან შედარებით სწრაფად და ეფექტურად, ნაკლები დანახარჯებით მოაგვარონ.
- See more at:
http://nbe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&se...h.Su6zTyOF.dpuf