რეკლამას რომ აკეთებთ და ამაში ფულს იხდით, სასაცილოდ მაინც არ უნდა გაიხადოთ თავი...
ჩემი ტექსტი არაა, ნეტში ვიპოვე...
და სრულიად ვეთანხმები.
მხოლოდ იმით შემიძლია განუგეშოთ, რომ საქბანკის ,,ნახმარ-უხმარი" რეკლამები ამაზე უარესია.
გუშინ საღამოს, როცა ოჯახური კინოსეანსის დრო მოახლოვდა, allmovies.ge-ზე შევედი, ვიფიქრე იქნებ რამე ახალი ფილმი დადეს და თვალში მომხვდეს, რადგან როგორც წესი ზეპირად იმაზე ფიქრი რომელ ფილმს უყურო საკმაოდ დიდი ტვინის ჭყლეტაა და რამე თავისით მოგხვდეს თვალში ამ დროს საუკეთესო გამოსავალია.
ახალი და საინტერესო ფილმი ვერ აღმოვაჩინე, მაგრამ საიტის მარცხენა მხარეს მე და ჩემ ქმარს მაშინვე მოგვხდა თვალში LB-ის (Liberty Bank) სარეკლამო ბანერი. რეკლამა მოგიწოდებს რომ შექმნა შენი ანგარიში ამ ბანკში. ეს ფლეშ ბანერია და სურათები და მესიჯები მონაცვლეობით ჩნდება. პირველ ასეთ სურათზე გამოსახულია კომბოსტოს ბაღი, წინ ჩნდება ტექსტი ”მოიყვანე”, ანუ ეს კადრი გეუბნება ”მოიყვანე კომბოსტო”, მეორე სურათზე გამოსახულია წყვილის ქორწინების სცენა, ერთმანეთზე ხელები უკიდიათ, თუ ბეჭედს უკეთებენ, თუ რაღაც ამდაგვარი, აქაც წინ ჩნდება ტექსტი ”მოიყვანე”, ანუ ”მოიყვანე ცოლი”, მესამე კადრი გეუბნება ”შექმენი შენი ანგარიში” და ბოლოს, მეოთხე - ”ჩვენ ვაფასებთ თქვენს იუმორის გრძნობას” (იხ. ბანერის ლინკი -
http://allmovies.ge/advertisement/lb-240x145-v2.swf)აჰა, ჩემი გონება, ანუ პოტენციური კლიეტის (?) გონება, იწყებს მესიჯების გადახარშვას აი ამ თანმიმდევრობით:
მაშინვე ვხვდები რომ ეს იუმორისტული რეკლამაა. სასაცილო რაღაცეებზე სულ მეცინება ხოლმე და რადგან არ გამეცინა და ბოლოში დაეწერა ”ჩვენ ვაფასებთ თქვენს იუმორის გრძნობას”-ო, ესე იგი ეს რეკლამა სასაცილოა ხო? ამიტომ უნდა ვიპოვო ფარული იუმორი.
დამრჩა სამი კადრი: ”მოიყვანე კომბოსტო”, ”მოიყვანე ცოლი”, ”შექმენი შენი ანგარიში”:
”მოიყვანე კომბოსტო” - არა, თავისთავად ნამდვილად არ არის სასაცილო, ნუ არა, რა ვქნა, არ მეცინება, წარმოვიდგინე კომბოსტოს მოყვანა, მაგრამ არ მეცინება, გამოვრიცხე.
”მოიყვანე ცოლი” - სასაცილოა ეს კადრი დამოუკიდებლად? ჰმ, აბა დავფიქრდე. კი, ალბათ, ჰეჰე, კი, არის ცოტა სასაცილო, იმიტომ რომ მე ხომ ვერ მოვიყვან ცოლს? (ქალი ვარ, თანაც ჰეტერო, და იმიტომ) ხო და კიდევ იმიტომ რომ (ეხლა ცოტა არაკორექტული ვიქნები და მინდა წინასწარ მოვუხადო ბოდიში მამაკაცებს) მე უკვე მოვიყვანე ქმარი, მაგრამ ეს რომ დავწერე ჩემმა ქმარმა მითხრა შენ კი არ მომიყვანე, ჩვენ ვიქორწინეთო, ან დავქორწინდითო, როგორც გინდაო... ან შენ როგორ მომიყვანდი, პატარა ბავშვი, ძაღლი ან კატა ხომ არ ვარ ხელში აგეყვანე და სახლში მოგეყვანეო... ან კომბოსტო მეთქი, ვიხუმრე, ჰეჰე.
”მოიყვანე კომბოსტო”+”მოიყვანე ცოლი” - არის, არის, მართლა! ძალიან სასაცილოა, წარმოიდგინე, ჯერ კომბოსტო მოგყავს, მერე ცოლი და მერე კომბოსტოდან ბავშვები გიჩნდებათ, ლოლ! არის, ეგ არის!
”შექმენი შენი ანგარიში” - სასაცილოა? მაგრამ მგონი ეს არც უნდა იყოს სასაცილო, თან მე სულაც არ მეხება იმიტომ რომ ჯერჯერობით არაფრის და არავის მოყვანას ვაპირებ და თუ ანგარიშის შექმნა დამჭირდება მივმართავ რომელიმე ისეთ ბანკს, რომელსაც უკეთესი იუმორის გრძნობა აქვს, ოღონდ არა საქართველოს ბანკს, იმიტომ რომ იქ ნახმარი მანქანები არ უყვართ, იქ მარტო ისეთი მანქანები უყვართ მანამდე რომ არავისი ყოფილან, ჩემი მანქანა კი ნახმარია. (თუ ვერ ხვდები რაზეა საუბარი ეს არ გამოტოვო -
http://www.youtube.com/watch?v=2wxuYmOJxKk)P. S. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ არავითარ შემთხვევაში ეს არ არის ფემინისტური გამოსვლა, მეტიც, საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს ფემინიზმი რას ნიშნავს, ალბათ მისი პირველყოფილი მიზანი და ფორმა დღეს უკვე დამახინჯდა და ჩემთვის უფრო გაბოროტებულ და მამაკაცთმოძულე ქალების ჯგუფთან ასოცირდება ვიდრე თანამედროვე, განვითარებულ და თავისუფალ ქალებთან.
ასეთ დიდ და ცნობილ კომპანიებს არ ეპატიებათ ისეთი რეკლამების კეთება, რომლებიც ქართული მენტალიტეტის ხარვეზების პროპაგანდას ახდენენ, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იუმორის საპოვნელად სამუცნობიანი განტოლების ამოხსნა არ გჭირდება.