Fahrenheit (Indigo Prophecy)გამომცემელი: Atari
მწარმოებელი: Quantic Dream
წელი: 2005
ჟანრი: სათავგადასავლო / ინტერაქტიული ფილმი
ინტერაქტიული რევოლუციაინტერაქტიული ფილმი, როგორც კომპიუტერული თამაშების ერთ–ერთი ჟანრი, ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ ორი ათეული წლის წინ –– ეს კი სწრაფად განვითარებადი სათამაშო ინდუსტრიისათვის ნამდვილად დიდ დროს წარმოადგენს. ამ ხნის მანძილზე ჟანრმა რათქმაუნდა სერიოზული ევოლუცია განიცადა: პირველი ინტერაქტიული მულტფილმი, Dragon’s Lair, გამოვიდა 1983 წელს და მას შემდეგ მთელმა ეპოქამ ჩაიარა. შეიცვალა სათამაშო პლატფორმები, დაიხვეწა ტექნოლოგიები, გაჩნდა ახალი შესაძლებლობები... მაგრამ უცვლელი დარჩა მთავარი პრინციპი –– მაყურებელი უნდა იყოს ფილმის მონაწილე.
სწორედ ამაში იყო მთავარი სირთულე ყოველთვის. სად უნდა გაიაროს იმ ზღვარმა, სადაც მთავრდება ფილმი და იწყება თამაში? რამდენად უნდა შეეძლოს მაყურებელს ფილმის სიუჟეტზე ზეგავლენის მოხდენა? როგორ უნდა წარიმართოს ფილმში მონაწილეობის პროცესი ისე, რომ შენარჩუნებული იქნეს დინამიკა, რაც ფილმს ახასიათებს, მაგრამ იმავდროულად მაყურებელს დარჩეს საკმარისი დრო გადაწყვეტილების მისაღებად? რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მაყურებელი არ დაემსგავსოს უბრალო მეისრეს, რომელსაც მხოლოდ ლიანდაგები გადაყავს, როდესაც მატარებლების განრიგი უკვე დაგეგმილია და მისი შეცვლა არავის შეუძლია? როგორ უნდა გაუჩნდეს მაყურებელს იმისი შეგრძნება, რომ სწორედ მის არჩევანზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება შემდეგ?
ეს კითხვები მეტწილად უპასუხოდ რჩებოდა მთელი ამ ხნის მანძილზე. გაჩნდა შეგრძნება, რომ ჟანრმა ვერ გაამართლა, ვერ შეძლო მეტოქეობის გაწევა ვერც მისი მონათესავე როლური და სათავგადასავლო ჟანრებისათვის, ვერც თავად კინემატოგრაფიისთვის. ჟანრი თანდათან დავიწყებას მიეცა და დღეს ის პრაქტიკულად აღარ არსებობს თავისი პირვანდელი სახით. მაგრამ თვითონ იდეა იმდენად საინტერესო იყო, რომ უბრალოდ არ შეიძლებოდა უკვალოდ გამქრალიყო. თამაშების მწარმოებლებმა ჯერ კიდევ 90–იანი წლებიდან დაიწყეს სხვადასხვა ჟანრის თამაშებში ინტერაქტიული ფილმის ელემენტების ჩართვა და ამისი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი არის 1994 წელს გამოსული კოსმოსური სიმულატორი Wing Commander III: Heart of the Tiger.
ბოლო პერიოდში გაჩნდა კიდევ ერთი ტერმინი –– კინემატოგრაფიული გეიმფლეი. მისი განმარტება ამგვარად შეიძლება: თამაშის პროცესი, რომელიც რაღაცით ფილმის მსვლელობას მოგვაგონებს. ეს მიიღწევა სხვადასხვა მეთოდებით, რომელთაგან უმთავრესია კამერის თავისებური, ე.წ. „კინემატოგრაფიული“ რაკურსები და თამაშის ძრავზე აწყობილი დასკრიპტული (წინასწარ დაპროგრამებული) სცენები, რომლებიც საერთო ჯამში ფილმის ატმოსფეროს ქმნიან. მაგრამ მათი კავშირი კინემატოგრაფიასთან ამით მთავრდება –– ისინი არ ცდებიან კომპიუტერული თამაშების ჩარჩოებს.
სწორედ ამ დროს მოევლინა ქვეყანას თამაში Fahrenheit –– „ფარენჰეიტი“ (ალტერნატიული სახელწოდებაა Indigo Prophecy –– „ინდიგოს წინასწარმეტყველება“). ამ თამაშის შემქმნელებმა მოახერხეს პასუხი გაეცათ პრაქტიკულად ყველა იმ კითხვაზე, რომელიც უპასუხოდ დატოვა ინტერაქტიული ფილმის ჟანრმა დღიდან თავისი არსებობისა. მათ შეძლეს შეუძლებელი: მაყურებელს, ანუ მოთამაშეს, პირველად გაუჩნდა რეალური შეგრძნება, რომ მის გადაწყვეტილებას შეუძლია მოვლენების მსვლელობა შეცვალოს. მეისრის როლი წარსულს ჩაბარდა და გზა დაუთმო არჩევანის ნამდვილ, არამოჩვენებით თავისუფლებას.
მაგრამ ისმის კითხვა –– მართლა ინტერაქტიულ რევოლუციასთან გვაქვს საქმე, თუ ესეც მორიგი ილუზიაა? მოდით ერთად შევეცადოთ ამაში გარკვევა...
ნეტავ შიგნით რა დევს?ალბათ ისევე, როგორც თქვენ, მეც მიყვარდა ბავშვობაში სათამაშოების დაშლა –– მაინტერესებდა, რა იდო შიგნით, როგორ მუშაობდა... მოდით დავშალოთ „ფარენჰეიტი“ და ვნახოთ, როგორაა მოწყობილი.
კორპუსთან პირველივე შეხება სტატიკური ელექტროობის განმუხტვას გავს და მექანიკურად გვაიძულებს ხელი უკან წავიღოთ. რა არის ეს? საზოგადოებრივი საპირფარეშოს კაბინა, იატაკზე სისხლი წვეთს, ახლაგაზრდა მამაკაცი საკუთარ მაჯებს ისერავს დანით... მისი სახის გამომეტყველება და სხეულის კონვულსიური მოძრაობები აშკარად მიუთითებს, რომ ის საკუთარ სხეულს არ ფლობს... კადრი იცვლება, ჩვენ ვხედავთ ხნიერ მამაკაცს, რომელიც პირსაბანთან მიდის... დანამომარჯვებული და სახეწაშლილი მარიონეტი ფეხით აღებს კაბინის კარს და მკვეთრი, თოჯინისებური მოძრაობებით მიიწევს მსხვერპლისკენ... დარტყმა ზურგში, ცივ იატაკზე მოწყვეტით დავარდნილი სხეული, სამი ძლიერი, ქირურგიული სიზუსტით შესრულებული დარტყმა მკერდის არეში, მსხვერპლზე ამხედრებული ჯალათი თავს მაღლა სწევს და ხელებს განზე შლის, თითქოს შესაწირის მიღებას შესთხოვს თავის სისხლიან ღვთაებას... დანა ხმაურით ვარდება ძირს... და ამ დროს მარიონეტი რეალობას უბრუნდება. გამოფხიზლებული მკვლელი ისევე გაოგნებული და შეძრწუნებული შესცქერის თავის ნამოქმედარს, როგორც ჩვენ...
საშინელებათა ფილმი? ჰორორ–ექშენი? მორიგი დეტექტიური კვესტი სერიული მკვლელობების გამოძიებაზე? ნუ ავჩქარდებით, გავაგრძელოთ სათამაშოს დაშლა...
სწორედ იმ მომენტში, როდესაც ლუკას კეინი (ასე ქვია მთავარ პერსონაჟს) გაოგნებული სახით დასცქერის მის მიერ ახლახანს სასტიკად მოკლული ადამიანის გვამს, ჩვენ გვეძლევა მისი მართვის საშუალება. ჩვენც ისევე დაბნეულები ვართ, როგორც მთავარი გმირი. ჩვენც ისევე არ ვიცით, რა მოხდა, როგორც მან. ჩვენც ისეთივე პანიკაში ვიმყოფებით, როგორც ის, იმიტომ რომ ერთი შეხედვით გამოუვალ მდგომარეობაში ვართ –– გვამი იატაკზე, გარშემო სისხლი, ამ დროს კი კადრი ორად იყოფა, ჩვენ ვხედავთ იმ სასადილოს, რომლის საპირფარეშოშიც ვიმყოფებით, კლიენტებს, მომსახურე პერსონალს... პოლიციელს, რომელიც ვახშმობს... ღმერთო ჩემო! აქაურობა სასწრაფოდ უნდა დავტოვოთ! მაგრამ როგორ? მივატოვოთ ყველაფერი როგორც არის და თავქუდმოგლეჯილი გამოვვარდეთ საპირფარეშოდან, ყველას დასანახად, სისხლიანი ხელებით და აუარებელი სამხილით, თუ ჯერ გვამი შევტენოთ კაბინაში, დანა მოვიშოროთ, სისხლი მოვიბანოთ და მშვიდად დავტოვოთ სასადილო, რომ რაც შეიძლება ნაკლები ეჭვები წარმოვქმნათ? არჩევანი ჩვენზეა, დრო კი ულმობლად გადის...
არა, ეს ნამდვილად არ არის მორიგი დეტექტიური კვესტი. არც ჩვეულებრივი ჰორორ–ექშენია. გილოცავთ, მეგობრებო –– ჩვენ ფილმში ვართ, ოღონდ არა როგორც უბრალო მაყურებელი, არამედ როგორც მოვლენების უშუალო მონაწილე, რომლის არჩევანზეცაა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ფილმის სიუჟეტი. ყოველი მცირე დეტალი –– სად დავმალავთ დანას, სასადილოდან წამოსვლისას ტაქსს ავირჩევთ თუ მეტროს, ვის რას ვეტყვით, პასუხს მალე გავცემთ მოულოდნელ კითხვაზე, თუ შევყოყმანდებით და ნერვიულობას შევიმჩნევთ, შესაძლო ვარიანტებიდან რომელს ავირჩევთ –– ყველაფერი ეს სხვადასხვა ხარისხით მოქმედებს მოვლენების მსვლელობაზე, ზოგჯერ უმნიშვნელოდ, ზოგჯერ კი დრამატულად. ეს ყოველივე კი ხდება რეალურ რეჟიმში, ყოველგვარი პაუზების გარეშე –– ჩვენ ისეთივე სწრაფი აზროვნება და რეაქცია მოგვეთხოვება, როგორც რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებში აღმოჩენილ ადამიანს. ჩვეულებრივი სათავგადასავლო თამაშებისგან განსხვავებით „ფარენჰეიტში“ დრო გაყინული არაა, ის წინ მიდის და ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს...
სულ ეს არის, თუ კიდევ გველოდება სიურპრიზები? მოდით, კიდევ მოვხსნათ რამდენიმე ჭანჭიკი ჩვენს სათამაშოს.
როგორც ირკვევა, ჩვენგან არა მხოლოდ რუხი ნივთიერების ამოძრავებას მოითხოვენ. თითქმის ყველა სათამაშო ეპიზოდი ფიზიკურ ჩარევას საჭიროებს. გიტარაზე დაკვრა გნებავთ? კეთილი ინებეთ და რითმში ჩაჯექით, თორემ ინსტრუმენტის გადადება მოგიწევთ. კრივში გავარჯიშების ხასიათზე ხართ? პარტნიორის დარტყმაზე ელვისებური რეაქცია გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მალე აღმოჩნდებით ნოკაუტში. პოლიციას გაურბით მანქანებით გადაჭედილ ქუჩებში? სწრაფად აირჩიეთ მიმართულება, თუ არ გინდათ სატვირთო მანქანის საბურავების ქვეშ მოყვეთ... არკადული ექშენის ელემენტი სახეზეა და მას ისეთივე მნიშვნელოვანი როლი აკისრია თამაშის პროცესში, როგორც სათავგადასავლო ელემენტს.
ჩვენს მაგიდაზე ამასობაში ადგილი აღარ დარჩა –– ყველგან დაშლილი სათამაშოს უამრავი დეტალია მიმოფანტული, ზოგი დიდი, ზოგი მცირე. მაგრამ სამი მთავარი დეტალი აშკარად გამოირჩევა სხვებისგან, სამი წამყვანი ელემენტი: ინტერაქტიული ფილმი ძლიერი, ჩახლართული სიუჟეტით; დეტექტიური კვესტი ლოგიკური ამოცანებით და დაძაბული ინტრიგით; არკადული ექშენი თავბრუდამხვევი ტემპით და ადრენალინის გაძლიერებული დოზით. ეს სამი ელემენტი ორგანულადაა შერწყმული ერთმანეთში. მათი სინთეზი ბუნებრივია, თამაში კი მთლიანი, ჰარმონიული და გაბალანსებული.
კინოდარბაზიდან გამოსვლისასთამაში დავშალეთ და ავაწყეთ, მაგრამ მთავარ კითხვებზე პასუხი ჯერ კიდევ გასაცემია: მოახდინა თუ არა „ფარენჰეიტმა“ ინტერაქტიული რევოლუცია? მიაგნეს თუ არა მისმა შემქნელებმა ფილმისა და თამაშის იდეალური სინთეზისათვის საჭირო მაგიურ ფორმულას? ამ კითხვებზე საბოლოო პასუხი ალბათ ისევ თქვენ უნდა გასცეთ, როდესაც „ფარენჰეიტს“ ითამაშებთ, მე კი ჩემს სუბიექტურ აზრს მოგახსენებთ: რევოლუციასთან თუ არა, ინტერაქტიულ შედევრთან ნამდვილად გვაქვს საქმე. ამის სათქმელად კი ყველანაირი საფუძველი სახეზეა –– ჩამთრევი, დრამატული და დინამიური სიუჟეტი, რომელშიც ჩვენ ვმონაწილეობთ არა მხოლოდ მკვლელის როლში, არამედ პარალელურად გამომძიებლებისაც; საინტერესო, ღრმად გახსნილი პერსონაჟები, რომლებიც ლოგიკურად და ბუნებრივად ურთიერთქმედებენ; მოქმედებებისა და მოვლენების ფაქიზი, ჯაჭვური მექანიზმი, რომელშიც ყველაფერი ერთმანეთზეა აგებული და დამოკიდებული; რეალური, ადამიანური ემოციების გათვალისწინება თამაშის პროცესში –– ნერვიულობას, შიშებსა და სტრესს შეუძლია ბოლო მოუღოს ნებისმიერ ინტერაქტიულ პერსონაჟს, რომელსაც თქვენ თამაშობთ, ისინი შეიძლება დეპრესიაში ჩავარდნენ, ყველაფერი მიატოვონ, ან სულაც თავი მოიკლან, ხოლო დადებით ემოციებს, სექსუალურ სიამოვნებას, სასიამოვნო მოგონებებს შეუძლიათ პირიქით, დაძაბულობა შეამსუბუქონ და პერსონაჟს ცხოვრება გაუადვილონ; დაბოლოს, შთამბეჭდავი 3D გრაფიკა, უმაღლეს დონეზე შესრულებული ხმის ეფექტები, პერსონაჟების უნაკლო გახმოვანება და ატმოსფერული მუსიკა (ჰოლივუდის ერთ–ერთი საუკეთესო კომპოზიტორის, ანჯელო ბადალამენტის მიერ შექმნილი), რაც მოთამაშეს ეხმარება თავიდან ბოლომდე ჩაიძიროს თამაშის სამყაროში. რათქმაუნდა „ფარენჰეიტი“ არაა იდეალური თამაში და მასაც აქვს თავისი მინუსები, მაგრამ ისინი არაა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ მათზე ყურადღების გამახვილება ღირდეს. მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თამაშის გავლის შემდეგ მე პირადად დამრჩა უცნაური გრძნობა, რომელიც ზოგჯერ გვეუფლება ხოლმე კარგი ფილმის დამთავრებისას –– ერთდროულად ნასიამოვნებიც ვიყავი და გულდაწყვეტილიც. გულდაწყვეტილი იმის გამო, რომ ფილმი დასრულდა...
P.S. ეს იყო ჩემი პირველი მიმოხილვა გაზეთ "ნავიგატორისათვის". Enjoy!