AG.ru-ს ნიუსის ქართული ვერსია:მრავალთვიან ჭორებსა და მითქმა–მოთქმას იმასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს თუ არა Blizzard–ში მუშაობა Diablo III–ზე, როგორც იქნა ბოლო მოეღო – პარიზში თამაშის ოფიციალური ანონსი გაკეთდა. პრეზენტაციაზე თამაშის დეველოპერებმა მუშა სადემონსტრაციო ბილდი წარმოადგინეს.
Diablo III შექმნილია საკუთარ სამგანზომილებიან ძრავზე, თუმცა კვლავინდებურად იზომეტრიულ პროექციას იყენებს – როგორც სჩანს, სერიის ორიგინალური თამაშების განწყობისა და ატმოსფეროს შესანარჩუნებლად. მისი მოქმედება ხდება Diablo II: Lord of Destruction–ის მოვლენებიდან 20 წლის შემდეგ. მეფისტო, დიაბლო და ბაალი დამარცხებულნი არიან, სამყაროს ქვა, რომელიც სანქტუარიუმის მაცხოვრებლებს იცავდა, განადგურებულია და ქალაქ ტრისტრამში კვლავ ბოროტება ბინადრობს. ბნელ ძალებთან საბრძოლველად გაემართებიან ხუთი სხვადასხვა კლასის გმირები, რომელთაგან ორი – ბარბაროსი და ჯადოქარი – პრეზენტაციის დროს იქნა ნაჩვენები.
ავტორების თქმით, Diablo III პირველ რიგში გათვლილია რამდენიმე მოთამაშის მიერ ერთობლივად გავლაზე (თუმცა, მასში PvP–ც იქნება). ავტორებმა დატოვეს ინტერფეისის ნაცნობი იერსახე, მაგრამ მოახდინეს რამდენიმე ელემენტის გაუმჯობესება – სახელდობრ, ახლა უკვე შესაძლებელია უნარებს შორის გადართვა TAB კლავიშის ან თაგვის ბორბლის მეშვეობით. სამკურნალო ფიალებმა აქტუალურობა დაკარგეს – ამიერიდან ბოროტებასთან მებრძოლები მოკლული მტრისგან გადმოვარდნილ წითელ სფეროებს გამოიყენებენ დაკარგული ჯანმრთელობის აღსადგენად.
წინა თამაშების მსგავსად, Diablo III რუკების შესაქმნელად ფსევდო–შემთხვევითი რიცხვების გენერატორს იყენებს. იმისათვის, რომ თამაშის მეორედ გავლა მოსაწყენი არ იყოს, გენერატორი დონეებს დაუმატებს კვესტებისა და შემთხვევითი დასკრიპტული სცენების დიდ რაოდენობას. თავად ლოკაციები უფრო ინტერაქტიული გახდება – ეს ეხება როგორც არქიტექტურას (მაგალითად, ჩვენ კედლების ნგრევის უფლებას მოგვცემენ), ასევე ობიექტებს. „ბოსები“ შესამჩნევად გაიზრდებიან – მონსტრი, რომელიც პრეზენტაციის ბოლოს გმირს დაესხა თავს, 6–7–ჯერ აღემატებოდა მას ზომით. Diablo III–ის ქსელური რეჟიმი ეყრდნობა Battle.net–ის 24 საათიან სერვისს.
Blizzard–მა უკვე აამუშავა პროექტის ოფიციალური საიტი, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ თამაშის აღწერილობას, იხილოთ სკრინშოტები, ილუსტრაციები და ვიდეორგოლები, აგრეთვე წაიკითხოთ დეკარდ კეინის, ტრისტრამის უხუცესის დღიური. თამაშის გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.
წყარო:
http://www.ag.ru/news/id/id17134