როგორ ხდება, რომ ესა თუ ის ობიექტი გარკვეულ მომენტში ჩვენი ყურადღების
ცენტრში ექცევა? ზოგჯერ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე ვირჩევთ, თუ რას
მივაქციოთ ყურადღება. ამას მიზნით მართულ შერჩევას უწოდებენ. ამის საპირისპიროდ,
გამოყოფენ სტიმულით გამოწვეულ შერჩევას, როდესაც გარემოში არსებული
ობიექტებისა თუ მოვლენების (სტიმულების) მახასიათებლები თავად, ავტომატურად
იქცევს ყურადღებას ჩვენი, როგორც დამკვირვებლის, მიზნებისგან დამოუკიდებლად. თუ
ადამიანი, რომელიც ქუჩის გადაკვეთას აპირებს, შუქნიშანთან წითელზე შეჩერდება და
ჩაფიქრდება, შუქნიშნის მოულოდნელი ცვლილება _ მწვანე შუქი _ განსაკუთრებული
კონცენტრაციის გარეშეც მიიქცევს მის ყურადღებას.
იმის გასარკვევად, ყურადღების წარმართვაზე მიზნით მართული შერჩევა ახდენს მეტ
ზეგავლენას, თუ _ სტიმულით გამოწვეული, ჩაატარეს ექსპერიმენტები. პირველი
ექსპერიმენტის დასაწყისში ცდისპირებს ეკრანზე უჩვენებდნენ 6 ნაცრისფერ წრეს,
თითოეულში ციფრი 8 იყო ჩაწერილი. ერთი წამის შემდეგ ეკრანზე გამოსახულება
იცვლებოდა: ერთის გარდა, ყველა წრე უკვე წითელი იყო. ცდისპირს მოეთხოვებოდა,
ერთი წამის განმავლობაში დაკვირვებოდა ნაცრისფერ წრეს და ეთქვა, მასში მეტობის
(>) ნიშანი იყო ჩაწერილი, თუ _ ნაკლებობის (<). ამ ამოცანის შესრულებისას
ცდისპირები განზრახ მიმართავდნენ ყურადღებას ნაცრისფერ წრეზე.
მეორე ექსპერიმენტში 6 ნაცრისფერი წრისგან შემდგარ მწკრივს ერთი წამის შემდეგ
ახალი ელემენტი _ წითელი წრე _ ემატებოდა. პირველი ექსპერიმენტისგან განსხვავებით,
სადაც წითელი წრეები ერთგვარ ფონს ქმნიდა ნაცრისფერი წრისთვის, ამ შემთხვევაში
ერთადერთი წითელი ობიექტი ისეთ სტიმულად გვევლინება, რომელიც, ჩვეულებრივ,
ავტომატურად იქცევს ყურადღებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ექსპერიმენტში
ცდისპირებს მოეთხოვებოდათ, დაკვირვებოდნენ ერთ-ერთ ნაცრისფერ წრეს და ეთქვათ,
მასში მეტობის (>) ნიშანი იყო ჩაწერილი, თუ _ ნაკლებობის (<), უმეტეს შემთხვევაში
ახალი ობიექტი უნებლიეთ იპყრობდა ცდისპირთა ყურადღებას. მონაწილეები უკეთ
შეასრულებდნენ ამოცანას, თუ ყურადღებას არ მიაქცევდნენ წითელ წრეს, მაგრამ მათ
არ შეეძლოთ მისი უგულებელყოფა. როგორც ჩანს, სტიმულით გამოწვეული შერჩევა
არა მხოლოდ განსაზღვრავს ყურადღების მიმართულებას, არამედ შეიძლება აღმქმელის
მიზნების საპირისპიროდაც მოქმედებდეს.
ყურადღება არეგულირებს ინფორმაციის ნაკადის შემოსვლას ცნობიერებაში.
რონალდ ბროუდბენთმა შეიმუშავა ყურადღების ფილტრის თეორია, რომლის თანახმად,
ყურადღება ამცირებს ინფორმაციის ნაკადს, ფილტრავს მას, ისე, რომ ცნობიერებამდე
მხოლოდ გარკვეული ნაწილი აღწევს. ამ თეორიის მიხედვით, ინფორმაციის გაფილტვრა
მის გადამუშავებამდე და მნიშვნელობის წვდომამდე ხდება.
ფილტრის თეორიის შესამოწმებლად ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეებს
ეკეთათ ყურსასმენები, რომლებითაც მარჯვენა და მარცხენა ყურს ერთდროულად
მიეწოდებოდა ორი სხვადასხვა ჩანაწერი _ ქალისა და მამაკაცის ხმით წაკითხული
ერთმარცვლიანი სიტყვების მწკრივები. ცდისპირს ყურადღება უნდა მიექცია მხოლოდ
მარჯვენა ყურში მიწოდებული ინფორმაციისთვის და სიტყვები ზედმიწევნით ზუსტად
გაემეორებინა. ექსპერიმენტის მიმდინარეობის გარკვეულ მომენტში ცდისპირს იმ ყურში,
რომელში მიწოდებული ინფორმაციისთვისაც ყურადღება არ უნდა მიექცია, სიტყვებთან
ერთად, ესმოდა ადამიანის სახელები, მათ შორის თავისი სახელიც. ცდისპირთა მესამედმა
გაიგონა თავისი სახელი, ხოლო სხვა სახელების გაგება ვერავინ შეძლო. ამრიგად,
ინფორმაცია, რომელიც, ინსტრუქციის თანახმად, ყურადღების მიღმა უნდა დარჩენილიყო,
გარკვეულწილად მაინც გადამუშავდება, თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება
მიაღწიოს ცნობიერებამდე, თუ რაიმე ნიშნით იქნება გამორჩეული (მაგალითად, თუ ეს
მსმენელის სახელია).
* * *
აუ რა არის ტო!
ჩემს მეტი არავინ პოსტავს!!!
მაგარი მკვდარი განყოფილებაა...

დიფიბრილატორი სჭირდება, რომ გამოფხიზლდეს...
* * *
როგორც ჩანს ამ თემაში მარტო მე ვპოსტავ გიჟივით...
This post has been edited by bagda on 10 Aug 2009, 17:06