გაუგებრობები რომ თავიდან ავიცილოთ, მე მგონი საჭიროა მცირე ახსნა განმარტება თუ რა არის LHC და რა ფუნქციები აკისრიათ მის თანამშრომლებს. ეს არის წრიული ამაჩქარებელი, რომელიც აჩქარებს პროტონებს და აჯახებს ერთმანეთზე. დაჯახების შედეგად იბადება ახალი ნაწილაკები, რომლებსაც დეტექტორები აფიქსირებს და მონაცემებს იწერს. ეს დაჯახებები მიმდინარეობს განუწყვეტლივ წლების განმავლობაში, მხოლოდ ხანდახან ჩერდება დეტექტორების შეკეთებისთვის ან განახლებისთვის. ამ მონაცემებს შემდეგ ფიზიკოსები აანალიზებენ, აკეთებენ ნაშრომებს და იცავენ სადოქტოროებს

ეს დაჯახებები ხდება ამაჩქარებლის წრიული პერიმეტრის რამდენიმე ადგილას, შესაბამისად გვაქვს რამდენიმე ექსპერიმენტი. ორი მათგანი (ATLAS და CMS) არის დიდი და მრავალდანიშნულებიანი, ანუ მანდ ყველანაირ კვლევებს ატარებენ. კიდევ რამდენიმე არის, ასე ვთქვათ, უფრო პროფილური. მაგალითად სწავლობენ მარტო ბ კვარკს

რაც უფრო დიდხანს მუშაობს ამაჩქარებელი, მით მეტ მონაცემებს ჩაიწერს და უფრო მეტი მონაცემები (data ინგლისურად) ნიშნავს უფრო ზუსტ გამოთვლებს. მაგალითად ვთქვათ რომელიმე ჯგუფი ზომავს ტოპ კვარკის მასას. პირველი გამოთვლაში დავუშვათ გამოიყენეს 1 წლის მანძილზე დაგროვილი მონაცემები და მიიღეს რაღაც შედეგი და გარკვეული ცდომილება. შემდეგ იმუშავა ექპსერიმენტმა კიდე ერთი წელი, დააგროვა უფრო მეტი მონაცემები, გააკეთებენ იგივე გაზომვას და მიიღებენ უფრო ზუსტ შედეგს, ანუ უფრო მცირე ცდომილებას. ასე გრძელდება მრავალი წლის განმავლობაში. LHC-მ ჯერ ახლა დაიწყო მუშაობა, მონაცემები არ აქვს საკმარისი და რამე რეალური ფიზიკური შედეგის მოთხოვნა ჯერ ადრეა.
ახლა ვინ მუშაობს მანდ, რა ფუნქციები აკისრიათ, და ქართველები რას აკეთებენ. თითოეულ ექსპერიმენტზე მუშაობს ასობით ფიზიკოსი ათობით უნივერსიტეტიდან. ამ ფიზიკოსებს ორგვარი მოვალეობა აკისრიათ, ერთი რომ აკეთონ კვლევები ფიზიკაში, მეორე რომ მოუარონ დეტექტორს. დეტექტორი ძალიან რთული მოწყობილობაა, შედგება ბევრი ნაწილისგან და ყველას ჭირდება ყურადღების მიქცევა სწორად რომ იმუშაოს. ამიტომ ყველა ნაწილი ჩაბარებული აქვს რომელიმე ჯგუფს. რეალურად ეს დეტექტორის მოვლა არავის ეხალისება, მაგრამ თუ დეტექტორს არ მოუარე ის არ იმუშავებს, არ მოგცემს მონაცემებს და ვერ გააკეთებ შენ სამეცნიერო კვლევებს. ამიტომ ყველა ფიზიკოსი ამავდროულად ჩართულია დეტექტორის მოვლა პატრონობაში, ქართველიც და უცხოელიც. ამას შეიძლება "კაბელების თრევა" დაარქვა და გარკვეულ წილად შავ სამუშაოდ ჩათვალო იმ გაგებით, რომ ფიზიკა არაა, მაგრამ ამის გარეშე თეთრი სამუშაო არ იქნება, ამიტომ ამას ყველა აკეთებს, არამარტო ქართველები. კიდევ არიან ტექნიკური მომსახურე პერსონალი, მაგალითად ინჟინრები რომლებიც აწყობენ მიკროსქემებს დეტექტორისთვის. ეს ფიზიკა არაა, მაგრამ ძალიან მაღალკვალიფიციური საქმეა, შავი სამუშაო არანაირად არაა. ამაში არა მგონია ქართველები მონაწილეობდნენ (სამწუხაროდ მაგდენს ვერ ვქაჩავთ). მართლა შავ სამუშაოს მანდ დამლაგებლები ასრულებენ მარტო და დამლაგებლად ქართველები ნაღდად არ ჩაყავთ
ანუ ქართველები მანდ აკეთებენ იგივეს, რასაც სხვები, არც მეტი არც ნაკლები. იგივე ფიზიკას რასაც სხვები და იგივე "კაბელების თრევას" რასაც სხვები. არ ვიცი დეტექტორის რომელიმე ნაწილი თუა ქართველების გამოგონილი, არ გამოვრიცხავ რომ იყოს, მაგრამ რომც არ იყოს არაფერი სასირცხვილო ამაში არაა ჩვენი მატერიალურ ტექნიკური სიტუაციიდან გამომდინარე. რამე პრემია თუ მისცეს ცერნელ ფიზიკოსებს, ამაში ალბათ პოპულიზმის სურვილმაც ითამაშა როლი

მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ქართველები იქ არაფერს აკეთებენ ან რამენაირად ვინმეზე ნაკლები არიან.
უკაცრავად რომ ამდენი ვწერე, იმედია საინტერესო იყო. შეკითხვები, შენიშვნები და კომენტარები არ მოგერიდოთ.
პ.ს.
ამასწინათ წავიკითხე, ჩვენი განათლების მინისტრი ამბობდა, წარჩინებულ ფიზიკის მასწავლებლებს ცერნში გავაგზავნით კვალიფიკაციის ასამაღლებლადო

ასეთი ბნელი ადამიანი კურირებს განათლების სისტემას :|