1.08.2005 წ.
ყველაფერი ლევან კალაძის გატაცების შესახებ...
ჟურნალისტური გამოძიება
საქართველოს ერთ-ერთმა სატელევიზიო არხმა მიმდინარე წლის მაისის თვეში გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული ომეხ აფრასიძის დედის ინტერვიუ. ქალბატონი დოდო სიდიანი ხელისუფლებას ზედმეტი სისასტიკის გამო აკრიტიკებდა და კატეგორიულად უარყოფდა ოთხი წლის წინ გატაცებული ლევან კალაძის საქმეში მისი შვილის მონაწილეობას.
წინამდებარე პუბლიკაციის მიზანი მხოლოდ ამ საკითხის განხილვა კი არა, საქართველოში ადამიანთა გატაცების პრეცედენტთან ბრძოლისა და ამ პროცესში არსებული ნაკლოვანებების გაშუქების მცდელობაა და შევეცდებით პირუთვნელი ვიყოთ. გარწმუნებთ, ფაქტებს შეულამაზებლად წარმოგიდგენთ - არაფერს გამოვაკლებთ და არც არაფერს დავამატებთ. ამის საჭიროება ნამდვილად არ გვაქვს, რადგან ამ პუბლიკაციაზე ჩემთან ერთად ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძეც (რომელიც ჩვენი გაზეთის მუდმივი თანამშრომელი არ გახლავთ, მაგრამ პერიოდულად აქვეყნებს მასალებს. - ავტ.) მუშაობდა. ჩვენ კი ის ჟურნალისტები ვართ, რომლებსაც წლების განმავლობაში საქმიანი და პირადი ურთიერთობები ჰქონდათ აფრასიძეების ოჯახთან. პუბლიკაციას ჟურნალისტური გამოძიების პრეტენზია აქვს (ის გარემოებაც გასათვალისწინებელია, რომ მასში პროფესიონალი მაძებარიც მონაწილეობდა), გამოძიების დანიშნულება კი სიმართლის დადგენაა და ვეცდებით თუნდაც ვერსიების დონეზე მაქსიმალურად მივუახლოვდეთ ჭეშმარიტებას. და კიდევ, შესაძლოა პუბლიკაციის ბოლოს (რომელიც, ალბათ, გაზეთის რამდენიმე ნომერში გაგრძელდება), იმდენად მნიშვნელოვანი რამ ვთქვათ, რაც არცთუ ცოტა სიახლეს შეიტანს ლევან კალაძის გატაცების ბურუსით მოცულ საქმეში (ამასთან, გვინდა პატიება ვთხოვოთ ლევანის მშობლებსა და მის ძმას, თუ სტატიაში მოყვანილი ფაქტებით მათ ტკივილს მივაყენებთ).
მაშ ასე, რა საერთო აქვს ჟურნალისტ ნინო ბურჭულაძეს აფრასიძეების ოჯახთან?
სვანეთზე უსაზღვროდ შეყვარებული ნინო წელიწადში რამდენიმეჯერ სტუმრობდა ამ ულამაზეს კუთხეს. 2003 წლის დამდეგს სარედაქციო დავალებით სვანეთში გაემგზავრა აფრასიძეების კრიმინალურ კლანზე საგაზეთო მასალის მოსაპოვებლად და რამდენიმეჯერ შეხვდა სვანურ კრიმინალურ სამყაროში კარგად ცნობილ ევგენი აფრასიძის შვილს, ასევე დამნაშავესა და მამის საქმის გამგრძელებელს, ომეხ აფრასიძეს და გაზეთში მასზე ობიექტური მასალები გამოაქვეყნა. სიმართლე ყველგან ფასობს, განსაკუთრებით კი სვანეთში, და ომეხსაც კეთილგანწყობა გაუჩნდა ჟურნალისტის მიმართ. ნინომ მესტიაში სიარულს მოუხშირა და აფრასიძეების ოჯახთან სიახლოვის წყალობით, სადაც თავს იყრიდა სვანი დამნაშავეების ე. წ. “ელიტა”, ჟურნალისტი იქაური კრიმინალური სამყაროს ექსპერტადაც მოგვევლინა (რასაც სამართალდამცველებიც არ უარყოფენ). ამაში მკითხველი ჩვენი პუბლიკაციის ბოლომდე ჩაკითხვის შემდეგ დარწმუნდება.
რაც შეეხება სტატიის ავტორის აფრასიძეებთან ურთიერთობას, იგი ოცდახუთი წლის წინ დაიწყო, როცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებრომ დააკავა სიძის (დის ქმრის) მკვლელობისათვის თექვსმეტი წლის განმავლობაში ძებნილი ევგენი აფრასიძე, რომელიც ამ პერიოდში დაქორწინდა კიდეც და შვილები გაუჩნდა. დედ-მამის არარეგისტრირებული ქორწინების გამო ბავშვები დედის გვარზე იყვნენ და სწორედ მაშინ, 1980 წლის შემოდგომაზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ბატონ სანდრო კავსაძის ინიციატივით თბილისის ციხეში ცოლ-ქმარი დაქორწინდა (ამის შესახებ უკვე ვწერდით 2002 წლის 29/IV- 5/V-ის “კვირის პალიტრის” ნომერში). მათი მაყრები მე და ბატონი გივი ყვარელაშვილი გახლდით. ამას მოჰყვა აფრასიძეების ოჯახთან დაახლოება. ევგენი დაკავებიდან ორი წლის შემდეგ (იგი სულიერი აღელვების დროს ჩადენილი მკვლელობისათვის გაასამართლეს და მცირე სასჯელი აკმარეს) გაათავისუფლეს. მოგვიანებით შს სამინისტროდან მივლინებულს ევგენი აფრასიძე სისხლის აღების გახშირებული ფაქტების აღკვეთაში დამეხმარა და მინისტრის სახელით მიცემული მინიმალური შეღავათების გათვალისწინებით სისხლის ამღებები, ანუ მკვლელები (თუ არ მეშლება, რვა კაცი) ზუგდიდის ციხეში გადავიყვანე. მოსისხლეები შერიგდნენ. ასე ჩამოყალიბდა ჩემი ურთიერთობა აფრასიძეების ოჯახთან და ვიდრე ქვეყანა არ აირია, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. მერე რა მოხდა, აღარ ვიცი - მე შინაგან საქმეთა ორგანოებს ჩამოვცილდი, ევგენი აფრასიძე კვლავ ძებნილად იქცა და მთელი თვრამეტი წელიწადი დასაჭერად დასდევდნენ.
იმ ხანებში სვანეთის გზებზე ძარცვა-ყაჩაღობის შემთხვევები გახშირდა, რომლებშიც ევგენის ვაჟების, ომეხისა და გოჩას ხელიც ერია და როგორც ჩანს, ხელისუფლებამ იფიქრა, მამის შემორიგების შემთხვევაში სიტუაცია განიმუხტებაო. მართლაც, შემორიგება შედგა, თუმცა ამაოდ. კრიმინალური ვითარება ზემო სვანეთში მალე იმდენად დაიძაბა, რომ საჭირო შეიქნა მესტიის გზაზე სპეცოპერაციის ჩატარება, რასაც მაინცდამაინც დიდი შედეგი არ მოუტანია. ამ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა გაუხსნელი, რეზონანსული საქმეების სამმართველო, რომელსაც სათავეში (კალაძეების ოჯახის თხოვნით) ჩაუდგა პროფესიონალი მაძებარი, წარსულში აფხაზეთის სისხლის სამართლის სამძებროს უფროსი ბათუ საღინაძე. მან სამმართველოში სამსახური შემომთავაზა, მაგრამ როცა უარი ვუთხარი, გამანდო - გატაცებული ლევან კალაძის კვალი აფრასიძეებამდე მიდის, ვეცადე, მაგრამ მათთან კონტაქტი ვერ დავამყარე. იქნებ ჩაერთო ამ საქმეში როგორც მათი ძველი ნაცნობი, მით უმეტეს, რომ შენი კოლეგა ნინო ბურჭულაძეც ხშირად სტუმრობს ამ ოჯახსო. ნინოს არავისთვის დაუმალავს აფრასიძეებთან თავისი ურთიერთობის ამბავი და ვიცოდი მეც. სწორედ ნინო იყო ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეეცადა ჩემსა და აფრასიძეებს შორის თხუთმეტი წლის წინ შეწყვეტილი ურთიერთობის კვლავ აღდგენას ერთადერთი მიზნით - არ მომხდარიყო სისხლის ღვრა. მკითხველმა უკვე იცის, რომ ეს ვერ შევძელით. მაგრამ არ იცის, რომ ჩვენ არაფერი დაგვიკლია ამ საქმისთვის. ვიღაცას ნამდვილად არ აძლევდა ხელს სამართალდამცველებთან ომეხ აფრასიძის ნებით გამოცხადება. უეჭველია მან ბევრი რამ იცოდა არა მარტო ლევან კალაძის გატაცების, არამედ სხვა კრიმინალურ საქმეებზეც.
ფაქტია, რომ ადამიანთა გატაცების მონაწილენი არაერთხელ ყოფილან პოლიციისფორმიანები. ამით იმის თქმა არ გვსურს, რომ ყველა შემთხვევაში ისინი პოლიციელები იყვნენ, თუმცა არც უამისობაა - დიდი დავა-განსჯა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ამ საქმეებში სამართალდამცველებიც სცოდავდნენ, სხვანაირად ვერ აიხსნება მათი “უსუსურობა” - ხან გატაცებულის გამოხსნის დროს გაექცევათ გამტაცებლები (თბილისის ზღვაზე გენერალ ბაკურაძის მიერ ჩატარებული “ოპერაცია”), ხან თბილისიდან პანკისის შესასვლელამდე მძევალთან ერთად ავტომანქანით მიმავალნი (ხალილოვის გატაცება) ვერ “შეუმჩნევიათ”, ხან კი გამტაცებლები “ოპერაციის” დროს თვალწინ “აორთქლებიათ” (პიტერ შოუს საქმე). რომელი ერთი გავიხსენოთ.
დამნაშავეთა დაუსჯელობამ და უკონტროლობამ ადამიანთა გატაცებების ფაქტები გაახშირა. სამართალდამცავი ორგანოები უფრო მიმდინარე საქმეების ძიებით არიან დაკავებული და ამიტომ ბევრი უკვე მომხდარი დანაშაული ხშირად დავიწყებას ეძლევა. მაგალითად, დღემდე დაუდგენელია მამა ბასილის, ლევან კალაძის, ოფიცერ დურგლიშვილის, მარიამ გოგინაშვილისა და სხვათაA ბედი. ვარდების რევოლუციის შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული ხელისუფლება განსაზღვრულ ეტაპზე დაინტერესდა ამ საქმეებით. სწორედ ამის შედეგი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროში ზემოაღნიშნული სამმართველოს შექმნა. აი, როგორ აფასებს ბათუ საღინაძე წინა წლების მოვლენებს.
ბათუ საღინაძე: - იმ პერიოდში ძალზე გახშირდა ბიზნესმენების გატაცება. ამ საქმეს შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე და მისი გენერალიტეტი მართავდნენ. როცა კახი კალაძე იტალიის კლუბმა “მილანმა” 15 მილიონად იყიდა, თვითონ ფეხბურთელს ამ თანხის მესამედი უნდა მიეღო. მაგრამ ამ დროს ფეხბურთის ფედერაციაში მაფია მოქმედებდა - გაყიდულ ბიჭებს არაფერს აძლევდნენ, მეტიც, ახალ კლუბში დანიშნული ხელფასებიდან წილსაც სთხოვდნენ. ეს “ბიზნესი” იმდენად სარფიანი აღმოჩნდა, რომ ტარიელ ონიანისგან დაფინანსებულმა კახა თარგამაძემ თბილისის “დინამოს” საფეხბურთო კლუბი იყიდა. კალაძის საქმეში კი ონიანი “მოკრძალებულ წილს”, 600.000 დოლარს ითხოვდა (ამბობენ, ონიანი დაეხმარა კახის “მილანის” თავკაცებთან მოლაპარაკებაშიო).
მერაბ ჟორდანიამ ფული (ტრანსფერის) არ მისცა კახის, ამის თაობაზე ფედერაციის პრეზიდენტთან კახი კალაძის მამა, კარლო კალაძეც არაერთხელ მივიდა, მაგრამ მას უარით ისტუმრებდნენ.
იმხანად თბილისში საერთაშორისო მატჩი უნდა გამართულიყო. კახი კალაძე ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად იტალიიდან ჩამოვიდა. ერთ დღეს მასთან გასახდელში შედის ოდესღაც ხელმოცარული ფეხბურთელი, ვინმე დათო:
- ბიჭო, შენ წესები არ იცი, რა გაახურე? ხომ ხედავ, რომ შენს მეტი არავინ ითხოვს ტრანსფერს. კარგი რა, შეეშვი.
- კარგი ჰო, შევეშვი.
- შენ კი შეეშვი, მაგრამ მამაშენი აწუხებს ჟორდანიას.
- მამაჩემსაც ვეტყვი, რომ შეეშვას.
- რაღაც ვალები მაქვს და ერთი ხუთი ათასი დოლარი მეც უნდა მომცე.
- ამას რა, მთხოვ თუ მოითხოვ?
- როგორც გინდა, ისე გაიგე...
- მაშინ არაფერს არ გაძლევ.
- ჰოდა, დედა გეტირება, - ეს უთხრა კახი კალაძეს ხელმოცარულმა “შემწერმა” და წავიდა.
შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
ამ ამბიდან მესამე დღეს კახი სტადიონზე ვარჯიშობს. ამ დროს შესასვლელთან გამოჩნდა მამამისი, რომელსაც მანქანაში ორი ახალგაზრდა უზის. იქვე დგას ზემოხსენებული დათოს შავი “ჯიპი”, რომლის ახლოს ტრიალებს რამდენიმე პირი, პროფესიონალი გამტაცებლები. ისინი კახის გამოსვლას ელოდებიან, მისი გატაცება უნდათ, მაგრამ ამ დროს კარლო დათოს გამოელაპარაკება (ისინი ერთმანეთს იცნობენ). დანარჩენები ხვდებიან, რომ ამჯერად ეს საქმე არ გამოვა და იქაურობას გაეცლებიან.
მალე კახი იტალიაში გაემგზავრა. სამაგიეროდ, თბილისში რჩება მისი ძმა - ლევან კალაძე, რომელიც შერყეული ჯანმრთელობის გამო ოპერაციისთვის ემზადება და ამ მიზნით ხშირად დადის დიღმის მასივში მდებარე ე. წ. რკინიგზის საავადმყოფოში. ახლა ის არის ბოროტმოქმედთა სამიზნე, მის ყველა ნაბიჯს ითვლიან.
ნინო ბურჭულაძე: - ამ ამბიდან ორი კვირის შემდეგ, 2001 წლის 23 მაისის დილას, პოლიციისფორმიანმა ორმა ახალგაზრდამ ვითომდა ნარკოტიკული თრობის მოტივით მანქანაში შეაგდო ლევან კალაძე, რომელიც თვითმხილველთა თქმით, უშედეგოდ უწევდა წინააღმდეგობას უცნობებს. მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს. ადამიანთა გატაცება, განსაკუთრებით იმ დროს, ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, მაგრამ ლევან კალაძის საქმე მაინც გამორჩეულია თავისი სისასტიკითა და ტრაგიზმით. ქართული კრიმინალისტიკის ისტორიაში ეს მეორე შემთხვევაა, როცა ერთი დანაშაულის საქმე წლების განმავლობაში გაუხსნელია და მას უკვე ხუთი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს დანაშაული თავისი ხელწერითაც გამოირჩევა და დასტურია იმისა, რომ ამაოა გამტაცებელ ბოროტმოქმედებთან ბრძოლა, როცა მათ ძალოვნები უდგანან მხარში.
ბ. ს. - იმავე საღამოს გამტაცებლებმა ლევანის მამიდას დაურეკეს (იგი მამიდასთან ცხოვრობდა), ვაჟა-ფშაველას ძეგლთან წერილია და აიღეო. წერილი ლევანის ხელით იყო დაწერილი: “დედიკო და მამიკო, გაუგებრობაში ვარ, საჭიროა 600.000 დოლარი. ფულს ნუ გადამაყოლებთ, შეატყობინეთ კახას”. კარგად დააკვირდით: ტარიელ ონიანი კალაძის ტრანსფერიდან 600.000 დოლარს ითხოვდა. გამტაცებლებმა ზუსტად ეს თანხა მოითხოვეს. ლევანის გატაცება ონიანის დაგეგმილი იყო და მისმა მარჯვენა ხელმა შეასრულა.
ვ. გ. - იცით ვინაა ეს კაცი? შეგიძლიათ დაასახელოთ?
ბ. ს. - მტკიცებულებების მოპოვებაში იმდენი ვინმე მიშლიდა ხელს, რომ უამისოდ რა ფასი აქვს მის დასახელებას, ცილისწამება გამომივა. ამ კაცს კრიმინალური დაჯგუფება ჰყავს. მას მფარველობენ ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი ძალოვნები. ამ საქმის ძიებისას რამდენიმე კაცი ისე მიშლიდა ხელს, რომ სხვაგვარ ახსნას ვერ ვპოულობ.
ნ. ბ. - ძალოვნებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კალაძის გატაცების ორგანიზატორი და შემსრულებელი იყო მერაბ ტვილდიანი, მეტსახელად “ხალვა” (ამის შესახებ ქართული პრესაც წერდა), რომელსაც საკმაოდ ძლიერი კრიმინალური ჯგუფი ჰყავდა და სწორედ ადამიანთა გატაცებებით იყო დაკავებული. მაგრამ “ხალვა” ესპანეთში აღმოჩნდა იმ დროს წასული. ჩვენების თხოვნით იქაურმა ძალოვნებმა დააკავეს კიდეც, მაგრამ იუსტიციის სამინისტრომ რატომღაც დააგვიანა(?!) ექსტრადიციისათვის საჭირო საბუთების გადაცემა ესპანეთის მხარისთვის. ამიტომ იქაური პოლიცია იძულებული შეიქნა, გაეთავისუფლებინა ტვილდიანი. მართალია, მოგვიანებით ჩვენმა სამართალდამცველებმა მაინც მოახერხეს მისი ჩამოყვანა, მაგრამ საქმე “ვერ გაამაგრეს”, მტკიცებულებები ვერ მოიძიეს და სასამართლომ გაათავისუფლა. ახლა ისევ ეძებენ(?!).
ბ. ს.: - ამ ვარაუდის საფუძვლიანობის კიდევ ერთი დასტურია ის, რაც ახლახან ერთმა ჩემმა ნაცნობმა სვანმა მითხრა: - ესენი ვინ ყოფილან? თუ ლევანის გამოხსნა უნდოდათ, ორი კვირა აქვე, თბილისში, ერთ-ერთ მექანიკურ ქარხანაში არ ჰყავდათ, მერე კი ერთი წელიწადი ქვემო სვანეთში. რამდენჯერაც ფულის გადაცემაზე მიდგა საქმე, თვითონ პოლიცია ატყობინებდა გამტაცებლებს, არ აიღოთ, დაიწვებითო.
ნ. ბ.: - მოგვიანებით, როგორც გამოძიებამ დაადგინა, ლევანის კვალი ზემო სვანეთში, აფრასიძეებთან მიდიოდა. თუმცა ჯერ არავინ იცის ამის შესახებ. 2003 წლის აპრილის ბოლოს მესტიაში ბიზნესმენი გოგი ფილფანი გაიტაცეს. ბიძის გამოხსნის მიზნით მესტიაში მიემგზავრება ნოდარ გვიჩიანი, სადაც იგი კანონიერ ქურდს, სპარტაკ ჯაფარიძეს ხვდება.
ნოდარ გვიჩიანის ჩვენებიდან: “მან გვითხრა, მე მართლა არაფერი ვიცი, მაგრამ ისეთ ხალხთან მიგიყვანთ, დახმარება რომ შეუძლიათო... სპარტაკმა აფრასიძეებთან მიგვიყვანა. ომეხ აფრასიძე შემპირდა, გავიგებ ვის ჰყავს ბიძაშენი და ხვალ გეტყვიო. მეორე დღეს გვითხრა, გოგის უფულოდ არ გამოუშვებენ, რადგან სვანების ვალი აქვს. რუსეთში უმუშავებია ხალხი, ფული არ მიუცია და ახლა ისინი თავიანთ ფულს ითხოვენო. დავიწყეთ ვაჭრობა. ომეხმა მითხრა, ამდენს ნუ ვაჭრობ, თორემ შეიძლება ბიძაშენს ის დაემართოს, რაც კალაძეს მოუვიდაო. კალაძეებს თავის დროზე რომ გადაეხადათ ფული, შვილი სახლში ეყოლებოდათო”...
ნოდარ გვიჩიანი თბილისში ჩამოდის გამოსასყიდის - ასი ათასი დოლარის შესაგროვებლად, პარალელურად სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსნებიც ომეხ აფრასიძეს მიმართავენ დასახმარებლად. სწორედ იმ დღეს გავიცანი ომეხი. პოლიციელებს გაკვირვება არ დაუმალავთ ჩემი იქ ყოფნის გამო. მე კი მათი დანახვა სულაც არ გამკვირვებია. ვიცოდი, რომ რთულ სიტუაციებში, დანაშაულის გახსნის მიზნით, პოლიციელები აფრასიძეებს ხშირად აკითხავდნენ დასახმარებლად (პოლიციის მაღალჩინოსნები მკვლელობისათვის და ყაჩაღობისათვის ძებნილ ბოროტმოქმედებთან მიდიან თხოვნით - დანაშაულის გახსნაში დაგვეხმარეთო(?!). - ავტ.).
ნოდარ გვიჩიანის ჩვენებიდან: “როცა აფრასიძეებთან ფული მიგვქონდა, ეცერში ყაჩაღები დაგვხვდნენ და კინაღამ წაგვართვეს, მაგრამ ჩვენ ომეხ აფრასიძე ვუხსენეთ და გაგვიშვეს. ფულის გადაცემიდან ორ დღეში ომეხმა ბიძაჩემი დააბრუნა...”
გათავისუფლებული ფილფანი მეორე დილით, ტელევიზიით, მთელი საქართველოს გასაგონად მადლობას უხდიდა აფრასიძეებს. განსაკუთრებით ომეხს და ირწმუნებოდა, ამ საქმეში ფული არ აუღიაო. “მადლიერების ნიშნად” ფილფანმა ავტომანქანა “ნივაც” აჩუქა ომეხს.
ნ. ბ.: - მოგვიანებით გოგი ფილფანი გამომძიებელთან შეხვედრისას დასვამს ერთ უცნაურ კითხვას: - სად არის კახი კალაძის ძმა? და ამ კითხვას კიდევ რამდენიმეჯერ გაიმეორებს, თუმცა გამომძიებელმა ამას ყურადღება არ მიაქცია... ან არ მიაქცევინეს.
არადა... რატომ აინტერესებს მოსკოვიდან ორიოდე დღით ჩამოსულ კაცს ლევანის ბედი, როცა თვითონ ასეთი განსაცდელი გამოიარა და კვლავაც უკან, რუსეთში მიეჩქარება? ამ კითხვაზე დღემდე პასუხი არ არის გაცემული (გოგი ფილფანი ამჟამად რუსეთშია). შეიძლება ვივარაუდოთ, რომ გამტაცებლები ემუქრებოდნენ, შენც კალაძის ბედს გაიზიარებო, ან იქნებ ლევანიც იმავე ორმოში ჰყავდათ ჩამწყვდეული, ფილფანის გვერდით? პასუხს ითხოვს ბევრი სხვა კითხვაც. ჯერჯერობით კი ახალი ის არის, რომ აფრასიძეების გვერდით კალაძის გვარი პირველად ახსენეს...
ისევ გატაცების პირველ დღეებს დავუბრუნდეთ. გამტაცებლები თითქმის არ წყვეტდნენ კონტაქტს ლევანის მამასთან, ბატონ კარლოსთან. ისინი გამოსასყიდის სასწრაფოდ გადახდას მოითხოვდნენ, მაგრამ თანხა ძალზე დიდი იყო - 600.000 დოლარი. ოჯახის თხოვნით, საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები ერევიან და გამოსასყიდის ფასიც იკლებს... 450.000 დოლარამდე. ერთ-ერთი მორიგი კონტაქტისას კარლო კალაძეს სვანური კილოს მქონე უცნობი დაუკავშირდა და ფულის გადახდის დაჩქარება მოსთხოვა. ძალოვნებმა დაასკვნეს, რომ გამტაცებლებიდან ერთ-ერთი სვანი უნდა ყოფილიყო (მკითხველს ვთხოვთ, არ აერიოს, როცა ჩვენ ამ საქმეში ძალოვნების მონაწილეობაზე ვლაპარაკობთ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მთელი მისი პირადი შემადგენლობა გამტაცებელთა მხარესაა. - ავტ.), ამასობაში ორი კვირა გავიდა გატაცებიდან. კარლო კალაძე იმ შემთხვევაში იყო თანახმა ფულის გადახდაზე, თუ მისი შვილი ცოცხალი და უვნებელი იყო. გამტაცებლები დაჰპირდნენ, რომ კალაძეები ამის დამადასტურებელ ვიდეოკასეტას მიიღებდნენ და დანაპირები შეასრულეს. თვალახვეული და ხელებშეკრული ლევანი მშობლებს ფულის დროულად გადახდას და პოლიციის გარეშე საქმის მოგვარებას სთხოვდა. ამასთან, ყურადღებას იქცევდა ის გარემოება, რომ პაპანაქება სიცხეში გაკეთებულ ჩანაწერში ლევანს მხრებზე პლედი აქვს მოხვეული. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობა ძალზე გაუარესებული იყო.
საბოლოოდ მხარეები 65.000 დოლარზე მორიგდნენ. ფულის გადაცემას გამტაცებლები ქალაქ ხობის შესასვლელში, ტყის მასივის პირას ითხოვდნენ. ხობი იმ დღეს კონტროლზე ჰყავდათ აყვანილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. მათივე რჩევით, კარლო კალაძემ გამტაცებლებს ტელეფონით საუბრისას უთხრა, რომ ის ტყის მასივთან მისვლას არ აპირებდა. ასეთ შემთხვევაში გამტაცებლებმა სხვა ადგილი შესთავაზეს, თვალყურისათვის უფრო მოსახერხებელი - რკინიგზის ბაქანი. ფულის გადაცემა არ შედგა. ოპერაციის ხელმძღვანელებმა კარლო კალაძეს არც ამ შემთხვევაში მისცეს შვილის გამტაცებლებთან შეხვედრის უფლება. მას შემდეგ ლევანის გამოჩენის შანსი თითქმის ნულამდე დავიდა. ხობში მომხდარი ფაქტი დიდი შეცდომა, უფრო სწორად, დანაშაული იყო - უთუოდ ვიღაცის ინტერესებში შედიოდა, რომ გამტაცებლებთან შეხვედრა არ შემდგარიყო. ეს გახლდათ ლევანის მეორედ გატაცების ტოლფასი დანაშაული, რომელიც ამჯერად მხოლოდ ძალოვნების “ძალისხმევით” მოხდა.
რა მოხდა შემდეგ:
2002 წლის 21 მარტს კალაძის საქმეზე დააკავეს ორი ეჭვმიტანილი. მართალია, მათ ჩვენებებს გამოძიებისათვის ხელჩასაჭიდი არაფერი მიუცია, მაგრამ უკვე აპრილში შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებდა, რომ საღ-სალამათი ლევან კალაძე 1-ელი მაისისთვის შინ იქნებოდა. თუმცა დაპირება კვლავ დაპირებად დარჩა. მოგვიანებით სვანურმა კვალმა სამართალდამცველები ლენტეხის რაიონში მიიყვანა, მაგრამ მოუმზადებელმა, არაპროფესიონალურად ჩატარებულმა სპეცოპერაციამ შედეგი ვერ გამოიღო - გამტაცებლებმა (სავარაუდოდ, ისინი გააფრთხილეს) მოახერხეს ლევანის იქიდან გაყვანა. სულ მალე კალაძის საქმეში ბალავაძეების გვარი გაიჟღერებს და ხონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კლავენ ბალავაძეების ჯგუფის წევრებს, ნოე ბალავაძესა და გია ქარდავას. სპეცოპერაციის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზურაბ ჩხეიძე იტყვის, რომ “გარდაცვლილი (იგულისხმება გია ქარდავა. - ავტ.) ფლობდა ინფორმაციას კალაძის საქმეზე”... არა გვგონია, ამის შესახებ ზურაბ ჩხეიძეს მხოლოდ სპეცოპერაციის შემდეგ (დაღუპულისგან) გაეგო. გამოძიებამ მნიშვნელოვანი მოწმე დაკარგა. ასე გაგრძელდა მომავალშიც. ყოველთვის კლავდნენ იმას, ვინც რამე იცოდა ამ საქმეზე.
2002 წლის ოქტომბერში კალაძის საქმეში სამტრედიელი ძმების, ილია და კობა მიქალთაძეების გვარი გამოჩნდება. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია კალაძის საქმეზე. სამწუხაროდ, იმავე წლის ნოემბერში, თბილისის მეხუთე იზოლატორში ორივე ძმა ვერაგულად დახოცეს.
2003 წლის გაზაფხულზე კალაძის საქმეში ჩახედულ კიდევ ერთ ბოროტმოქმედს, ამჯერად ბადრი ქარდავას კლავენ. გამოძიება ჩიხში მოექცა - კალაძის კვალი სრულიად წაიშალა და არავინ იცის, როდემდე გაგრძელდებოდა ასე, რომ არა ზემო სვანეთში განვითარებული მოვლენები, ანუ ფილფანის გატაცების საქმე. ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ, როცა ნოდარ გვიჩიანი რესტორანში ქეიფობდა, შემთხვევით გაიცნო კახი კალაძის მეგობარი დათო კვიჟინაძე და სთხოვა, კახისათვის ეცნობებინა, რომ მის ძმაზე რაღაც იცოდა. დათომ რომ შეიტყო, ლევანის კვალი სვანეთში მიდიოდა, თავად მოისურვა მესტიაში ასვლა და მეგზურობა გვიჩიანს სთხოვა.
ნოდარ გვიჩიანის ჩვენებიდან: “დათოს ვუთხარი, გამოგყვები, მაგრამ არც ლაპარაკში და არც საქმეში მონაწილეობას არ მივიღებ-მეთქი”.
ეცერში მათ ომეხ და გოჩა აფრასიძეები დახვდნენ. როგორც დათო კვიჟინაძე იხსენებს: “ომეხსა და გვიჩიანს შორის საუბარი სვანურად მიმდინარეობდა. მე მათი არაფერი მესმოდა და ქართულად ვკითხე: ლევანი ცოცხალია-მეთქი? ომეხმა ისე შემომხედა, მივხვდი, რომ ეს კითხვა არ მოეწონა. მეორედ არ მკითხოო, მითხრა და საუბარი ისევ ნოდართან გააგრძელა”.
როცა თბილისში ბრუნდებოდნენ, კვიჟინაძეს გვიჩიანმა უთხრა, ლევანი ცოცხალი აღარ არის და აფრასიძეები საფლავის მითითებასა და გამტაცებლების დასახელებაში 120.000 დოლარს ითხოვენო. მოგვიანებით ისინი 60.000-ზე ჩამოვიდნენ.
დათო კვიჟინაძე: “ნოდარს ვუთხარი, ლევანი რომ ცოცხალი არ არის, ამაზე კარლოსთან (ლევანის მამა) ვერაფერს ვიტყვი-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ ნოდარ გვიჩიანი დამიკავშირდა და მითხრა: ომეხმა დამირეკა, ლევანის ადგილსამყოფელი დავადგინე, ცოცხალია და გამტაცებლები 300.000 დოლარს ითხოვენო”.
ამასობაში კახი კალაძე ჩამოვიდა თბილისში. დათო კვიჟინაძემ აეროპორტიდან შინ მიმავალ კახის გზად უამბო, რაც მოხდა. მალე ყველაფერი კარლო კალაძემაც გაიგო. ოჯახმა გადაწყვიტა, ფული გადაეხადა. თუმცა კვიჟინაძის თქმით, მან კარლოს სთხოვა, გადაემოწმებინა, რამდენად რეალური იყო ომეხის დანაპირები.
როდესაც გვიჩიანს ჰკითხეს აზრი (ამ საუბარს თვითონ კახი კალაძეც ესწრებოდა), მისი პასუხი ასეთი იყო - მართალია, აფრასიძეები ყაჩაღები არიან, მაგრამ ბევრი ხალხი ჰყავთ გათავისუფლებული, ბიძაჩემიც (გოგი ფილფანი) მათ იხსნეს, პირობა ჯერ არ დაურღვევიათ. თუ ლევანის დაბრუნებას ვერ შეძლებენ, ფულს აუცილებლად დააბრუნებენო. რატომ დაიჯერა კახი კალაძემ ომეხ აფრასიძის? - ამ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ომეხის კრიმინალურმა ავტორიტეტმა ითამაშა და იმ გარემოებამ, რომ ლევანის გატაცებაში სვანური კვალის არსებობა უკვე გამოძიებითაც დადასტურებული იყო.
საბოლოოდ მხარეები 200.000 დოლარზე შეთანხმდნენ. ომეხმა ნოდარ გვიჩიანს დაურეკა და მეორე დღისთვის ფულის ატანა ითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამტაცებლები კონტაქტზე აღარ გამოვლენო.
ფული სვანეთში ნოდარ გვიჩიანმა და დათო კვიჟინაძემ წაიღეს, მათ პოლიციის მანქანაც აცილებდა, მაგრამ პოლიციელები ეცერამდე აღარ ასულან, ლახამულაში გაჩერდნენ.
ნოდარ გვიჩიანის ჩვენებიდან: “ორასი ათასი დოლარი ჩვენი თანდასწრებით ჩაიბარა ომეხმა... გატაცებული ლევანის დასაბრუნებლად ერთი თვე მოითხოვა და თან გვითხრა, ლევანი სამმა სვანმა გაიტაცა. მათ შორის ერთი ბომბზე აფეთქდა და მოკვდა, ხოლო ორი ცოცხალიაო და სიგარეტის კოლოფის ნაგლეჯზე დამიწერა: “აფრასიძე ელდარი” და კიდევ ვიღაც მეორის გვარი და სახელი. კალაძის დაბრუნების ერთ-ერთ პირობად ორივეს მოკვლა დამავალა”...
საამისოდ ომეხმა ნოდარს ათი ათასი დოლარი მისცა, მაგრამ მას არც უცდია ამ დავალების შესრულება. ნოდარმა ფული დათო კვიჟინაძეს გადასცა. ომეხი კი ტელეფონით ითხოვდა ელდარ აფრასიძისა და იმ მეორის მოკვლას. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ შემთხვევაში იგი მისთვის არასასურველი პირების ჩამოცილებას ისახავდა მიზნად... იოლი გზით, თორემ რა საერთო ჰქონდა კალაძეებთან დადებულ გარიგებასა და ორი კაცის მოკვლას, აბსოლუტურად გაუგებარია. ამ კითხვაზე პასუხს ისევ ნოდარ გვიჩიანის ჩვენება იძლევა: “ომეხთან საუბრის დროს ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს იგი ჭკუასუსტი იყოს. მისი ნალაპარაკები არ არის დალაგებული, ყოველი მისი აზრი ურთიერთსაწინააღმდეგოა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის, რომ მან დააბრუნა ბიძაჩემი (იგულისხმება გოგი ფილფანი. - ავტ.) და ასევე გაათავისუფლა რამდენიმე გატაცებულიც, ამიტომაც გადაწყვიტეს კალაძეებმა გადაეცათ მისთვის აღნიშნული თანხა”.
გავიდა ერთ თვეზე მეტი, მაგრამ ომეხი დანაპირებს არ ასრულებს. მეტიც, იმის გამო, რომ ელდარ აფრასიძე (იგი მიმდინარე წლის იანვარში, თბილისში, კიკვიძის ბაღში ჩაცხრილეს პოლიციელებმა კოლეგის მკვლელობისთვის) და ის მეორე არ დახოცეს, ომეხი გაჯავრებულია და იტაცებს ნოდარის ბიძაშვილს, ნუნუ გვიჩიანს - მე ათი ათასი დოლარი გადავიხადე, მაგრამ დავალება არ შემისრულე, ახლა ფული უნდა დააბრუნოო. მოკლედ, ომეხმა ის ფულიც დაიბრუნა, რომელიც ლევანის გამოსასყიდიდან მისცა გვიჩიანს.
ამრიგად, ომეხ აფრასიძემ ფული კი აიღო კალაძეებისგან, მაგრამ ლევანის დასაბრუნებლად არაფერი გააკეთა. ფულის გარდა კახისაგან მან ძვირფასი ძღვენი - “ვინჩესტერის” მარკის თოფი და სპორტული ფორმის კომპლექტიც მიიღო.
საბოლოოდ კალაძეებმა ვერც ფული დაიბრუნეს და ვერც ლევანის ამბავი გაიგეს. გვიჩიანიც და კვიჟინაძეც გამოძიებას უცხადებდნენ, რომ ომეხმა ყველა მოატყუა. რა იყო ეს, მხოლოდ აფერა თუ...
ომეხს მართლა შეეძლო კალაძეების ან სხვა საქმეში ჩაუხედავი კაცის მოტყუება, მაგრამ რამდენად შეძლებდა გვიჩიანის გაცურებას, ძნელი სათქმელია. ნოდარ გვიჩიანი, ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი, თავად იყო რამდენიმე გატაცებაში ეჭვმიტანილი. მათ შორის ბოკა საყვარელიძის, რომელიც მამის დახმარებით ძალოვნებმა ოსეთში აღმოაჩინეს. გვიჩიანი ამ საქმეზე დაკავებულიც ჰყავდათ. ასევე დააკავეს საფოსტო ბანკის მოადგილის, იაკობიძის გატაცებისა და ფულის გამოძალვის საქმეზე. ვფიქრობთ, ასეთი კრიმინალური ბიოგრაფიის მქონე კაცის გაცურება იოლი არ უნდა იყოს...
ვაჟა გავაშელი
(გაგრძელება შემდეგ ნომერში ) გაზეთი ”კვირის პალიტრა”
ეს სტატია კვირის პალიტრაში იყო მეორე ნაწილი კი კარლო კალაძის თხოვნიტ ჯერ არ გამოუქვეყნებიათ
იძახიან იქნებაო მაგრამ როდის არ ვიცი
აქ ყველაფერია ცდილობდა თუ არა კახა ლევას დახსნას წაიკითხეთ და მიხვდებით ვისაც გაინტერესებთ
This post has been edited by kala on 20 Sep 2005, 12:58
მიმაგრებული სურათი