ამას სადღა ჩაუსაფრიდი მაგარი ხარ რა
* * *
10-ოქტომბერი-2005წ
ყველაფერი ლევან კალაძის გატაცების შესახებ...
თემის გაგრძელება
როგორც დაგპირდით, “კვირის პალიტრა” აგრძელებს ჟურნალისტური გამოძიების მასალების გამოქვეყნებას. “ყველაფერი ლევან კალაძის გატაცების შესახებ”, სწორედ ამ სათაურით “კვირის პალიტრის” 1-7 აგვისტოს ნომერში დაიბეჭდა წერილი, რომელმაც გასაგები მიზეზის გამო ჩვენი მკითხველების დიდი დაინტერესება გამოიწვია. პუბლიკაციაზე მუშაობდნენ ჟურნალისტები, რომელთაც წლების განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა მესტიელი აფრასიძეების ოჯახთან, სადაც საბოლოოდ წყდება გატაცებული ლევან კალაძის კვალი. ნინო ბურჭულაძე შსს-ს სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულ ომეხ აფრასიძესთან მეგობრობდა, მაგრამ ეს ხელს არ უშლიდა მწვავე მასალები გამოექვეყნებინა ჩვენს გაზეთში აფრასიძეების დანაშაულებრივ ქმედებათა შესახებ. ვაჟა გავაშელი კი იმხანად შსს-ს თანამშრომელი, ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაუკავშირდა ამ ოჯახს, როცა პირველად დააკავეს მკვლელობისთვის ძებნილი ომეხის მამა, ევგენი აფრასიძე.
წინა წერილში ლაპარაკი იყო იმის შესახებ, რომ გამტაცებლებს გამიზნული ჰქონდათ მსოფლიოში სახელგანთქმული ფეხბურთელის კახა კალაძის გატაცება, მაგრამ გაუთვალისწინებელ გარემოებათა გამო ეს ვერ მოახერხეს. მის ნაცვლად მისი ძმა ლევანი გაიტაცეს, რომლის დასაბრუნებლად 600.000 დოლარს ითხოვდნენ. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, გამტაცებელი უნდა ყოფილიყო ვინმე მერაბ ტვილდიანი, მეტსახელად “ხალვა”, რომელსაც საკმაოდ ძლიერი კრიმინალური ჯგუფი ჰყავდა. მაგრამ “ხალვა” იმ პერიოდში ესპანეთში იმყოფებოდა. ჩვენების თხოვნით, იქაურმა ძალოვნებმა დააკავეს კიდეც, მაგრამ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ რატომღაც დააგვიანა(?!) ექსტრადიციისთვის საჭირო საბუთების გადაცემა ესპანეთის მხარისათვის, ამიტომ იქაური პოლიცია იძულებული შეიქნა, გაეთავისუფლებინა ტვილდიანი. მართალია, მოგვიანებით მაინც მოახერხეს მისი ჩამოყვანა, მაგრამ საქმე “ვერ გაამაგრეს” - მტკიცებულებები ვერ მოიძიეს და ქართულმა სასამართლომაც... გაათავისუფლა. ახლა კი ისევ ეძებენ(?!).
არადა, ამასობაში გამტაცებლები ფულს ითხოვენ გამოსასყიდად. გატაცებულის მამა თანახმაა ფულის გადახდაზე. საბოლოოდ, გარიგება შედგა, მაგრამ ხობის ტყეში ფულის გადაცემა ვეღარ მოხერხდა.
ამის შემდეგ იწყება ეჭვმიტანილთა დაკავება-გათავისუფლების სერიალი ან უარეს შემთხვევაში იმათი ფიზიკური განადგურება (გაურკვეველ ვითარებაში), ვინც ფლობს ამ საქმესთან დაკავშირებულ რაიმე ინფორმაციას.
მოგვიანებით ლევანის კვალი ჯერ ლენტეხში გაკრთა, შემდეგ კი ზემო სვანეთში, აფრასიძეებთან. მერე კიდევ უფრო გამოიკვეთა ამ საქმეში სვანი კრიმინალების ხელწერა, თუმცა სამართალდამცველთა დანაშაულებრივი დაუდევრობის გამო არც ერთი ოპერატიული ინფორმაცია ბოლომდე გადამოწმებული არ ყოფილა. ის კი ფაქტია, რომ ომეხ აფრასიძემ ამ საქმეში ფულიც აიღო და მისთვის არასასურველი კრიმინალების ლიკვიდაციაც მოითხოვა, ლევანის გასათავისუფლებლად კი არაფერი გაუკეთებია!
დიახ, მას შეეძლო ეცრუა საქმეში ჩაუხედავ ხალხთან, მაგრამ შეძლებდა კი ისეთი კაცის (ნოდარ გვიჩიანის) გაცურებას, რომელსაც თავადაც არ ჰქონდა ომეხზე ნაკლები კრიმინალური წარსული...
ამის შემდეგ პუბლიკაციის გამოქვეყნება შევწყვიტეთ ლევანის მამის, ბატონი კარლო კალაძის თხოვნით აგვისტოს ბოლომდე. შემდეგ კვლავ გვთხოვეს სექტემბრის ბოლომდე გადაგვეწია ეს ვადა. ბატონი კარლო იმედოვნებდა, რომ მისი ძალისხმევა ამჯერად მაინც გამოიღებდა შედეგს და შვილის კვალს მიაგნებდა...
ამჯერად გთავაზობთ მეორე ნაწილს ლევან კალაძის გატაცების შესახებ.
იმედი გვაქვს, ხანგრძლივი პაუზის მიუხედავად, მკითხველს არ განელებია ინტერესი ამ თემისადმი.
რედაქცია
დასაწყისი იხ. “კვირის პალიტრა” ¹31
ნინო ბურჭულაძე: “გამოსასყიდის ატანა სვანეთში უცებ გახმაურდა. 2003 წლის 28 ივლისს ეცერში ომეხ აფრასიძეს შევხვდი. ჩვენ სულ ათიოდ წუთი ვისაუბრეთ. შევამჩნიე, რომ მას “მილანის” საფეხბურთო კლუბის ფორმა ეცვა, კალაძის გვარით ზურგზე. 3 აგვისტოს, სოფელ ჰადიშში, ლიჩაანის დღესასწაულზე მითხრეს, რომ კალაძეებმა ომეხს ფული გადაუხადეს, მაგრამ მან ბიჭი არ დააბრუნაო. გამახსენდა ის მაისური და გადავწყვიტე, სიმართლე დამედგინა. 5 აგვისტოს მესტიაში, სადაც მე ჩემს მეგობრებთან ერთად ვისვენებდი, სპარტაკ ჯაფარიძე მოვიდა სტუმრად. დიდხანს ვისაუბრეთ და მე იმ ამბავზეც ვკითხე. ძალზე უკმაყოფილო იყო მომხდარით - სვანეთში ცუდი ამბავი მოხდა, აფრასიძეებს ეს არ უნდა გაეკეთებინათ, მკვდარ კაცში ფული როგორ აიღეს, თანაც “ვაზვრატიც” არ გაუკეთებიათ. ამას კი შეიძლება ცუდი ამბები მოჰყვეს. თუმცა ბოლომდე არც მე ვიცი ყველაფერიო, - მითხრა სპარტაკმა. მერე მკითხა, არ იცი, ეს ვისი გაჩალიჩებულიაო. ჭორადაც არ ვიცი-მეთქი, მივუგე. ვისი და დათოსიო. რადგან გვარი არ უხსენებია, ვიფიქრე, რომ ეს დათო ჩემთვის ნაცნობი უნდა ყოფილიყო და თანაც ძალოვანი სტრუქტურებიდან, რადგან სპარტაკმა იცოდა, რომ ძალოვნებში ბევრი ნაცნობი მყავდა (სახელი “დათო” კიდევ ბევრჯერ გაიჟღერებს საეჭვოდ კალაძის საქმეში). თავად ომეხ აფრასიძე ყოველთვის უარყოფდა ფულის აღებას. როდესაც ამის შესახებ ვკითხე, არ გაჰკვირვებია - ვიცოდი, რომ შემეკითხებოდიო. მითხრა, ის ფული კა-გე-ბემ შემომიგდო, შენ აიღე და ჩვენ გავუშვებთო. თუ გაშვებას თქვენ აპირებთ, ფულიც თქვენ აიღეთ-მეთქი, ვუთხარიო. ვის გულისხმობდა ომეხი, სამწუხაროდ, ჩემთვის უცნობი დარჩა. კალაძის გატაცების საქმეში კი ერთი კონკრეტული ბოროტმოქმედი გამოჩნდა - ომეხ აფრასიძე - ეს ხელოვნურად შექმნილი იყო თუ რეალურად მიდიოდა კვალი აფრასიძეების ოჯახამდე, დღემდე უცნობია...
ფულის აღების ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე თაღლითობის მუხლით. ერთხანს დათო კვიჟინაძეც და ნოდარ გვიჩიანიც დააკავეს, ომეხის დაკითხვა არ მოხერხდა (ვინ შეაწუხებდა მაშინ აფრასიძეებს! - ავტ.). ვარდების რევოლუციის შემდეგ კი საქართველოს ახალი პრეზიდენტი საზოგადოებას ლევან კალაძის საქმის უმოკლეს ვადაში გახსნას დაჰპირდა და საქმეც დაიძრა.
პარალელურად ნოდარ გვიჩიანი აგრძელებდა ომეხთან ურთიერთობას. 30 იანვარს მის სანახავად სვანეთში ჩავედი. იმ საღამოს ომეხმა მთხოვა, “მარშრუტკას” დავხვედროდით. როგორც გავიგე, ნოდარს მისთვის რაღაც გამოეგზავნა. როდესაც ავტოფარეხში მანქანას ვაყენებდით, ნოდარმა დაურეკა. მოკითხვის შემდეგ სიტყვა კალაძეებზე გადაიტანა. რადგან მანქანაში ომეხის გვერდით ვიჯექი, მათი საუბარი კარგად მესმოდა, ომეხმაც მანიშნა, უსმინეო და ტელეფონის აპარატი პირით ჩემკენ შემოაბრუნა. ნოდარი ომეხს უბოდიშებდა - რა ვქნა, დათო(?!) მაძალებდა მეთქვა, კალაძე დაბრიდესო. ომეხმა მოუბოდიშა - ახლა ავტოფარეხში მანქანას ვაყენებ, მერე დამირეკეო. შემდეგ მომიბრუნდა და მითხრა, ესენი კიდევ რაღაცას გამიჩალიჩებენო. ვინ ესენი-მეთქი. ვინ და ის დათო და სხვებიო, - მითხრა გაბრაზებულმა...”
ეს უკვე ის პერიოდია, როცა კალაძის საქმე ბათუ საღინაძეს მიჰყავს. მალე ბათუ მირეკავს და შეხვედრას მთხოვს. გადაკვრით მიმანიშნებს, რომ მართალია ბევრი ხელის შემშლელი ჰყავს, მაგრამ საქმე როგორც იქნა, ააწყო და სწორ კვალსაც დაადგა. ასეთ დროს ზედმეტი შეკითხვის დასმა პროფესიონალებს წესად არ გვაქვს. ამიტომ მხოლოდ ერთს ვეკითხები, მე რა უნდა გავაკეთო-მეთქი.
- ან შენ უნდა ახვიდე და დაარწმუნო აფრასიძეები, ან იქნებ ნინო დაითანხმო ასვლაზე - თუ არ ჩაგვბარდებიან, ცუდად დამთავრდება მაგათი საქმე. ხელისუფლება ვეღარ შეეგუება სვანეთში არსებულ განუკითხაობას - ტურისტს თავი დავანებოთ, სვანებსაც უჭირთ მიმოსვლა აფრასიძეების შიშით. აუცილებლად ჩატარდება სპეცოპერაცია და მაგ უბედურებს დახოცავენ. ისიც მაფიქრებს, რომ მათთან ერთად გაქრება ლევან კალაძის კვალი და კიდევ უფრო გაჭირდება მისი ძებნა...
ნინოსთან მოლაპარაკება არ გამჭირვებია. ბათუსაც შევახვედრე. შევთანხმდით, ჩემი სახელითაც სთხოვდა ევგენის, რომ ომეხისთვის ჩაბარება ერჩია. რაღა თქმა უნდა, კანონით დაშვებული მინიმალური შეღავათებისა და რაც მთავარია, ოჯახის ფიზიკური გადარჩენის სანაცვლოდ. დავბერდი, ჩემი აღარავის სჯერაო, შემომითვალა ევგენიმ, თუმცა არ იყო ეს გულწრფელი ნათქვამი. უბრალოდ, იმ დროისთვის თვითონ აფრასიძეების ოჯახს ზემო სვანეთში იმდენი მტერი და მოსისხლე ჰყავდათ, რომ თუ იქ ომეხს აღარ დაიგულებდნენ, აფრასიძეებს იოლად გადათელავდნენ - ასე რომ, ეტყობა, ომეხი ფარად სჭირდებოდათ მშობლებსა და ძმებს, რომელთაგან ერთ-ერთი გოჩა თითქმის ტოლს არ უდებდა ავკაცობაში ომეხს, მეორე კი შმაგი, მგონია წესიერი ახალგაზრდაა (ახლა ის პატიმარია და სასჯელს იხდის სპეცოპერაციის მონაწილეთათვის წინააღმდეგობის გაწევისთვის).
შევთანხმდით, თუ ომეხი ჩაბარებას გადაწყვეტდა, მე თვითონ ჩავიდოდი სვანეთში ან ზუგდიდის თუ ჯვარზენის ტერიტორიაზე და უსაფრთხოდ გადმოვიყვანდი თბილისამდე. სპეცოპერაციის გადადებაზე ბათუ საღინაძე იღებდა პასუხისმგებლობას - ნინოს დაბრუნებამდე ასეთი რამ არ მოხდებაო.
ნ. ბ. “10 მარტს ომეხმა დამირეკა და მთხოვა, იქნებ ჩამოხვიდე და პირადად დამელაპარაკო, ძებნილი მე ვარ და არა ჩემი ოჯახის წევრები. ამათგან რა უნდათო. 14 მარტს უკვე სვანეთში ვიყავი. რადგან ამ საკითხზე ოჯახის აზრი ვიცოდი, ომეხთან ლაპარაკს აღარც ვაპირებდი, მაგრამ თავად წამოიწყო: თუ 3 წელს მომცემენ, მოლაპარაკებაზე თანახმა ვარ. მეტს მაინც ვერ ვიცოცხლებ (ბოლო დროს ცუდად იყო). ამას ჩემი ძმისშვილების გულისთვის ვაკეთებ, მომავალში მშვიდად მაინც იქნებიანო. მე არაფერი მითქვამს, მინდოდა თავად გადაეწყვიტა. 19 მარტს მან კვლავ დამიდასტურა თავისი გადაწყვეტილება...
იმ დღეს ომეხმა მეზობელთან დალია და რაკი ვიცოდი, სიმთვრალეში ცუდი ხასიათი ჰქონდა, შევეცადე სახლამდე მიმეყვანა, მაგრამ მანქანა შემოაბრუნა და სოფელ ლახამულაში ჩამიყვანა. მანქანაში ჩვენთან ერთად მეზობლის ბიჭი იჯდა. ისიც ნასვამი.
ჯიხურში ქალი ბენზინსა და არაყს ყიდდა. ნასვამებმა არაყი დალიეს, მანქანაში ბენზინი ჩაასხეს და ის იყო, ომეხს მანქანა უნდა მოებრუნებინა, რომ გზაზე მოძრავმა გრძელმა სატვირთომ გვერდი ვეღარ აუარა და თითქმის გზა გადაუკეტა. ამაზე გადაირია. მით უმეტეს, როცა დაინახა, რომ სატვირთოს მისგან მოკლული ვიბლიანის ახლო ნათესავი უჯდა. არადა, იმ კაცს არაფერი დაუშავებია, დარწმუნებული ვარ, არც სისხლის აღებაზე ფიქრობდა. ომეხი მანქანიდან გადმოხტა და იმ კაცს შელაპარაკებისას გაარტყა. კაცი თავდაღმართში გაიქცა და თითქოს ეს არ კმაროდა, ახლა ეს ჩვენი თანამგზავრი ბიჭი გამოეკიდა პისტოლეტით. პირველად ვნახე, კაცს რომ არაფრისთვის კლავდნენ. არადა, იქვე, ბირჟაზე, ხალხი იდგა, მაგრამ ხმა შიშისაგან ვერავინ ამოიღო. კიდევ კარგი, მდევარს ტყვიები მალე გაუთავდა, ამასობაში ომეხი იქვე მდგარ ვიღაც ბიჭს აუშარდა. ის ხმას არ იღებდა.
ეტყობა, იარაღს რომ ხედავ, გეშინია და იმიტომაც არ იღებ ხმასო, უთხრა ომეხმა, ქამრიანად მოიხსნა იარაღის ბუდე და მანქანაში შეაგდო. ბოლოს და ბოლოს, იმ ბიჭმაც ამოიღო ხმა და იმავე წამს ომეხმა მეორე იარაღი დააძრო, ამჯერად უკვე ჯიბიდან. ვიღაც კაცი, გვარად საბანაძე მოგვადგა ამ დროს - შვილო, ამას კლავს, მაგრამ შენ რაღად აკვლევინებ თავს, აქაურობას გაეცალეო. მაინც ვერ მოვითმინე და ომეხს წინ გადავუდექი - ჯერ მე მომკალი და მერე ეს ბიჭი, ბოლოს და ბოლოს, რა ყელში ამოგვიყვანე-მეთქი. უცებ თითქოს გონზე მოვიდა, დამიჯერა და მანქანაში ჩაჯდა. რის ვაი-ვაგლახით მივიყვანე სახლამდე, იქ კი მისმა ძმამ გოჩამ მე დამდო ბრალი - რას დაათრევ, გინდა მაინცდამაინც შარს გადაეყაროსო. გადავწყვიტე, წამოვსულიყავი და მეორე დღესვე ავტობუსის გაჩერებაზე ჩავედი. მესტიაში ვაპირებდი გადაბარგებას. მომადგა ომეხი და უკან წამიყვანა - რატომ გარბოდიო. თავი ვერ შევიკავე და ვუთხარი, რაც მოხდა - შენ გამო ბრალი მე დამდეს-მეთქი. ამას კი ის მოჰყვა, რომ ძმები წაკინკლავდნენ. ევგენიმ ისევ მე მისაყვედურა - შენი გულისთვის ძმები ჩხუბობენ, მე კი პატივს გცემდიო. იქ რაღა გამაჩერებდა. ისევ ავიკარი გუდა-ნაბადი, ომეხი მაწყნარებდა: ნუ ნერვიულობ, დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ, ზეგ ხელისუფლებას უნდა ჩავბარდეო. საღამოს მაინც წამოვედი. ეს უკვე 22 მარტია. მესტიაში ავედი მეგობართან, იმ დღესაც ამოვიდა და მითხრა, ვის უნდა ჩემი ნახვა, დაველაპარაკებიო...
ადრიანად ავდექი და სამგზავრო სამზადისს შევუდექი. შვიდ საათზე რადიო ჩავრთე. ინფორმაცია ამ სიტყვებით დაიწყო: - “დღეს დილით, ხუთ საათსა და... (რაღაც წუთებზე. - ავტ.), რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმმა მესტიის რაიონის სოფელ ეცერში აფრასიძეების კრიმინალური კლანის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. კრიმინალების მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მოკლული არიან ევგენი და ომეხ აფრასიძეები”...
კინაღამ გონი დავკარგე, მერე ბათუ საღინაძეს დავურეკე გამწარებულმა - კაცი ჩაბარებას აპირებდა, ეს რა გააკეთეთ-მეთქი... წარმოდგენა არ მაქვს, რა სპეცოპერაციაზე მელაპარაკები, ამ წუთშიც სახლში ვარო.”
მე კარგა ხანს ვიმუშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. უამრავ რამეს შევსწრებივარ, მსმენია და თავს გადამხდენია, მაგრამ მსგავს რამეს ვერც ჩვენს
და ვერც უცხოურ ლიტერატურაში ვერ ამოიკითხავთ.
ოპერაციის შემდეგ მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ მან არაფერი იცოდა აფრასიძეებთან მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ(?!). მერე რა, რომ ბატონმა გიორგიმ არ იცოდა, არც შეიძლება ყველაფერი იცოდეს ერთმა კაცმა. დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როდის შეიტყობდა ამას, ერთი საათით ადრე თუ ორი დღით გვიან. ბატონ გიორგის მხოლოდ იმ დაუწერელი კანონის ცოდნა ევალებოდა (და არა მარტო მას, ყველა ოფიცერს, ვინც ამ ოპერაციაში მონაწილეობდა) - იმ საქმეში ჩარევა, რომელზეც თუნდაც ერთი რიგითი პოლიციელი მუშაობს, მის გარეშე აკრძალულია, რადგან შესაძლოა, მის მიერვე დაგებულ ხაფანგში გაებათ.
არავინ დაობს, რომ სპეცოპერაციამ, ბოლოს და ბოლოს, სახელმწიფოს სიძლიერე დაადასტურა; რომ კრიმინალურ კლანებს ამით დაემსხვრათ მითი თავიანთი უძლეველობის შესახებ. სხვა შემთხვევაში სტატიის ავტორიც ტაშით შეხვდებოდა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ იმ დილით აფრასიძეების სახლში (წინა დღეებში მომხდარი) უბრალო შემთხვევითობა რომ არა, შესაძლოა, ჟურნალისტიც დაღუპულიყო. გამოდის, რომ რაღაც მიზეზის, ვთქვათ, უამინდობის გამო, ეს ოპერაცია რომ არ შემდგარიყო, მეც გზაში ჩამცხრილავდნენ ომეხ აფრასიძესთან ერთად?!
ომეხ აფრასიძე ამ ჯაჭვის ბოლო რგოლი იყო, გატაცებულ ლევან კალაძეზე ინფორმაციის მქონე, იქნებ, ან ჯერჯერობით, ერთადერთი პირი.
ნ. ბ. - თვითმხილველები, უპირველესად კი მეზობლები ადასტურებენ, რომ დაჭრილი ომეხი სახლიდან გამოიყვანეს და მეზობლის ღობესთან დახვრიტეს.
აზა გუგუტიშვილი, მოსამსახურე: “სროლა რომ დაიწყო, მე და ჩემი ქმარი ზემო სახლში ვიყავით და აფრასიძეებთან უცებ ჩავედით. ჩემი მეუღლე მევლუდი გიორგის (12 წლის ბავშვი, შმაგის უფროსი შვილი) გაყვანაში დაეხმარა გოჩას. მე სახლში დავრჩი, მევლუდმა საწოლის ქვეშ შემაგდო და არ გამოხვიდეო, მითხრა. ომეხი ისროდა და მე მიყვიროდა, წადი აქედან, ტყვია არ მოგხვდესო. როდესაც გიორგი გაიყვანეს, საწოლის ქვემოდან დავინახე, რომ ომეხი ძირს ეგდო და ყვიროდა, გოჩა, მიშველე, დამეხმარეო. მკლავიდან სისხლი სდიოდა. გოჩა სახლში შემობრუნდა. ამ დროს სპეცრაზმელები შემოცვივდნენ და ორივენი გარეთ გაიყვანეს. მერე მეც გამოვძვერი საწოლის ქვემოდან, რადგან სახლი უკვე იწვოდა. ერთმა სპეცრაზმელმა კონდახის ცემით გარეთ გამათრია. სწორედ მაშინ დავინახე, რომ ომეხი უკვე მკვდარი ეგდო მეზობლის სახლთან. არადა ჩემი თვალით დავინახე, ცოცხალი რომ გაიყვანეს სახლიდან.”
მომხდარს სხვანაირად აღწერენ სპეცოპერაციაში მონაწილენი: “როდესაც ერთი ვერტმფრენი სახლს მიუახლოვდა, ოთახიდან გამოსულმა მამაკაცმა, რომელიც ასაკოვანი უნდა ყოფილიყო (ევგენი აფრასიძე), ცეცხლი გაგვიხსნა. ერთი ვერტმფრენი დაზიანდა. ვერტმფრენში მყოფნი ეზოში გადმოხტნენ. როდესაც ცეცხლი აღარ გაჩერდა, ვერტმფრენი ეზოს გაშორდა. ჩვენი ჯგუფის ერთი წევრი ამ დროს ვერტმფრენიდან ხტებოდა, იგი ათი მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. 10 წუთი გონზე ვერ მოვიყვანეთ. როდესაც თვალი გაახილა, კიდევ კარგა ხანს განძრევა ვერ შეძლო. მადლობა უფალს, ძლიერ არ დაშავებულა. სხვა ვერტმფრენიდან ცეცხლის გამხსნელის შეჩერების მიზნით სნაიპერმა ისროლა. დავინახეთ, როგორ გამოვიდნენ სახლიდან და როგორ შეიყვანეს ის კაცი სახლში. სავარაუდოდ, იგი გარდაცვლილი უნდა ყოფილიყო.
სახლიდან სერიოზულ წინააღმდეგობას გვიწევდნენ, ბრძოლა დაახლოებით 40-50 წუთს გაგრძელდა. რამდენიმე მიმართულებით მოდიოდა ცეცხლი. ცხადი იყო, რამდენიმე კაცი ისროდა. სროლის დროს არც ერთი მეზობელი გარეთ არ გამოსულა. მეტიც, ფანჯრებთანაც არავინ მისულა. ყველა სახლს ვაკონტროლებდით.
ომეხი არავის დაუხვრეტია - იგი სახლიდან თავად გამოვიდა. უმისამართოდ ისროდა, მგონი, დაჭრილი იყო. ეზოსთან ჩასაფრებული ჯგუფის მიმართულებით გასვლას ცდილობდა, როდესაც ორმხრივი სროლის დროს დაიღუპა.”
საევაკუაციო ჯგუფის წევრი: “როდესაც სახლში შევედი, აფრასიძეები უკვე გაყვანილი იყვნენ. სახლს ცეცხლი ეკიდა, პირველ სართულზე არავინ იყო. მე გვამის გამოტანა ვცადე და ამ დროს საწოლის ქვემოდან ტირილი მოისმა, არ მომკლათო და ვიღაც ქალი გამოძვრა. გვამს თავი დავანებე და იმ ქალს მივვარდი. ქალები და ბავშვები თუ არიან-მეთქი, ვკითხე, არავინ არისო. ამ დროს მეზობელი ოთახიდან დიდი ცეცხლი ავარდა, მივხვდი, ტყვია-წამლის აფეთქება დაიწყო. სხვათა შორის, ომეხის მანქანები, რომლებიც ეზოში იდგნენ, სავსე იყო იარაღით. ეტყობა, გასვლას აპირებდა. მოკლედ, ქალი სასწრაფოდ გარეთ გავიყვანე. თავდაპირველად მძევალი მეგონა, ამის შესახებ რაციით ვაცნობე კიდეც ხელმძღვანელობას. ქუჩაში რომ გავიყვანე, იქვე გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი ეგდო. ეს ვინ არის-მეთქი, ვკითხე. ომეხიაო, მითხრა. მაშინ მივხვდი, რომ ის გარეთ გამოსული კაცი ომეხ აფრასიძე იყო.
სახლში შესვლა კიდევ ვცადე ევგენი აფრასიძის გვამის გამოსატანად. რამდენიმე სპეცრაზმელმა აირწინაღებიც ჩამოიცვა, მაგრამ სახლი ისე იწვოდა, იქ შესვლას აზრი აღარ ჰქონდა.
მინდა განვაცხადო - ომეხის დახვრეტის მითითება არავის მოუცია. პირიქით, ნაბრძანები გვქონდა მათი დაკავება. გარდა ამისა, ჩვენ თან წავიყვანეთ მომლაპარაკებელთა ჯგუფი. გამორიცხული არ იყო, მათ მძევლები აეყვანათ, თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრები. ვინმეს დახვრეტა რომ გვნდომოდა, სახალხოდ რატომ დავხვრეტდით ან მის ძმებს რატომ ავიყვანდით ცოცხლად?
სხვათა შორის, მეზობლები მაშინ მადლობას უხდიდნენ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ოპერაციისთვის”...
ნ. ბ. “ომეხის დახვრეტის ფაქტს უარყოფს მათი შინამოსამსახურე ვლადიმირ მურავიოვიც, რომელსაც მე ციხეში შევხვდი. მითხრა, სპეცოპერაციის ჩატარებას რომ აპირებდნენ, ადრევე გაგვაგებინეს. ევგენიმ თქვა: მე ტყეში სიარულს ვერ შევძლებ, დიდი თოვლიაო, ომეხიც იმიტომ დარჩა შინ. სპეცოპერაციის დროს მხოლოდ მე, ომეხი და მისი ძმა ვისროდით. ბოლოს ტყვია-წამალი გაგვითავდა. ომეხის ოთახში, სადაც ტყვია-წამალი ინახებოდა, გასვლას ვერ ვახერხებდი, რადგან იმ ოთახს შესასვლელი აივნიდან ჰქონდა. ომეხი ძალიან გამწარებული იყო, გოჩას ეუბნებოდა, თქვენ გაიქეცით, არაფერს გეტყვიან, მე ჩემს თავს როგორმე მივხედავო. მერე დავინახე, ომეხმა მჭიდეებიანი “ლიფჩიკი” აიღო და გარეთ გავიდა. მალე ჩვენც აგვიყვანეს. ომეხი ჩვენთან ერთად არ გაუყვანიათ, თვითონ გავიდა. ბოლო წუთებში ჩვენ თითქმის არ გვისაუბრია, უბრალოდ შემომხედა და მითხრა “Она была права!”, მივხვდი, რომ შენზე ამბობდაო... ამის შემდეგ გამოძიება ლევან კალაძის კვალს ორი მიმართულებით ეძებდა - ზემო სვანეთსა და აფხაზეთში. აფხაზეთში კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლებთან მოლაპარაკება ყოფილმა პოლიციელმა, ისკრა მოროხიამ ითავა, თუმცა აქ მოვლენები ცოტა სხვანაირად განვითარდა და ისკრა მეტად საეჭვო ვითარებაში მოკლეს(?!).”
2004 წლის მაისში ლევან კალაძის გატაცების საქმეში ჩნდება ახალი დეტალები. კერძოდ, ვლადიმირ მურავიოვის ჩვენება, სადაც იგი აცხადებს: “2002 წლის გაზაფხულზე, დღე ზუსტად არ მახსოვს, ომეხთან მოვიდნენ სპარტაკ ჯაფარიძე და ზაზა ქურდიანი, შინდისფერი “ნივით” (ცნობისთვის: შინდისფერი “ნივა” მართლაც ჰყავთ ჯაფარიძეებს). ეზოში შემოსვლისას მათ უკან მოჰყვებოდა ერთი გამხდარი, წვერმოშვებული ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც, როგორც შევატყვე, ძლივს მოდიოდა. ცოტა ხნის შემდეგ, როდესაც დიდ ოთახში შეშის შესატანად შევედი, ომეხი და მისი მეგობრები მაგიდასთან ისხდნენ და ლაპარაკობდნენ, ხოლო ის ახალგაზრდა თავისთვის იჯდა კუთხეში”.
ფოტოზე მურავიოვმა ომეხთან ნანახ ახალგაზრდაში ლევან კალაძე ამოიცნო. გარდა ამ ეპიზოდისა, მურავიოვის ჩვენებაში კიდევ ერთი ფაქტი იქცევდა ყურადღებას. მურავიოვი აღნიშნავდა, რომ მოგვიანებით ეზოში რამდენიმე ადგილას ორმო გაათხრევინეს, თუმცა რა მიზნით, არ იცის. მურავიოვის ჩვენებას ძირეული გადატრიალება უნდა მოეხდინა, მაგრამ რამდენად რეალური იყო ზემოთ აღნიშნული ჩვენებები, არავინ იცის. ჯერჯერობით, მისი ჩვენება ფაქტებით არ დასაბუთებულა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩნდება მურავიოვის კიდევ ერთი, დამატებითი ჩვენება, რომელსაც წინ ერთი მეტად უცნაური ფაქტი უძღვის - როდესაც მურავიოვი მორიგი დაკითხვის შემდეგ საკანში შეიყვანეს, მან “შემთხვევით” მის ლოგინზე დადებული ჟურნალი შეამჩნია, რომელშიც მარიამ გოგინაშვილის (წყნეთში გატაცებული 14 წლის გოგონას) სურათი იყო გამოქვეყნებული.
გაგრძელება შემდეგ ნომერში
ვაჟა გავაშელი
როგორც იქნა დაიბეჭდა კალას ძმის გამოძიების მასალის II ნაწილი
გაეცანით
I ნაწილი წინა გვერდზე დაგდებული ის აგვისტოში გამოუაქვეყნეს
This post has been edited by kala on 10 Oct 2005, 21:34