kala
I remember the August 2008 war!

      
ჯგუფი: Members
წერილები: 16938
წევრი No.: 11396
რეგისტრ.: 10-July 05
|
#1989758 · 17 Oct 2005, 16:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მესამე ნაწილი!!! 10 ოქტომბერი 2005 წ.
ვერსია ვიდრე მთავარს ვიტყოდეთ...
ექსკლუზიური ინტერვიუ კარლო კალაძესთან
“ყველაფერს ავხდი ფარდას, აღარაფერს მოვერიდები!..”
“ვხედავ, რომ ბევრი რამე იცით, მაგრამ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ უნდა მაცალოთ” “კვირის პალიტრის” წინა ნომერში გამოქვეყნებულმა მეორე წერილმა (“ყველაფერი ლევან კალაძის გატაცების შესახებ”), რომელიც მიზეზთა გამო დაგვიანებით (მამის თხოვნით. - ავტ.) მივაწოდეთ მკითხველს, როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ერთი მხრივ კრიმინალურ სამყაროში, მეორე მხრივ კი, ყოფილ თუ აქა-იქ დღესაც მოქმედ სამართალდამცველთა შორის, რომელთა დანაშაულებრივი გულგრილობის (უფრო სწორი იქნება, დამნაშავეებისთვის ხელშეწყობის) მიზეზით 2001 წლის ზაფხულში გატაცებული ლევან კალაძის ბედი დღემდე გაურკვეველია. თუმცა ჩვენს გაზეთს უკან დახევა არ სჩვევია და მათ გასაგონად ვაცხადებთ, რომ სარედაქციო პორტფელში კვლავაც ბევრი მამხილებელი მასალა მოგვეპოვება ასეთების წინააღმდეგ, რასაც უეჭველად მივაწვდით კიდეც ჩვენს მკითხველს. მაგრამ თუ ამჯერადაც დროებით ვწყვეტთ ჟურნალისტური გამოძიების მასალების გამოქვეყნებას, არა იმიტომ, რომ ეს არ მოსწონთ სხვადასხვა ჯურის დამნაშავეებსა და კორუმპირებულ სამართალდამცველებს, არამედ იმიტომ, რომ ამჯერადაც კალაძეების ოჯახს ვუწევთ ანგარიშს. ლევანის მამა, ბატონი კარლო რედაქციაში გვეწვია და უკვე მეორედ გვთხოვა პუბლიკაციის შეჩერება(!) გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე. კიდევ კარგი, ამ სისტემაში ისეთი ხალხიც მუშაობს, ვისაც ამ საქმის გახსნა უნდა (ჩვენც ეს გვინდა). თუმცა ვფიქრობთ, გაუჭირდებათ, თუნდაც იმის გამო, რომ მათი ზოგიერთი წინამორბედი წლების განმავლობაში გულდაგულ შლიდა დამნაშავეთა ნაკვალევს. კარლო კალაძე: “რა ვქნა, კაცო, როგორ შევეგუო იმ აზრს, რომ ამ ხელისგულისოდენა საქართველოში შვილს ვერ ვიპოვი? ერთი ჩემს ადგილზე წარმოიდგინეთ თავი! თუ შედეგი არ იქნა, აღარავის დამზოგავი აღარ ვარ. ყველას მწარედ ვაზღვევინებ, მაგრამ ახლა, ვიდრე იმედი კიდევ ბჟუტავს, ხავსს ვებღაუჭები. თუ ეს იმედიც გადამეწურა, მოვალ და ვიტყვი ჩემს სათქმელს. ვხედავ, რომ ბევრი რამ იცით, მაგრამ ახლა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კიდევ უნდა მაცალოთ. მეც ისეთი რაღაცები ვიცი, დღემდე რომ არ გახმაურებულა. აი, თუნდაც ხობის ეპიზოდი. თქვენ რასაც წერდით, სიმართლეა, მაგრამ დეტალები მხოლოდ მე ვიცი. იმ ტყეში მე უნდა შევსულიყავი. გამტაცებლებმა დამირეკეს და მკითხეს, იხდი თუ არა ფულსო (ხომ იცით, ორას ორმოცდაათი ათასი დოლარიდან ბოლოს სამოცდახუთ ათასზე ჩამოვიდნენ). რა თქმა უნდა, ვიხდი, მაგრამ მანამდე ბავშვი მალაპარაკეთ-მეთქი. ფული ხობში უნდა ჩამოიტანოო. კი, ბატონო, ჩამოვალ, “მერსედესით” ვიქნები-მეთქი. იუარეს, შენი დის “ჟიგულით” ჩამოდიო. დიდი ხანია, “ჟიგულით” არ მივლია და გამიჭირდება სიარული, მაშინ საჭესთან ვინმე უნდა დავსვა-მეთქი. მითხრეს, შეგიძლია ორი კაცი ჩაისვა მანქანაში, თუ მესამეს ჩაისვამ, ყველას ჩაგცხრილავთო. გამიკვირდა, ფული მომაქვს და კიდევ მემუქრებით-მეთქი? სამტრედიელი კაცი ვარ, ხობი ხუთი თითივით ვიცი. იმ ადგილზე რომ მივედი, საიდანაც ტყეში შესასვლელი გზა იწყებოდა, წერილი დამხვდა: “ახლა მარჯვნივ”, მერე მეორე წერილი - “ახლა პირდაპირ” და ასე შემდეგ. წინასწარი მოლაპარაკების თანახმად რაღაც მიჯნაზე გავჩერდი. ახლა უკვე ტელეფონით უნდა დაერეკათ და ზარს დაველოდე. რა თქმა უნდა, დარეკეს. მე პირობის შესრულება მოვითხოვე, ლევანი დამელაპარაკოს-მეთქი. მითხრეს, ბავშვს ახლა ვერ გალაპარაკებთ, მაგრამ ფულს რომ ავიღებთ, მაშინვე დავაბრუნებთო. ეს აფერაა-მეთქი, ვეუბნები და ტყის სიღრმეში აღარ შევდივარ, უკან ვბრუნდები. კვლავ მირეკავენ და უკან დაბრუნებას მთხოვენ, ლევანს დაგალაპარაკებთო. ვპასუხობ: - რა საჭიროა დაბრუნება. ჯერ მალაპარაკეთ და თუ არ დავბრუნდები, მერე ნახეთ-მეთქი... ლევანის ხმა მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ მოვისმინე - ვიდეოკასეტა გამომიგზავნეს. ეს იყო და ეს, მას შემდეგ აღარავის დაურეკავს... სწორად გამიგეთ... რაკი ბიჭის პოვნის იმედი მაინც მაქვს, ჯერჯერობით არავის ვსაყვედურობ. არც ერთ გვარს არ ვასახელებ. ვდუმვარ! დღეიდან, 14 ოქტომბრიდან, ანუ სვეტიცხოვლობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში. მერე კი გპირდებით თქვენც და თქვენს მკითხველსაც, ჩვენი ფეხით მოვალთ მეც და კახაც და ყველაფერს ავხდი ფარდას. აღარაფერს მოვერიდები.”
ჩვენი მხრივ იმედს გამოვთქვამთ, რომ ბოლოს და ბოლოს, ბატონი კარლოს ძალისხმევა ახლა მაინც გამოიღებს ნაყოფს. ძალზე ბევრს ნიშნავს, რომ კალაძეებისა და გნებავთ, გოგინაშვილების ოჯახი დღემდე არ ყრის ფარ-ხმალს, მაგრამ ვინღა გულშემატკივრობს (მხედველობაში გვაქვს ზედა ეშელონებისთვის ამ საქმეების მუდმივი შეხსენება ახლობლების მხრიდან) 2001 წლის ნოემბერში მთათუშეთიდან გატაცებულ ბერ ბასილს (ერისკაცობაში გიორგი მაჩიტაძეს), რომლის ასავალ-დასავალი კიდევ სამ გატაცებულთან ერთად უკვე დავიწყების ბურუსით დაიფარა. ახლა ეს ფაქტები ბევრისათვის მხოლოდ სტატისტიკაა და მეტი არაფერი. თუმცა იმედი ჯერ არ მომკვდარა, მით უმეტეს, რომ ასეთ საქმეებში ზოგჯერ მის უდიდებულესობა შემთხვევას ან ვიღაცის მიერ თუნდაც გაუაზრებლად წამოსროლილ სიტყვას დიდი მნიშვნელობა აქვს. ღმერთმა ქნას, კალაძის საქმეც გაიხსნას, თუმცა აშკარაა, რომ აქ უფრო სერიოზულადაა საქმე. “კვირის პალიტრა” დაპირებისამებრ აუცილებლად გააშუქებს ამ საქმის მიმდინარეობას ბატონ კარლო კალაძის მონაწილეობით. მანამდე კი ერთი თვე რჩება. დაველოდოთ...
|