12\1\2006წ
მალხაზ ასათიანი – ქართველი ზიდანი
მალხაზ ასათიანი მოსკოვის "ლოკომოტივის" იმ იშვიათ ფეხბურთელთაგანია, რომლის თამაშზე გუნდის არასათანადო გამოსვლა უარყოფითად არ აისახა. სტანისლავ გრიდასოვთან ინტერვიუში რუსეთის ჩემპიონატის ერთ–ერთმა საუკეთესო მცველმა, რომელსაც "ქართველ ზიდანად" მოიხსენიებენ, კლუბის მწვრთნელ ეშტრეკოვზე, საუკეთესო ხინკალსა და ბავშვობაზე ისაუბრა

... რესტორანში მივხვდი, რომ აჭარული ხაჭაპური ძალიან მომენატრა – ჩემს წინ, თეფშზე დადებული, გემის ფორმის და კვერცხით სავსე საჭმელი, რუბენსის გოგონას დარად მსუყე და მიმზიდველი რომაა. ის მალე ჩემს მუცელში იმოგზაურებს. სამაგიეროდ, მალხაზი კერძს იჭვნეულად დასცქერის, მცირე ხანში კი ოფიციანტს მშობლიური იმერული ხაჭაპურის მოტანას სთხოვს, რომელიც ძალიან წააგავს იტალიურ ფოკაჩოს. მომღერლები დიდი ენთუზიაზმით ასრულებენ სიმღერა "არგოს", ერთ–ერთს ოთხმოციანი წლების ყველაზე პოპულარული ქართული მიუზიკლიდან. "კარგად მღერიან," – ამბობს მალხაზი – "იცით რატომ? გულით მღერიან და არა ფულის გულისთვის..." გვერდით, მეორე მაგიდასთან კინოფილმ "მიმინოდან" სცენა გათამაშდა: რუსმა ქალმა საჩვენებელი თითი შემართა და თითქოს ფრუნზიკ მკრტჩიანის გმირს მიბაძაო, ოფიციანტს ჰკითხა: "როგორ, ნამდვილ ტოლმას საქართველოში აკეთებენ?" ოფიციანტს გაეღიმა...

"არგო", "მიმინო", "დინამო" – აი ის, რის გამოც უყვარდა რიგით საბჭოთა მოქალაქეს საქართველო. ცხადია, თუ "ხვანჭკარათი" და "წინანდალით" სავსე ბოთლებს არ ჩავთვლით. თუმცა ვინ იცის, იქნებ ეს საბჭოეთის ნოსტალგიით შეპყრობილი ადამიანის აზრებია, რომელსაც ზეპირად ახსოვს თბილისის "დინამოს" 1981 წლის შემადგენლობა მეკარე ოთარ გაბელიათი დაწყებული, ალექსანდრე ჩივაძით, შოთა ხინჩაგაშვილით და რამაზ შენგელიათი გაგრძელებული და დიუსელდორფის ფინალში შეცვლაზე შესული ნუკრი კაკილაშვილის ჩათვლით. რაც გინდა თქვი, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე ქართველი გამორჩეულად უყვართ, მგონი, უკრაინელებზე, ბელარუსებზე და ყაზახებზე მეტად. რაც შეეხება მალხაზს, ის პრემიერლიგის უმთავრესი ქართველი ფეხბურთელია! და ეს ყველაფერი უცნაურად დაიწყო – რუსეთის ნაკრების კარში გატანილი გოლით.
მახსოვს, მომიყვნენ: იმ თამაშის შემდეგ მალხაზი თბილისიდან ტაქსით წასულა ქუთაისში. მძღოლი მთელი გზა ახალგაზრდა ფეხბურთელის გმირობაზე და იმ გოლის მნიშვნელობაზე ლაპარაკობდა, მგზავრს კი, ცხადია, არ გაუმხელია, რომ სწორედ თავად იყო ასათიანი... ამ ამბავს მალხაზს ვუყვები და ვეკითხები: "მართლა ასე იყო?" "არა" – მპასუხობს.
სიმართლე ასეთია: ერთხელ "შერემეტიევოდან" შინ ბრუნდებოდა. ტაქსის მძღოლი მოსკოვის "ტორპედოს" გულშემატკივარი აღმოჩნდა, თუმცა "ლოკომოტივის" ქართველი მცველი ძალიან მოსწონდა და მთელი გზა აქებდა. მალხაზის სახლთან რომ მისულან, მეგობარს უცვნია და სახელით მიუმართავს. მძღოლი უცბად მოტრიალებულა და: "ვინ მალხაზი?" "ასათიანი," – უპასუხია "მგზავრს"...
ძალიან მორიდებულია. ყოველთვის უარობს ტელე და ფოტოკამერების წინ პოზიორობას, მით უმეტეს, საწვრთნელი ბაზის გარეთ. ჩვენთვის გამონაკლისი დაუშვა, ისიც მხოლოდ ათი წუთით. როცა იგრძნო, რომ რესტორნის სტუმრების ყურადღების ცენტრში მოექცა, უმალ სუფრას მიუჯდა. ხის მაგიდაზე მადისაღმძვრელად იდო ხინკალი ("ნამდვილ ხინკალს მთაში, თუშეთში აკეთებენ, მოსკოვში მსგავსი არ მინახავს. მხოლოდ მაშინ ვჭამ, ძალიან რომ მომინდება," – მალაზი.), რომელიც პირველად გავსინჯე – ნაოჭებში თითები ჩავბღუჯე და საოცრად გემრიელი ბულიონი მთლიანად შევისრუტე. მალხაზმა კი თვალი მოავლო ინტერიერს და ჩაილაპარაკა: "ასე მგონია, შინ ვარ..."

რედაქციაში სპეციალურად შევარჩიეთ რესტორანი "გენაცვალე" (ოსტოჟენკის ქუჩაზე) – ვფიქრობდით, რომ ასათიანის თანამემამულეები თუ ხვევნა–კოცნით არ დაახრჩობდნენ, ავტოგრაფებს მაინც გამოართმევდნენ. მაგრამ იქ მისულებს ქართველები მხოლოდ ოფიციანტები და მომღერლები დაგვხვდნენ.
"არგოოოოო," – მგონი, მესამედ იწყებენ ამ სიმღერას, მალხაზი კი ლამის ყვირილით მიყვება, რომ სკოლაში სწავლისას საზაფხულო არდადეგებს მთლიანად მთაში, სოფელში ატარებდა. ახლაც იგივეს აპირებს: არანაირი კანარის კუნძულები და ტაილანდი – მოკლევადიან შვებულებას ქუთაისში გაატარებს, მერე კი სოფელში წავა, სანათესაოსთან. "იქ წონის
შენარჩუნება ძალიან ძნელია – ყოველ საღამოს სუფრა იშლება, მერე მწვადი, ისევ მწვადი... ერთი სიტყვით, ძნელია..."
მდინარე თუ ჩამოდის, თევზები არიან?" – ვეკითხები.
"კი, თევზი ბლომადაა..." – მპასუხობს. აღმოჩნდა, რომ იქაური თევზები დინების საწინააღმდეგოდ დაცურავენ...
მალხაზი სამი წლის წინ გადმოვიდა "ლოკომოტივში" ისე, რომ რუსული ენა თითქმის არ იცოდა. ეგ კი არა, ახლაც რცხვენია, ენა კარგად რომ ვერ ისწავლა. მგონი, უსაფუძვლოდ შიშობს – ნელა საუბრობს, სიტყვებს თანმიმდევრულად ალაგებს, იშვიათად უშვებს შეცდომებს და ბევრი უცხოელისგან განსხვავებით, გასაგებად მეტყველებს. თავად ამბობს, რომ რუსული სრულყოფილად ჯერ არ ესმის – მომხდარა კიდეც, გაზეთებში გამოქვეყნებული საკუთარი ინტერვიუ ბოლომდე ვერ გაუგია...
რუსეთის ჩემპიონატის ერთ–ერთი საუკეთესო მცველი ჩემს წინ ზის, თეთრ პერანგსა და შავ ჰალსტუხშია გამოწყობილი, არ სვამს ღვინოს, რადგან საჭესთანაა (მაგრამ, ფიქრობს, რომ ქართული კერძების ღვინის გარეშე დალევა შეცდომაა) და ამბობს, რომ მანქანა ზომიერად სწრაფად დაჰყავს, თუმცა დაშვებულ სიჩქარეს არ აჭარბებს. იმ გოლს ვახსენებ, თასზე "მეტალურგ–კუზბასს" რომ გაუტანა – მთელი მოედანი ბურთიანად გადასერა, ყველა მოატყუა და ისე შეაგდო. ამ გოლზე მარადონაც არ იტყოდა უარს. ვეუბნები:
"მომდევნო შეხვედრებშიც გიყურეთ და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ისევ გინდოდათ ბურთიანად კარში შესვლა. რამდენჯერმე წინ წაიწიეთ, თუმცა უცბად გაჩერდით, თითქოს შინაგანმა ხმამ შეგაჩერათ..."
მალხაზი არ მპასუხობს, მხოლოდ იღიმება... ასათიანი ცენტრალურ მცველად იური სიომინმა აქცია – კლუბს გაზაფხულზე ჩემპიონთა ლიგაში "მონაკოსთან" უნდა ეთამაშა, ზამთარში კი გუნდიდან მცველი სერგეი იგნაშევიჩი წავიდა. ეს უკანასკნელი სწორედ მალხაზმა შეცვალა. არადა, მანამდე ამ პოზიციაზე არასდროს ეთამაშა: ქუთაისის "ტორპედოში" თავდამსხმელი იყო, საქართველოს ნაკრებში ზიდანის პოზიციაზე – ფორვარდების უკანაა...
ვეკითხები, ნუთუ არ გსიამოვნებს, როცა ვარდნით თუ მხარის ჩადგმით მეტოქე გუნდის საუკეთესო თავდამსხმელს აჩერებ–მეთქი? რატომღაც მგონია, რომ თუნდაც პაოლო მალდინის ან ალესანდრო ნესტას ეს პროცესი ძალიან სიამოვნებთ. ასათიანი ამბობს, რომ მოხიბლულია მალდინით, ცოტათი შურს კახი კალაძის – რაც გინდა თქვი, მაგრამ პაოლოსთან ერთად დაცვაში თამაში ერთი სიამოვნებაა, მაგრამ ვარდნები და ფორვარდების შეჩერებები მაინცა და მაინც არ ხიბლავს. მალხაზისთვის გაცილებით სასიამოვნოა შეტევაში ჩართვა. უნდა ითქვას, რომ ეს კარგად ეხერხება – ამპლუით მცველმა გასულ წელს ოფიციალურ მატჩებში ექვსი, არაოფიციალურში კი ორი გოლი გაიტანა.
რატომ შეტევის სიყვარული? საქართველოში არასდროს იბადებიან ბიჭები, რომლებიც მცველობაზე ოცნებობენ, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ფეხბურთს არაერთი ჩინებული მცველი ახსოვს, თუნდაც ალექსანდრე ჩივაძე და კახა კალაძე. არც ასათიანი ყოფილა გამონაკლისი – პატარაობიდანვე გოლის გატანა ხიბლავდა...
წამიკითხავს, რომ დავით ყიფიანი ერთ პატარა თბილისურ ეზოში იზრდებოდა, რომელიც დაღმართს უერთდებოდა და ბურთის ფლობის საოცარი ტექნიკა სწორედ იქ განავითარა – ეშინოდა ბურთი არ დაგორებულიყო და ათასგვარი ფინტებით ცდილობდა მის შეჩერებას. "თქვენ სად იწყებდით თამაშს?" – ვეკითხები მალხაზს. "აივანზე," – მპასუხობს ძალიან სწრაფად. გულიანად მეცინება, მალხაზი კი თემის განვრცობას ცდილობს: "ჩვენი სახლის აივანი ძალიან პატარა იყო, სიგრძეში დაახლოებით ამ მაგიდის ხელა, სიგანეში კი სამი მაგიდა დაეტეოდა." უნდა ვაღიარო, რომ თავისი "აივნის ფეხბურთით" ყიფიანის "ეზოს ფეხბურთს" აჯობა...

ასათიანი 1981 წელს დაიბადა, ქართული ფეხბურთისთვის "ოქროს წელიწადს" – მაშინ თბილისის "დინამომ" იენის "კარლ ცაისი" დაამარცხა და თასების თასი მოიგო. დარწმუნებული ვარ, მას არ უნახავს ყიფიანის თამაში, გუცაევის გარღვევები, დარასელიას გოლი...
"როგორ ფიქრობთ, ეს ქართული ფეხბურთის საუკეთესო თაობა იყო?"
"არა, ჩემი აზრით, საუკეთესო ქინქლაძის თაობა იყო! გიოს დარად ფეხბურთს არავინ თამაშობს!"
მეცინება და მზად ვარ საკამათოდ, მაგრამ ვჩერდები – მალხაზი ბავშვური შთაბეჭდილებებით ხელმძღვანელობს, ამ დროს კი კამათი დაუშვებელია.
ვეკითხები: "მალხაზ, რატომაა, რომ გუნდში ერთ ქართველს სიკეთე მოაქვს, სამი ქართველი კი უკვე რეჟიმის დარღვევას მოასწავებს?"
"თქვენც იცით ეს ანეგდოტი?" – გაკვირვებული მიყურებს.
"რა, ეს ანეგდოტია?" – ახლა უკვე მე მიკვირს.
"ქართველებს გვიყვარს ერთად ყოფნა. როცა ერთად ვართ, ყველგან ერთად დავდივართ, მაგრამ სამწუხარო ისაა, რომ მწვრთნელებს ეს არ მოსწონთ."
მწვრთნელი – ამ სიტყვაზე ჩაჭიდება ნამდვილად შეიძლება. მაინტერესებს, რატომ შეხვდა მთელი "ლოკომოტივი" ვლადიმერ ეშტრეკოვის დანიშვნას დიდი სიხარულით, საბოლოოდ კი ყველაფერი ცუდად დასრულდა.
ასათიანი იღუშება: "ყველაფერი "რაპიდთან" მარცხით დაიწყო, მერე სიჩოვის ტრავმა იყო, საბოლოოდ კი ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდა." აღარ ჩავძიებივარ – ყველაფერი ისედაც ცნობილია.
"ამბობენ, იური სიომინს "ლოკომოტივიდან" არაერთი ფეხბურთელის წაყვანა სურს, მათ შორის თქვენიც. მართალია?" – სიმართლე გითხრათ, ეს საკითხი ძალიან მაინტერესებს.
"ვერაფერს გეტყვით, მე "ლოკომოტივთან" მაქვს კონტრაქტი," – ბოლომდე დარწმუნებულია თავის სიტყვებში.
"სიომინს არ დაურეკია?" – ისევ მე.
"არა," – მალხაზი.
ვუყურებ და ვგრძნობ, რომ არ იტყუება. ისე, ტყუილი მის ხასიათში არც ზის – სამართლიანი ადამიანია.
... წამოვდექით, უკვე მივდივართ, მუსიკოსები კი ოთხმოციანი წლების კიდევ ერთ ჰიტს "ჩიტო–გვრიტოს" ასრულებენ, მფრინავ "მიმინოს" სიღერას, რომელიც დიდ ავიაციაზე ოცნებობდა, მაგრამ მხოლოდ თუშეთში დაფრინავდა.
იქ საუკეთესო ხინკალს აკეთებენ.
This post has been edited by kala on 13 Jan 2006, 01:39