შედარებისთვის....
კურანიმ მოიბოდიშა
გელზენკირხენის “შალკეს” 26 წლის თავდამსხმელმა კევინ კურანიმ – რომელიც, განაწყენებული იმით, რომ გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ის შაბათს რუსეთთან 2:1 მოგებული საკვალიფიკაციო შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანა, ნამატჩევს სტადიონიდან არა ნაკრებთან ერთად ოტელში, არამედ დაუკითხავად შინ გაემგზავრა – დღეს მწვრთნელსაც მოუბოდიშა და თანანაკრებელებსაც.
“ეს შეცდომა იყო – ასე შეაფასა მან თავისი იმდღევანდელი საქციელი დღეს გელზენკირხენში გამართულ პრესკონფერენციაზე – გუნდი ასე არ უნდა მიმეტოვებინა. ამის გამო ბოდიშს ვიხდი. ცხადია, ამას ვერანაირი სიტყვებით ვერ გამოვისყიდი. მით უფრო, რომ ნაკრებში თავს ყოველთვის მშვენივრად ვგრძნობდი.”
თავისი ქმედება მან ასე განმარტა: “შალკეს” მოთამაშისთვის დორტმუნდში მატჩის ტრიბუნიდან, მისდამი მტრულად განწყობილი ხალხის გარემოცვაში ცქერა, აუტანელია. ამას მსოფლიოში არც ერთ ფეხბურთელს არ ვუსურვებდი.”
მას დღეს პრესკონფერენციამდე ტელეფონით უსაუბრია ლიოვთან, რომელმაც ის თვითნებური ოტებისათვის ნაკრებიდან მოკვეთა, და ბოდიში მოუხდია: “მან ჩემი ბოდიში მიიღო. მან მშვენივრად იცის, თუ რატომ მოვიქეცი ასე, და ესმის ჩემი! არადა, არასოდეს არც ერთ მწვრთნელთან პრობლემა არ მქონია, არც კლუბში და არც ნაკრებში. ყოველთვის იმას ვცდილობდი, ყველასთვის გამეგო.”
ჟურნალისტების გადმოცემით – და ეს ამ ფოტოდანაც კარგად ჩანს – კურანი დღეს ძალზე დათრგუნულად გამოიყურებოდა.
“ვერავინ შეძლებს იმის წარმოდგენას, თუ რა საშინელ მდგომარეობაში ვარ ახლა – თქვა მან – ასეთ რამეს ჩემგან არავინ მოელოდა. მათ შორის – თავად მეც.”
მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნაკრებს აღარ დაუბრუნდება და მთელ ყურადღებას “შალკეს” დაუთმობს.
კურანიმ ნაკრებში 52-ჯერ ითამაშა და 19 გოლი გაიტანა. 2006 წელს მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლინსმანმა და იმავე ლიოვმა, რომელიც მისი თანაშემწე იყო, ის მსოფლიო პირველობის ფინალური ეტაპის მიღმა დატოვეს. მართალია, შემდეგ ლიოვმა ის ნაკრებში დააბრუნა, მაგრამ “შალკეს” მეგოლეს ნაკრებში თამაში მაინც იშვიათად უწევდა.
“კურანი ძლიერია საჯარიმოში და თავით თამაშში – განაცხადა ლიოვმა დღეს დიუსელდორფში კურანის პარალელურად მოწყობილ პრესკონფერენციაზე – მე არ მსურდა, ასეთი სიტუაცია რომ შექმნილიყო.”
იმავდროულად, ბუნდესმწვრთნელმა დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება თავდამსხმელის ნაკრებიდან მოკვეთის თაობაზე.
ლიოვმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, ნაკრებში გამოძახებულ ყველა ფეხბურთელს მატჩის მსვლელობისას სათადარიგოთა სკამზე ჯდომის უფლება უნდა ჰქონდეს. ევროპისა და მსოფლიოს პირველობათა ფინალური ეტაპების შეხვედრებზე ეს ასეც ხდება, მაგრამ საკვალიფიკაციო მატჩების დროს სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მხოლოდ იმ 7 ფეხბურთელს შეუძლია, რომლებიც 18-კაციან განაცხადში ძირითადი თერთმეტეულის გარდა არიან შეყვანილნი, ხოლო დანარჩენებს ტრიბუნებზე უწევთ ასვლა.
კურანი იმ დღეს სწორედ ამის გამო აღმოჩნდა დორტმუნდელ ქომაგთა შორის, თორემ სათადარიგოთა სკამზე რომ მჯდარიყო, ეგებ დღესაც ნაკრებთან ერთად ევარჯიშა.
გერმანია ზეგ მიონხენგლადბახში უელსს უმასპინძლებს.
იქაური მედიის ცნობით, გერმანიის ნაკრების 32 წლის კაპიტან მიხაელ ბალაკს დღეს არ უვარჯიშია – მას თურმე საზარდული აწუხებს, რომელიც შაბათის თამაშში დაიზიანა. გავა თუ არა ის მოედანზე უელსელთა წინააღმდეგ, ხვალ გაირკვევა.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=13198