ლევან კობიაშვილი: "ტოპი არავის შეეხევწება!"
6.02.2006წ
მალტაზე ახალი მწვრთნელის თავკაცობით პირველად ითამაშე. კმაყოფილი ხარ?
ძალიან! დავრწმუნდი, რომ კლაუს ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს წარმატებით თამაში შეუძლია. ერთი, რატომაც გულნატკენი ვარ, ისაა, რომ ტურნირზე ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი არ ჩამოვიდა, ზოგს რა მიზეზი ჰქონდა, ზოგს – რა. ლეგიონერებიდან მალტაზე სულ ოთხნი ვიყავით, არადა, ტოპმიოლერის ხელმძღვანელობით ერთად პირველად უნდა გვეთამაშა.
ახალი და საინტერესო ტოპმიოლერის ტაქტიკურ მონახაზში რა დაინახე?
ყველა მწვრთნელს ხომ თავისებური შეხედულება აქვს ფეხბურთზე და რა თქმა უნდა, არც ტოპმიოლერია გამონაკლისი. ის გერმანელია, თავადაც რამდენი ხანია გერმანიაში ვთამაშობ და სასწაული და გასაკვირი მის მოთხოვნებში ჩემთვის არაფერი ყოფილა...
როგორც "შალკე 04”–ის ფეხბურთელმა არა, როგორც საქართველოს ნაკრების ერთ–ერთმა ლიდერმა, ისე გვიპასუხე: ნაკრებმა მალტაზე სხვანაირად და უწინდელისგან განსხვავებულად ითამაშა?
რა თქმა უნდა, დიდი განსხვავებაა. მოედანზე მყოფმა ყველა ფეხბურთელმა ყველაფერი ზუსტად იცოდა. იცოდა, ამა თუ იმ სიტუაციაში რომელ პოზიციაზე ყოფილიყო, შეტევისას თუ დაცვისას რა უნდა ეკეთებინა. ტოპმიოლერი ძალიან მცოდნე მწვრთნელია და რაც მთავარია, სათქმელს ყველასთვის გასაგებად ამბობს. კიდევ, მალტასთან მატჩის წინ ტოპმიოლერს მეტოქის ყველა ფეხბურთელზე დაწვრილებითი ინფორმაცია ჰქონდა და ჩვენ, ფეხბურთელებიც შესაბამისად დაგვარიგა.
მალტაზე მყოფი ჩვენი კორესპონდენტის თქმით, ტოპმიოლერის მარჯვენა ხელი იყავი და მალტასთან მატჩისწინა მოთელვაც გუნდისთვის შენ ჩაგიტარებია...
მარჯვენა თუ მარცხენა ხელი ვიყავი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ფეხბურთელებამდე მწვრთნელის სიტყვა ვინმეს უნდა მიეტანა. თანაც, ეს იყო მწვრთნელის დავალება, რომელიც, როგორც ფეხბურთელმა, შევასრულე.
მოლდოვის ახალგაზრდულ გუნდთან ნაკრებმა სამარცხვინო ანგარიშით რატომ წააგო?
იმ თამაშის გახსენებაც არ მინდა. ის მატჩი საერთოდ არ უნდა მეთამაშა, მაგრამ შესვენებაზე მწვრთნელმა მთხოვა, სხვანაირად არც თავად შემეძლო და შეცვლაზე შევედი. თუმც, თამაშს აზრიც აღარ ჰქონდა... მალტასთან კი აშკარად უკეთესად გამოვიყურებოდით.
ეროვნულ გუნდში ერთბაშად ძალიან ბევრი ჭაბუკი ფეხბურთელი იყო გამოძახებული...
ასე იყო და ეს მეც ძალიან არ მომწონს. ერთბაშად ამდენი ჭაბუკის და ფაქტობრივად, 17–წლამდელთა ნაკრების გამოძახება, ვფიქრობ, არ შეიძლება – ბიჭები ეროვნულ გუნდს ნელ–ნელა უნდა შეეჩვიონ... თვითონ ეს ფეხბურთელები არიან ცუდ მდგომარეობაში... ამ ჭაბუკებიდან ეროვნული გუნდის მოთხოვნებს სამი–ოთხი მოთამაშე თუ აკმაყოფილებს და მათთვისაც ძირითადი შემადგენლობა ჯერ ადრე მგონია.
ტოპმიოლერმა ტურნირის შემდეგ რა თქვა?
მთავარი ისაა, რომ ახალ მწვრთნელს გუნდის იმედი აქვს და ამ შედეგის მიუხედავად დარწმუნებულია, რომ საქართველოს ნაკრებისგან ძლიერი გუნდის გაკეთება შეიძლება. თუმცა, ნაწყენია იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც მალტაზე არ ჩამოვიდნენ. ტოპმიოლერმა კრებაზე პირდაპირ თქვა, ვის უნდა და ვის არა ნაკრებში თამაში, პირდაპირ მითხრასო...
კიდევ რა ითქვა კრებაზე?
ეს კრება მოლდოვასთან თამაშის შემდეგ სასტუმროში შედგა. მწვრთნელი ძალიან უკმაყოფილო იყო. ტოპმიოლერი ნაკრებში თამაშს არავის შეეხვეწება. ჩვენ ამ მწვრთნელის ხელში მართლაც შეგვიძლია წარმატებით თამაში და ნებისმიერი მეტოქის დამარცხება, ჩვენ გვაქვს საამისოდ ყველანაირი შესაძლებლობა, ოღონდ...
ოღონდ რა?
საქმე ყველამ ერთად უნდა ვაკეთოთ! როცა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით პირველი შეკრება და მატჩებია, ამ დროს ყველა ნაკრებში უნდა იყოს. ტოპმიოლერის მჯერა და ვფიქრობს, ყველა ფეხბურთელი მას თუ დაუჯერებს, საქართველოს ნაკრები წარმატებით ითამაშებს.