ქეცბაიას წარმატების საფუძველი დაცვის სწორი თამაშია
ფამაგუსტას “ანორთოსისმა”, რომლის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, კვიპროსული ფეხბურთის ისტორიაში უპრეცედენტო წარმატებას მიაღწია - ქართველის თავკაცობით, ფამაგუსტელები ჯერ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდნენ, ორი ტურის შემდეგ კი, სულაც ჯგუფის ლიდერებად მოგვევლინნენ. “ანორთოსისი” პირველ მატჩში სტუმრად ბრემენის “ვერდერს” დაუზავდა - 0:0, მეორეში კი, საკუთარ მოედანზე ათენის “პანათინაიკოსს” 3:1 სძლია. ბერძნებთან მოპოვებული გამარჯვება კვიპროსის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა და სამშაბათს ნიქოზიაში ორმაგი დღესასწაული ჰქონდათ. ბუნებრივია, წარმატებით ძალიან გახარებული იყო ქეცბაია, რომელიც ფამაგუსტურ კარიერას ფეხბურთელის ამპლუაში იწყებდა, შემდეგ მოთამაშე-მწვრთნელი იყო და ახლა კი მთავარი მწვრთნელია.
“ჩემმა ფეხბურთელებმა აჩვენეს, რომ ასეთ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ. მათ მეტოქეს საკუთარი ძალა და კოლექტიური დაცვას მაგალითი დაანახეს. ისინი ადვილად არ ნებდებიან. ღირსეულ მეტოქესთან სამი ქულა ღირსეულად ავიღეთ. სიმართლე ითქვას, ჩვენი გამარჯვება დიდწილად მატჩის დასაწყისში მეტოქის კარში გატანილმა ორმა სწრაფმა გოლმა განაპირობა. ამის შემდეგ, მოწინააღმდეგის მხრიდან საკმაო ზეწოლა იყო, მაგრამ გავუძელით. მეორე ტაიმის დასაწყისში შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები განვახორციელეთ და ბერძნებისგან განსაკუთრებული ზეწოლა აღარ ყოფილა. მესამე ბურთის შემდეგ, ფაქტობრივად, თამაშის ბედი გადაწყდა.
ეს საუკეთესო რამ იყო, რაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე კვიპროსზე ჩატარებულ პირველ თამაშში შეიძლება მომხდარიყო. თუმცა, მკაცრად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, რადგან ჯგუფში მესამე ადგილის დასაკავებლად, “პანათინაიკოსზე” უფრო ახლოს ვართ. მომავალ მატჩებს თუ გადავხედავთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ “ინტერის” სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გვეყოლება და მის დამარცხებას თუ ვერ შევძლებთ, ეს სამყაროს დასასრული ნამდვილად არ იქნება. მილანშიც, რა თქმა უნდა ქულების ასაღებად წავალთ, მაგრამ წაგების შემთხვევაში ტრაგედიას არ შევქმნით”, - აღნიშნა ქეცბაიამ.
ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ქართველმა მწვრთნელმა განსაკუთრებით “ანორთოსისის” დაცვის ხაზის კარგი თამაში გამოჰყო:
“უკანა ხაზის სწორმა მოქმედებამ გამარჯვებამდე არა მხოლოდ “პანათინაიკოსთან” მატჩში, არამედ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ჩატარებულ სხვა შეხვედრებშიც მიგვიყვანა. კარგი დაცვითი სისტემის გარშე აქამდე ვერ მოვაღწევდით. დაცვის თამაშზე როდესაც ვსაუბრობ, მხოლოდ მცველების ოთხეულს არ ვგულისხმობ, არამედ საუბარი თავდამსხმელით დაწყებული, მეკარით დამთავრებული, ყველა ფეხბურთელზე მაქვს. მსგავსი სურათი რომ მიგვეღო, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ”.
მიუხედავად წარმატებისა, ქეცბაია ეიფორიაში არ ჩავარდნილა და ვითარებას რეალურად აფასებს:
“ოთხი ქულა გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მისია შესრულებულია. ოთხი თამაში დაგვრჩა უძლიერეს გუნდებთან და დიდი მუშაობა დაგვჭირდება, რომ წინსვლა გავაგრძელოთ. “პანათინაიკოსთან” გამარჯვებით მესამე ადგილის დაკავებასთან ახლოს ვართ, თუმცა დარჩენილ მატჩებს უნდა დაველოდოთ, რათა გავიგოთ სადამდე შეგვიძლია გაღწევა. დიდი მადლობა ხალხს, რომელიც სტადიონზე ჩვენ მხარდასაჭერად მოვიდა, საპასუხოდ კი, გუნდმა მათ გამარჯვება აჩუქა”.
“ანორთოსისის” პრეზიდენტმა ანდრეას პანტელიმ ბერძნებთან გამარჯვების შემდეგ, ასეთი რამ განაცხადა:
“შესანიშნავი საღამო იყო, მაგრამ ღრუბლებში ფრენა საჭირო არ არის და მიწაზე დროულად უნდა დავეშვათ. ჯგუფში მესამე ადგილი დასაკავებლად გზა ორმაგად გაიხსნა, თუმცა მომავალშიც სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ, რომ დღევანდელი წარმატება გავამყაროთ. მიღწეულით კმაყოფილი კი ვარ, მაგრამ კვიპროსში ჩასატარებელ დანარჩენ მატჩებშიც კონცენტრირებული და ფრთხილები უნდა ვიყოთ”.
ლაშა თაბაგარი
http://www.msofsport.com/more.aspx?id=12786
მიმაგრებული სურათი