თემურ ქეცბაია “ნიუკასლში” მუშაობის შანსს ელის
3/13/2009 11:20:04
ინგლისური “ნიუკასლის” ბოლოდროინდელი კრიზისის ფონზე, გუნდში ახალი თავკაცის გამოჩენა დღითიდღე აქტუალური ხდება. ამ მიმართულებით სულ უფრო ხშირად ახსენებენ ქართველ სპეციალისტ თემურ ქეცბაიას, რომელიც ბოლო ფორმაციის “ნიუკასლის” მოთამაშეთაგან ყველაზე დაფასებულ მწვრთნელად იქცა და “ჯორდების” რიგებში დაბრუნების წინააღმდეგიც არ გახლავთ. თემურს ბრიტანული ChronicleLive-ი შეეხმიანა და ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო წერილი საკუთარ ვებ-გვერდზე განათავსა.
“ნიუკასლ იუნაიტედის” იმ შემადგენლობას, რომელმაც 1998 წლის ასოციაციის თასის ფინალში ლონდონის “არსენალთან” 0:2 წააგო, მწვრთნელების მთელი წყების “გამოშვებას” უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, ეს ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ გამართდა. ლეგენდარულ ალან შირერს, რობ ლისა და დევიდ ბეტის ფეხბურთი დროებით დავიწყებული აქვთ, სტივ ჰოუის, გარი სპიდსა და უორენ ბარტონს კი საკუთარი მომავალი ჯერაც არ გაურკვევიათ.
ჯონ ბარნსი იამაიკის ნაკრების მწვრთნელია, სტიუარტ პირსი ინგლისის 21-წლამდელთა გუნდს თავკაცობს, ყველაზე სოლიდური სამწვრთნელო მონაცემები კი ქართველ თემურ ქეცბაიას აღმოაჩნდა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა.
2002 წელს ქეცბაიამ შოტლანდიური “დანდი” მიატოვა და ფამაგუსტას “ანორთოსისის” მოთამაშე-მწვრთნელი გახდა. შვიდი წლის თავზე თემურის მიერ დარიგებულმა კვიპროსელებმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გააღწიეს და იქ არაერთი დასამახსოვრებელი თამაში ჩაატარეს, რითაც კუნძულელთა ფეხბურთის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი ფურცელი ჩაწერეს.
დღეისთვის, ქეცბაია ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ მწვრთნელად ითვლება და მას არაერთი კლუბი უტრიალებს. ცხადია, თემური თვალთახედვის არეში “ნიუკასლსაც” ჰყავს, რომლის ფანებსაც იგი დღემდე ძალიან უყვართ.
“უცნაურია, რომ ისეთი კარგი კლუბი, როგორიც “ნიუკასლია”, სავალალო მდგომარეობაში იმყოფება, - ამბობს ქეცბაია. - წარუმატებლობის მიუხედავად, არც კი მინდა ვიფიქრო, რომ გუნდს პრემიერლიგის დატოვების საფრთხე ემუქრება. როდესაც დრო მაქვს, მათ თამაშებს ყოველთვის ვუყურებ და გულიც ძალიან შემტკივა, რადგანაც “ნიუკასლთან” ფანტასტიური მოგონებები მაკავშირებს. ბოლოს “მანჩესტერთან” შეხვედრა ვნახე და იმედგაცრუებული დავრჩი, გუნდს ცუდად არ უთამაშია, თუმცა, ეს შედეგში არ ასახულა”.
ცხადია, ქეცბაიას ინგლისში გადაბარგებაზე ნაფიქრი აქვს, თუმცა, ჯერ აღნიშნულზე საუბარი უჭირს.
“ერთ დღესაც “ნიუკასლის” თავკაცობის შანსი მომეცემა და დიდი ოფლისღვრა მომიწევს. ინგლისის პრემიერლიგა ხომ ევროპაში ერთ-ერთი უძლიერესია. ჩემი აზრით, “ნიუკასლის” მთავარი პრობლემა ფეხბურთელთა მუდმივი ტრავმიანობაა, თორემ გუნდში მაღალი კლასის ფეხბურთელები მრავლად არიან.
არადა, თუკი სეზონი ცუდად დაიწყე, შემდეგ მდგომარეობის გამოსასწორებლად ბევრი ენერგია მიდის. თავიდან “ნიუკასლი” არცთუ ცუდად გამოიყურებოდა, მაგრამ კევინ კიგანის წასვლამ გუნდზე არასასურველად იმოქმედა. კიგანი “ნიუკასლისთვის” შეუცვლელი თავკაცი გახლდათ”.
ქეცბაიასა და კლუბის ხელმძღვანელთა ურთიერთობა ცალკე თემაა. მცირე ხნის წინ თემურს უთანხმოება “ანორთოსისის” პრეზიდენტ ანდრეას პანტელისთან მოუვიდა, რაც ფამაგუსტადან ამ უკანასკნელის აბარგებით დასრულდა. თუკი “ნიუკასლის” თავმჯდომარე მაიკ ეშლი ქართველ სპეციალისტთან საქმის დაჭერას გადაწყვეტს, ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს.
“კლუბის ხელმძღვანელობისგან მხარდაჭერა მწვრთნელისთვის უმნიშვნელოვანესია. როდესაც საქმეს აკეთებ უნდა იცოდე, რომ პრეზიდენტი შენს გვერდითაა. ყველა სპეციალიტის კარიერაში დგება რთული დღეები, როდესაც ზემოდან მხარდაჭერა აუცილებელია. “ანორთოსისის” პრეზიდენტთან გარკვეული პრობლემები მქონდა, თუმცა, მისი წასვლის შემდეგ, გუნდში მდგომარეობა ისევ გამოსწორდა.
ჩემი აზრით, გუნდისთვის მწვრთნელთა ხშირ ცვლას ზიანის მეტი არაფერი მოაქვს. საფეხბურთო კლუბისთვის სტაბილურობა წარმატების საწინდარია. როგორც გავიგე მაიკ ეშლი “ნიუკასლის” გაყიდვას აღარ აპირებს, ეს კი გუნდში მშვიდი სიტუაციის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს”, - განაცხადა ქეცბაიამ.
ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ თემურს “ნიუკასლის” ამბები გულთან მართლაც ახლოს მიაქვს, თუმცა, ცხადია უმთავრესად “ანორთოსისზე” ფიქრობს, რომელსაც არცთუ კარგი დროება უდგას. ფამაგუსტელები ბოლო ტურში ლიდერ “აპოელთან” 1:2 დამარცხდნენ და ნიქოზიელებს 7 ქულით ჩამორჩნენ, მე-2 ადგილზე მყოფ “ომონიასთან” კი 5 ქულას აგებენ.
ამის მიუხედავად, 40 წლის ქართველი იმედს არ კარგავს. “წინ კიდევ შვიდი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ისე კი, სეზონი ძალიან მძიმე გამოვიდა. ჩემპიონთა ლიგაში თამაშმა სერიოზული დაღი დაგვასვა, რამაც თავი კვიპროსის ჩემპიონატში იჩინა”.
მოამზადა დათო მანჯავიძემ
http://www.worldsport.ge/more.aspx?id=19126