გედევანიშვილი მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს
დღეს შვედეთის ქალაქ გიოტებორგში სტარტს აიღებს მსოფლიოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, სადაც, საქართველოს ტრადიციულად, ერთადერთი წარმომადგენელი – 18 წლის ელენე გედევანიშვილი ეყოლება. ქართველი გოგონა ტურნირში 19 მარტს ჩაერთვება, მსოფლიოს პირველობას კი წყვილები გახსნიან.
გიოტებორგს მსოფლიოს ჩემპიინატისთვის 1976 წელსაც უმასპინძლია, მანამდე კი შვიდჯერ შეჯიბრი შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში გამართულა. შვედურ ტურნირში მონაწილეობას 48 ქვეყნის 203 სპორტსმენი მიიღებს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად ვიხილავთ პუერტო-რიკოს დროშას, რომელსაც 19 წლის ვიქტორია მუნისი წარადგენს.
2006 წლის ივნისში სრიალის საერთაშორისო კავშირის (ISU) კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გიოტებორგში საკვალიფიკაციო რაუნდი აღარ გაიმართება. ამდენად, მოკლე პროგრამას ყველა მონაწილე შეასრულებს, რის შემდეგაც 24 მოწინავე ფინალში გავა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 710 ათასი დოლარია, რომელიც თითოეულ დისციპლინაში 1-12-ე ადგილებზე გასულ სპორტსმენებზე გადანაწილდება. ერთეულებში ჩემპიონი 45 ათას დოლარს მიიღებს, მე-2 ადგილოსანი – 27 ათასს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორი – 18 ათასს. ცხადია, ყველაზე ნაკლები – 2 ათასი დოლარი მე-12 ადგილზე გასულ მონაწილეს ერგება.
ქართველი გულშემატკივარისთვის ყველაზე საინტერესო ქალთა ტურნირში, გედევანიშვილის ჩათვლით, სარეკორდო 85 მონაწილე მოგროვდა. გიოტებორგში იმყოფებიან ქალთა ფიგურული სრიალის აღიარებული ლიდერები – კიმი მაისნერი (აშშ), სარა მაიერი (შვეიცარია), კაროლინა კოსტნერი (იტალია), მიკი ანდო (იაპონია) და სხვები, რაც ჩინებული სანახაობის წინაპირობაა.
იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ 2007 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, გედევანიშვილმა მოკლე პროგრამაში მე-13 ადგილი დაიკავა. თავისუფალ პროგრამაში ელენემ მე-17 შედეგი აჩვენა და ჯამური 144.40 ქულით, 45 მონაწილეს შორის, იგივე მე-17 პოზიციას დასჯერდა. მოქმედი ჩემპიონი იაპონელი მიკი ანდოა, სამეული კი მისმა თანამემამულე მაო ასადამა და კორეელმა იუ-ნა კიმმა დააკომპლექტეს.
ქალთა ტურნირის კენჭისყრის შედეგები დღეს საღამოს გახდება ცნობილი, მსოფლიოს ჩემპიონატის ტრანსლაციას კი ტელეკომპანია “ევროსპორტი” აწარმოებს.
@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@@