
ცხოვრების ნაწილი
გიორგი ჩიხრაძე: 2008 წელი წარმატებისა ყოფილიყოს!
საინტერესო ამბავი: "ამერის" მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩიხრაძე ახალ წელს ისეთ ქვეყანაშიც შეხვედრია, სადაც ახალი წელი სულ სხვა დროს დგება. მასთან საუბარში საახალწლო რიტუალებსაც შევეხეთ, თუმცა, ცხადია, ჩვენი ინტერვიუს მთავარი თემა მაინც ფეხბურთი იყო...
- ჩემპიონატის პირველი ნახევარი თქვენთვის რითი იყო გამორჩეული?
- იმით, რომ ჩემპიონატის პირველ წრეში იმედები გაგვიცრუვდა. მიუხედავად იმისა, რომ "ამერმა" ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდი მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენა და უეფას თასის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ხარისხიანად ითამაშა, ჩემპიონატის პირველ წრეში იმ შედეგს ვერ მივაღწიეთ, რაც დაგეგმილი გვქონდა. აი, სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ იმედი გაგვიცრუვდა.
- და რატომ მოხდა ასე?
- შემთხვევითობას ამას ვერ დავაბრალებთ, ყველაფერი რაღაც ლოგიკას ემორჩილება. "ბელხატუვთან" კარგი მატჩების შემდეგ, ეტყობა, გუნდმა კონცენტრაცია დაკარგა და ჩემპიონატს ისეთი მობილიზებული ვეღარ შეხვდა, როგორიც საჭირო იყო. "ბელხატუვის" მერე, რამდენიმე დღეში "ლოკომოტივს" შევხვდით, წავაგეთ და ისე გამოვიდა, რომ კენწეროდან პირდაპირ ძირს დავენარცხეთ. ეს ფსიქოლოგიურად ძნელი გადასატანი გამოდგა. გარკვეული დრო ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად დაგვჭირდა, ეგებ საკმარისზე ცოტა მეტიც. ხოლო, როცა ჩვენი ძალების რწმენა დაგვიბრუნდა და ისე ავთამაშდით, როგორც ადრე, მაშინ უკვე "ზესტაფონსა" და "ვიტ ჯორჯიას" შევხვდით. ძალიან რთული მატჩები იყო, მაგრამ ჩვენ კარგად ვითამაშეთ. მართალია, ორივე თამაში წავაგეთ, თუმცა ასეთი შედეგი სხვა ფაქტორებმაც განაპირობა.
- მოკლედ, პირველი წრის შემდეგ უკმაყოფილო ხართ...
- ცხადია, ასეთი შედეგით კმაყოფილი ვერ ვიქნები, თუმცა პოზიტიური მომენტებიც იყო: მაგალითად, ის, რომ თასის გათამაშებაში შემდეგ ეტაპზე გავედით და კიდევ, "ფოლკსვაგენის" თასი ზედიზედ მეორედ მოვიგეთ. საახალწლო შვებულების წინ კი სუპერთასის მოგება ჩვენზე ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედებს. მომავალში უფრო შემართებით მოვემზადებით და იმედი მაქვს, მეორე წრეში საქმეს გამოვასწორებთ. მესამე ადგილი და საქართველოს თასი - აი, ეს არის ჩვენი მიზანი ამ სეზონში.
- ამ შესვენებისას "ამერში" მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი?
- ჯერ ამას ვერ გეტყვით. საქმე ისაა, რომ ჩვენს ფეხბურთელებზე სხვა გუნდებიდან უკვე არის საკმაო მოთხოვნა. მათ სკაუტები აკვირდებოდნენ და უკვე წინადადებებიც მივიღეთ. მართალია, ჩვენს ფეხბურთელებს სხვა გუნდები გამზადებულ კონტრაქტებს არ ახვედრებენ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მათთან საქმის დაჭერა სურთ. ჩვენ ბიჭებს ვაძლევთ შანსს, რომ საკუთარი ძალები სხვაგან მოსინჯონ და შემდეგ, თუ შემოთავაზებული პირობები "ამერს" დააკმაყოფილებს, ისინი გავასხვისოთ. ასეთ დროს, რა თქმა უნდა, ახალი ფეხბურთელების მოწვევაზეც უნდა ვიფიქროთ. რამდენიმე ფეხბურთელზე თვალი გვაქვს დადგმული და გვსურს, ისინი "ამერში" მოვიწვიოთ. მაგრამ ვიდრე საქმე საბოლოოდ არ მოგვარდება, უფრო კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით. მოკლედ, ახლა გუნდის დაკომპლექტების სტადიაში ვართ. მოსამზადებელ შეკრებას კი, როგორც გითხარით, ნაყოფიერად და, ცხადია, გეგმაზომიერად გავივლით.
- შვებულებაში როდემდე ხართ?
- 3 იანვარს ვიკრიბებით.
- თუმცა თქვენ ახლაც მუშაობთ...
- დამავიწყდა ბოლოს შვებულება როდის მქონდა. თანაც ახლა, როგორც გითხარით, გუნდი დაკომპლექტების პროცესშია და ვერ დავისვენებ. ადრე, ჩემპიონატში შესვენებისას, მეტი განათლების მისაღებად სტაჟირებაზე უცხოეთშიც მივემგზავრებოდი ხოლმე, თუმცა ახლა ამის დრო არ მაქვს.
- ერთი-ორი დღე კი დასვენება მაინც "მოგიწევთ"...
- ცხადია, ახალ წელს თავს მოდუნების უფლებას მივცემ. ეს ხომ ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დღესასწაულია. მართალია, ახლა პოლიტიკური ვითარების გამო, ქვეყანაში არც თუ ისე საახალწლო განწყობაა, მაგრამ მაინც, ახალი წელი ახლოვდება და ახალი იმედებიც ჩნდება. ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანოთ და კარგზე ვიფიქროთ.
- სად შეხვდებით ახალ წელს?
- ცხადია, ოჯახში. მერე კი, როგორც გვჩვევია, ახლობელ-მეგობრებს მოვინახულებ, მივულოცავ და ახალ წელს ერთად ვიზეიმებთ.
- ფეხბურთელობისას ახალ წელს ალბათ სხვა ქვეყანაშიც შეხვედრიხართ...
- უკრაინაში, ისრაელში... ისე იყო, რომ საახალწლო პერიოდში შინ ჩამოსვლას ვერ ვახერხებდი. ისრაელი ახალ წელს სხვა დროს აღნიშნავს, მაგრამ აქედან ჩასულებისთვის ახალი წელი, ცხადია, 1 იანვარს თენდებოდა და ჩვენც ჩვენებურად აღვნიშნავდით.
- უკრაინაში როგორ ხვდებიან ახალ წელს?
- თითქმის ისევე, როგორც ჩვენ. განსხვავება ის არის, რომ საახალწლო სუფრაზე უკრაინაში უფრო არაყს ეძალებიან. და კიდევ, ახალ წელს უკრაინაში ამინდიც საახალწლოა - თოვლია. ჩვენთან კი ხანდახან გაზაფხულის ამინდია.
- თქვენს რას სვამთ?
- ოჯახის ღვინოს. მართალია, სასმელის დიდი მოყვარული არ ვარ, მაგრამ დროდადრო, სადღესასწაულო სუფრებზე დროს ჩვეულებრივ ვატარებ.
- ჩინეთშიც გითამაშიათ და იქაურ ახალ წელს ხომ არ შეხვედრიხართ?
- არა, ეს ბედნიერება არ მქონია.
- საახალწლოდ რას ისურვებდით?
- მშვიდობას და კეთილდღეობას, სიყვარულს და ურთიერთპატივისცემას, ქვეყნის აყვავებას... ძალიან მინდა, რომ 2008 წელი ქართული ფეხბურთისთვის წარმატებების წელი იყოს, ფეხბურთი ხომ ჩვენთვის ცხოვრების ნაწილია.