უმაღლესზე უარის მთქმელ “ამერს” კვლავ ჩიხრაძე უთავკაცებს
2008-2009 წლების სეზონში, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში თბილისის “ამერი” აღარ ითამაშებს და დედაქალაქური გუნდი გამოსვლას პირველ ლიგაში გააგრძელებს.
“ამერი” უმაღლეს ლიგაში აღარ დარჩება და ამის თაობაზე, გადაწყვეტილება უშუალოდ კლუბის პრეზიდენტმა ზურაბ ფოცხვერიამ მიიღო” - განუცხადა “მსოფლიო სპორტს” “ამერის” მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჩიხრაძემ.
- რით იყო განპირობებული ასეთი ნაბიჯის გადადგმა?
- არაპროგნოზირებადი რამ მოხდა, ვინაიდან, კლუბში დარჩენილი ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მიმართ არსებული ფინანსური დავალიანებები დაიფარა. გარდა ამისა, მიმდინარეობს ანგარიშსწორება იმ მოთამაშეებთან, რომლებმაც “ამერი” დატოვეს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ შარშანდელი შემადგენლობიდან სულ რამდენიმე ფეხბურთელი დაგვრჩა, ხოლო ახალგაზრდებს სათანადო გამოცდილება არ აქვთ და მოკლე დროში ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნა ძალიან ძნელი იყო, კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა პირველ ლიგაში გვეთამაშა.
- მოსალოდნელია, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის განახლებამდე, “ამერის” ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეცვალოს?
- საერთოდ, ზურაბ ფოცხვერია სპონტანურ გადაწყვეტილებებს არ იღებს და ამიტომ, ეჭვი მეპარება, რომ მან რაიმე შეცვალოს.
- თქვენ თუ აპირებთ გუნდში დარჩენას?
- რა თქმა უნდა. ამ ვითარებაში სხვა გადაწყვეტილებაზე არც მიფიქრია. პირიქით, ჩემი აზრით, კლუბს გვერდში დგომა ახლა სჭირდება.
- რადგან “ამერმა” უმაღლეს ლიგაში თამაშზე უარი თქვა, ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ კლუბი სხვა ფეხბურთელებმაც დატოვონ?
- გუნდი რომ უმაღლეს ლიგაში აღარ ითამაშებდა, ამის შესახებ, ფეხბურთელებს კვირას შევატყობინეთ და ვფიქრობ, ერთი დღე საკმარისი არ არის, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ. თუმცა, ჩვენ ყველა მოთამაშეს ვუთხარით, რომ სურვილის შემთხვევაში, კლუბის დატოვებაში ხელს არ შევუშლიდით.
- მომავალ სეზონში გუნდის მიზანი უმაღლეს ლიგაში დაბრუნება იქნება?
- ამის შესახებ, ჯერ არ გვიმსჯელია, რადგან მოვლენები საკმაოდ სწრაფად განვითარდა და სამომავლო გეგმებზე არ გვისაუბრია. თუმცა, ბუნებრივია, შევიკრიბებით და შემდეგ სეზონისთვის ამოცანებს დავსახავთ.
- იმ ვითარებაში, როდესაც კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების გამო, ფეხბურთელთა გარკვეულმა ნაწილმა ვარჯიშზე უარი განაცხადა, მათი გუნდიდან დათხოვნა რამდენად სწორი გამოსავალი იყო?
- ჩემი აზრით, ეს მასმედიაში განსახილველი თემა არ არის. ცხადია, მაშინ, ასეთი ნაბიჯის გადადგმა რთული იყო, მაგრამ ყველაფერი თავად ფეხბურთელებს, ინდივიდუალურად ეხებათ და მართალი გითხრათ, პრესაში ამაზე საუბარი მიზანშეწონილად არ მიმაჩნია.
P.შ.ჩვენის მხრივ, დავსძენთ, რომ თბილისის “ამერი” 2002 წელს შეიქმნა, ხოლო 2006 და 2007 წლებში გუნდმა საქართველოს თასისა და სუპერთასის მოგება შეძლო.
http://www.msofsport.com/more.aspx?id=10095