შარსანდელი მასალაა, მაგრამ მაინც, ჩელებაძის თემაში უნდა დამედო და დახურეს! საბურთალოს საფეხბურთო კლუბზე თემა შეიძლება თურმე და რეზოზე არა!
რევაზ ჩელებაძე 50 წლისაა აჭარის მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელს, რევაზ ჩელებაძეს ორმოცდაათი წელი შეუსრულდა. ჩვენი კუთხის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებული რევაზ ჩელებაძე თავის გამოცდილებას ქართულ ფეხბურთს ვერ უზიარებს, ჩემი თაობისათვის კი ბატონი რეზოს თამაშების ხილვა შეუძლებელი იყო. ახალი თაობისთვის განსაკუთრებით საინტერესოა იმ ხალხის მოსმენა, რომლებთანაც ერთად იზიარებდა ის გამარჯვებასა და დამარცხებას.გუშინ «ჩელეს» მშობლიურ ქობულეთში იუბილეს მოსალოცად ძველი თბილისის «დინამოსა» და ბათუმის «დინამოს» ფეხბურთელები ეწვივნენ. ამ გუნდებს შორის ამხანაგური შეხვედრაც გაიმართა, რომელიც თბილისელი «დინამოელების» გამარჯვებით (2:1) დასრულდა. რაც ყველაზე საინტერესოა «გადამწყვეტი» ბურთი, რევაზ ჩელებაძის ვაჟმა გაიტანა.
ამდენი ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელი ერთად არასოდეს მენახა, ამიტომაც მომენტი ხელიდან არ გავუშვი და...
ალექსანდრე ჩივაძე (თბილისის «დინამოს» და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრების, ყველა დროის საუკეთესო კაპიტანი): «ახალი რა უნდა გითხრა რეზოზე. არაჩვეულებრივი მეგობარია, ძალიან გულისხმიერი და რაც მთავარი იყო ჩვენს საქმეში _ შრომისმოყვარე.
წარმოიდგინეთ ჩვიდმეტი წლის ასაკში დაიწყო ფეხბურთის თამაში და ოცდაერთისამ უკვე საბჭოთა კავშირის ნაკრებში ითამაშა. განა ეს არ მეტყველებს მის გენიალურობაზე?»
რამაზ შენგელია (საბჭოთა კავშირის ორგზის საუკეთესო ფეხბურთელი): «ხომ შეიძლება მეც რომ ვთქვა? შენ არ გემახსოვრება, მაგრამ თუ დამიჯერებ, გენიალურად ასრულებდა თერთმეტმეტრიანებს. არც მანამდე და არც მის შემდგომ, მსგავსი შესრულებით გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმა არსად მინახავს. ერთ კურიოზს გავიხსენებ თერთმეტმეტრიანებთან დაკავშირებით. ესპანეთში ვიყავით და ამხანაგურად «კადისს» ვეთამაშებოდით. მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დაუდო ესპანელებს. რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ შეხვედრაზე გუცაევმა ვერ გამოიყენა პენალტი, ამიტომაც ამჯერად «ჩელემ» ითავა და შესძახა ვოვას _ უყურე და ისწავლე, როგორ უნდა დარტყმაო. საუბედუროდ, «ჩელემ» ბურთი ვერ გაიტანა და მთელი შეხვედრა თავჩაღუნული დადიოდა».
ლევან ნოდია (თბილისის «დინამო»): «გასახსენებელი ძალზედ ბევრია, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მინდა მივულოცო «ჩელეს» ეს მრგვალი თარიღი, ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე ვუსურვო».
და ბოლოს, თავად იუბილარს მოვუსმინოთ, რომელიც ფეხბურთში, რაც არ უნდა საკვირველად ჟღერდეს, კალათბურთიდან მოვიდა:
_ თავიდან კალათბურთს ვთამაშობდი, მაგრამ ბიძაჩემმა, ბიჭიკო ჩელებაძემ მთხოვა სოფლის ტურნირზე დავხმარებოდი გუნდს. მახსოვს, შვიდი ბურთი გავიტანე. სხვათა შორის, პირველი თერთმეტმეტრიანი სწორედ მაგ ტურნირზე ავაცილე. შემდეგ ჩვიდმეტი წლისა «შუქურაში» ჩავირიცხე, მაგრამ მთავარმა მწვრთნელმა, დავით ჭავჭანიძემ მითხრა, რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა, ერთი კარგად შემიკურთხა კიდევაც _ ვინც შენ ფეხბურთი გათამაშოსო... ასე რომ, თავიდან სათადარიგოთა სკამზე მომიწია ჯდომა. სულ მალე კლუბში ვალერიან ჩხარტიშვილი მოვიდა, რომელიც მენდო და მას შემდეგ თამაში ისე არ ჩაივლიდა, გოლი რომ არ გამეტანა. შემდეგ ბატონი ვალერიანი ბათუმის «დინამოში» დანიშნეს მთავარ მწვრთნელად და მეც თან წამიყვანა. ბათუმი უკვე სულ სხვა დონე იყო, რადგანაც «დინამოელები» საკავშირო მეორე ლიგაში თამაშობდნენ. ამის შემდეგ კი თბილისის «დინამოში» გადავედი, სადაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები გავატარე.
_ ბატონო რეზო, თუ არ ვცდები საბჭოთა კავშირის ნაკრები ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც ბრაზილიას «მარაკანაზე» მოუგო.
_ პირველად ნაკრებში, ნიკიტა სიმონიანის მწვრთნელობისას მოვხვდი. «მარაკანაზე» თამაში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ოცნების ტოლფასია, აღარაფერს ვამბობ გამარჯვებაზე. მახსოვს იმ შეხვედრას, დაახლოებით, 170-ათასამდე მაყურებელი დაესწრო. ჩვენ გავიმარჯვეთ 2:1.
_ ერევანში რაც დაგემართათ, ყველამ ისედაც კარგად იცის, მაგრამ საინტერესო იქნებოდა ამის თქვენგან მოსმენა.
_ მატჩი დასასრულს უახოვდებოდა, როდესაც მასპინძელთა მეკარეს გვერდი ავუარე და ის იყო წყნარად კარში უნდა დამეგორებია, მაგრამ კარს ავაცილე! ახლაც ვერ ვხვდები რა დამემართა?
_ თქვენს მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმების საიდუმლოს ხომ არ გასცემდით?
_ დიდი არაფერია. გამორბენის დროს დარტყმამდე მეკარეს ვუყურებდი და მერე აუღელვებლად ვაგორებდი ბურთს.
ავტორი: ავტორი არა ისა..
This post has been edited by amikoo on 4 Feb 2008, 21:17
მიმაგრებული სურათი