უკრაინასთან მატჩის წინ
”სპორტ-ექსპრესი”: ინტერვიუ შოთა არველაძესთან
უკრაინისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დღევანდელი დაპირისპირება პოსტ-საბჭოთა სივრცეში დიდ ინტერესს იწვევს. განსაკუთრებული ყურადღება იგრძნობა რუსული სპორტული მედიის მხრიდან. ამის დასტურია რუსულ გაზეთ ”სპორტ-ექსპრესის” დღევანდელ ნომერში შოთა არველაძესთან გამოქვეყნებული ინტერვიუ, რომელსაც მცირედი ცვლილებით გთავაზობთ.
როგორ ფიქრობთ, მოახერხებს საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინაში სამი ქულის მოპოვებას?
რატომაც არა?! ჩვენ შეგვიძლია სასურველი შედეგის მიღწევა და საამისოდ, გარწმუნებთ, არაფერს დავიშურებთ.
კახა კალაძე ნაკრებს დააკლდა. კიდევ ვინ ვერ დაეხმარება გუნდს?
საბედნიეროდ, კახა საქართველოს ნაკრების ერთადერთი მნიშვნელოვანი დანაკლისია.
მართალია, რომ თბილისში თქვენი გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ადევნებდა თვალს?
არა, ბატონი პრეზიდენტი მხოლოდ სტადიონის გახსნაზე და ფრანგებთან თამაშზე მოვიდა. მოგვიანებით ფეხბურთელებსაც შეგვხვდა და გაგვესაუბრა.
თქვენს შესარჩევ ჯგუფს ”სიკვდილის ჯგუფსაც” უწოდებენ. საინტერესოა, რომელი გუნდები მიგაჩნიათ ფავორიტად?
ისინი, რომლებსაც მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩავარდნას უწინასწარმეტყველებენ.
როგორ ფიქრობთ, რა არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მაქსიმუმი ამ შესარჩევ ჯგუფში?
ნებისმიერ შემთხვევაში, შანსი გვაქვს. შესაძლოა, ფინალურ ეტაპზე ვერ გავიდეთ, მაგრამ ეგრეთ წოდებულ ფავორიტებს არაერთ პრობლემას შევუქმნით.
როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა უკრაინის ნაკრების წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე?
ჩვენმა დღევანდელმა მეტოქემ გერმანიაში წარმატებას, უპირველეს ყოვლისა, შეუპოვარი ხასიათით და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთით მიაღწია.
და ბოლოს, ალბათ, კარგია მუშაობა ისეთ მწვრთნელთან, როგორიც კლაუს ტოპმიოლერია…
ძალიან! ტოპმიოლერი განათლებული და უმაღლესი დონის მწვრთნელია, მას ნამდვილად ძალუძს საქართველოს ნაკრები ახალ სიმაღლეზე გაიყვანოს. ჩვენს გუნდში არაერთი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს. ვფიქრობ, საერთო ძალისხმევით და კლაუს ტოპმიოლერის დახმარებით, წარმატებას ახლო მომავალში მივაღწევთ!
მიმაგრებული სურათი