ფეხბურთზე კონცენტრირებას ვერ ვახერხებთ
ლევან ჯანეზაშვილი
მიმდინარე სეზონში ბოლნისის ?სიონი? არასტაბილურად ასპარეზობს. უკვე ნათელია, რომ ქვემოქართლელები ვერც მაღალი საფეხურებისთვის იბრძოლებენ და არც უმაღლესი ლიგიდან გავარდნის საფრთხე დაემუქრებათ. ყველასთვის ცნობილია, რომ ?სიონის? წარუმატებლობების უმთავრესი მიზეზი ფინანსური პრობლემაა. გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ხიდეშელი მიიჩნევს, რომ სათანადო პირობების ქონის შემთხვევაში, მისი გუნდი უმაღლეს მიზნებს შეეჭიდებოდა.
- როდის დაიწყო ?სიონის? პრობლემები?
- სეზონის დასაწყისში ყველაფერი რიგზე იყო. წინა სეზონშიც ?სიონში? ვთამაშობდი და მაშინ არანაირი პრობლემა არ გვქონია, მიმდინარე სეზონში კი, სამწუხაროდ, ისეთ სიტუაციაში ვართ, ფეხბურთზე კონცენტრირებას ვერ ვახერხებთ.
- სიტუაციის გამოსწორების იმედი არ არსებობს?
- გვპირდებიან, რომ ყველაფერი მალე მოგვარდება. დავალიანების ნაწილი უკვე გაგვისტუმრეს და იმედია, დანარჩენსაც ავიღებთ. ძალიან მეგობრული გუნდი გვყავს და თუ ფინანსური სიტუაცია გამოსწორდება, გაცილებით უფრო შედეგიანად ავთამაშდებით. არასტაბილურობის მიუხედავად, ?სიონმა? რამდენიმე მატჩი მაღალ დონეზე ჩაატარა და დაამტკიცა, რომ არაა ხელწამოსაკრავი გუნდი.
- ამ სეზონში ?სიონის? ყველაზე გამორჩეული მატჩი რომელი იყო?
- ?სიონისთვისაც? და პირადად ჩემთვისაც ყველაზე შთამბეჭდავი თბილისის ?დინამოსთან? შეხვედრა იყო. თბილისში მას დამაჯერებლად მოვუგეთ. ?დინამოს? დამარცხება ბოლნისშიც შეგვეძლო, მაგრამ რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოვიყენე და ფრეს დავჯერდით.
- ამ ჩემპიონატში ჯერ ერთი მატჩიც არ გაგიცდენია და ?სიონის? ერთ-ერთი ლიდერიც ხარ...
- საკუთარ თავს ლიდერს ვერ ვუწოდებ, მაგრამ როცა თამაში მიმდის, მართლაც ვახერხებ ?სიონისთვის? სარგებლობის მოტანას.
- საკუთარი ფორმით კმაყოფილი ხარ?
- კმაყოფილი ვერ ვიქნები, რადგან მოსამზადებელი შეკრება არ გამივლია, მხოლოდ თამაშებით კი ოპტიმალურ ფორმაში ვერ შეხვალ.
- გუნდის შეცვლაზე ხომ არ ფიქრობ?
- ?სიონი? ძალიან მეგობრული გუნდია და აქედან წასვლა ნამდვილად არ მინდა. იმედია, სიტუაცია გამოსწორდება და საქმე აქამდე არ მივა. თუ არადა, ჩემ მიმართ ინტერესი არსებობს და ადგილსამყოფელს შევიცვლი.
- შენი ყოფილი გუნდიდან, ცხინვალის ?სპარტაკიდან? ხომ არ შეგხმიანებიან?
- კი, ?სპარტაკიდანაც? მაქვს მოწვევა. დაველოდები ?სიონში? ვითარების გარკვევას და გადაწყვეტილებას ამის მიხედვით მივიღებ.
- რომელ ამპლუაში გირჩევნია თამაში?
- გუნდში ხან უკანა თავდამსხმელად მათამაშებენ, ხან მარჯვენა ნახევარმცველად. ჩემს თავს თავდამსხმელად უფრო მივიჩნევ.
- საქართველოს ჩემპიონატამდე გერმანიაში თამაშობდი...
- გერმანიაში ოთხი წელიწადი გავატარე. ბავშვთა ლიგაში ვთამაშობდი ?კობლენცის? შემადგენლობაში, ამ გუნდის ღირსება რეგიონალლიგაშიც დამიცავს. სამწუხაროდ, გერმანიიდან დაბრუნებამ მომიწია, რის შემდეგაც ყველაზე კარგი პერიოდი ცხინვალის ?სპარტაკში? გავატარე. კარგად მაგონდება ?სიონში? გატარებული წინა სეზონიც. ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუძღვის კობა ჟორჟიკაშვილს, რომლის ხელმძღვანელობითაც ჯერ ?დერბიში? ვვარჯიშობდი, შემდეგ კი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც მიმიწვია. სამწუხაროდ, იქ თამაშის საშუალება არ მომეცა, რადგან ჩემი კონკურენტები სანდრო იაშვილი და გოგი ფიფია იყვნენ, რომლებიც იმ პერიოდში საუცხოოდ თამაშობდნენ.
- საკუთარ თავს როგორ დაახასიათებდი?
- ძნელია საკუთარ თავზე ლაპარაკი. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც მაქვს ძლიერი და სუსტი მხარეები. ფიზიკურ მომზადებაში მოვიკოჭლებ, რაც ჩემი ბრალი ნამდვილად არაა - როცა ჩემი გუნდი კარგად მოემზადება, ეს ხარვეზი უმალ მოგვარდება. მაქვს კარგი დარტყმა, თუ ბევრი ვიშრომე, ჩემგან ნორმალური თავდამსხმელი დადგება.
- მიმდინარე ჩემპიონატში რომელ გუნდს და ფეხბურთელს გამოარჩევდი?
- საუკეთესო ფეხბურთელი უდავოდ ბრაზილიელი აკინოა, ჩემპიონატის მთავარ ფავორიტად კი მისი ?ოლიმპი? მიმაჩნია. ?ზესტაფონიც? კარგი გუნდია, მაგრამ ?ოლიმპს? მეტი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს და ჩემპიონის ბედს, ალბათ, სწორედ ეს ფაქტორი გადაწყვეტს.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/272/272-5.htm