არავითარი გარიგება, სპარტაკთან ბრძოლაში დავმარცხდით
ლევან ჯანეზაშვილი
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ბოლნისის ?სიონმა? რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი დაიმატა. ქვემოქართლელთა ახალწვეულთაგან ერთ-ერთი გამოსარჩევი გიორგი მელქაძეა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ?ვიტ ჯორჯიასთვის? შეუცვლელი მოთამაშე იყო, მაგრამ მიმდინარე სეზონში პოზიციები დათმო და ?სიონში? გაანათხოვრეს. საინტერესოა, რომ დღეს ერთმანეთს მისი ყოფილი და ამჟამინდელი გუნდები დაუპირისპირდებიან.
როგორც გიორგი ამბობს, ?სიონში? განათხოვრებით გულდაწყვეტილი სულაც არაა და მომავალი ბატალიების წინ საბრძოლოდაა განწყობილი. საუბარი კი იმ შემთხვევის გახსენებით დავიწყეთ, რომელმაც ?ვიტ ჯორჯიას? ძირითად შემადგენლობაში ადგილი დააკარგვინა.
- წინა სეზონში ?ვიტ ჯორჯიას? ძირითადში სისტემატურად ვთამაშობდი, გასულ ზაფხულს მძიმე ავტოავარიაში მოვყევი, შემიძლია ვთქვა, რომ ბეწვზე გადავრჩი. ტვინის შერყევა მივიღე, თავზე ხუთი ნაკერი დამადეს... ამის გამო უცხოური შეკრებაც გამიცდა და ვერც ევროთასებზე ვითამაშე. საერთო ჯამში, თითქმის ოთხი თვე გამიცდა და ბუნებრივია, სასურველი კონდიციების აღდგენა და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება გამიჭირდა. ?ვიტ ჯორჯიაში? დიდი კონკურენციაა და როცა გამოვჯანმრთელდი, მხოლოდ შეცვლებზე მიწევდა თამაში. დროებით სხვა გუნდში თამაში ჩემს ინტერესებშიც შედიოდა და ამაში ?ვიტ ჯორჯიას? ხელმძღვანელობამაც შემიწყო ხელი.
- წლების განმავლობაში ?ვიტ ჯორჯიაში? თამაშობდით და ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძოდით, ?სიონის? ამოცანა კი მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დარჩენაა. ამგვარ სიტუაციაში თამაში ხომ არ გიძნელდებათ?
- არა, მოტივაცია სულაც არ მაკლია, პირიქით, ?სიონში? თამაში ჩემთვის არანაკლებ საინტერესოა. გუნდს თავიდანვე შესანიშნავად შევეწყვე, ხვიჩა ქასრაშვილის სამწვრთნელო მეთოდებიც მომწონს და თანაგუნდელებთანაც უცებ გამოვნახე საერთო ენა. რაც მთავარია, ძირითად შემადგენლობაშიც დავმკვიდრდი. მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ჰაერივით მჭირდება. გუნდის სტილსაც იოლად ავუღე ალღო. წინ საინტერესო სეზონი გველის, ?სიონი? მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ბრძოლას არ დასჯერდება და ბევრ ძლიერ გუნდს გაამწარებს.
- როგორც ამბობენ, ?სიონში? არცთუ სახარბიელო ფინანსური ვითარებაა. ეს ფაქტი ხომ არ გაფიქრებთ?
- ამ ეტაპზე ჩემთვის ფულზე გაცილებით მნიშვნელოვანი ფეხბურთის თამაში და ძველი ფორმის დაბრუნებაა. თუმცა ?სიონში? არცთუ საგანგაშო ფინანსური სიტუაციაა. რა თქმა უნდა, ?ვიტ ჯორჯიაში? უკეთესი ანაზღაურება მქონდა, მაგრამ ?სიონშიც? ნორმალური პირობებია.
- ამ სეზონის დასრულების შემდეგ რა გეგმები გაქვთ?
- ?ვიტ ჯორჯიასთან? კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულამდე მაქვს გაფორმებული. სეზონის დასრულებისთანავე იქ დავბრუნდები და კლუბის ხელმძღვანელობას დაველაპარაკები. თუ ?ვიტ ჯორჯიას? ისევ დავჭირდი, სიამოვნებით დავუბრუნდები, თუ არადა, სხვა კლუბს მოვძებნი. ბუნებრივია, კარიერის საზღვარგარეთ გაგრძელების სურვილი მეც მაქვს და თუ ?სიონის? შემადგენლობაში შედეგიანად ვითამაშე, უცხოეთში წასვლა არც აქედან გამიჭირდება. მთავარია, ჯანმრთელობამ შემიწყოს ხელი, თორემ მოტივაცია და მონდომება ნამდვილად არ მაკლია.
- ამ ტურში ?ვიტ ჯორჯია? ?სიონს? შეხვდება...
- ამ შეხვედრაში მონაწილეობის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ იმის გამო, რომ ?ვიტ ჯორჯიას? ვეკუთვნი, თამაშის უფლება არ მაქვს. რა თქმა უნდა, სტადიონზე ვიქნები და ჩემს თანაგუნდელებს იქიდან გავამხნევებ. დარწმუნებული ვარ, საინტერესო მატჩი გამოვა და ?სიონი? თავს არ შეირცხვენს.
- ჩემპიონატის მეორე ეტაპის მატჩს, რომელშიც ერთმანეთს ?სიონი? და ?სპარტაკი? შეხვდნენ, დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ორივე გუნდი დაისაჯა...
- ვერ გამიგია, რატომ გვაბრალებენ თამაშის ჩაწყობას. ეს ნამდვილი ბრძოლა იყო და გარიგებას ადგილი არ ჰქონია. ჩაწყობას მართლაც რომ ჰქონოდა ადგილი და ეს მე არ მცოდნოდა, მოედანზე ვიყავი და ამას აუცილებლად შევამჩნევდი. ?სპარტაკთან? ბრძოლაში დავმარცხდით.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/037/037-13.htm