საქართველოს ჩემპიონატს უსახსრობა ასუსტებს
ლევან ჯანეზაშვილი
ალექსანდრე გოგობერიშვილი მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში ბოლნისის �სიონის� უდავო ლიდერი იყო. ზამთრის სატრანსფერო პაუზისას მან �სიონი� დატოვა და ახალ გუნდს ეძებდა, მაგრამ სასურველი ვარიანტის პოვნა ვერ შეძლო და ბოლნისელებს დაუბრუნდა. მისი დაბრუნება კვირას, �ლოკომოტივისა� და �სიონის� მატჩში შედგა, სადაც ალეკომ და მისმა თანაგუნდელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და უმაღლეს ლიგაში დარჩენის კარგი შანსი შეინარჩუნეს. გოგობერიშვილთან საუბარი სწორედ ამ შეხვედრით დავიწყეთ.
- ამ მატჩმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ �სიონი� გავარდნის ღირსი არაა და არც აუტსაიდერობა შეშვენის. მეტოქეს საგრძნობლად ვაჯობეთ და სამი ქულა დამსახურებულად მოვიპოვეთ. განსაკუთრებული უპირატესობა პირველ ტაიმში გვქონდა. მართალია, მეორე ნახევარში �ლოკომოტივი� გამოცოცხლდა, მაგრამ საერთო ჯამში, გამარჯვება �სიონს� ეკუთვნოდა. უმაღლეს ლიგაში ულაპარაკოდ უნდა დავრჩეთ, რადგან კონკურენტებზე გაცილებით მაღალი დონის გუნდი გვყავს. იმასაც შევეცდებით, რომ ამ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღალი ადგილი დავიკავოთ.
- რა არის მიზეზი, რომ �სიონი� ამ სეზონში მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის?
- კლუბის ფინანსური მდგომარეობა არასახარბიელოა, რაც შედეგებზეც აისახება. ამას გარდა, �სიონის� ჩავარდნას სხვა მიზეზებიც აქვს...
- სად გაატარეთ ის პერიოდი, როცა უგუნდოდ იყავით?
- თბილისში ვვარჯიშობდი, ხან ინდივიდუალურად, ხანაც სხვა გუნდებთან ერთად. ასე რომ, ფორმა არ დამიკარგავს. იმედი მქონდა, რომ კარიერას საზღვარგარეთ გავაგრძელებდი და თითქოს კონკრეტული ვარიანტებიც გამოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ამ საქმიდან არაფერი გამომივიდა. �სიონს� კვლავ ვჭირდებოდი და რაკი სხვა არჩევანი აღარც მქონდა, მას დიდი სიამოვნებით დავუბრუნდი. აქვე შემთხვევით ვისარგებლებ და მადლობას გადავუხდი ფიზმომზადების მწვრთნელ ავთო ბერიძეს, რომელმაც დიდი დახმარება გამიწია.
- რომელი ქვეყნების კლუბებში გადასვლის იმედი გქონდათ?
- აზერბაიჯანში დაბრუნების შანსიც მქონდა და უზბეკეთში წასვლისაც.
- ზაფხულში ისევ შეუდგებით ახალი გუნდის ძებნას?
- დიახ, მინდა ისეთ გუნდში ვითამაშო, სადაც ნორმალური ფინანსური პირობები მექნება. ეს ყველა ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოდან წასვლა ჩემი თვითმიზანი არაა, თუ რომელიმე აქაურმა კლუბმა შემომთავაზა კარგი კონტრაქტი, დავთანხმდები.
- საკუთარ ფორმას როგორ შეაფასებთ?
- სათამაშო პრაქტიკა მაკლია და ამიტომ ოპტიმალურ ფორმაში არ ვარ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორი-სამი ტურის შემდეგ ძველებურ დონეზე ავთამაშდები. მინდა, �სიონს� მაქსიმალურად გამოვადგე. სხვათა შორის, არც ისაა გამორიცხული, მომავალი სეზონიც ბოლნისში გავატარო. არის იმის შანსი, რომ �სიონი� ფინანსურად მომძლავრდეს და შემადგენლობაც გააძლიეროს. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, დიდი სიხარულით ვითამაშებდი.
- აზერბაიჯანში არაერთი წელიწადი გაგიტარებიათ და საინტერესოა, იქაური ჩემპიონატი უფრო მაღალი დონისაა თუ საქართველოსი?
- ჩემპიონატი აზერბაიჯანისა ჯობია, მაგრამ არც იქაა ძალიან მაღალი დონე. საქართველოს ჩემპიონატს უსახსრობა ასუსტებს, თორემ აზერბაიჯანის ნახევარი ფინანსები რომ გვქონდეს, ამ ქვეყანაზე გაცილებით ძლიერი პირველობა გვექნებოდა. აზერბაიჯანის ჩემპიონატის დონეს ლეგიონერები განაპირობებენ, თორემ საქართველოს გაცილებით ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. გული მწყდება, რომ ქართულ ფეხბურთში ცოტა ფულია. მდგომარეობა ოდნავ მაინც რომ გაუმჯობესდეს, ჩემპიონატის საინტერესო გვექნება და ხალხიც სტადიონებს დაუბრუნდება. იდეალური პირობები არც ჩემი კარიერის პირველ წლებში გვქონია, მაგრამ საქართველოს ჩემპიონატი მაშინ გაცილებით მაღალი დონისა იყო.
- ფეხბურთის თამაშს კიდევ რამდენი წელი გეგმავთ?
- 33 წლის ვარ და მიმაჩნია, რომ ეს ფეხბურთელისთვის კრიტიკული ასაკი არაა. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად ვარ და ვგრძნობ, რომ მაღალ დონეზე თამაში კიდევ შემიძლია. ასე რომ, მინიმუმ ორი-სამი წელიწადი ფეხბურთისთვის თავის დანებებაზე არ ვიფიქრებ.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/062/062-8.htm