გუშინ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი ფარერის კუნძულებზე თამაშით დაიწყო - კლაუს ტოპმიოლერის გუნდმა 6:0 გაიმარჯვა!
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ნაკრების ოფიციალური ფან-კლუბის ინიციატივით, ვარდების მოედანზე გულშემატკივრებს საშუალება ჰქონდათ მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია დიდ ეკრანზე ეხილათ.
ამ წამოწყებაში სფფ-ს ტრადიციულად გვერდში ამოუდგნენ თბილისის მერია, კომპანიები ”ყაზბეგი” და ”პეპსი”, რისთვისაც ფეხბურთის ფედერაცია მათ დიდ მადლობას უხდის.
მიუხედავად თბილისური სიცხისა, ვარდების მოედანზე 22 საათისთვის დაახლოებით 4 ათასამდე ერთგულმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. მათ შორის იყვნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია, თბილისის მერი გიგი უგულავა და პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია.
გარდა ამისა, ვარდების მოედანზე მრავლად იყვნენ უცხოელი ტურისტებიც, რომლებმაც დიდი ხალისით შეიძინეს მაისურები ”ჩვენ ერთი გუნდი ვართ” და გასაოცარი ენთუზიაზმით უქომაგეს ჩვენს ბიჭებს.
ნაკრების ბრწყინვალე თამაშთან ერთად საღამო დაამშვენა ანსამბლმა ”ნაბადი”, რომლის შემოქმედებით გულშემატკივრებმა თამაშის შემდეგაც ისიამოვნეს.
გუშინ ვარდების მოედანზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენ მართლაც ერთი გუნდი ვართ და ერთად დიდ გამარჯვებებს მივაღწევთ!
მიმაგრებული სურათი