27.06.2006
ჩვენ ერთი გუნდი ვართ: ეროვნული ნაკრების ფან-კლუბის კარი ყველასთვის ღიაა! დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა პრესკონფერენცია, რომელიც ეროვნული გუნდის ფან-კლუბს მიეძღვნა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას სფფ-ის გენერალურმა მდივანმა უჩა უგულავამ და ვიცე-პრეზიდენტებმა გოგი ქავთარაძემ და რევაზ არველაძემ სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზეც ისაუბრეს.
გოგი ქავთარაძე: ”საქართველოს ეროვნული ნაკრების ფან-კლუბის დაარსებიდან ორი დღე გავიდა და სიმართლე გითხრათ, არ ველოდით გულშემატკივრების ისეთ აქტიურობას, როგორიც განვლილ დღეებში ვიგრძენით. თუნდაც ის რად ღირს, რომ ფან-კლუბის დაარსების დღეს სპეციალურად დავბეჭდეთ 800 ანკეტა, რომელიც გაწევრიანების მსურველებს უნდა შეევსოთ და მათგან 700 შეივსო. უფრო სწორედ, მეტი შეივსო, თუმცა რამდენიმე არაზუსტად იყო შევსებული და ამიტომ, ბათილად გამოცხადდა…
გეგმით მივდივართ და მალე ქომაგს გაწევრიანების თაობაზე კითხვები აღარ ექნება - ყველასთვის ყველაფერი ნათელი იქნება. 30 ივნისიდან ამუშავდება ჩვენი მობილური ჯგუფი, რომელიც მოივლის გულშემატკივართა თავშეყრის ადგილებს და მათ ყველანაირად შეუწყობს ხელს ფან-კლუბში გაწევრიანებაში. ძალიან მარტივი ანკეტა განთავსდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინტერნეტ-გვერდზეც…
კარგი იქნება, თუ მსურველებს ფან-კლუბში გაწევრიანების საშუალება გაზეთებითაც მიეცემათ - გამოქვეყნდება ანკეტები და ასე შემდეგ.. ისე კი, დიდი მადლობა მას-მედიას - ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით თქვენგან და ასეთ ნაბიჯებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება.
14 ივლისს კიდევ ერთხელ გავმართავთ პრესკონფერენციას, სადაც ფან-კლუბში გაწევრიანების საბოლოო წესებს შეიტყობთ. ზუსტად გაიგებთ, თუ რა პროცედურები იქნება გასავლელი, საწევრო რა სახის იქნება, რა ფასდაკლებები იმოქმედებს ეროვნული ნაკრების ატრიბუტიკასა თუ მატჩების ბილეთებზე...”
რევაზ არველაძე: ”ვფიქრობ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფან-კლუბის შექმნით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა - ბოლოს და ბოლოს, ეროვნულ გუნდს ეყოლება მობილიზებული გულშემატკივარი, რომელიც რეალურად შეასრულებს მეთორმეტე ფეხბურთელის როლს. ახლა რომ ვიხსენებ, ჩემი საფეხბურთო კარიერისას, იგივე ”ლინფილდთან”, ”უნივერსიტატეასთან”, ”ტიროლთან”, გნებავთ მოლდოვის ნაკრებთან მატჩებში ჩვენს გუნდებს ჰყავდა გულშემატკივარი, თუმცა პირველივე წაფორხილებისას მათგან მხარდაჭერას ვეღარ ვგრძნობდით. ბედნიერი ვიქნები, თუ ამ ფან-კლუბის მეშვეობით ეროვნულ გუნდს მუდმივად ეყოლება ერთგული და რაც მთავარია, ორგანიზებული გულშემატკივარი. ჩემი აზრით, მომავალ შესარჩევ ციკლში ნაკრების გულიანი მხარდაჭერით, სავსებით შესაძლებელია რთული თამაშების მოგება, გნებავთ, ჰაერივით საჭირო ქულების მოპოვება. და მძიმე მატჩები რომ ექნება ჩვენს გუნდს, მგონი, ეჭვი არავის ეპარება…
რაც შეეხება პირველ შესარჩევ მატჩს ფარერის კუნძულების ნაკრებთან, მოგეხსენებათ, 17 აგვისტო ამხანაგური მატჩებისთვის გამოყოფილი თარიღია და ამიტომ, ფეხბურთელების გამოძახება თამაშამდე მხოლოდ ორი დღით ადრე შეგვიძლია. გუნდი 14 აგვისტოს, სავარაუდოდ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში შეიკრიბება, საიდანაც კუნძულებზე გავემგზავრებით. თუ როგორ ჩავალთ ფარერებზე, სად დავბინავდებით და ასე შემდეგ, ეს წვრილმანი საკითხებია, რომელიც ზუსტდება…
მინდა გაცნობოთ, რომ ახალგაზრდული ნაკრები 2 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ ბიტბურგში არაოფიციალურ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს ესპანურ ”ხეტაფესთან”.
უჩა უგულავა: ”საქართველოს ეროვნული ნაკრების ფან-კლუბის დაარსებით უდავოდ დიდი საქმე გაკეთდა! მინდა ყველამ იცოდეს, რომ ფან-კლუბის კარი ნებისმიერი მსურველისთვის ღიაა - რაც მეტი გულშემატკივარი ეყოლება ჩვენს საყვარელ გუნდს, მით უკეთესი ჩვენთვის!
ცნობისათვის: ფან-კლუბით არაერთი ცნობილი კომპანია დაინტერესდა, შემოთავაზებებიც გვაქვს და არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ მალე ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული ფან-კლუბი გვექნება. აქვე მსურს დიდი მადლობა გადავუხადო კინოთეატრ ”ამირანს”, კომპანიებს ”ყაზბეგს” და ”კოკა-კოლას”, რომლებიც ფან-კლუბის პრეზენტაციისას ყველანაირად მხარში დაგვიდგნენ…
ეროვნული ნაკრებების საგარეო თამაშების ტელეტრანსლაციებს რაც შეეხება, გეტყვით, რომ პირველ ოთხ გასვლით მატჩს ტელეკომპანია რუსთავი 2 აჩვენებს…
ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მუშაობა არ წყდება და მჯერა, 2 სექტემბრისთვის არენა სრულ მზადყოფნაში იქნება…
რაც შეეხება ეროვნული ნაკრების მეტოქეებს, იცით, რომ 7 თებერვალს საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებები თურქეთის ნაკრებებს შეხვდებიან. 15 ნოემბერს ასევე შეგვიძლია თამაში და თარიღის ასათვისებლად მოლაპარაკებას ვაწარმოებთ ურუგვაის ფეხბურთის ფედერაციასთან. სამხრეთამერიკელთა საბოლოო პასუხი მაქსიმუმ ორ დღეში გვეცოდინება.”
მიმაგრებული სურათი