კობიაშვილს "ჰერტა" ეპატიჟება
გერმანიის პირველი ბუნდესლიგის აუტსაიდერი, ბერლინის “ჰერტა”, ზამთრის სატრანსფერო პერიოდში, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და გელზენკირხენის “შალკეს” ნახევარმცველის, ლევან კობიაშვილის შეძენას გეგმავს.
გერმანული გამოცემა NOOWS-ის ცნობით, ახალი წლიდან, “ჰერტას” 3 ფეხბურთელის დამატება სურს, რომელთა შორის ერთ-ერთი, კობიაშვილია. ქართველის გარდა, ბერლინელებს “ლევერკუზენიდან” გეკასის, ხოლო “შალკედან” ტაინიოს შეძენა უნდათ.
თავად კობიაშვილი გელზენკირხენელებს გაუარესებულ ფინანსურ პირობებზე კონტრაქტის გახანგრძლივებას არ თანხმდება და ზამთარში გუნდის შეცვლა სურს. სწორედ ამის გამო, უკვე კარგა ხანია ის “ხუმარების” შემადგენლობაში არ ჩანს. თუ რამდენად დააინტერესებს მას “ჰერტას” წინადადება, მომავალი აჩვენებს.
კლუბის ვერშეცვლის შემთხვევაში, ქართველი, რომელსაც გერმანელებთან ხელშეკრულება 2010 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მზადაა სეზონის ბოლომდე “შალკეში” მხოლოდ ივარჯიშოს და კუთვნილი ანაზღაურება მიიღოს, ხოლო ზაფხულში, გუნდი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.
კობიაშვილი “შალკეში” 2003 წელს “ფრაიბურგიდან” გადავიდა და პირველ ბუნდესლიგაში ჩატარებულ 167 მატჩში 9 გოლი გაიტანა. გელზენკირხენელებთან ერთად მან, 2005 და 2007 წლებში, გერმანიის ჩემპიონატის ვერცხლის მედლები მოიპოვა.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=1126