უკრაინასთან მატჩის წინ
”სპორტი”: ინტერვიუ კლაუს ტოპმიოლერთან კიევში გაფრენამდე, შუადღისას, კლაუს ტოპმიოლერს ტექნიკურ ცენტრ ”ბასაში” ვესტუმრეთ და ინტერვიუ ჩამოვართვით. მწვრთნელი დაწვრილებით გვესაუბრა საფრანგეთთან წაგების მიზეზებზე, უახლოს გეგმებზე, უკრაინასთან მატჩში მოსალოდნელ ცვლილებებზე და ასე შემდეგ.
ჰერ ტოპმიოლერ, დროის უკან დაბრუნება რომ შეგეძლოთ, საფრანგეთის წინააღმდეგ იგივე შემადგენლობითა და ტაქტიკით ითამაშებდით?ვფიქრობ, ტაქტიკა უცვლელი დარჩებოდა, ხოლო რაც შეეხება შემადგენლობას, ალბათ, იქნებოდა მცირე ცვლილებები. თუმცა, ახლა, როცა თამაში უკვე მოვიტოვეთ, იოლია იმის თქმა, რას შევცვლიდი და როგორ. წინასწარ ვერასდროს განსაზღვრავ, როგორ ითამაშებენ ფეხბურთელები და რა შეეშლებათ. კარგი იქნებოდა, წინასწარ მცოდნოდა, რა როგორ მოხდებოდა იმ თამაშში, მით უმეტეს, როცა ასეთ ძლიერ მეტოქეს ეთამაშები, მაგრამ ასე არ ხდება. ცუდი იყო ის, რომ ფეხბურთელებს თავდაჯერება და საკუთარი თავის რწმენა აკლდათ. სამწუხაროდ, ძლიერი მეტოქის ეშინოდათ. არადა, თუ გინდა, რომ საფრანგეთთან წარმატებას მიაღწიო, ოდნავადაც არ უნდა უფრთხოდე მას. თამაშს განმეორებით თუ ნახავთ, უამრავ შეცდომას იპოვით. ბიჭები უმეტესწილად გრძელი პასებით ცდილობდნენ ფონს გასვლას, რაც ძალიან სამწუხარო იყო. უფრო კომბინაციური ფეხბურთი უნდა გვეთამაშა. დიახ, მე შემიძლია ვილაპარაკო იმაზე, თუ რას შევცვლიდი ამ თამაშის თავიდან გამართვის საშუალება რომ მოგვეცეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, რომ საფრანგეთთან შანსი არ გვექნებოდა. ისინი სულ სხვა პლანეტიდან არიან. საფრანგეთი, იტალია - ეს ის გუნდებია, რომლებსაც ტოლ-სწორად უბრალოდ ვერ გაეჯიბრები. საქართველოს შანსი ასეთ გუნდებთან მხოლოდ იღბალი და უშიშრად თამაშია. თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რა სიტუაციაა საფრანგეთში და იტალიაში. როგორ უვლიან ისინი თავიანთ ტალანტებს. საქართველო ასეთ დონეს მინიმუმ 20 წელიწადში თუ მიაღწევს, ისიც მხოლოდ მაშინ, თუ მოვლენები ოპტიმალურად განვითარდება. დომენეკის გუნდი ყველა პოზიციაზე შესანიშნავადაა დაკომპლექტებული. მაგალითად, მალუდა ან რიბერი, რომელიც 23 წლისაა. წესით, აქამდეც ხომ უნდა ეთამაშა ეროვნულ გუნდში? რიბერი საფრანგეთის ნაკრებში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოჩნდა. 23 წლისაა და მხოლოდ ახლა იწყებს ნაკრებში ფეხის მოკიდებას. ვგულისხმობ იმას, რომ საფრანგეთში ყველაფერი ეტაპობრივად ხდება. დომენეკის გუნდში ადგილები დიდი ხნის შევსებულია. ტურამი, მაკელელე, ტრეზეგე, ანრი, სანიოლი, ვიეირა, აბიდალი, გალასი - იქ ყველა ადგილი დაკავებულია… ბარემ ახალგაზრდულ ნაკრებსაც შევეხოთ. ჩვენმა ახალგაზრდებმა სერბეთის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშეს და მე ვფიქრობ, მაქსიმუმი გაიღეს, მაგრამ მეტოქე უბრალოდ ერთი თავით მაღლა იდგა. რას ვიზამთ, ასეა. თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ცუდად ითამაშა, ძალიან შეცდება. სერბების მე-18 ნომერი უკვე ”სოშოში” თამაშობს და ამ გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია, მე-17 ნომერი კი მოსკოვის ცსკა-ში ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. როცა თავს ზემოთ ძალა არ არის, არ არის და მორჩა.
გამოსავალს რაში ხედავთ?ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის აუცილებელია სათამაშო პრაქტიკა. თუ მათ უნდათ, რომ უმაღლესი კლასის ფეხბურთელებად ჩამოყალიბდნენ, ისეთ გუნდში უნდა ითამაშონ, სადაც პრაქტიკა ექნებათ. ისე კი არა, რომ ტრიბუნაზე დასხდნენ და მხოლოდ ხელფასის აღებით იყვნენ კმაყოფილები. ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის პრიორიტეტი თამაში უნდა იყოს. ვინც მხოლოდ ხელფასზე ფიქრობს, ვერასოდეს გაიზრდება და ვერასოდეს გახდება რიბერის დონის მოთამაშე.
შაბათს ფლანგებზე დემეტრაძე და იაშვილი გაამწესეთ. აშკარად გამოჩნდა, რომ ამ ორმა ფეხბურთელმა იქ ვერაფერი გააწყო და ისე გამოვიდა, რომ შოთა არველაძე თავდასხმაში მარტო წვალობდა…დიახ, თქვენ მართალი ხართ. დემეს და იაშკას ნამდვილად არ ჰქონდათ კარგი დღე. ამას ვაღიარებ და ამაზე მათაც ვესაუბრე. მაგრამ მიზეზი ისევ და ისევ ნათელია - ფრანგებს მარჯვნივ სანიოლი ჰყავთ, მარცხნივ კი აბიდალი. დემეტრაძის სასტარტოში გამწესება გარდაუვალი იყო, რადგან ძალიან კარგად ვარჯიშობდა. მონდომებული იყო, თავს არ ზოგავდა და მართალი გითხრათ, ძალიან გამაკვირვა, იმდენად კარგად გამოიყურებოდა ვარჯიშზე. მიზანი ის გახლდათ, რომ ფრანგების წინააღმდეგ ჩვენს ნახევარზე პრესინგისთვის უნდა მიგვემართა და მერე კონტრშეტევაზეც გამოგვეჭირა ისინი. შოთამ მართლაც ბევრი ირბინა და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. პრობლემა ის გახლდათ, რომ მასსა და ნახევარდაცვას შორის ვაკუუმი იყო შექმნილი. ამის მიზეზი ისიც იყო, რომ მუჯირიც ”დაიკრგა”…
და რა გასაკვირია, რომ მაკელელეს და ვიეირას წინააღმდეგ ვერც მან გააწყო რამე…ჰო, მაგრამ არც ესაა კარგი ალიბი. მერე რა, რომ მაკელელე და ვიეირა მსოფლიოში საუკეთესო საყრდენები არიან. უფრო აგრესიულად უნდა გვეთამაშა. აკი ვამბობ, შეუძლებელი არასდროს არაფერია-მეთქი. ჩვენ უმეტესად ჩვენს ნახევარზე ვთამაშობდით, წინ კი ვერაფერს ვახერხებდით. საჭიროა უფრო მეტი მოძრაობა მეტოქის ნახევარზე, სწრაფი პასები და ნებისმირ მეტოქეს გამოუჩნდება ხვრელი. შეუძლებელია, არ გამოუჩნდეს. ჩვენები ზოგჯერ ბურთს ისე იღებდნენ, თითქოს პირველად ჰქონდათ ამ საგანთან საქმე. მიიღებდნენ და ორ მეტრზე უხტოდათ ბურთი. შეიძლება ესეც ზეწოლის, შიშის ან ნერვიულობის ბრალი იყო.
უკრაინასთან ტაქტიკაში ან შემადგენლობაში ცვლილებები იქნება?ცვლილებები იქნება, მაგრამ წინასწარ ვერ გეტყვით, ვის ვათამაშებ. ეს გამორიცხულია. ბევრ მწვრთნელს ეს არ აინტერესებს, მაგრამ მე არ მინდა, რომ ბიჭებმა გაზეთებიდან გაიგონ, ითამაშებენ თუ არა.
ტაქტიკის მხრივ?იქნება, ცვლილებები ნამდვილად იქნება.
უკრაინაში იგივე შემადგენლობით მიემგზავრებით?დიახ… ახალგაზრდულ ნაკრებში სერბეთთან რამდენიმე ფეხბურთელი მომეწონა და მომავალში მათაც აუცილებლად გამოვცდით.
ალადაშვილი, შაშიაშვილი და ქინქლაძე კლუბებში იშვიათად თამაშობენ. მიუხედავად ამისა, ისინი ნაკრებში მაინც გამოიძახეთ და ალადაშვილი სულაც ძირითად შემადგენლობაში მოხვდა. იქნებ იმიტომ, რომ ალტერნატივა არ გვაქვს?ალტერნატივა ნამდვილად გვაქვს. ყურადღებას ვაქცევთ გამოცდილებას, ასაკს და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე კიდევ არაერთი დისკუსია და საუბარი გვექნება.
ფრანგების პირველი გოლი მეკარის ბრალი უფრო იყო თუ დაცვის?დაცვის ბრალი უფრო იყო. რიბერიმ დიდხანს იარა და მალუდას გადააწოდა. ამ დროს მის წინ არცერთი მცველი არ იყო.
და მაინც, უკრაინასთან მეკარეს ხომ არ შევცვლით?თუ შევცვლი, ამას პირველად გუნდი გაიგებს.
რამდენად მტკივნეულია ის, რომ ჩიხრაძის ჩამოყვანა ვერ მოხერხდა?ძალიან მტკივნეულია. მისი თამაშების ვიდეოჩანაწერები ვნახე და ძალიან კარგი მეკარეა. მაგრამ პრობლემები შეიქმნა პასპორტზე და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში, მე ასეთი ინფორმაცია მაქვს. შეიძლება სხვა რამ მიზეზიც იყოს, მაგრამ მე ეს არ ვიცი.
მის გადმობირებას კიდევ შეეცდებით?დიახ, მაგრამ შანსი მცირეა.
მეკარის ნატურალიზაცია კვლავ არ არის დღის წესრიგში?არა, ეს გამორიცხულია!
ჰერ ტოპმიოლერ, კარგი იქნებოდა, ორი ასათიანი გვყავდეს, არა?დიახ, დაცვაშიც შესანიშნავია და ნახევარდაცვაშიც. მაგრამ უკანა ხაზში პრობლემები რომ არ გვქონდეს, მას მაინც წინ ვათამაშებდი. ასე იყო დაგეგმილი, მაგრამ კალაძის არყოფნამ გეგმები არია.
მათე ღვინიანიძეს საფრანგეთთან თამაშის შემდეგ დისკვალიფიკაციის ვადა გაუვიდა და წესით, უკრაინასთან შეეძლო ეთამაშა…ვიცი, რომ მათე ”მიუნხენ 1860”-ში ძალიან კარგად თამაშობს. ზოგჯერ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ათამაშებენ, ზოგჯერ კი მარჯვნივ. მაგრამ ერთი თამაშისთვის ვერ გამოვიძახებდი. ფარერებთან დაგვაკლდა, საფრანგეთთან დაგვაკლდა და უკრაინასთან ვერ ვუხმობდი. ძალიან სულელურ სიტუაციაში მიიღო წითელი ბარათი… მისი დიდი იმედი მაქვს.
რაკი დაცვაზე ვსაუბრობთ, ერთი რამეც გვაინტერესებს. ამისულაშვილს თუ აკვირდებით?ვის?
ამისულაშვილს…ამ ფეხბურთელს საერთოდ არ ვიცნობ - მისი გვარი არ გადმოუციათ.
სამწუხაროა…სად თამაშობს?
”შინიკში” რეგულარულად თამაშობს და ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა…არა, ამ ფეხბურთელის შესახებ თქვენგან პირველად მესმის. მაღალია?
188 სანტიმეტრი…მის შესახებ ყველაფერს გავიგებ.
მიმაგრებული სურათი