უკრაინელებთან მატჩის შემდეგ
”სპორტი”: ინტერვიუ კლაუს ტოპმიოლერთანუკრაინასთან განცდილი მარცხის შემდეგ კლაუს ტოპმიოლერთან კითხვები დაგვიგროვდა. მართალია, თამაშის მიხედვით ჩვენი გუნდი მინიმუმ ფრეს მაინც იმსახურებდა, მაგრამ საკამათოც ბევრი იყო.
ჩვენც გადავწყვიტეთ მწვრთნელისთვის დაგვერეკა. საქართველოს ნაკრების თავკაცმა, რასაკვირველია, ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი გაგვცა.
ჰერ ტოპმიოლერ, რამ განაპირობა იმედაშვილის სასტარტო შემადგენლობაში გამწესება უკრაინასთან შეხვედრაში?პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის მომავალია. ზუსტად ისე, როგორც ჯაბა კანკავა, ოთარ მარცვალაძე ან გოგიტა გოგუა. რაც შეეხება იმას, თუ რატომ გადავწყვიტე მისი სასტარტო შემადგენლობაში გამწესება ასეთ საპასუხისმგებლო მატჩში: იმედაშვილი ძალიან კარგად გამოიყურებოდა ვარჯიშებზე, თანაც, ახალგაზრდულ ნაკრებში სერბეთის წინააღმდეგ მოედანზე საუკეთესო იყო.
მისი ნაადრევი შეცვლით, ფაქტობრივად აღიარეთ, რომ ეს შეცდომა იყო…არ მეგონა, ასე თუ ინერვიულებდა. ჯერ მაინც ახალგაზრდაა, გამოუცდელი და ძალიან ინერვიულა. როცა ფეხბურთელს ასე სწრაფად ცვლი, გულს უტეხავ და ეს მოთამაშისთვის რთული მომენტია, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ ძალიან ნერვიულობდა და შეიძლებოდა დიდი შეცდომა დაეშვა. ამიტომაც, მალევე შევცვალე.
იმედაშვილი კანდელაკს რატომ ამჯობინეთ?კანდელაკი ძალიან კარგი და საქართველოს ნაკრებისთვის საჭირო ფეხბურთელია. ეს უკვე გამოჩნდა საფრანგეთთან და უკრაინასთან, მანამდე კი ფარერებზეც. ის უნივერსალია და შეუძლია ითამაშოს დაცვის მარცხენა ფლანგზეც და ნახევარდაცვაშიც. დააკვირდით: დაცვის მარცხენა ფლანგზე და არა ცენტრში. იმედაშვილი უფრო საიმედოა დაცვაში, იმ დროს, როცა მეტოქის შეტევა უნდა ჩაიშალოს. კანდელაკი უკეთესია, როგორც შემქმნელი. იმედაშვილზე მხოლოდ ამ თამაშის მიხედვით ნუ ვიმსჯელებთ, ძალიან ნერვიულობდა და იმიტომ. როცა შევცვალე, მოვიდა და ბოდიში მომიხადა, არაფერი გამომივიდაო. ვფიქრობ, ყველა მიხვდა, რომ მართლაც ძალიან ნერვიულობდა.
რაზე უნდა იმუშაოს გუნდმა იტალიასთან მატჩისთვის?პირველ რიგში, სამუშაოა სტანდარტულ სიტუაციებზე. საფრანგეთთან ამ მხრივ შედარებით ნაკლები პრობლემა იყო. სამაგიეროდ, უკრაინასთან გამოჩნდა, რომ სტანდარტული მდგომარეობების დროს მოვიკოჭლებთ. სამივე გოლი თავით გაგვიტანეს - ესეც ძალიან ცუდი მომენტია. პირველ გოლზე ხიზანიშვილი ვერ ახტა დროულად, მეორე გოლის დროს დაცვა პოზიციურად შეცდა, მესამე გოლზე კი კანკავამ დააგვიანა. სხვათა შორის, მატჩის შემდეგ ჯაბა ძალიან ცუდად იყო და ყველას ბოდიშს უხდიდა - ამ წაგებას მარტო თავის თავს აბრალებდა. ამაოდ ვცდილობდით დაგვეწყნარებინა. ერთი სიტყვით, ამაზე უნდა ვიმუშაოთ. გარდა ამისა, ტაქტიკურად ზუსტად ისეთი გამართული ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, როგორც ეს უკრაინასთან გავაკეთეთ. მე ვნახე საფრანგეთისა და იტალიის მატჩი. ფრანგები ერთი თავით მაღლა იდგნენ იტალიელებზე და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ჯგუფში პირველ ადგილს დაიკავებენ. იტალიასთან ჩვენი შანსი უნდა ვეძებოთ.
რომელიმე ფეხბურთელს ამპლუას ხომ არ შეუცვლით?არაა გამორიცხული, რომ ზოგიერთს ამპლუა მართლაც შევუცვალოთ. ახლა წინასწარ ვერ ვიტყვი, რა როგორ იქნება. მანამდე კიდევ ბევრი რამ უნდა გაირკვეს და იმიტომ. ძალიან სამწუხაროა, რომ გოგუა და დემეტრაძე ვერ ითამაშებენ. ამ ფეხბურთელების არყოფნა ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში დიდი დანაკლისი იქნება. ვიმედოვნებ, რომ კალაძე, ცქიტიშვილი და ხიზანეიშვილი დაბრუნდებიან. ვიმედოვნებ კი არა, თითქმის ცხადია, რომ ასე იქნება. კალაძე საერთოდ ცალკე სასაუბრო თემაა, ასეთი მოთამაშის არყოფნა ნამდვილი საშინელებაა. გარდა ამისა, ჩვენ გვყავს კიდევ რამდენიმე მოთამაშე, რომლებსაც გერმანიასთან გამოვცდით. ძალიან პროგრესირებს ღვინიანიძე, გამოიცდება ქინქლაძეც და ასე შემდეგ…
ხომ არ აჯობებდა, რომ საქართველოში უფრო ხშირად იყოთ და ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებს უკეთესად დააკვირდეთ? მაგალითად ჩემპიონ ”სიონს”, ან ”ამერს”, რომელიც ლიდერობს…ახლა ისეთი პერიოდი იწყება, რომ საქართველოში ყოფნა ისედაც ხშირად და უფრო დიდი ხნით მომიწევს, ვიდრე აქამდე მიწევდა. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს: ვერ ვიტყვი, რომ საქართველოს პირველობა დახუნძლულია მაღალი კლასის ფეხბურთელებით, მაგრამ რამდენიმე ტალანტი მართლაც არის და ჩვენ არავინ გამოგვეპარება. ახალგაზრდები ჯერ ახალგაზრდულ ნაკრებში უნდა გამოიცადონ. ეროვნულ გუნდში კი ფეხბურთელი უკვე გამოცდილი უნდა მიდიოდეს. ნაკრებში მოთამაშეების ინტეგრირება ეტაპობრივად უნდა მოხდეს.
როცა თქვენ გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნეთ, ერთ-ერთ უმთავრეს მიზნად გუნდში დისციპლინის დამყარება დაისახეთ. მოახერხეთ თუ არა ეს?დიახ, ეს მოხერხდა. დღეს საქართველოს ნაკრები კარგად დისციპლინირებული გუნდია.
თქვენ ამბობთ, რომ უცხოელი მეკარე არ გსურთ. რატომ?არა, არა და არა! ეს არ გვჭირდება. ლომაიაც კარგი მეკარეა, ჭანტურიაც და რევიშვილიც. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ გვაქვს მეკარის პრობლემა! ვინც ფიქრობს, რომ უკრაინასთან ან საფრანგეთთან განცდილი მარცხი ჭანტურიას ბრალი იყო, ძალიან ცდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს მეკარის პრობლემა. კარგი იქნებოდა, ჩიხრაძის საკითხი მოგვარებულიყო, მაგრამ ეს არ გამოდის. ყველაფრის მეკარეზე გადაბრალება არ შეიძლება. უკრაინასთან გაშვებული გოლების მიზეზებზე ზემოთ ვისაუბრე. მატჩის შემდეგ ლომაიას და ჭანტურიას დიდხანს ველაპარაკე. ჯერჯერობით ღიად რჩება თემა, რომელი მათგანი დაიცავს ნაკრების კარს გერმანიასთან ამხანაგურ თამაშში. ორივეს თანაბარი შანსი აქვს.
როგორ გგონიათ, ლომაია ან ჭანტურია მეორე ბუნდესლიგაში მაინც დაიმკვიდრებდნენ ადგილს?რატომ მეორეში? ისინი პირველ ბუნდესლიგაშიც ითამაშებდნენ. ახლა ისე ნუ გაიგებთ, თითქოს ვამბობდე, კანის, როსტის ან ჰილდებრანდის დონის მეკარეები გვყავს-მეთქი, მაგრამ საშუალო და დაბალი დონის ბუნდესლიგურ კლუბებში ორივე მათგანი შეძლებდა თამაშს.
უკრაინასთან თამაშს დავუბრუნდეთ. რას ეტყოდით გულშემატკივრებს?მე ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებმა უნდა იამაყონ იმით, რა თამაშიც საქართველოს ნაკრებმა უკრაინაში აჩვენა. ვიმეორებ, თამაშის ხარისხით, თორემ შედეგი ცუდი იყო. ვერ ვიტყვი, რომ გადასარევად ვითამაშეთ, მაგრამ საერთო ჯამში ეს დალაგებული და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი იყო. რაც მთავარია, ბიჭებმა იბრძოლეს, იბრძოლეს ბოლომდე. მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ესეც კარგია. ეს ხომ დასაწყისია, ჩვენ ხომ ჯერ ახლა ვიწყებთ.
მომენტებში ვჯობდით გუნდს, რომელიც მუნდიალის მეოთხედფინალში გავიდა. ძალიან მინდოდა, რომ ქართველი ხალხი გაგვეხარებინა და უკრაინიდან სამი ქულა გვეჩუქებინა მათთვის, მაგრამ არ გამოვიდა. თქვენ უნდა გენახათ, რა ხდებოდა გუნდში მატჩის შემდეგ. სამწუხაროდ, არ გამოვიდა. უბრალოდ, მოთმინება უნდა ვიქონიოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ შედეგი გვექნება.
ჰერ ტოპმიოლერ, დღემდე ხომ არ ყოფილა მომენტი, როცა იფიქრეთ, რომ საქართველოში ჩამოსვლით შეცდომა დაუშვით?არამც და არამც. ასეთი მომენტი არ ყოფილა. პირიქით, ახლა, როცა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, უფრო მოტივირებული ვარ. მე ვხედავ, როგორ უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი და მინდა, გუნდთან ერთად ყველაფერი გავაკეთო გულშემტკივრების გასახარებლად.
ამ ორმა მარცხმა რამდენად გაგიცრუათ იმედები?საფრანგეთთან წაგების შემდეგ იმედგაცრუება იმდენად დიდი არ ყოფილა, როგორც ახლა. თუმცა, მე ამას უფრო გულისტკივილს დავარქმევდი. კიევში, მინიმუმ ფრეს მაინც ვიმსახურებდით, ძალიან სულელური გოლები გავუშვით, ძალიან სულელური. მომენტებში მსაჯიც მაგრად მიჰქარავდა, მაგრამ არბიტრზე ლაპარაკი არ მინდა. ჩვენ შეცდომებზე უფრო უნდა გავამახვილოთ ყურადღება. გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია. შოთამ უმაღლესი საშემსრულებლო ოსტატობა გამოავლინა, დემემაც ჭკვიანურად დაარტყა ჯარიმა. უბრალოდ, გულდასაწყვეტია ეს მარცხი, არ ვიმსახურებდით და იმიტომ.
გოტფრიდ ლენციგაზეთი ”სპორტი”. 2006 წლის 8 სექტემბერი
This post has been edited by BAGHEERA on 8 Sep 2006, 15:56
მიმაგრებული სურათი