ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ
”სარბიელი”: ინტერვიუ ლევან კობიაშვილთან თქმაც არ უნდა - ლევან კობიაშვილი აქამდეც იყო თანამედროვე ქართული ფეხბურთის ისტორიის ერთ-ერთი შემოქმედი. ახლა კი ისტორიაში ისიც ჩაიწერა, რომ განახლებულ ეროვნულ სტადიონზე კლაუს ტოპმიოლერის გაწვრთნილმა ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი სწორედ კობიაშვილის დუბლით მოიგო. ეს მცირე დაკვირვება კი, ალბათ, ფეხბურთის ისტორიის წიგნების მიღმა დარჩება: კობიაშვილმა, რომელსაც ნაკრების მწვრთნელები მალიმალ უცვლიან პოზიციას, ურუგვაისთან თავის ადგილას ითამაშა. იქ, სადაც, მისივე თქმით, თამაში ყველაზე კარგად მისდის.
… რა თქმა უნდა, ურუგვაისთან წარმატებამ ყველანი გაგვახარა და სამომავლო მატჩებისთვის უფრო ოპტიმისტურად განგვაწყო. თანაც, ერთიორად სასიამოვნოა მოგება მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებმა მთლიანად შეცვლილი შემადგენლობით ითამაშა. ვფიქობ, თამაშის ხარისხით ქომაგიც კმაყოფილი დარჩა, ჩვენ კი ვეცდებით, მომავალში უკეთ ვითამაშოთ.
არადა, უძლიერესი შემადგენლობის შეკრება მწვრთნელმა ვერა და ვერ მოახერხა…
ბოლო დროს ამ მხრივ მართლაც დიდი პრობლემები გვაქვს. ზოგი ტრავმირებულია, ზოგიც დისკვალიფიცირებული და მწვრთნელიც იძულებულია, ყოველი მომდევნო მატჩის წინ განსხვავებული დავალებები მოგვცეს - ცვლის ტაქტიკას და სათამაშო სტრატეგიას, რაც მისთვისაც ძნელია. ტოპმიოლერი რომ დიდი მწვრთნელია, ვფიქრობ, დამეთანხმებით, ხოლო როცა საუკეთესო შემადგენლობას შეკრებს, მისი ხელი ჩვენს გუნდს უფრო დაეტყობა. თუმცა ისიც კარგია, რომ ტოპმიოლერს ურუგვაისთან რამდენიმე ახალი ფეხბურთელის გამოძახება დასჭირდა და ეს ფეხბურთელები ასეთ სახელოვან მეტოქესთან ათამაშა. ახლები ასე მეტ გამოცდილებას შეიძენენ, ეროვნულ გუნდში კი კონკურენცია გაიზრდება, რაც ნებისმიერ შემთხვევაში წაადგება ნაკრებს.
ურუგვაისთან მატჩის შემდეგ ტოპმიოლერთან თუ ისაუბრეთ?
გერმანიაში ერთად წამოვედით, თუმცა დიდხანს არ გვილაპარაკია, ძალიან დაღლილი ვიყავი და ჩამეძინა. ტოპმიოლერი ხშირად მეუბნება, სასურველი შემადგენლობის ვერშეკრება პრობლემებს რომ უქმნის, მაგრამ თამაშიდან თამაშამდე ნაკრებს აშკარა პროგრესს ატყობს და დარწმუნებულია, გაისად უფრო ძლიერი გუნდი გვეყოლება. ურუგვაისთან მატჩისას ის რამდენიმე ახალი ფეხბურთელის თამაშმა დააკმაყოფილა და მითხრა, მომავალში მათ აუცილებლად გამოვიძახებო.
თქვენთან ერთად თვითმფრინავში შენი ურუგვაელი თანაკლუბელები გუსტავო ვარელა და დარიო როდრიგესი უნდა ყოფილიყვნენ. შენი გოლებით მოგებული თამაშის შემდეგ მათთან სალაპარაკო ბევრი გექნებოდა…
ამათ ჩემი ყბიდან ამოსვლა აღარ უწერიათ… ახლაც, ავტობუსში ერთად ვართ, ”კოტბუსთან” სათამაშოდ მივემგზავრებით და მთელი გუნდი ამათზე ვხალისობთ, ვარელას და როდრიგესს სათქმელი არაფერი აქვთ. თვითმფრინავში ტოპმიოლერსაც კი უთხრეს, ვერ წარმოვიდგენდით, საქართველო ასე ძლიერად თუ ითამაშებდაო. მოგებაში დარწმუნებულნი ყოფილან, მაგრამ რაც მიიღეს, ყველამ ნახა…
შენი დუბლი მიიღეს…
ჯერ ხომ ისედაც ვერ გამაქვს გოლები ხშირად და წარმოიდგინეთ, ეროვნულ გუნდში გატანილი ორი გოლით როგორი გახარებული ვიქნები! ეს ყველაფერი კი ჩემმა სათამაშო პოზიციამაც მოიტანა - ათასჯერ მითქვამს, რომ კობიაშვილი ცენტრალური ნახევარმცველის ადგილზე გუნდისთვის უფრო სასარგებლოა, ჩემთვის შუაში თამაში სჯობს და რაც შემიძლია, ეს ბოლომდე ჩანს. ნაკრებში ამ პოზიციაზე კიდე ხშირად ვთამაშობ, კლუბში კი ლამის ყოველ შეხვედრაში მიცვლიან ადგილს.
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ
”სარბიელი”: ინტერვიუ კლაუს ტოპმიოლერთან გაზეთ ”სარბიელის” დღევანდელ ნომერში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერთან ინტერვიუ გამოქვეყნდა - გერმანელი სპეციალისტი ოთხშაბათს, ურუგვაის ნაკრებთან 2:0 მოგებულ ამხანაგურ შეხვედრაზე საუბრობს. ინტერვიუს მცირე ცვლილებით გთავაზობთ.
კლაუს ტოპმიოლერის თავკაცობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ ოთხი წაგების შემდეგ ურუგვაის გუნდს 2:0 სძლია და გუნება-განწყობილება მნიშვნელოვნად გამოიკეთა. ამ მოგებას მწვრთნელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს, ევროშესარჩევ ჯგუფში სათქმელს კიდევ ვიტყვითო. კლაუს ტოპმიოლერს გუშინ გერმანიაში შევეხმიანეთ…
ახლა, ცივ გონებაზე როგორ შეაფასებდით ურუგვაისთან მატჩს?
ძალიან კმაყოფილი ვარ - ბიჭებმა კარგად ითამაშეს და შედეგიც კარგი მივიღეთ. ეს იყო ტესტ-მატჩი ახალი ფეხბურთელებითა და ცვლილებებით, რამაც ამ ეტაპზე გაამართლა. კმაყოფილი ვარ იმითაც, რომ ტაქტიკურად გამართულად ვითამაშეთ. ამ მოგებას ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, მით უმეტეს, როცა გუნდს ამდენი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა.
დებიუტანტებზე ცალკე გკითხავთ…
უმეტესობა 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. ისინი თავიანთ ასაკში გამორჩეულები არიან, მაგრამ ეროვნული გუნდის გამოცდილ ფეხბურთელებთან შედარებით, ბევრი აქვთ სასწავლი. მჯერა, თუ გულმოდგინედ ივარჯიშებენ, მალე მთავარ გუნდში დაიმკვიდრებენ ადგილს.
დავით სირაძეს მომავალშიც თავდასხმაში ათამაშებთ თუ ნახევარდაცვაში?
მიმაჩნია, რომ სირაძე ძალიან კარგი ფორვარდია და მომავალშიც მხოლოდ თავდასხმაში ვათამაშებთ.
4-4-2 თქვენგან სიახლე იყო…
მაშინ, როცა ყოველ თამაშზე ამდენი ფეხბურთელი გაკლდება, სტაბილური სქემის შექმნა ძნელია. ჩვენი ტაქტიკა იმაზეა დამოკიდებული, რამდენი და რა ამპლუის ფეხბურთელები გვყავს თამაშისთვის. ამიტომ, ახლა ვერ გეტყვით, რა სქემით ვითამაშებთ, მაგალითად, თურქეთთან ამხანგურ მატჩში.
ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს ურუგვაელებმა ძალიან ინერტულად ითამაშეს…
არ მეგულება ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გადის და მოგებაზე არ ფიქრობს. უბრალოდ, ურუგვაი არ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს, რამაც ისინი დააბნია და გეგმები აურია. ეს მათი მწვრთნელის შეფასებიდანაც ჩანს, რომელმაც განაცხადა, საქართველომ იმაზე გაცილებით კარგად ითამაშა, ვიდრე ველოდითო.
ნუკრი რევიშვილის თამაშს როგორ შეაფასებდით?
გიორგი ლომაიამ და გრიგოლ ჭანტურიამ ორ-ორი საპასუხისმგებლო თამაში ჩაატარეს ნაკრებში და რევიშვილიც იმსახურებს იმდენივე შანსს, რამდენიც იმ ორმა მიიღო. მინდა ვთქვა, რომ რევიშვილმა წინა მატჩებთან შედარებით საკმაოდ კარგად ითამაშა, თუმცა მეკარე მაინც დიდ პრობლემად რჩება ჩვენთვის.
ურუგვაისთან თამაშში ფეხბურთელებს ისეთი დავალებები თუ მიეცით, რაც შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ იქნება საჭირო?
რა თქმა უნდა. ტესტ-მატჩები სწორედ იმ სიახლეებსა და ტაქტიკის გამოცდას ემსახურება, რომლებიც მომდევნო მნიშვნელოვან მატჩში უნდა გამოვიყენოთ.
საქართველოში წლეულს კიდევ ჩამოხვალთ?
დეკემბრის დასაწყისში 19-წლამდელთა ნაკრებს მივყვები მალტის ტურნირზე, შემდეგ კი რამდენიმე დღით თბილისშიც ჩამოვალ.
მიმაგრებული სურათი