“ეროვნული ნაკრები საცდელი ლაბორატორია არ არის” “ევრო 2008”-ის შესარჩევი ეტაპის კენჭისყრით დაზაფრული ქართველი ქომაგი მომავალი მატჩების განრიგს მაინც იმედიანად ელოდა. როგორც იცით, კალენდარი პარიზში ერთი თვის წინ უნდა დამტკიცებულიყო, თუმცა უკრაინული დელეგაცია არც ერთმა ვარიანტმა არ დააკმაყოფილა და მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. ასეთ შემთხვევაში, საქმეში უეფა ერევა ხოლმე და კალენდარი ეგრეთ წოდებული “ბრმა” კენჭისყრით დგება.
სწორედ ევროპული ფეხბურთის უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლის “მადლიანმა” ხელმა დაგვიდგინა, რომ შესარჩევი ეტაპის დაწყება სამი უმძიმესი მატჩით გვიწევს. თავად განსაჯეთ - შემოდგომაზე თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი ესტუმრება. 2 სექტემბერს საქართველოს დედაქალაქს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი - საფრანგეთის ნაკრები ეწვევა, ოთხიოდე დღეში უკრაინაში ვითამაშებთ, 11 ოქტომბერს კი ძველი ნაცნობის - იტალიის ეროვნული გუნდის მასპინძლობა მოგვიწევს.
ერთი შეხედვით, პირველი შეხვედრის ჯგუფის ფავორიტთან შეხვედრა ურიგო არ უნდა იყოს. წესით, მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ფრანგთა გუნდში თაობათა ცვლა უნდა დაიწყოს. თანაც, ის ფაქტი, რომ “სამფეროვნებმა” საქართველოს ნაკრების შესახებ ბევრი არაფერი იციან და არც დასაკვირვებლად ექნებათ დიდი დრო, ჩვენს მიზერულ შანსებს ცოტათი ზრდის. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ჩვენი ჯგუფის სამ ფავორიტთან შეხვედრის შემდეგ, ტოპმიოლერის შეგირდების ყულაბაში “არცთუ ისე ბევრი” ქულა ჩხრიალებდეს, ეს კი, დამეთანხმებით, მიმზიდველი პერსპექტივა არ გახლავთ, განსაკუთრებით, “ჯვაროსანთა” მსგავსი - არცთუ მდგრადი ფსიქოლოგიის მქონე გუნდისთვის (ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო...).
ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, კალენდარი უკვე დამტკიცებულია და ახლა ისღა დაგვრჩენია, როგორმე საჩვენოდ გამოვიყენოთ. ისე, შესაძლოა, მატჩების განრიგში ერთი ცვლილება კიდევ შევიდეს - ქართულმა მხარემ თხოვნით მიმართა ფარერის კუნძულების წარმომადგენლებს იმის შესახებ, რომ მომავალ წელს გასამართი გასვლითი მატჩი ამ ზაფხულს - 16 აგვისტოს გაიმართოს. ფეხბურთის ფედერაცია ამ ნაბიჯით ცდილობს, სუსტ მეტოქესთან სტუმრობით ფსიქოლოგიური მუხტი გაიუმჯობესოს და ტაქტიკური მონახაზისთვის დამატებით 90 წუთიც გამონახოს. როგორც შევიტყვეთ, ფარერელთა მხარე ამ წინადადებაზე თანახმაა, თუმცა ცვლილებაზე ჯგუფის დანარჩენი წევრების დასტურიც არის საჭირო და კალენდარი მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიცვლება.
რომელ ნაკრებთან შეხვედრით გახსნის საქართველოს ეროვნული გუნდი ახალ, არცთუ ისე დიდი პერსპექტივის მქონე შესარჩევ ეტაპს, სულ მალე შევიტყობთ. მანამდე კი, იმ ქართველი სპეციალისტების კომენტარს შემოგთავაზებთ, თავის დროზე საქართველოს ნაკრების თავკაცის პოსტზე რომ უმუშავიათ.
რევაზ ძოძუაშვილი: - პირველ სამ შეხვედრაზე ძალზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. თავად განსაჯეთ, შემოდგომაზე უმაღლესი კლასის გუნდებთან მოგვიწევს თამაში. შესაბამისად, ვთვლი, რომ ძალზე მისაღები კალენდარია. საფრანგეთის ნაკრები დღეს აღარ არის ის გუნდი, რომელმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მისი სუსტი მხარეების გაანალიზება და იმაზე ფიქრი, რა დავუპირისპიროთ, დღესვე უნდა დავიწყოთ.
ისიც აღსანიშნავია, რომ ეს სამი მატჩი ნაკრების მწვრთნელს დიდ გამოცდასაც ჰპირდება. გუნდს დიდი აღიარების მოპოვებაც შეუძლია და თუ მოვლენები არასახარბიელოდ განვითარდება, შეიძლება, უდიდეს ფსიქოლოგიურ წნეხშიც მოექცეს. თუმცა ტოპმიოლერი იმხელა გამოცდილების პატრონია, “ნოკაუტში” ვერანაირი შედეგი ვერ ჩააგდებს. ფაქტი ერთია - ექსპერიმენტების დრო აღარ არის და იმაზე ფიქრი, რომ საფრანგეთის ნაკრებს საქართველოს ჩემპიონატში მოგროვილი ფეხბურთელებით დავამარცხებთ, აქედანვე უპერსპექტივო საქმეა...
- როგორ გგონიათ, კალენდარს რა გავლენის მოხდენა შეუძლია გუნდის შედეგებზე?- კალენდარი ცუდი მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს - თუ მეტოქე გუნდს დასვენებისთვის ერთით მეტი დღე აქვს. ხშირ შემთხვევაში, ეროვნული ჩემპიონატების კალენდარს ნაკრები გუნდის გრაფიკს უთანხმებენ, რათა ნაკრების ფეხბურთელებმა უკეთ მომზადება შეძლონ. სხვა მხრივ, კალენდარი - კალენდარია. როცა ეროვნულ გუნდს მე და დათო ყიფიანი ვწვრთნიდით, პირველი ორი გასვლა იტალიასა და ლიტვაში გვქონდა და ამ ორი მატჩიდან სამი ქულის მოპოვება შევძელით. ნაკრების მოთამაშეებს ფედერაციაც უნდა უწყობდეს ხელს, რათა უკეთ მომზადებული შეხვდნენ მატჩებს და თუ საჭიროა, ქვეყნის ჩემპიონატის შეხვედრები გადაიტანოს კიდეც.
- ნაკრების მიერ ცოტა ხნის წინ გამართულ მატჩებს როგორ შეაფასებთ?- ძალიან ცუდად. საქართველოს ნაკრები საცდელი ლაბორატორია არ არის და ექსპერიმენტებს არც არავინ გვაცლის. საქართველოს ჩემპიონატმა ვერ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის მოთამაშეთა სიმრავლით გამოირჩევა. ბუნებრივია, ადგილობრივ ფეხბურთელებში გამორჩეულად ნიჭიერი მოთამაშე თუ გამოერევა, ნაკრებში აუცილებლად უნდა ვუხმოთ, მაგრამ დღეს სხვა გზა არ არის. - ისევ იმ გამოცდილ ლეგიონერთა გარშემო უნდა ავაწყოთ გუნდი, რომლებმაც თავისი ძალა კარგა ხნის წინ დაამტკიცეს...
ვლადიმერ გუცაევი: - თავიდანვე ძალზე რთული მატჩები გველის, სადაც ყველაფერს უნდა ველოდოთ. შესაძლოა, მოვლენები ჩვენთვის სასურველი სცენარით განვითარდეს, ან კიდევ სრული კატასტროფის წინაშე აღმოვჩნდეთ.
- ანუ თვლით, რომ კალენდარს გუნდის მიერ ნაჩვენებ შედეგებზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია?- რა თქმა უნდა, მატჩების განრიგს დიდი მნიშვნელობა აქვს. საწყის მატჩებში რომ ფარერების მსგავს ნაკრებთან გვიწევდეს შეხვედრა, უკეთესი იქნებოდა. როცა ქულათა რაღაც მარაგი გაქვს, ფსიქოლოგიურადაც უკეთ გრძნობ თავს და სტიმულიც მეტი გაქვს. საწინააღმდეგო შემთხვევაში კი, ფაქტობრივად, აღარაფრის შანსი აღარ გრჩება და კონცენტრირებაც გიჭირს.
- ისე, როგორი სტარტიც არ უნდა გვქონდეს, ვეჭვობთ, გამსვლელი ადგილებისთვის რეალურად მოვახერხოთ ბრძოლა...- წინასწარ ამაზე ლაპარაკი უაზრობაა. როგორი სტარტი გვექნება, მერე როგორ განვითარდება მოვლენები - მხოლოდ ამ ყოველივეს ნახვის მერე შეიძლება მსჯელობა. ისე კი, ცხადია, რომ პირველ-მეორე ადგილებისთვის ბრძოლა გაგვიჭირდება. მესამე ან მეოთხე პოზიცია კი კარგი შედეგი იქნებოდა.
- მალტის ტურნირზე ჩვენი გუნდის თამაშზე რაღას იტყვით? გასაგებია, რომ ლეგიონერთა უმრავლესობას კუნძულზე არ უთამაშია და ეს უფრო ფეხბურთელთა გასაცნობ შეკრებას ჰგავდა, მაგრამ ასეთი თამაში არავის ეპატიება...
- საერთოდ, იმის მომხრე ვარ, რომ მწვრთნელმა რაც შეიძლება ნაკლები ექსპერიმენტი ჩაატაროს. ჩემი აზრით, მალტაზე მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობა უნდა წაეყვანათ, რათა იქ თამაშიც ეჩვენებინათ, ქვეყნის პრესტიჟიც დაეცვათ და იმ ფეხბურთელებთან, რომლებიც ძირითადი გუნდის წევრებად მოიაზრებიან, აქედანვე დაეწყოთ ტაქტიკურ-სტრატეგიული მუშაობა. კლაუს ტოპმიოლერმა მალტის ტურნირზე ერთი რამ დაინახა - რომ ახალგაზრდა მოთამაშეთა ეროვნულ გუნდში გამოძახება ჯერ ნაადრევია და ნაკრების ბირთვი ისევ იმ გამოცდილი ლეგიონერების გარშემო უნდა შეიკრას.
ჯგუფის კალენდარი02.09.06 საქართველო - საფრანგეთი
06.09.06 უკრაინა - საქართველო
11.10.06 საქართველო - იტალია
24.03.07 შოტლანდია - საქართველო
28.03.07 საქართველო - ფარერები
02.06.07 ლიტვა - საქართველო
06.06.07 საფრანგეთი - საქართველო
13.10.07 იტალია - საქართველო
17.10.07 საქართველო - შოტლანდია
11.11.07 ფარერები - საქართველო
21.11.07 საქართველო - ლიტვა